“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა.
24 საათი 05.02.10
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა.
“რესპუბლიკელთა” ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებულად იმოქმედონ და დროის მცირე მონაკვეთში ამომრჩეველთა სიები მაქსიმალურად მოაწესრიგონ.
“რესპუბლიკელები” მოითხოვენ, რომ სიები ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსდეს და გამარტივებული საძიებო სისტემა შეიქმნას. "აქ ძალიან კონკრეტული მექანიზმებია იმისთვის, რომ სიები იყოს გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იყოს სამაგიდო სიების საჯაროობა, აგრეთვე აღარ მოხდეს საზღვარგარეთ მყოფ პირთა ნაცვლად ხმის მიცემა, გარდაცვლილი პირები ვეღარ მოხვდნენ საარჩევნო სიებში," - განაცხდა უსუფაშვილმა.
13-პუნქტიანი დოკუმენტის მოთხოვნები ასეთია: ცესკო-ს ვებგვერდზე უნდა განთავსდეს ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ისეთი საძიებო სისტემა, რომლითაც ამომრჩევლის მოძებნა შესაძლებელი იქნება სახელის, გვარისა და საარჩევნო ოლქის მითითებით (ასეთი საძიებო სისტემა ფუნქციონირებდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის). არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აღნიშნული საძიებო სისტემით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩევლის მონაცემების მოძებნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის როგორც პირველად (2010 წლის თებერვლის), ისე საბოლოო (2010 წლის მაისის) ვერსიაში.
“რესპუბლიკელები” ასევე ითხოვენ, კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ ამომრჩეველთა "სამაგიდო სიის" დალუქვამდე მოხდეს მისი განსაჯაროება. საბოლოო დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია გადაეცეს საარჩევნო სუბიექტებს და გამოქვეყნდეს ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-9 დღისა; ამომრჩეველთა სიები გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა; ამომრჩეველთა ელექტრონულ და ნაბეჭდ სიებში ამომრჩევლის საცხოვრებელი რეგისტრაციის თარიღის შეტანა სავალდებულო უნდა იყოს; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ყოველ ამომრჩეველს მიენიჭოს საიდენტიფიკაციო კოდი ოლქის, უბნის და ანბანის მიხედვით დალაგებულ უბნის პირველად სიაში მისი რიგითი ნომრის კომბინაციით და ეს კოდი მიეთითოს სიის როგორც ელექტრონულ, ისე ყველა სახის ნაბეჭდ ვერსიაში.
დადგენილი წესით, ამომრჩევლის სიიდან ამოღების შემთხვევაში მისი კოდი სხვა ამომრჩეველს არ მიენიჭება, ხოლო სიაში ამომრჩევლის დამატების შემთხვევაში, მას მიენიჭება ახალი კოდი უბნის სიაში ბოლო რიგითი ნომრით აღნიშნული ამომრჩევლის მომდევნო რიგითი ნომრის მითითებით; ამომრჩეველთა "კედლის სიები" დალაგდეს ამომრჩეველთა მისამართების მიხედვით;
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ნაცვლად ხმის მიცემის შესაძლებლობის გამოსარიცხად ცესკო-მ 2010 წლის 5 მარტამდე უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღება და მონიტორინგში მონაწილე ორგანიზაციებისათვის მიწოდება საქართველოს იმ მოქალაქეების მონაცემებისა, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია დატოვეს და 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით საზღვარი არ გადმოუკვეთავთ და ა.შ;
საარჩევნო სიიდან იმ მოქალაქეების ამოსაღებად, რომლებიც გარდაიცვალნენ 2010 წლის 1 თებერვლის შემდეგ, სამოქალაქო რეესტრს უნდა დაევალოს, არჩევნების დღემდე ყოველი თვის 15 რიცხვში ცესკო-ს გადასცეს განახლებული მონაცემები პირთა გარდაცვალების შესახებ; ამომრჩეველთა სიიდან ამოღებულ უნდა იქნეს ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია ფიზიკურად არარსებულ ბინებში; ერთ საცხოვრებელ ბინაში ხელოვნურად (მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით) რეგისტრირებული მოქალაქეების გამოვლენის მიზნით, ცესკო-მ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილე ორგანიზაციებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ საცხოვრებელი ბინების შესახებ, სადაც რეგისტრირებულია 8 და მეტი ამომრჩეველი;
ცესკო-მ გამოითხოვოს და ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილე ორგანიზაციებს გადასცეს თბილისის დასუფთავების სამსახურში და შ.პ.ს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ"-ში არსებული მონაცემები თბილისის ყოველ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობის შესახებ; სხვადასხვა უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზების არათავსებადობის გამო ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ცესკო-მ წინადადებით მიმართოს საქართველოს მთავრობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ამ უწყებებში მონაცემთა დამუშავება და ბაზების ფორმირების ერთიანი სტანდარტის დანერგვა.
უსუფაშვილი სიების მონიტორინგში მონაწილე ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, ერთიანი ძალისხმევით განახორციელონ 13-პუნქტიანი დოკუმენტის მოთხოვნები: "მინდა, მივმართო ოპოზიციურ პარტიებს, ამ საქმეში გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტება ერთიან, საერთო საქმედ უნდა გადავაქციოთ. ამ მიზნით ჩვენი წევრი ცესკო-ში უკვე თანამშროლობს ამ აპარატის სხვა ოპოზიცურ წევრებთან. ის პარტიებიც, რომლებიც ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ არიან წარმოდგენილნი, შესაძლოა, ამ საქმეში ჩაერთონ. ასე რომ, ჩვენ ყველას ერთიანობისკენ მოვუწოდებთ.”