გუშინ თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში სხდომა გაიმართა.
24 საათი 22.01.10
გუშინ თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში სხდომა გაიმართა.
რიგით მესამე შეხვედრა ორ ქვეყანას შორის, ძირითადად, განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა. მოლაპარაკებებზე ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის მოადგილე სპენსერ ბოიერი ედგა სათავეში, ქართული მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.
ხუთი ნაწილისგან შემდგარი ქარტიის გაფორმებიდან ერთი წლის თავზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის პარალელურად, სხვადასხვა სფეროებშიც მიმდინარეობს დოკუმენტის ხორცშესხმა. ეს მოიცავს ეკონომიკის, ვაჭრობის თუ დემოკრატიის გაძლიერების კუთხით კავშირების განვითარებას. ამავე დროს, ქარტიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება.
გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრაზე
საუბარი ეხებოდა საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს, ასევე ინგლისური ენის სწავლასა და უმაღლესი განათლების საკითხებს. იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას მიეცეს ცოდნის გაფართოების შესაძლებლობა, დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე მოიაზრება ჯანდაცვის და კულტურის სფეროს წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება. გიგა ბოკერიამ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი ყველა სამუშაო ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღევანდელი შეხვედრის თემა იყო ხალხებს შორის ურთიერთობა და ეს საკითხი ყველა დანარჩენი მიმართულების ფუნდამენტია.” მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ინვესტიციებს წლების განმავლობაში ახორციელებდა და ახორციელებს. ბოკერიამ განმარტა, რომ “დახმარება იყო პირდაპირი. შეერთებული შტატები როგორც რესურსების მხრივ, ასევე განათლების სფეროშიც გვეხმარებოდა. ჩვენს არაერთ ახალგაზრდას ჰქონდა საშუალება, აშშ-ში მიეღო განათლება.” შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის მასშტაბები გაიზრდება, რადგან ეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სპენსერ ბოიერმა განაცხადა, 1993 წლიდან შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად 3000-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მანვე აღნიშნა, რომ “საქართველოში ბრუნდება მშვიდობის კორპუსი (აშშ-ში მყოფი ქართველი ახალგაზრდები), რომელიც რეგიონებში ინგლისური ენის შესწავლას შეუწყობს ხელს.”
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება ვიზებთან დაკავშირებული პროცედურები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ს ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადებს ონლაინ რეჟიმში შეავსებენ.
აშშ-ს და საქართველოს ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებასთან ერთად, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამჯერად საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობების აღდგენაზე გაკეთდა აქცენტი. “საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, აღდგეს კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოქალაქეებთან და მათ მიეცეთ განათლების შესაძლებლობა. როგორ მოხერხდება ეს ტექნიკურად და მისცემს თუ არა საოკუპაციო რეჟიმი ამ ინიციატივას განხორციელების საშუალებას, ამაზე ჯერ საუბარი არ არის, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყო,” - აცხადებს გიგა ბოკერია.
“24 საათი” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ქარტიის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობით გამოიხატება. თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, სხვა სფეროებში თანამშრომლობას დარჩიაშვილი საერთო კონტექსტში განიხილავს. “თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოება მრავალგანზომილებიანია. ის არ არის მხოლოდ ჯარების მშენებლობა და გადაადგილება. მასში მოიაზრება ეკონომიკაც, კულტურაც, ეკოლოგიაც, ადამიანის უფლებებიც და სხვა,” -შენიშნავს დარჩიაშვილი. მისი აზრით, მთავარია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები იყოს. “ურთიერობის ყველა ეს ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს ფორმირებისთვის. ჩვენ ძალიან ძველი კულტურის და იდენტობის ქვეყანა გვაქვს, მაგრამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ახალგაზრდაა და ინსტიტუტები ახლა შენდება. ყველა ამ ინსტიტუტის მშენებლობაში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,” - მიიჩნევს დარჩიაშვილი. როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, ქარტია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ყველა პუნქტის ფარგლებში ძალიან ინტენსიური კავშირები, თანამშრომლობა და პროექტების განხორციელება იგეგმება. “ქარტია ზოგადი დოკუმენტია, სადაც ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ამა თუ იმ სფეროში ურთიერთობები წარმატებული იყოს. ბუნებრივია, ეს კონკრეტულ სახეს კონკრეტულ პროექტებში იძენს,” - განაცხადა დარჩიაშვილმა.