პარლამენტის ბიუროს გუშინდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის წამყვანი თემა უდავოდ ადგილობრივი არჩევნები იქნება.
24 საათი 16.02.10
პარლამენტის ბიუროს გუშინდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის წამყვანი თემა უდავოდ ადგილობრივი არჩევნები იქნება.
სწორედ არჩევნებს და სიების გადამოწმების საკითხს დაუთმეს გუშინ დეპუტატებმა ბიუროს სხდომის უდიდესი ნაწილი, თუმცა ბიურო, ქართველი ოლიმპიელის გარდაცვალების გამო, სამძიმრით დაიწყო.
წუთიერი დუმილის შემდეგ დეპუტატები დღის წესრიგის საკითხების განხილვას შეუდგნენ და პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიის პირველივე ბიუროზე გაჟღერებული იდეა - არჩევნების საკითხზე ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის საკითხი გაიხსენა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ფრაქციამ კონკრეტულად დაიწყოს მუშაობა და კონსულტაციები ასეთი ჯგუფის ფორმირებაზე, რათა მის შემადგელობასა და ფორმატზე პარლამენტმა მომავალ კვირას დანიშნულ პლენარულ სხდომაზე იმსჯელოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მისმა ახალმა თავმჯდომარემ ძალიან აქტიურად დაიწყეს მუშაობა და მთელი რიგი კარგი ინიციატივით გამოვიდნენ, რაც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის კომისიის მუშაობას უფრო გახსნილსა და გამჭვირვალეს გახდის. ასევე, ერთი კვირის წინ ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ისინი მზად არიან პარლამენტთან თანამშრომლობისთვის".
როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტი მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობას დაამტკიცებს. ცნობისათვის - პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო იქმნება, რომლის მთავარი ამოცანაც საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება გახდება.
არჩევნების შესახებ პარლამენტის ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილა. განსახილველ საკითხებს შორის არის პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივა "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რომლის თანახმად, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ვადად 2010 წლის 15 მარტის ნაცვლად, განისაზღვრება 2010 წლის 15 აპრილამდე პერიოდი, ხოლო მონიტორინგის შედეგების ცესკო-სთვის მიწოდების ვადად 2010 წლის 30 აპრილამდე პერიოდი, ნაცვლად 31 მარტისა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, მისაღები იქნება ყველა ვადა, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნებისადმი უნდობლობის მოხსნას, თუმცა ამ ვადების ცვლილებამ თავად არჩევნების ვადის გადაწევა არ უნდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თოდრიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა დარჩეს დრო იმისთვის, რომ პარტიების მიერ მოწოდებული საარჩევნო სიები გადაამოწმოს". ლაშა თორდიას განცხადებით, ჯონდი ბაღათურიას ინიციატივის განხილვა სწორედ ამ დათქმების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
მორიგი ცვლილება, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს, არჩევნებს პირდაპირ არ ეხება, თუმცა პოლიტიკური დებატების ხარისხობრივად გაუმჯობესებას და პოლიტიკური ოპონენტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის მიზანს ემსახურება. პარლამენტის ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის ინიციატივით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის თანახმად, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება, რომლის შემდეგაც იწყება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 138-ე მუხლით დადგენილი წესით.
გარდა ამისა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" კიდევ რამდენიმე საკითხი დააყენეს. კერძოდ:
"ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, პარლამენტი დაინტერესდეს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის საქმით. ეს მოთხოვნა ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დააყენა.
თარგამაძემ ბიუროს მიმართა თხოვნით, დაავალოს სათანადო კომიტეტებს, დაინტერესდნენ კომახიძის განცხადებებში მოყვანილი ფაქტებით და მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნულ საკითხზე სამართალდამაცავი სტრუქტურების ქმედებებს.
თარგამაძის თქმით, სანამ ძალოვანი სტრუქტურები არ დაადასტურებენ კომახიძის მიერ მასზე ზეწოლის შესახებ გამოთქმული ბრალდებების საპირისპიროს, პარლამენტმა აღნიშნული საკითხი კონტროლზე უნდა აიყვანოს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი არსენიშვილმა აქვე განმარტა, რომ მის კომიტეტს საქმეზე რეაგირების უფლება მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში აქვს, კომახიძის მხრიდან კი ასეთი მიმართვა არ ყოფილა. დავით ბაქრაძემ კი მზადყოფნა გამოთქვა, რომ კომახიძის დაინტერესების შემთხვევაში, ამ საკითხის შესწავლაში პარლამენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ჩაერთვება.
"ქრისტიან-დემოკრატთა" კიდევ ერთი ინიციატივა ეკონომიკურ თემატიკას ეხებოდა.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განხილვის დაწყებამდე "ქრისტიან-დემოკრატებმა" მთავრობასთან კონსულტაციების გამართავა ითხოვეს. საკითხი გიორგი თარგამაძემ დააყენა და პარლამენტის თავმჯდომარისგან დადებითი პასუხიც მიიღო. ცნობისათვის - ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობად "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი სახელდება, რომლის ოფიციალური ინიცირებაც სწორედ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა. პროექტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ფარგლებში არსებული თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ლიკვიდაციას და მის უფლებამონაცვლედ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივის განხილვას მთავრობა პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვს.