არასაპარლამენტო ოპოზიციამ მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელების მიზნით კონსულტაციები დაიწყო.
24 საათი 24.02.10
არასაპარლამენტო ოპოზიციამ მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელების მიზნით კონსულტაციები დაიწყო.
რამდენიმე საიდუმლო შეკრების შემდეგ გუშინ მათ “ღია" კონსულტაციები გამართეს. თუ რა გზას აირჩევენ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, რომელი ძალები მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას და უნდა ველოდოთ თუ არა ზოგიერთი პოლიტიკოსის პოლიტმეტამორფოზას - ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ირაკლი ალასანიას პარტიის ოფისში გუშინ პრაიმერის ინიციატორი "კონსერვატორები", "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე და თავად " ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრები თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის საკითხებზე მსჯელობდენ. მოგვიანებით მათ გოგა ხაინდრავაც შეუერთდა. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ და გოგა ხაინდრავამ შენობა უკომენტაროდ დატოვეს. ალასანიას სახელით კი მედიისთვის განცხადება პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე პეტრიაშვილმა გააკეთა. გაირკვა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება, თუ რა გზით მოხდება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენა, თუმცა ალსანიას პარტიის პოზიციით , მერობის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა ოპოზიციურ ძალას უნდა ჰქონდეს. "არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს გამორიცხული იმ პროცესიდან, რომელიც მიმართულია ერთიანი კანდიდატის გამოკვეთისკენ," - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. შეკითხვაზე: უნდა იყოს თუ არა ამ პროცესის ნაწილი ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”, პეტრიაშვილმა გაიმეორა: "არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს გამორიცხული ამ პროცესიდან. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის საკითხში".
ალასანიას პარტია მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთა არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებთან, არამედ საზოგადოებასთან შეთანხმებითაც უნდა მოხდეს. ამიტომ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" დღეს "ჭადრაკის სასახლეში" საზოგადოებრივი დარბაზის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება.
რაც შეეხება პრაიმერის ინიციატორებს, “კონსერვატორი” კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება შედგება. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება და ეს კარგი ახალი ამბავი იქნება. დეტალებს უახლოეს დღეებში გაიგებთ," - განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს. კარგ ამბავში კი მან ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იგულისხმა. "ეს შეთანხმება უახლოეს დღეებში მოხდება. შეთანხმებას ორივე მხარე სჭირდება. ჩვენ ორივე კონსტრუქციულად ვართ განწყობილნი და დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება."
ალასანიას ყოფილი თანაალიანსელები იმედს ბოლომდე არ კარგავენ. “მემარჯვენე” მამუკა კაციტაძის განცხადებით, "ალიანსის" კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიაა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. "ახალ მემარჯვენეებს" თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენისთვის პრაიმერი კვლავინდებურად უშედეგო გზად მიაჩნიათ. "ერთიანი კანდიდატის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უსერიოზულესი ამოცანაა და მსგავს პროცესებში ყოველთვის ვმონაწილეობთ, თუმცა მნიშვნელოვანია ტექნიკური საკითხები, კერძოდ, რა ფორმით და მეთოდით უნდა გამოვლინდეს საერთო კანდიდატი," - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ და დასძინა: “ალიანსის" კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიაა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა."
"ახალი მემარჯვენეების" და "რესპუბლიკელების" მსგავსად, პრაიმერში მონაწილეობას აპროტესტებს "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარიც, რომელიც ახლა ევროპაში იმყოფება. იგი გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, რაც ოპოზიციის ერთიანობის ერთადერთი შანსია, სოციოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს. "ალიანსი საქართველოსთვის" ყოველთვის ისწრაფვოდა ერთობისკენ. სწორედ ეს იყო ჩემთვის მიმზიდველი, როცა "ალიანსს" შევუერთდი. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩემი ყველა ქმედება ერთიანობის მიღწევისკენ იყო მიმართული. ახლაც კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ერთიანობისთვის მზადყოფნას. კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონივრული ნაბიჯების შემთხვევაში გამარჯვება სავსებით შესაძლებელია და ეს იქნება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების და სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი. ერთიანი კანდიდატის შერჩევის ყველასთვის მისაღებ ერთადერთ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლევა მესახება, რომელიც, ერთი მხრივ, ხალხის განწყობას გამოხატავს და, მეორე მხრივ, ამ პროცესში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასაც გამორიცხავს," - ნათქვამია ჟენევიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც ჟურნალისტებს "რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა სოფო ხორგუანმა გააცნო. შემდგომ თავად სოზარ სუბარმა სატელეფონო კომენტარი გააკეთა: “თუ ალასანია უარს იტყვის იმ პრინციპებზე, რომლებსაც აქამდე მისდევდა და რომლებმაც ჩვენ გაგვაერთიანა, მაშინ ჩვენი გზები გაიყრება." ცხადია, სუბარმა გაყრის მიზეზად ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაში ზურაბ ნოღაიდელის ჩართვა იგულისხმა.
ალასანიას ოფისში ოპოზიციის გუშინდელი სამსაათიანი კონსულტაცია კონკრეტული შეთანხმებისა თუ გადაწყეტილების გარეშე დასრულდა. ცხადია, ასე მალე ძალიან ძნელია შეთანხმების მიღწევა. მით უფრო, თუ ამ კონსულტაციებს გაერთიანების მსურველი ყველა პოლიტიკური სუბიექტი არ ესწრება. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრას მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები არ დასწრებიან. ნოღაიდელი ჯერჯერობით კვლავ მინუსშია.