არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რუსეთში, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.
24 საათი 18.12.11
არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რუსეთში, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.
მასობრივმა გამოსვლებმა ხელისუფლება შეაშინა და აიძულა, ოპონენტთა მიმართ რიტორიკა შეერბილებინა. თუმცა რეალურ დათმობებზე პუტინის რეჟიმი წავლას არ აპირებს და არჩევნების შედეგების გადახედვას გამორიცხავს. კრემლმა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა ყურადღების გადატანის ახალი ხერხი მოიფიქრა, - პრეზიდენტობის კანდიდატად თავი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ოლიგარქმა მიხაილ პროხოროვმა წამოაყენა, რასაც ოპოზიცია პუტინის წინააღმდეგ განწყობილი ელექტორატის ხმების გაყოფის მცდელობად მიიჩნევს. ევროპარლამენტმა რუსულ არჩევნებს უპრეცედენტოდ მკაცრი შეფასება მისცა, ოპოზიციას კი იმედი გაუჩნდა, რომ დასავლეთის მხარდაჭერას მოიპოვებს. რეჟიმის მიწინააღმდეგეები შემდგომი გამოსვლებისთვის ემზადებიან.
10 დეკემბერის აქცია მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე, 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ, ბოლო წლების რუსეთის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა გახდა. ოპოზიციის შეფასებით, აქციას 80 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. პოლიციის გათვლებით - 20-25 ათასი. ბოლოს ასეთი ხალხმრავალი აქცია მოსკოვში 2001 წელს, ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-ს დასაცავად გაიმართა.
10 დეკემბრის აქციები, რომლებიც მოსკოვის გარდა რუსეთის ასზე მეტ ქალაქში და უცხოეთში გაიმართა, 5 დეკემბრიდან დაწყებული საპროტესტო ტალღის კულმინაცია გახდა. აქციაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები შეიკრიბნენ - მომიტინგეთა შორის იყვნენ როგორც ლიბერალური ოპოზიციის, ასევე კომუნისტური პარტიის, "სპრავედლივაია როსიას" და ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და ხელოვნების მოღვაწეები. მიტინგის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ხელისუფლებისადმი რამდენიმე მოთხოვნას ითვალისწინებს - არჩევნების შედეგების გაუქმებას, პოლიტპატიმართა გათავისუფლებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და მის პასუხისგებაში მიცემას, ყველა პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას და ახალი არჩევნების ჩატარებას. მითხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიციონერებმა ორ კვირაში ახალი საპროტესტო აქციის ჩატარების პირობა დადეს.
აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის ცენტრში დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე რუსეთის პრეზიდენტმა რეაგირება "ფეისბუკის" საშუალებით მოახდინა - საკუთარ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ "არ ეთანხმება მიტინგებზე გაჟღერებულ ლოზუნგებსა და განცხადებებს", თუმცა, "განკარგულება გასცა" არჩევნებზე ყველა დარღვევის გამოძიების შესახებ. მედვედევის ამ განცხადებას ირონიული კომენტარები მოჰყვა როგორც ინტერნეტში, ასევ მედიასა და ექსპერტებს შორის. ბოლო პერიოდამდე მედვედევის ერთ-ერთმა ყველაზე ერთგულმა მხარდამჭერმა, "თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, იგორ იურგენსმა პრეზიდენტის რეაქციას "სიცილის მომგვრელი" უწოდა და აღნიშნა, რომ მედვედევმა დემონსტრანტთა არც ერთი მოთხოვნა სერიოზულად არ აღიქვა.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს "უსაფუძვლო" უწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მიტინგის შემდეგ პრემიერ-მინისტრის აპარატს კი დაბნეულობა დაეტყო. თავდაპირველად ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენების მიმართ "მთავრობას პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია". გვიან ღამით კი გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად "ჩვენ პატივს ვცემთ პროტესტის მონაწილეთა აზრს, გვესმის, რასაც ისინი საუბრობენ და შემდგომშიც მოვუსმენთ მათ". პუტინმა პესკოვის პირით საზოგადოებას "ყველა სამოქალაქო უფლების დაცვის გარანტია" მისცა, თუ მათი რეალიზება კანონის ფარგლებში მოხდება. პირდაპირ ეთერში მოსახლეობისა და მედიის კითხვებზე პასუხისას, ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე მოვლენების თაობაზე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იგი პროტესტის კანონიერი გზით გამოხატვას მიესალმება და მოხარულია, რომ მოსახლეობის მიერ საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა "პუტინის რეჟიმის შედეგია". ამავე დროს, მან ფერად რევოლუციებზე, როგორც "დეცენტრალიზაციის აპრობირებულ სქემაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.
