საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ჩვეულებას არ უღალატეს.
24 საათი 10.02.10
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ჩვეულებას არ უღალატეს.
სხდომის ძირითადი ნაწილი არა დღის წესრიგს, არამედ პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო.
სხდომა ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიას განცხადებით დაიწყო, რომელმაც დეპუტატების წინაშე "მისტრალის" გაყიდვის ცნობილი თემა წამოჭრა. დავითაია საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის ფაქტს "საქართველოს წინააღმდეგ მწვანე შუქის ანთებად" აფასებს და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. დეპუტატს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც სერიოზული მსჯელობა უნდა დაიწყოს. "რეალურად ნატო-ს ერთ-ერთმა წევრმა ქვეყანამ რუსეთს ისეთი იარაღი მიჰყიდა, რომელიც შესაძლოა, ნატო-სკენ მისწრაფების მქონე ქვეყნის წინააღმდეგ იქნeს გამოყენებული," - განაცხადა მან. დავითაიამ პარლამენტს შესაბამისი განცხადების მიღებისკენ მოუწოდა. განცხადებას, ცხადია, გამოხმაურება უმრავლესობიდანაც მოჰყვა: მოსკოვისთვის "მისტრალის" მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობაში საფრანგეთის ხელისუფლების "გაუფრთხილებელ ნაბიჯად" შეაფასეს. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "საფრანგეთის ეს გადაწყვეტილება რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადეkვატური არ არის". დეპუტატი მიიჩნევს, რომ "მისტრალის" თემას ევროკავშირის ფარგლებში რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მოახდენს და გამოყენებული იქნება საპარლამენტო ტრიბუნაც.
პაატა დავითაიამ სხდომაზე კიდევ ერთი თემა წამოჭრა - დავითაია პროკურატურას მოუწოდებს, "სეპარატისტების ლიდერების წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი, ბოლოს და ბოლოს, ბოლომდე მიიყვანოს". წინააღმდეგ შემთხვევაში, დავითაია შიშობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება და "მერე ამაზე საუბარი უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება".
“ქრისტიან-დემოკრატებმა” კი სხდომაზე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი დააყენეს. პარლამენტის ასევე ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ ნოღაიდელი და მასთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ჯგუფი კრემლს თანამშრომლობით აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გამართლების საფუძველს აძლევს. ვეფხვაძის აზრით, აღარავის უნდა გაუკვირდეს აგვისტოს ომის და მისი შედეგების გამო რუსეთის გამართლება. "არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან, შეეგუონ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს. გრიზლოვი დღეს აცხადებს, ჩამობრძანდით მოსკოვშიო, ამის შემდეგ კი იტყვის, რომ საქართველოში პოლიტიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ რაღას გვერჩით, ტერიტორიების დამოუკიდებლობა სწორედ ამიტომ ვაღიარეთ და სწორიც გაგვიკეთებიაო. ამიტომ აღარავის უნდა გაგვიკვირდეს აგვისტოს ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის გამართლება," - განაცხადა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვეფხვაძემ, რომელიც ახლო მომავალში "ჩემოდანჩალაგებული "ჩმორების" რაოდენობის გაზრდას" ელის. "ქრისტიან-დემოკრატებმა" დასავლური ღირებულებების მატარებელ ყველა პოლიტიკურ ძალას კონსოლიდაციისა და ამ მიმართულებით რეალურ ალტერნატივად ჩამოყალიბების მოწოდებითაც მიმართეს.
“ქრისტიან-დემოკრატების” მიერ "შემოგდებული" თემა სხდომაზევე აიტაცა საპარლამენტო უმრავლესობამ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელის, დეპუტატ პეტრე მამრაძის გვერდით ჯდომა "სამწუხარო ფაქტია". ამის გამო მწუხარება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა გამოხატა. "სამწუხაროა, რომ ჩვენ გვერდით პარლამენტში არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ხელი ჩამოართვას ვლადიმირ პუტინს, მადლობა გადაუხადოს საქართველოს მიმართ "გამოჩენილი ყურადღებისთვის", ხელი მოაწეროს ოკუპანტთან მეგობრობას, თანამშრომლობას და გამოთქვას მზადყოფნა, რომ მომდევნო აგრესიის შემთხვევაში გაიზიაროს მისი და მისი პარტიის პოზიციები. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა პიროვნება, რომელსაც აურჩევია მტერთან თანამშრომლობის გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად, რაც მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს ღალატია," - განაცხადა კუბლაშვილმა და აქვე დასძინა, რომ "ნოღაიდელის პარტიას რუსეთის აგრესიის გამეორების იმედი აქვს". კუბლაშვილს იმედი აქვს, რომ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი მოსკოვთან ნოღაიდელის თანამშრომლობაზე ღია შეფასებას გააკეთებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ XXI საუკუნეში მეთოდები დაიხვეწა და დახვეწილია როგორც მეხუთე კოლონის, ისე ნეოკომუნისტური ფაშიზმის ანუ კრემლის მეთოდები. "თუ ადრე, გასაბჭოების დროს, საქართველოს მეხუთე კოლონიდან გაგზავნილმა წერილმა ერთი დღით დაიგვიანა - ჯერ მე-11 არმია შემოვიდა და მერე გაიგზავნა წერილი, დღეს, როგორც ჩანს, ეს კონტაქტები უფრო ახალია და უფრო თანმიმდევრული," - განაცხადა მალაშხიამ და დასძინა, რომ ახალ მეხუთე კოლონას საქართველო დღეს უკვე აღარ დაუშვებს.
