"რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა საარჩევნო სიებში არსებული დარღვევების გამო ქალაქის მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
24 საათი 16.02.10
"რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა საარჩევნო სიებში არსებული დარღვევების გამო ქალაქის მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
ცესკო-მ სიმშვიდე შეინარჩუნა და პოლიტიკურ პარტიებს თხოვნით მიმართა, "აღმოჩენილი ხარვეზები" წერილობით წარუდგინონ. "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ "24 საათს" განუცხადა, რომ მონიტორინგში მონაწილე ზოგიერთი პარტია კოორდინირებულ მოქმედებაზე უარს ამბობს იმის გამო, რომ პროგრამა "კარდაკარ" საკუთარი პარტიის აგიტაციისთვის გამოიყენოს ან, უბრალოდ, ფული ჩაიჯიბოს. "კონსერვატორი" კახა კუკავა ოპონენტებს მედლის მეორე მხარისკენ მიანიშნებს და განმარტავს, რომ სახელისუფლებო პარტიასთან ან მის სატელიტებთან ვერ ითანამშრომლებს.
"რესპუბლიკელებმა", "მრეწველებმა" და "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გუშინ ერთსა და იმავე თემაზე გამართეს ბრიფინგები და საარჩევნო სიებში არსებული დარღვევების გამო სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვეს.
განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელის გამოსვლა. მისი ინფორმაციით, 9-დან 12 თებერვლამდე 7 000 ადამიანი ამოიღეს საარჩევნო სიებიდან. ხიდაშელის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ აღიარა დანაშაული, რომელიც 2008 წლის არჩევნებზე ჩაიდინა. იგი ქალაქის მთავარ პროკუროს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და მოკლე დროში გაარკვიოს, ვინ უზრუნველყო 2008 წლის არჩევნებში ამ 7 000 მოქალაქის მონაწილეობა გაყალბებული სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე და 2010 წლის 9-დან 12 თებერვლამდე ვისი მითითებით ამოიღეს სიებიდან იგივე 7 000 კაცი? სად არიან დღეს ეს მოქალაქეები რეგისტრირებულნი? კონკრეტულად რომელმა საჯარო მოხელეებმა გააყალბეს მოქალაქეთა სარეგისტრაციო მონაცემები და ვის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდნენ ისინი?
ხიდაშელის განცხადებით, მონიტორინგის პროცესში კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემა ყველაზე ეფექტური პრევენციული ზომა იქნება.
"მრეწველმა" ზურაბ ტყემალაძემ ერთკვირიანი მონიტორინგის შედგებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სიები ხელოვნურად არის გაბერილი. "საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, ძნელად დასაჯერებელია, რომ ქვეყანაში ბოლო 6 წლის განმავლობაში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 120 000-ით გაიზრდილიყო; საინტერესოა, როგორ მივაღწიეთ ამ შედეგებს?" - ასეთ შეკითხვას სვამს ტყემალაძე. მისივე ინფორმაციით, სიებში არარსებული მისამართებია შეტანილი, ზოგიერთ ბინაში 20-30 ამომრჩეველი "ცხოვრობს"...
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სიების მონიტორინგის ვადების გადაწევას ითხოვს. ეს ის საკითხია, რომლის გარშემოც თითქმის ყველა პარტია ახერხებს გაერთიანებას.
"მემარჯვენეები" ამ ინიციატივას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ სიების მოსაწესრიგებლად კანონით განსაზღვრული ვადები მონიტორინგისთვის საკმარისია. ამის თაობაზე "24 საათს" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ესაუბრა. "შეიძლება ვადები ოდნავ გადაიწიოს, რაც, დროის თვალსაზრისით, პროცესს დამატებით გარანტიებს შესძენს. თუმცა ვიტყვი, რომ მონიტორინგისთვის გამოყოფილი ვადა რეალურია," - განაცხადა კაციტაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატ" ლევან ვეფხვაძის აზრით, აუცილებელია პარტიების კოორდინირებული მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საშიშროებას ხედავს, რომ სიების მესამედი შეიძლება გადაუმოწმებელი დარჩეს. "მხოლოდ "რესპუბლიკელებმა" და "მრეწველებმა" დაუჭირეს მხარი ჩვენს ინიციატივას. დანარჩენები არ გამოგვეხმაურნენ. მათ სურთ, ფული თავად ჩაიდონ ჯიბეში ან კიდევ არსებობს მეორე მიზეზი. ზოგიერთი "კარდაკარ" იმიტომ დადის, რომ თავის პარტიას გაუწიოს აგიტაცია, საკუთარი კანდიდატურების მხარდასაჭერად იმუშაოს," - განაცხადა "24 საათთან" საუბრისას ლევან ვეფხვაძემ.
"კონსერვატორი" კახა კუკავა კოორდინირებულ მუშაობას იმ პარტიებთან მიიჩნევს საჭიროდ, რომლებსაც თანამოაზრეებად აღიქვამს. "ექვსი არასაპარლამენტო პარტია ერთად ვმოქმედებთ. მხედველობაში მაქვს "კონსერვატიული პარტია", "ხალხის პარტია", "სამართლიანი საქართველო", "ერთიანი საქართველო", "მრეწველთა პარტია" და "საქართველოს გზა". სახელისუფლებო პარტიასთან და მის სატელიტ პარტიებთან ვერ ვმუშაობთ," - განუცხადა "24 საათს" კახა კუკავამ.
მონიტორინგში მონაწილე პარტიების დიდმა ნაწილმა "24 საათთან" საუბრისას დასძინა, რომ ისინი ელექტრონული სიების "დამუშავებას" კვირის ბოლომდე გააგრძელებენ და საველე სამუშაოებს ამის შემდეგ დაიწყებენ.
ოპოზიციური პარტიების კრიტიკულ გამოსვლებს გუშინვე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, "სიებში არსებობს გარკვეული უზუსტობები, თუმცა ეს არ აღემატება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთ პროცენტს."
ასევე, ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს აუხსნა, რომ მასთან რომელიმე პარტიის წერილობითი მიმართვა დარღვევების შესახებ არ შესულა, ხოლო სატელევიზიო ფრაგმენტების მიხედვით მსჯელობა უჭირს.
ხარატიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს თხოვნით მიმართა, მედიასაშუალებებში განცხადებების გაკეთების პარალელურად, აღმოჩენილ დარღვევებზე ცესკო-ს წერილობით ან იმ სარეკომენდაციო ფორმით მიმართონ, რომელიც პარტიებს გადაეცათ.
ასეთ შემთხვევაში, აცხადებს ხარატიშვილი, ცესკო სწრაფ რეაგირებას მოახდენს.