ხელისუფლება შეშინებულია - ასე შეაფასა მედვედევისა და პუტინის რეაქცია რუსმა პოლოტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ. კრემლის როტორიკის ცვლილებაზე დასავლური პრესაც ამახვილებს ყურადღებას. 10 დეკემბრამდე "ედინაია როსიას" წარმომადგენლები დემონსტრაციების ორგანზებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწერდნენ, თავად პუტინმა კი რუსული ოპოზიციის წახალისებაში ჰილარი კლინტონი დაადანაშაულა, რომელმაც არჩევნების შედეგები დაგმო. მაგრამ, აქციის შემდეგ კრემლი იძულებული გახდა, თუნდაც რიტორიკის დონეზე, ოპოზიციის მოთხოვნების ლეგიტიმურობა ეღიარებინა.
თუმცა მთავარ საკითხში, რაც არჩევნების შედეგებს ეხება, ხელისუფლებისგან სერიოზულ დათმობებს არავინ ელის. დარღვევების სერიოზული გამოძიება არ დაწყებულა. მედვედევმა 14 დეკემბერს უკვე მიიღო გადაწყვეტილება ახალი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს სესიის 21 დეკემბრისთვის დანიშვნის შესახებ, თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, ამისთვის 30 დღის ვადა ჰქონდა. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, საპარლამენტო ოპოზიციას კომიტეტების ხელმძღვანელთა თანამდებობების უმრავლესობა დაუთმოს.
რუსულ მედიაში მედვედევის მხრიდან დათმობად 10 დეკემბრის აქციის სახელისუფლებო ტელეარხებზე გაშუქებაც სახელდება - წყაროების ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო. გავრცელებული ცნობებით, მედვედევმა ასევე განკარგულება გასცა, ძალოვანებს ხელი არ შეეშალათ შეკრებილი ოპოზიციისთვის.
კრემლი დაბნეულია და მანევრირებს, პუტინი ცდილობს, დრო მოიგოს - ასე აფასებენ შექმნილ ვითარებას რუსი და დასავლელი მიმომხილველები. თუმცა, კრემლი არც ჩვეულ მეთოდებზე ამბობს უარს - 12 დეკემბერს მანეჟის მოედანზე "ედინაია როსიას" მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც ოპოზიციის მიტინგზე შთამბეჭდავი პასუხი უნდა გამხდარიყო. თუმცა, ეს ღონისძიება, ფაქტობრივად, ჩავარდა და საზოგადოების მხრიდან მმართველი პარტიის დაცინვის კიდევ ერთი საბაბი გახდა. ნატო-ში რუსეთის წარმომადგენლის, დმიტრი როგოზინის მგზნებარე გამოსვლას იმის შესახებ, რომ "ევროპაში აღარ დარჩა ძალა, რომელიც ვაშინგტონს შეეწინააღმდეგება, ჩვენ კი ასეთი ლიდერი გვყავს - ვლადიმირ პუტინი", 2-დან ხუთი ათასამდე ადამიანი უსმენდა. შეკრებილთა შორის ორგანიზებულად მოყვანილი სტუდენტები, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები და ცენტრალურაზიელი შრომითი მიგრანტები ჭარბობდნენ. "ნიუ იორკ ტაიმსის" კორესპონდენტმა მოედანზე ძალზე ცოტა ადამიანი დააფიქსირა. ტელეკომპანია "დოჟდ"-ის ჟურნალისტი კი ამტკიცებდა, რომ მომიტინგეებისთვის ფულის გადაცემის ფაქტები შენიშნა.
ამასობაში, ოპოზიციის ახალი აქციის თარიღად 24 დეკემბერი გამოცხადდა, მის მოსამზადებლად კი საორგანიზაციო კომიტეტი შეიკრიბა. ოპოზიციამ მომავალი მანიფესტაციის ჩატარება ქალაქის მერიას ანდრეი სახაროვის გამზირზე შეუთანხმა.
პუტინის
"ახალი" კოზირი
ამავე დროს, როგორც ჩანს, კრემლმა მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსახლეობის საპროტესტო განწყობის განეიტრალების საშუალებას მიაგნო. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას მილიარდერი მიხაილ პროხოროვი გეგმავს.