მისი თქმით, ყველამ, ვინც ახალი მეხუთე კოლონის გვერდით დგომას აპირებს, უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მომხდარ ეთნოწმენდას აკანონებს. მალაშხია დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ნოღაიდელისა და მისი თანამოაზრეების განაჩენი ძალიან მძიმე იქნება.
იმავდროულად, მალაშხია მოუწოდებს ამ ადამიანებს, "მკაცრად დაფიქრდნენ, თუ რას უკეთებენ ქვეყანას, საკუთარ მომავალს და შთამომავლობას. "ისინი საკუთარ შთამომავლობას მორალური თვალსაზრისით, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ," - განაცხადა მალაშხიამ.
ზოგადად, გუშინდელ სხდომაზე საკითხის "ინიციატორებმა" - "ქრისტიან-დემოკრატებმა" სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის შესახებ ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებიც მოითხოვეს და სათბურების მეპატრონეებისთვის კომერციულ ბანკებთან შუამდგომლობაც. მცხეთის რეაბლიტაციის გეგმებზეც გააკეთეს კომენტარი და ყველა ბოლო დროის აქტუალურ თუ ნაკლებად აქტუალურ თემაზეც.
სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადებები. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის მინისტრის მოწვევა მოითხოვა. ეს საკითხი მან კიდევ ერთხელ დააყენა გუშინდელ სესიაზე, თუმცა უმრავლესობისგან უარი სესიაზევე მიიღო.
ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო უნდა მომხდარიყო საქმის ხელახალი აღძვრა, რაც პროკურატურამ არ გააკეთა და ამასთან პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა. ლორთქიფანიძის მოთხოვნას სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვამჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პარლამენტში დაბარება არ არის საჭირო და ოპოზიციას ამ თემით მუდმივი სპეკულირებისგან თავის შეკავება შესთავაზა.
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენელ, დეპუტატ გურამ ჩახვაძეს კი აინტერესებს, აპირებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო უკან დააბრუნოს ის თანხები, რომელიც მეწარმეებისგან ჯარიმის სახით უკანონოდ ამოიღო. როგორც ჩახვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სასაქონლო ზედნადების შესახებ ფინანსთა მინისტრმა წერილობითი განმარტება გააკეთა, რის შემდეგაც ოპოზიციამ გამარჯვება იზეიმა, ხელისუფლებამ კი პრობლემა "გადააგორა". თუმცა, დეპუტატს სწორედ ამის გამო ფინანსთა მინისტრთან სამი კითხვა აქვს. კერძოდ, ჩახვაძის თქმით, კანონზე განმარტების გაკეთება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და საინტერესოა, რა სამართლებრივ გარანტიას აძლევს მინისტრი მცირე მეწარმეებს. ამასთან, თუ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ჩახვაძეს აინტერესებს, რატომ გაიცა გარკვეული კატეგორიის მეწარმეების დაჯარიმების ბრძანება და ვინ უნდა დაისაჯოს ამის გამო. ასევე, "ეროვნულ-დემოკრატიულ" პარტიას იმის თაობაზეც აქვს ინფორმაცია, რომ ბევრი მეწარმე დაჯარიმდა იმ ქმედებებისთვის, რომელთა გამოც, მინისტრის მიერვე გაკეთებული განმარტებით, დაჯარიმება არ უნდა შეხებოდათ. შესაბამისად, ჩახვაძეს აინტერესებს, დააბრუნებს თუ არა სახელმწიფო უკანონოდ ამოღებულ საჯარიმო თანხებს.
განცხადებების შემდეგ დეპუტატებმა დღის წესრიგისთვისაც მოიცალეს.
სხვათა შორის, პარლამენტმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.
საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - საკრებულოების რიგგარეშე არჩევნები არა უგვიანეს 2010 წლის 1-ელი ივნისისა უნდა ჩატარდეს. თავად არჩევნები კი, მის ზუსტ თარიღამდე 2 თვით ადრე უნდა დაინიშნოს. გუშინვე გაირკვა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება.