კრემლმა უკრაინის საბოლოოდ დამორჩილება გადაწყვიტა.
24 საათი 09.05.10

კრემლმა უკრაინის საბოლოოდ დამორჩილება გადაწყვიტა.
იანუკოვიჩის ხელისუფლების ერთგულებითა და ყირიმში რუსული ფლოტის დარჩენის საკითხის სწრაფად მოგვარებით აღფრთოვანებული ვლადიმირ პუტინი კიევს ახალ მოთხოვნას უყენებს. ეს "გაზპრიმისა" და უკრაინული "ნაფტოგაზის" გაერთოანებაა, რაც რეალურად უკრაინის გაზსადენების მთელი ინფრასტრუქტურის რუსეთის ხელში გადაცემას ნიშნავს. პუტინმა თავი უკრაინის დე-ფაქტო მმართველად იგრძნო და თავს უფლებას აძლევს, კიევის მისამარით საჯარო ბრძანებები გაცსეს. კრემლის ზეწოლა უკრაინაზე, იანუკოვიჩის მისდამი მორჩილება და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრის იგნორირება, ქვეყანას "პუტინიზაციით" ემუქრება და, საბოლოოდ, მის სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. როგორც კრემლისა და უკრაინის ახალი ურთოერთობიდან გამოჩნდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელისუფლებაში რუსეთისადმი ლოიალური რეჟიმის მოსვლა მისი სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასი ხდება.
პუტინის "ექსპრომტი"
"ჩვენ ვისუბრეთ ინტეგრაციაზე ატომურ სფეროში. იგივეს გაკეთება შეიძლება გაზის სფეროშიც. გამოვდივარ წინადადებით "გაზპრომისა" და უკრაინის "ნაფტოგაზის" გაერთიანების თაობაზე," - ეს შოკისმომგვრელი განცხადება რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინელ კოლეგასთან სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ეს იდეა, რომელიც უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის "გაზრომისათვის" ჩაბარებას გულისხმობს, ყველასათვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ყოველ შემთხთვევაში, რუსული გაზეთი "კომერსანტი", მოლაპარაკებების მონაწილეებზე დაყრდნიბით იუწყება, რომ უკრაინული მხარისთვის ეს განცხადება სრული მოულოდნელობა იყო და დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ეს ხუმრობად აღიქვა. "ექსპრომტი" უწოდა რუსეთის პრემიერის გეგმას მისმა უკრაინელმა კოლეგამ ნიკოლაი აზაროვმა, თუმცა, ამავე დროს, რუსული წინადადებების განხილვისა და შესწავლის პირობა დადო.
მოგვიანებით რუსულ წინადადებას უკრაინის პრეზიდენტიც გამოხმაურა. ვიქტორ იანკოვიჩის განცხადებით, "ნაფტოგაზისა" და "გაზპრომის" შესაძლო გაერთიანება "რუსეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია". მან აღნიშნა, რომ ეს თემა აქამდე არ განხილულა და კიევი ამ წინადადებას პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც "ყველაფერს აწონ-დაწონის უკრაინის ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით". გარდა ამისა, იანუკოვიჩის თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკებებში ევროკავშირიც უნდა ჩაერთოს, როგორც რუსული გაზის ძირითადი მომხმარებელი.
რუსული მხარე პუტინის "ექსპრომტს" უფრო სერიოზულად მოეკიდა და მომავალი გარიგების დეტალებიც და ვადებიც დაასახელა. რუსეთის პრემიერის პრესმდივნის განცხადებით, საუბარია "ნაფტოგაზის" აქციათა სრული პაკეტის გაცვლაზე, რომელსაც ამჟამად უკრაინის მთავრობა ფლობს, "გაზპრომის" აქციათა დაახლოებით 5 პროცენტზე. თავის მხრივ, "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ახალ გარიგებაზე, შესაძლოა, უკვე მაისის პირველ რიცხვებში დაიწყოს.
რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების კიდევ ერთმა მონაწილემ "კომერსანტს" მოსკოვის არგუმენტები განუმარტა: როდესაც რუსეთი "სამხრეთის ნაკადის" პროექტს ბოლმდე მიიყვანს, უკრაინა სატრანზიტო ფუნქციას დაკარგავს და მისი გაზსადენები "ჯართად" იქცევა. რუსეთთან გარიგების შემთხვევაში კი, შესაძლოა, რუსეთმა "სამხრეთის ნაკადის" სიმძლავრე შეამციროს და გაზის ტრანზიტის ნაწილი უკრაინას დაუთმოს. ანუ, როგორც ეს ყირიმში რუსული ფლოტის შესახებ გარიგების შემთხვევაშიც მოხდა, კრემლი მარტივ შანტაჟს მიმართავს - გაზის ფასის შემცირება ფლოტის დატოვების სანაცვლოდ და რუსეთისთვის გაზის ინფრასტრუქტურის გადაცემა უკრაინისთვის სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნების საფასურად.
რუსეთის პრემიერის წინადადებას, რომელიც თავისი შინაარსით ულტიმატუმს უფრო ჰგავდა, უმწვავესი რეაქცია მოჰყვა უკრაინული ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო შოკიდან გამოსვლა რუსული ფლოტის თაობაზე მედვედევ-იანუკოვიჩის "ხარკოვის პაქტის" ხელმოწერის შემდეგ.
ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პუტინის წინადადებას "იმპერიული პროექტი" უწოდა, რომელიც, ამავე დროს, ევროპაზე ზეწოლის ინსტრუმენტად "გაზპრომის" გამოყენებას ემსახურება. იუშჩენკოს თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთის ასეთ წინადადებას "არავინ მოუსმენდა", დღევანდელი ხელისუფლება კი კრემლიგან ბრძანებებს იღებს, უკრაინის სტრატეგიული რესურსების გადაცემის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება - "გაზპრომის" ინჟინრებსა და სპეციალისტებს უკრაინაში მოგვიანებით, შესაძლოა, "რუსეთის მოქალაქეთა დაცვის" საბაბით", რუსული ჯარიც შემოჰყვეს.
ყოფილმა პრემიერმა იულია ტიმოშენკომ რუსულ-უკრაინულ შესაძლო გარიგებას "გაზის ანშლიუსი" უწოდა. მისი აზრით, ეს "უკრაინის ლიკვიდაციის მასშტაბური გეგმის ნაწილია". უკრაინულმა ოპოზიციამ ევროოავშირს მოუწოდა, "ევროპის კონტიტნენტზე ახალი მონოპოლური დიქტატი" არ დაუშვას.
თავად ევროპის მხირიდან პირველი რეაქცია საკმაოდ ზომიერი იყო. "პირველ რიგში ეს შიდა საკითხია, რომელსაც ორი მთავრობა განიხილავს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, უკრაინამ გაზის შიდა ბაზრის მოდერნიზება განაგრძოს მისი გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით", - განაცხადა ევროკომისის წარმომადგენელმა ენერგეტიკულ საკითხებში მარლენ ხოლზნერმა.
თუმცა, ევროპულ პრესაში ეს მოვლენა ნაკლებად მშვიდ ტონში გაშუქდა. როგორც ფრანგული "მონდი" აღნიშნავს, პუტინის წინადადებამ შესაძლოა "გააკვირვოს ევროკავშირი, რომელიც მოსკოვზე ენერგეტიული დამოკიდებულებით ოსედაც შეშფოთებულია". გამოცემას მოჰყავს ექსპერტთა კომენტარები, რომელთა აზრითაც, რუსეთის მიზანი ნებისმიერი საშუალებით უკრაინულ გაზსადენებზე კონტროლის დამყარებაა.
"უკრაინა, რომელიც ეკონომიკურმა კრიზისმა დააჩოქა, ფინანსურ დახმარებას საჭიროებს, რუსებს კი მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, საკუთარი უპირატესობა გამოიყენონ", - წერს "მონდი"
"ფედერალიზაციის" გეგმა
პუტინთან სკანდალური მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მორიგი სიურპრიზი შესთავაზა. ვიცე-პრემიერი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში ვიქტორ ტიხონოვი ქვეყნის "ფედერალიზაციის" ინციაიტივით გამოვიდა. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის არსებული მოდელი "თანამედროვე ამოცანებს ვერ პასუხობს". ფედერალიზაციის რაიმე ონკრეტული გეგმა ვიცე-პრემიერს არ წამოუყენებია, თუმცა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი აინუკოვიჩიც უკრაინაში ხელისუფლების "დეცენტრალიზაციის" მომხრეა.
ტიხონოვის განცხადებას იულია ტიმოშენკო გამოეხმაურა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის შეცვლა მიუღებლად მიიჩნია. ყოფილი პრემიერის განცხადებით, უკრაინა უნიტარულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს და პირველ როგში, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაა აუცილებელი. უკრაინელი ექსპერტი, გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი ვადიმ კარასიოვი კი მიიჩნევს, რომ "ფედერალიზაციის" იდეა რუსეთიდან მოდის. "რუსები მიიჩნევენ, რომ დასავლეთ უკრაინა მათ არასდროს დაემორჩილება, - აღნიშნავს ექსპერტი,- ამიტომაც მისი გამოყოფა უფრო მარტივი იქნება». მისი აზრით, ამ გეგმის რეალიზაცია უკრაინის არსებულ საზღვრებში არსებობას ემუქრება. "თუ შესაძლო შედეგებზე ვისაუბრებთ, ფედერალური უკრაინა, რომელზეც ზეგავლენას ევროპა და რუსეთი მოახდენენ, უბრალოდ დაიშლება. აღმოსავლეთი რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენის ქვეშ მოექცევვა, დასავლეთი კი - ევროპის", - აცხადებს კარასიოვი.
უკრაინის "ფედერალიცზაციის" კონცეფციაზე რეაგირება ზოგიერთმა რუსმა ექსპერტმაც მოახდინა - ისინი უკრაინის დაყოფის ახალ რუკებს ხაზავენ და იმაზე მსჯელობენ, თუ რა პირობებში იქნება შესაძლებელი უკრაინისგან ყირიმის და აღმოსავლური ნაწილის საბოლოოდ გამოყოფა.
ძალაუფლების წყურვილი
სისწრაფემ, რომლითაც, ერთი მხრივ, კრემლმა უკრაინას შეუტია და, მეორე მხრივ, იანუკოვიჩმა კრემლის სურვილების ასრულება დაიწყო, არაერთი ექსპერტი გააკვირვა. იანუკოვიჩმა არა მხოლოდ გაახანგრძლივა რუსული ფლოტის უკრაინაში ყოფნის ვადები, არამედ ერთ დღეში ხაზი გადაუსვა გოლოდომორის დროს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარების თემასაც, რასაც წინა ხელისუფლებამ უდიდესი ძალისხმევა შეალია. ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან, რომელსაც ამ საკითხზე რეზოლუცია უნდა მიეღო, იანუკოვიჩმა საჯაროდ განაცხადა, რომ 30-ანი წლების შიმშილი საბჭოთა რეჟიმის დანაშაული იყო, თუმცა მრავალ ერს შეეხო და მათგან რომელიმეს გამოყოფა მიუღებელი იქნებოდა.
ამით უკრაინის ახალმა ლიდერმა არა მხოლოდ ნამუსი შეუნახა თანამედროვე რუსეთს, რომლისთვისაც გოლოდომორის საკითხი ძალზე მტკივნეულია, არამედ იმის დემონსტრირებაც მოახდინა, რომ მზადაა რუსეთთან მეგობრობას შესწიროს ყველა საკითი, რასაც წინა ხელისუფოლება ისტორიული სამართლიანობისა თუ ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აყენებდა.