ხელისუფლებასთან დაახლოებული 46 წლის ოლიგარქი პოლიტიკაში ივნისის თვეში გამოჩნდა. იგი სათავეში ჩაუდგა მემარჯვენე პარტია "პრავოე დელო"-ს, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა და კრემლის პროექტად განიხილებოდა. ექსპერტთა შეფასებით, პროხოროვის პოლიტიკური დებიუტის მიზანი სათათბიროს არჩევნების წინ მემარჯვენე, ლიბერალური რეფორმების მომხრე ელექტორატის ხმების მოპოვება იყო. თუმცა, სექტემბერში პროხოროვი რუსული პოლიტიკის "რუხ კარდინალს", პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ვლადისლავ სურკოვს დაუპირისპირდა. გავრცელებული ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი პარტიულ სიაში ცალკეული კანდიდატურების გარშემო უთანხმოება გახდა. შედეგად, სურკოვის ერთგულმა პარტიის წევრებმა პროხოროვი ორგანიზაციიდან გარიცხეს. "პრავოე დელომ" 4 დეკმბრის არჩევნებში ხმების მხოლოდ 1 პროცენტი მოიპოვა.
თავად პროხოროვმა მაშინ სურკოვი ღიად გააკრიტიკა, თუმცა პუტინსა და მედვედევს არ დაპირისპირებია. ამავე დროს ოლიგარქი აცხადებდა, რომ მმართველობის სისტემა ქვეყანაში რეფორმებსა და ცვლილებებს საჭიროებს.
ამის შემდეგ პროხოროვს პოლიტიკაში აქტიურობა აღარ გამოუჩენია. არჩევნების შემდეგ კი, გამოვიდა წინადადებით - გადადგეს პრეზიდენტი მედვედევი და არჩევნებამდე მისი მოვალეობა ვლადიმირ პუტინმა შეასრულოს. იგი აცხადებდა, რომ ქვეყნის სათავეში პუტინის ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, სულ რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ პუტინს პრეზიდენტის პოსტს შეეცილება.
პროხოროვის აქტიურობა ოპოზიციამ რეჟიმის დაკვეთად შეაფასა. "მისი მთავარი ამოცანა ქვეყანაში პუტინის რეჟიმის შენარჩუნებაა. მან პროტესტული ელექტორატის აკუმულირება უნდა მოახდინოს და პუტინს პრეზიდენტად არჩევა გაუადვილოს," - განაცხადა "სახალხო თავისუფლების პარტიის" თანათავმჯდომარემ, ბორის ნემცოვმა.
პოლიტოლოგმა სტანისლავ ბელკოვსკიმ პროხოროვის ნაბიჯს "წმინდა წყლის ბლეფი" უწოდა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ პროხოროვის ნამდვილი მიზანია პრეზიდენტ პუტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრი გახდეს. ბელკოვსკის განმარტებით, პროხოროვს იმედი აქვს, რომ პუტინი მედვედევს "ედინაია როსიას" არჩევნებზე დაბალი შედეგებისთვის "განტევების ვაცად" აქცევს და პრემიერად აღარ დანიშნავს.
რუსული ინტერნეტ-გამოცემა "რბკ"-ს საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ პროხოროვის პრესკონფერენცია ტელეარხებმა ვრცლად გადასცეს, მაშინ როდესაც არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების დარბევები არ გაუშუქებიათ.
ოპოზიციის ვერსია გაზეთ "ვედომოსტისთან" საუბარში, ფაქტობრივად, დაადასტურა წყარომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მისი თქმით, "ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში პროტესტის შესუსტება გამოიწვიოს", ვინაიდან მოსკოვში მომიტინგეთა უმრავლესობა საშუალო კლასის წარმომამდგენელია, რომელთა ყურადღების პროხოროვზე გადატანა იქნება შესაძლებელი. მანამდე "მასობრივი ლიბერალური პარტიის" (კრემლიდან მართულის) შექმნის აუცილებლობის შესახებ ვლადისლავ სურკოვიც საუბრობდა.
პროხოროვის განცხადებას ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსეი კუდრინის ინტერვიუც დაემთხვა. მედვედევის კურსთან უთანხმოების გამო, კუდრინი თანამდებობიდან სექტემბერში დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მარტის არჩევნებზე კენჭს ვლადიმირ პუტინი იყრის, ხოლო მედვედევი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. კუდრინმა მაშინ საჯაროდ გააკრიტიკა მედვედევის გეგმები სამხედრო და საპენსიო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მედვედევის მთავრობაში ვერ იმუშავებდა.
