საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
24 საათი 21.04.10
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
Central Election Commission of Georgia
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
19 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო “ქორტიარდ მარიოტში” ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 მაისის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიებისა და ცესკოს მიერ წარმოებულ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგების მეორე პრეზენტაცია გამართა. ამ ღონისძიებასაც, პირველის მსგავსად (12 აპრილი, სასტუმრო “თბილისი მარიოტი”), ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გაუძღვა და დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, როგორ იმუშავა ცესკომ მონიტორინგის შედეგებზე. ცესკოს თავმჯდომარის წარდგინება ამჯერადაც ფართე ეკრანზე, “ფაუერ ფოინტის” რეჟიმში წარიმართა და მას გაცილებით მეტი დამკვირვებელი ჰყავდა, ვიდრე პირველად. პრეზენტაციას დაესწრო თითქმის მთელი ადგილობრივი საზოგადოებრივი სექტორი, მასმედია, ყველა პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული ინსტიტუტები და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა.
ცესკოს თავმჯდომარემ დაწვრილებით ისაუბრებრა იმაზე, თუ კონკრეტულად რა ხარვეზებზე მიუთითებს საარჩევნი სიების მონიტორინგის მონაწილე თითოეული პოლიტიკური გაერთიანება თავის საბოლოო ანგარიშში, რამდენი და რა ტიპის შესწორებები შეიტანა ცესკომ ამომრჩეველთა სიაში ამ ანგარიშებზე დაყრდნობით, რაზე მოახერხა რეაგირება, რა გაიზიარა და რა არა მონიტორინგის შედეგების წარდგენის საბოლოო ვადიდან დღემდე (პრეზენტაციის სრული ვერსია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე www.cec.gov.ge ).
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგში ჩართვის შესაძლებლობა პირველად საარჩევნო კანონმდებლობაში 2009 წლის 28 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიეცა. საარჩევნო სიების მონიტორინგი 2010 წლის 5 თებერვლიდან 10 აპრილამდე მიმდინარეობდა და მასში თერთმეტი კვალიფიციური და რამდენიმე არაკვალიფიციური სუბიექტი იყო ჩართული:
1. “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა
2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
3. ალიანსი საქართველოსათვის- “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “ახალი მემარჯვენეები”
4. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
5. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”
6. “ქართული დასი”
7. “ჩვენ თვითონ”
8. “თავისუფლება”
9. საქართველოს კონსერვატიული პარტია
10. “საქართველოს გზა”
11. “ხალხის პარტია”
მონიტორინგში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 1,200,000 ლარი, თითო სუბიექტზე — ასიათასი.”
თავდაპირველი თანხმობის შემდეგ, მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი თქვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”. ცესკოს გადაწყვეტილებით, გამოთავისუფლებული 100,000 ლარი ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა და, საბოლოოდ, ცესკოში ანგარიში თერთმეტმა კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. მონიტორინგის პერიოდში (5 თებერვლიდან 10 აპრილამდე) ცესკო ყოველკვირეულ შეხვედრებს მართავდა მონიტორინგში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან; შედეგების დამუშავების მიზნით ცესკომ პროგრამული და ფინანსური ანგარიშის სარეკომენდაციო ფორმები შეიმუშავა, მაგრამ ისინი, პრაქტიკულად, მხოლოდ ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენა.
“სიის სრულყოფა უსასრულო პროცესია და მას მუდმივი გადამოწმება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის სიზუსტის ხარისხი, ცესკოსა და პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ამომრჩეველთა სიის მონიტორინგს სანდო საარჩევნო გარემოსკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად განვიხილავთ. საარჩევნო კონტროლის ასამაღლებლად სხვადასხვა ტექნიკურ და პროცედურულ ტექნოლოგიებს გვთავაზობენ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომით აღნიშნული მიზანი ვერ მიიღწევა”, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა და იქვე, ყურადღება მონიტორინგის პროცესში პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი, და არა მხოლოდ მისი თქმით (ეს მონიტორინგში მონაწილე არაერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დაადასტურა), ასეთმა მიდგომამ სავსებით შესაძლებელია, ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას დაუდოს სათავე.
“ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებულ მხარეებს, დაიწყონ დისკუსია და ერთად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ არჩევნებისა და მთლიანად საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გასაღვივებლად”, - ასეთი იყო ცესკოს მთავარი გზავნილი სააარჩევნო სიების მონიტორინგში მონაწილე და ამ პროცესის თვალყურის მადევნებელი ყველა სუბიექტისადმი. და ცესკოს თავმჯდომარემაც ამ მესიჯის ადრესატ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
და მაინც, პრეზენტაციაზე განსაკუთრებით აღინიშნა პარტიების “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “ქართული დასის” და “ხალხის პარტიის” ოპერატიულობა, რამაც ცესკოს საშუალება მისცა, მათ მონაცემებზე უფრო ხანგრძლივად, ამომწურავად და მეტი რესურსით ემუშავა.
“დასრულდა ცესკოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზების სრულ სტრუქტურულ შესაბამისობაში მოყვანა, რისთვისაც ცესკომ მონაცემების ერთგვაროვნობის მიზნით 133 ათასამდე ჩანაწერი ჩაასწორა.” - წერია ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგების 19 აპრილის პრეზენტაციის მეათე სლაიდში;
ეს სამუშაო მოიცავს როგორც ტექნიკური ხასიათის ხარვეზების ჩასწორებას, ისე ერთ ბინაში რეგისტრირებული მრავალი ამომრჩევლის შემთხვევის გამოვლენას, შესწავლას და შესწორებას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ასობით ადამისნის გულმოდგინე შრომის შედეგად მოხდა მონაცემთა ბაზების ინტეგრირება, რის შედეგადაც ცესკოს მონაცემთა ბაზა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (სრს) მონაცემთა ბაზა და მისი განცხადება-ანკეტები (ე.წ. “ფორმა 1”) ზედმიწევნით იდენტურია შემდეგი მონაცემებით: პირადი ნომერი, სახელი, გვარი და დაბადების თარიღი. ასევე, შესაძლებელი გახდა იმ მონაცემთა სრული იდენტიფიკაცია, რომელთა განსხვავებული მისამართები სხვადასხვა საარჩევნო უბანს განეკუთვნება.
“კორთიარდ მარიოტში” 19 აპრილის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში ამომრჩეველთა სიის საბოლოო სურათს არ ასახავს, სიაზე მუშაობა მუდმივი პროცესია და ცესკო ამ კუთხით მუშაობას აგრძელებს.
მონიტორინგის შედეგად, საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 3 580 487 საარჩევნო ასაკის მქონე მოქალაქით განისაზღვრა. შესრულებული სამუშაოს დღევანდელი სურათი კი ასეთია:
სულ ჩასწორებული შენიშვნები:
1. სახელები - 19,815;
2. გვარები - 33,766;
3. დაბადების თარიღები - 24,284;
4. მისამართები - 55,094;
5. ერთ ბინაში რეგისტრირებული ოცი და მეტი ამომრჩეველი - 63 შემთხვევა;
6. დუბლირებული ამომრჩეველი - 225;
7. გარდაცვლილი ამომრჩეველი - 2,825
8. გამოტოვებული ამომრჩეველი - მუშავდება
9. სხვა - მოიხსნა 219, ჩასწორდა - 12,925
ამ შედეგით ცესკო ამომრჩეველთა სიის ფორმირებას დროულად შეძლებს და თან ისე, რომ ადამიანური შეცდომის ალბათობა, ფაქტობრივად, გამოირიცხოს. ანალოგიური სამუშაო სრულდება ლტოლვითა და განსახლების სამინისტროსა და სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მონაცემთა ბაზებთან მიმართებაშიც.
ცესკომ საქართველოს მასშტაბით ერთ ბინაში რეგისტრირებული 10 და მეტი ამომრჩევლის 590 შემთხვევა გამოავლინა, შეისწავლა ერთ ბინაში რეგისტრირებული 20 და მეტი ამომრჩევლის ყველა 63 შემთხვევა (აქედან 60 უკვე გამოსწორებულია). გრძელდება ერთ ბინაში რეგისტრირებული ათიდან ოცამდე ამომრჩევლის შემთხვევების შესწავლა. გამოვლენილი და გასწორებულია შემდეგი ტიპის ხარვეზები:
- წილადიანი მისამართები ქუთაისში - 16 შემთხვევა;
- რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები - 15 შემთხვევა;
- სადარბაზოებში გამეორებული ნუმერაცია - 11 შემთხვევა;
- ბარაკის ტიპი საცხოვრებელი სახლი - 6 შემთხვევა;
- ტექნიკური ხარვეზები - 8 შემთხვევა;
- მესაკუთრე იმყოფება უცხოეთში - 4 შემთხვევა;
- მრავალგზის გაფრთხილებული მესაკუთრე - 1 შემთხვევა;
- უარი რეგისტრაციიდან მოხსნაზე - 1 შემთხვევა;
- მიმდინარეობს შესწავლა - 1 შემთხვევა.
მრავალამომრჩევლიანი ბინების მონიტორინგის კუთხით მუშაობა არ დამთავრებულა - ერთ ბინაში რეგისტრირებული ათიდან ოცამდე ამომრჩევლის შემთხვევები ჯერაც შესწავლის საგანია.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 18 თებერვალს ცესკოს წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შემადგენლობით შეიქმნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფაზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა სიების მონიტორინგთან დაკავშირებით 14 რეკომენდაცია შეიმუშავა და უდავოდ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თოთხმეტიდან თერთმეტი რეკომენდაცია სრულად იქნა გათვალისწინებული, სამი კი - ნაწილობრივ. ამ რეკომენდაციების თანახმად, ქალაქების ტერიტორიაზე განთავსებულ საარჩევნო უბნებში დამატებით გაიკვრება მისამართების მიხედვით სორტირებული კედლის სიები; ამომრჩეველთა სიებში 121,000 ამომრჩეველს მიეწერება სტატუსი “იმყოფება უცხოეთში”; ვებ-გვერდზე განთავსდა საძიებო სისტემა, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს საკუთარი თავზე ინფორმაციის გარდა, იმავე მისამართზე რეგისტრირებული ყველა სხვა ამომრჩევლის შესახემ ინფორმაციის მოძიება შეეძლება.
ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაში საკვანძო ადგილი შენიშვნების კლასიფიკაციას უკავია და იგი სამ ჯგუფადაა წარმოდგენილი:
ა) არსებითი შენიშვნები
- გარდაცვლილი ამომრჩეველი სიაში
- დუბლირებული ამომრჩეველი სიაში; ;
- გამოტოვებული ამომრჩეველი სიაში.
ბ) განსხვავება რეგისტრაციისა და ფაქტიურ მისამართს შორის:
- ბინა გაყიდულია;
- იმყოფება საზღვარგარეთ;
- ცხოვრობს სხვა მისამართზე.
გ) სხვა:
- პატიმარია;
- სამხედრო სამსახურშია;
- მრავალი ამომრჩეველი ერთ მისამართზე;
- მისამართის უზუსტობა.
მონიტორინგის მონაწილე პარტიებმა შენიშვნათა სამივე ჯგუფის თითოეულ კოპმპონენტზე 10 აპრილამდე საკუთარი კვლევის შედეგები, ციფრები და დასკვნები წარმოადგინეს. ცესკომ ეს მონაცემები 19 აპრილს გამოწვლილვით წარუდგინა პროფესიონალთა საზოგადოებას განსასჯელად, ხოლო სრული საჯაროობისა და ხელმისაწვდომობისთვის, იმავე დღეს, საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.
“უპრეცედენტო სიზუსტე აქვს დღეს საარჩევნო სიას და ეს ასობით ადამიანის დაუღალავი შრომის და უძილო ღამეების დამსახურებაა “ - აცხადებს სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე.
ეს სიები კარგად რომ დავიცვათ და მთელი საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართოს, ექვსმა ადგილობრივმა და ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ცესკოში დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარა. (“ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, ფონდი “ინვალიდთა დახმარების ასოციაცია”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”, “სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია” და “უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი”.
ცესკოში ვარაუდობენ, რომ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შედეგების საბოლოო განხილვის შემდეგ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შემცირდება. როგორც ადრე აღვნიშნავდით, პირველ მაისს ბოლო მონაცემები შეჯერდება და 15 მაისისთვის მთელი ეს მარათონი, იმედია, მშვიდობიან და ურთიერთგაგების ვითარებაში დამთავრდება.
“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან 30 მაისის არჩევნებზე და წინასაარჩევნო მზადებაზე ვისაუბრეთ. იმედი გვაქვს, 2010 წლის არჩევნები უკეთეს გარემოში წარიმართება”- განაცხადა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოდრი ლოვერმა ცესკოში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ჩვენი მიზანიც ხომ ეგ არის! ორიენტირი - საქართველოს ამომრჩეველი და სამოქმედო იარაღი - კანონი, რომლის თანახმად: საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია ჩაატაროს არჩევნები კანონის შესაბამისად, განკუთვნილი აქვს არბიტრის ფუნქცია და არ მონაწილეობს პოლიტიკურ დისკუსიებში.
სამაგიეროდ, გთავაზობთ სრულ, გამჭვირვალე ინფორმაციას. ამისათვის თქვენს განკარგულებაშია ჩვენი ვებ-გვერდი (www.cec.gov.ge), ცხელი ხაზი (51 00 51), ცესკოს ყველა წევრი და თანამშრომელი.