და ამას აკეთებს პრეზიდენტი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების ნახევარიც ვერ მოიპოვა და რომელმაც იცის, რომ მის ნაბიჯებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდება უკრაინაში. ექსპერტთა უმრავლესობა იანუკოვიჩისგან ასეთ ქმედებებს არ ელოდა. მათ მოჰყავდათ არგუმენტები იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩი მთელი უკრაინის და არა მხლოდ დონეცკის ოლქის ლიდერია და იძულებული იქნება, მთელი საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინოს. ბევრი იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობაზე უფრო მეტად აქცენტებს ევროპასთან ინტეგრაციაზე გააკეთებდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ისიც, რომ იანუკოვბიჩის გარემოცვაში მყოფი ოლიგარქების ეკონომიკური ინტერესები უფრო დასავლეთთან არის დაკავშირებული.
რუსი მიმომხილველი ალექსანდრ რიკლინი აღნიშნავს, რომ ეს არგუმენტები ახლაც გონივრული და დამაჯერებელია, მაგრამ, საბოლო ჯამში, ისინი მცდარი აღმოჩნდა. ექსპერტის აზრით, იანუკოვიჩი ისე იქცევა, როგორც დაპყრობილი ქვეყნის მმართველი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების აზრს არაფრად აგდებს და საზოგადოების უდიდეს ნაწილს დემონსტრაციულად უპირისპირდება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ასეთი ლიდერისთვის ერთადერთი გამოსავალი ხელოსუფლების "პუტინიზაციაა", ანუ - კონტროლის დამყარება მედიაზე, ურჩი ოლიგარქების მორჯულება და, არჩევნების გაყალბების გზით, მმართველობის უსასრულოდ გახანგრძილვება. ეს კი უკრაინის პოლიტიკური ცხოვრებისათვის მართვის აქამდე უჩვეულო ავტორიტარული სტილის შემოიტანას ნიშნავს.
ნათელია ვლადიმირ პუტინის მიტივაციაც - მან უკრაინის პრეზიდენტის სახით "ერთგული ყმა" შეიძინა. ფაქტობრივად, პუტინმა თავი უკრაინის დე-ფაქტო მმართველად იგრძნო. შესაბამისად, ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს იანუკოვიჩისგან ის ყველაფერი, რასაც ამდენი წელია უშედეგოდ ცდილობდა იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს. ამ შემხვევაშიც მადა ჭამაში მოდის და მოსკოვი კიევს ისეთ ახალ-ახალ წინადადებებს უყენებს, რაზეც უკრაინის ხელისუფლება "უარს ვერ იტყვის". შანტაჟით გამყარებული გაზის "ექსპრომტიც" ერთ-ერთი ამგვარი წინადადებაა. ზოგიერთი ექსპერტი იანუკოვიჩის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასაც არ გამორიცხავს, რასაკვირველია, თუ ამას კარგად აუნაზღაურებენ.
მაგრამ, ძნელი სათქმელია, პუტინისა და იანუკოვიჩის ამგვარი პოლიტიკისგან საბოლოდ რა გამოვა. ნათელია, რომ არც იანუკოვიჩია პუტინი და არც უკრაინაა რუსეთი. უკრაინის "პუტინიზაციის" მცდელობა საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის, ასევე მთელი რეგიონის სტაბილურობას. დასავკლეთის მხრიდან უფრო მტკიცე ნებაა საჭირო იმსთვის, რომ ერთ დროს სამაგალითოდ აღიარებული ახალგაზრდა დემოკრატია გადარჩეს.
მეორე მხრივ, უკრაინის მაგალითი გაკვეთილია ნებისმიერი პრორუსული ძალისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის - საქარათველოშიც. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ რუსეთის მმართველი რეჟიმისადმი ლოალობა და კრემლის ყველა კაპრიზის შესრულება უზრუნველყოფს არა მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, არამედ შესაძლოა სტრატეგიული აქტივების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გზით განვითარების შანსის დაკარგვითაც დასრულდეს.
დიმიტრი ავალიანი