ადგილობრივი არჩევნების გამართვამდე სამი თვით ადრე, პოლიტიკურ ოპოზიციაში მერის საერთო კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გააქტიურდა.
24 საათი 24.02.10
ადგილობრივი არჩევნების გამართვამდე სამი თვით ადრე, პოლიტიკურ ოპოზიციაში მერის საერთო კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გააქტიურდა.
გუშინდელ მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით ვერც ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე და ვერც საერთო კანდიდატის გამოვლენის გზებზე მოხერხდა შეთანხმება. ექსპერტების ვარაუდით, ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს. რა შედეგს მოუტანს პოლიტიკურ ოპოზიციას ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამ საკითხზე ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
“ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა “24 საათს” განუცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ზუსტად იციან - თუ საერთო კანდიდატი არ ეყოლებათ, თბილისის მერის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გიგი უგულავას ცალკე აღებულ ნებისმიერ კანდიდატზე მაღალი რეიტინგი აქვს. როგორც გოგოლაშვილი შენიშნავს, მართალია, საერთო კანდიდატზე შეთანხმება ოპოზიციის შანსს ზრდის, თუმცა არჩევნებში გამარჯვებას არ ნიშნავს. გოგოლაშვილის აზრით, გაერთიანებას თავისი საფასური აქვს, “რადგან ოპოზიური პარტიების პოლიტიკური პლატფორმები ძალიან განსხვავდება. ძნელია, ამა თუ იმ კანდიდატის ამომრჩეველმა სხვა ნებისმიერ კანდიდატს მხოლოდ იმიტომ მისცეს ხმა, რომ მათ გარიგება ან შეთანხმება შეძლეს. ადამიანი, რომელიც ირაკლი ალასანიასთვის აპირებდა ხმის მიცემას, გაჩეჩილაძეს არც ერთ შემთხვევაში არ მისცემს ხმას, ამის თქმა პირიქითაც შეიძლება. ერთმა შესაძლოა მისცეს ხმა და მეორემ - არა.” მან ოპოზიციის მოქმედების ტაქტიკაც მიმოიხილა. კახა გოგოლაშვილს ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანებისკენ სწრაფვა უცნაურად მიაჩნია. “რადიკალურად მემარჯვენე და რადიკალურად მემარცხენე პარტიების გაერთიანება იმ მიზნით, რომ როგორმე სახელისუფლებო კანდიდატს მოუგონ, ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს,” - აცხადებს გოგოლაშვილი. მისი აზრით, ოპოზიცია მხოლოდ კანდიდატის შერჩევას ცდილობს, თუმცა იმაზე არ ფიქრობს, თუ რისთვის აპირებს გამარჯვებას და რას შეცვლის გამარჯვების შემთხვევაში. “რა გარანტიაა, რომ მათი კანდიდატი მერად არჩევის შემდეგ ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე თბილისის მოქმედი მერი. ეს არც საპრეზიდენტო არჩევნებია და არც საპარლამენტო, ადგილობრივ არჩევნებზე კი ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, თუ რა მატერიალური კეთილდღეობის შექმნას შეძლებს ახლი მერი. საარჩევნო ყუთთან მისულ მოქალაქეს უამრავი საკუთარი პრობლემა აქვს და ამ პრობლემის გადაწყვეტასთან ყველაზე ახლოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. საპარლამენტო არჩევნებზე კი ადამიანი მთელი ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტის იმედით მიდის, მათ შორის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასა და შიდა ეკონომიკურ რეფორმებზე ფიქრით,” - აღნიშნა გოგოლაშვილმა. საქართველოს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი კი ადგილობრივ არჩევნებს ხელისუფლებაში მოსვლის ეტაპად განიხილავს. ექსპერტის თქმით, ეს აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში, კერძოდ, პარტიები ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხშირად იმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებშიც. თუმცა გოგოლაშვილის განმარტებით, “ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ შემდეგი ლოზუნგით შეძლებს - უნდა შევცვალოთ ეს საშინელი მთავრობა. დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე.”
ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “24 საათს” განუცხადა, რომ დრო მოვიდა და კონსულტაციები გააქტიურდა. ბოლო დროს ოპოზიციაში სიტუაციის დაძაბვა იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მუშაობს და აზროვნებს. “ოპოზიცია სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. გასაგებია ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება; ასევე გასაგებია “მემარჯვენეებისა” და “რესპუბლიკელების” პოზიცია. აზრთა სხვადასხვაობა ორ ადამიანს შორისაც შეიძლება იყოს, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში საუბარია რამდენიმე პარტიაზე. ერთმანეთთან დიალოგით ალბათ მივლენ რაღაც ერთ პოზიციამდე.” მისი აზრით, არჩევნების მოახლოება პროცესებს, რა თქმა უნდა, გაამძაფრებს. საყვარელიძე ფიქრობს, რომ, თუკი ლევან გაჩეჩილაძე მიიღებს მონაწილეობას, პრაიმერის ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს. ვის დარჩება საბოლოო გამარჯვება, ეს, რასაკვირველია, პრაიმერზეც იქნება დამოკიდებული. ოპოზიციაში დღესდღეობით მიმდინარე პროცესები, ექსპერტის აზრით, თავად ოპოზიციისთვის მომგებიანია. “მედიაში ნებისმიერი ფოკუსირება, გინდ კარგი და გინდ უარყოფითი, ყოველთვის დადებითად მოქმედებს. ასე რომ, თუნდაც ოპოზიციაში არსებული განსხვავებული პაზიციების გაშუქებით მედია გიგი უგულავას ცუდ საქმეს უკეთებს, რადგან ბოლო დღეების მანძილზე ოპოზიციის თემა გახდა პრიორიტეტული,” - აღნიშნავს საყვარელიძე. თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის მინუსი გიგი უგულავას პიარკამპანიისთვის, რადგან კამპანია შეიძლება ტალღისებური იყოს. “მთავარია, ვინ იქნება პიკში არჩევნების პერიოდში და არა სამი თვით ადრე. რაც შეეხება ოპოზიციის საერთო კანდიდატს, მისი გამოვლენა არჩევნების გამართვის დღის მოახლოებისას მოხდება,” - შენიშნავს რამაზ საყვარელიძე.
“საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” პრეზიდენტი ნიკა ჩიტაძე “24 საათთან” ოპოზიციაში დაწყებული დისკუსიის მიზეზებზე საუბრობს. “ჩემი აზრით, დღევანდელ ეტაპზე ხელისუფლების არაოფიციალურ კანდიდატ გიგი უგულავას, სხვა კანდიდატებთან შედარებით, მაღალი რეიტინგი აქვს. ამიტომ ირაკლი ალასანია გარკვეულ ვაბანკზე წავიდა, რათა გაერთიანება მოხდეს - მათ შორის, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ანტიდემოკრატიულ ძალებთანაც კი, რადგან ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გაერთიანების შემთხვევაში გამარჯვების მეტი შანსი აქვთ.” რაც შეეხება საკუთრივ პოლიტიკურ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის შიდა პაექრობა იქნება. ექსპერტის აზრით, რადგან გაჩეჩილაძემ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილს თბილისში მოუგო, შესაძლებელია მოსახლეობის რადიკალურმა ნაწილმა გაჩეცილაძის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. “მისი ძველბიჭური მანერები რადიკალურად განწყობილ მოქალაქეებში გარკვეულ სიმპათიას იწვევს,” - განაცხადა ჩიტაძემ. მეორე მხრივ კი, ალასანიას შედარებით მეტი სოლიდურობა და დიპლომატიური გამოცდილება ოპოზიციას ამ ორ პიროვნებას შორის არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებს. “მეეჭვება ნოღაიდელმა თავისი კანდიდატურა წამოაყენოს, - დასძენს ექსპერტი, - რადგან ყველა აცნობიერებს, რომ მისი რეიტინგი თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შანსს არ იძლევა. თუმცა, საერთო კანდიდატად არც გაჩეჩილაძის და არც ალასანიას დაყენება არ აისახება ოპოზიციის საქმიანობაზე დადებითად, რადგან ისე მოხდა, რომ ისინი დღეს ნოღაიდელთან თანამშომლობენ. თუმცა, ვფიქრობ, ალასანიას გაჩეჩილაძეზე მაღალი რეიტინგი აქვს. მარცხით დასრულდა 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, სადაც ოპოზიციის ლიდერად ლევან გაჩეჩილაძე გვევლინებოდა და არა ირაკლი ალასანია. რაც შეეხება ალასანიას, ის თავის გადაწყვეტილებებს დღეში ორჯერ ცვლის და არც ეს იმოქმედებს დადებითად მის რეიტინგზე.” აქედან გამომდინარე, ჩიტაძის თქმით, თუ ირაკლი ალასანია ოპოზიციის საერთო კანდიდატი გახდება, ხალხი ნათლად დაინახავს, რომ ის მზად არის ყველა ძალასთან გაერთიანებისთვის, მათ შორის - ანტიდემოკრატიულ ძალებთან, რომლებსაც დღეს დაბალი რეიტინგი აქვთ. ჩიტაძეს სჯერა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა საკმაოდ მაღალია და ხალხში დემოკრატიის და მორალური პრინციპების დაცვის მოთხოვნა არსებობს. ამას კი, მისი აზრით, ის ფაქტი ემატება, რომ “ქრისტიან-დემოკრატებსაც” ჰყავთ თავიანთი მძიმე პოლიტიკური წონის კანდიტატი, რომელიც ხმების გარკვეულ ნაწილს მიიღებს. ჩიტაძე ასეთი ვითარების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაშიც დღევანდელ მერს არჩევნებში გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვს.
განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს გია ხუხაშვილი. როგორც მან “24 საათს” განუცხადა, როცა ადმინისტრაციული, ფინანსური და ასევე პროპაგანდისტული რესურსი ერთ მხარეს არის, ბუნებრივია, პოლიტიკურ ოპოზიციას ძალების სრული კონსოლიდაცია სჭირდება. ხუხაშვილის აზრით, ეს ყველაფერი თეორიულად გასაგებია, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, მერობის კანდიდატთა ფრონტი საკმაოდ გაშლილია. გია ხუხაშვილი შენიშნავს, რომ “საკმარისად ბევრი კანდიდატია, რომლებიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ - გია ჭანტურია, გოგი თოფაძე და სხვ. დანარჩენი ოპოზიცია კი ერთი კანდიდატის შერჩევას ცდილობს. ეს აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა.” თუმცა, ექსპერტი დარწმუნებული არ არის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არჩევნების წინ საერთო კანდიდატის შერჩევას შეძლებს. როგორც ხუხაშვილი განმარტავს, კონსოლიდაციის მცდელობამ “ალიანსში” გაუგებრობა გამოიწვია, თუმცა იმედს გამოთქვამს, ეს “ალიანსის” დაშლით არ დასრულდება და ოპოზიციის ორი ფრთა საერთო აზრამდე მისვლას შეძლებს. ხუხაშვილის აზრით, “დაახლოებით, ათი დღის ვადაში საბოლოოდ გაირკვევა, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის წარმოდგენას, რომელიც შეიძლება ხელისუფლების კანდიდატის ადეკვატური ფიგურა გახდეს.” პოლიტიკური ოპოზიციიდან ასეთ კანდიდატად ხუხაშვილი ირაკლი ალასანიას მოიაზრებს და შენიშნავს, რომ მას ძალიან ბევრი პლუსი აქვს და მასში პოტენციალი იგრძნობა, თუმცა ექსპერტი დასძენს, რომ “უკვე დროა, მისი პოტენციალი რეალურ ქმედებაში დავინახოთ. ქართულმა საზოგადოებამ მასზე დიდი ავანსი გასცა, ახლა მან მოქალაქეები უნდა დაარწმუნოს, რომ მის მიმართ მოლოდინი ტყუილი არ ყოფილა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს უახლოეს დღეებში ალასანია პარტნიორების შენარჩუნებას და ამასთან ერთად ახალი პარტნიორების შეძენას. თუ ირაკლი ალასანიამ ეს შეძლო, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა.” ხუხაშვილი სხვა შესაძლო ვარიანტსაც განიხილავს. მისი აზრით, თუ მიმდინარე პროცესს გაერთიანების ნაცვლად, დაშლა მოჰყვა, ეს ალასანიას პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.
გია ხუხაშვილი შენიშნავს, რომ საზოგადოებაში სკეპტიციზმის ხარისხი ამჟამად პიკს აღწევს. მისი აზრით, რამდენიმე დღის განმავლობაში გაირკვევა, ოპოზიცია ზრდისკენ წავა თუ პირიქით - საბოლოოდ დაესმება წერტილი იმ ილუზიას, რომ ქვეყანაში რაღაცის შეცვლა დემოკრატიული გზით შეიძლება.