ბოლო ინტერვიუში ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ხმა არ მიუცია "ედინაია როსიასთვის", უარყო, რომ ვლადიმირ პუტინის თანამოაზრეა და აღნიშნა, რომ ახალი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შექმნას უჭერს მხარს. კუდრინმა დაადასტურა, რომ პროხოროვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, კუდრინმა აღიარა, რომ თავის დროზე პარტია "პრავოე დელო"-ს სათავეში ჩადგომა მას პირადად ვლადიმირ პუტინმა შესთვაზა. კუდრინის განცხადებები მრავალმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა კიდევ ერთ პოპულისტურ ნაბიჯად მიიჩნია, რომელიც ლიბერალური შეხედულებების მქონე და პუტინის მოწინააღმდეგე ელექტორატის ყურადღების გადატანას ემსახურება.
თუმცა საეჭვოა, ეს მცდელობები წარმატებული გამოდგეს. პროხოროვის მიერ "პრავოე დელოს" აღორძინებას ლიბერალურად განწყობილი საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთში მართლაც იმედის თვალით უყურებდა და მას დმიტრი მედვედევის მხარდამჭერ ძალად აღიქვამდა. მაშინ საზოგადოების ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობდა გულუბრყვილო იმედი, რომ მედვედევის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, იგი პუტინის მავნე ზეგავლენას თანდათანობით დაძლევდა და ქვეყანაში რეფორმებს გაატარებდა. თუმცა, გადაწყვეტილებამ პრეზიდენტობის კანდიდატად ვლადიმირ პუტინის წამოყენების შესახებ ამ იმედებს წერტილი დაუსვა. დღეს საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს ესმის, რომ პროხოროვს არჩევის შანსი არ აქვს, თუმცა რეჟიმის მოწინააღმდეგე სხვა კანდიდატებისთვის ხმების წართმევა შეუძლია, რაც სწორედ პუტინს აძლევს ხელს.
დასავლეთის
"გამოღვიძება"
ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს რუსეთის საკითხზე უპრეცედენტოდ მკაცრი რეზოლუცია მიიღო. ევროპელმა დეპუტატებმა რუსეთს მოუწოდეს, გააუქმოს არჩევნების შედეგები, რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ოპოზიციური პარტია და ახალი, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. ევროპარლამენტმა ასევე დაგმო მშვიდობიანი აქციების დარბევა პოლიციის მიერ.
რეზოლუცია კიდევ ერთი ნიშანი გახდა იმისა, რომ პუტინის რეჟიმი 4 დეკემბრის არჩევნების შემდეგ საერთაშორისო არენაზე ლეგიტიმურობას კარგავს. მანამდე არჩევნები მკაცრად დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და მოსკოვს ყველა დარღვევის გამოსწორებისკენ მოუწოდა.
რუსულ ოპოზიციას კი დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვების იმედი გაუჩნდა. "სიმხდალის 10 წლის შემდეგ ევროპასა და აშშ-ს გაუჩნდათ კიდევ ერთი შანსი, მხარი დაუჭირონ ისტორიულ პროცესს და იმ ძალებს, ვის მხარესაც სიმართლეა," - აღნიშნა რუსეთის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერმა გარი კასპაროვმა გაზეთ "თაიმს"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. "თუ ნავთობმა და ბუნებრივმა აირმა საბოლოდ არ გამოდევნა ევროკავშირის ზნეობრივი პრინციპები, ევროპა ვალდებულია, მკაცრი პოზიცია დაიკავოს," - აღნიშნავს პოლიტიკური აქტივისტი. მისი აზრით, დასავლეთს შეუძლია მიიღოს ქმედითი ზომები პუტინის პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებსაც საკუთარი ფინანსური სახსრები უცხოეთში აქვთ განთავსებული.
პუტინის რეჟიმის მიმართ პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე დასავლელი ექსპერტები საუბრობენ. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, "რუსეთის ხელისუფლების მიმართ არასდროს ყოფილა იმდენი კითხვა, რამდენიც დღეს". "პუტინს ეგონა, რომ განსაკუთრებული უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილებები ხალხის ნაცვლად. მაგრამ ვფიქრობ, ნათელი ხდება - ასეთი უფლება მას აღარ გააჩნია," - მიიჩნევს ოლბრაიტი.
როგორც ჩანს, დასავლეთის რეაქცია რუსული რეჟიმის ქმედებებზე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიური იქნება საზოგადოება თავად რუსეთის შიგნით. არჩევნებზე დარღვევებთან, მანიფესტაციების დარბევასთან, პოლიტიკურ მკვლელობებთან შეგუება წინა წლებში დასავლეთს არაერთხელ მოუწია. თანაც ისე, რომ კრემლის მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ რაიმე სანქციების შემოღების საკითხი ევროპარლამენტში დებატების დონეზე თუ განიხილებოდა. ოპოზიციის გაძლიერება რუსეთში და პუტინის რეჟიმის შემდგომი დელეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით იმის შანსს წარმოშობს, რომ ამ საუბრებს ამა თუ იმ ფორმით პრაქტიკული შედეგები მოჰყვება.
მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის
10 დეკემბრის აქციის მრავალი მონაწილე აღნიშნავს, რომ პროტესტის გამოსახატად ამჯერად აქამდე სრულად აპოლიტიკური, ინერტული ადამიანები მივიდნენ, რომლებსაც კონკრეტული პარტიის ლოზუნგები კი არ იზიდავთ, არამედ ზოგადად უსამართლობის შეგრძნება აწუხებთ.
"გულზე მომეშვა იმის გამო, რომ აღარ მომიწევს საუბრების მოსმენა პუტინის პოპულარობის შესახებ. ეს მითი დაიმსხვრა იმ ზღაპართან ერთად, თითქოს ზოგიერთ ხალხს დემოკრატიის მშენებლობის უნარი არ გააჩნია," - აღნიშნავს გარი კასპაროვი "თაიმს"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მრავალი ექსპერტის აზრით, "ბოლო წვეთი" რუსული საზოგადოების მოთმინებისთვის 24 სექტემბრის "ედინაია როსიას" ყრილობა გახდა, რომელზეც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი გახდა უტიფრობა, რომლითაც მმართველმა ტანდემმა აღიარა, რომ ამგვარი "როქი" წლების წინ იყო ჩაფიქრებული. ამ ყრილობას მოჰყვა საჯარო სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები პუტინის მისამარით "ოლიმპიისკის" სტადიონზე და საბოლოოდ, უპრეცედენტო პროტესტი არჩევნების აშკარა და უტიფარი გაყალბების გამო.
შესაძლოა, პუტინის ხელისუფლებისთვის პროტესტის ასეთი მასშტაბები მართლაც მოულოდნელი იყო. კრემლის მაღალჩინოსნებმა კარგად იცოდნენ, თუ რაოდენ "პოპულარულია" საზოგადოებაში მმართველი პარტია. თუმცა, მათთვის ძნელი წარმოსადგენი უნდა ყოფილიყო, რომ საზოგადოება გაყალბებებს აღარ შეეგუებოდა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ პუტინის არაეფექტური რეჟიმი აუცილებდად რღვევას დაიწყებდა, ოღონდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. თუმცა, პროცესი უფრო ადრე დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად რუსეთის მოქალაქეებს უსამართლობის შეგრძნება აშფოთებთ - საყოველთაო კორუფციის, ძალოვანი უწყებებისა და სახელმწიფო ბიოუროკრატიის განუკითხაობის, ეკონომიკაში სახელმწიფო მონოპოლიების ბატონობის და ბევრი სხვა მიზეზის გამო.
ასევე აღმოჩნდა, რომ ხალხს მობილიზებისთვის გამოკვეთილი ლიდერები არ სჭირდება. თუმცა, საპროტესტო მოძრაობის ერთიანი ცენტრის არარსებობამ ოპოზიციის რიგებში გარკვეული დაბნეულობა და დაპირისპირება წარმოშვა. მანიფესტანტთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ასეთმა ხალხმრავალმა აქციამ უშედეგოდ ჩაიარა და ორგანიზატორებს მსვლელობის გამართვა ან უფრო მკვეთრ ქმედებებზე გადასვლა არ უცდიათ. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ სიტყვა "რევოლუციის" გაგონება არ სურს. ნაწილი უკმაყოფილო დარჩა აქციაზე ნაციონალისტების, ნაწილი - კომუნუსტების ყოფნით.
დემოკრატიული "არასისტემური" ოპოზიციის ლიდერები, მათი არასაკმარისი პოპულარობის გამო, საყოველთაო პროტესტის სათავეში, როგორც ჩანს, ვერ მოექცევიან. მით უმეტეს, რომ ნემცოვი და კასიანოვი წინა, არაპოპულარულ ხელისუფლებასთან ასოცირდებიან. ასეთი შანსი არც მემარცხენე აქტივისტებს - უდალცოვს, ლიმონოვს და ა.შ. აქვთ. პოტენციურ ლიდერად ამ ეტაპზე ალექსეი ნავალნი ჩამოყალიბდა, რომელმაც 5 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე მხარდამჭერთა დიდი რაოდენობით მობილიზება შეძლო. მისმა 15 დღით დაპატიმრებამ კი მას მხოლოდ პოპულარობა შემატა.
ოპოზიცია ამ ეტაპზე შემდგომი გამოსვლებისთვის ემზადება. თუმცა, ნათელია, რომ ხელისუფლება მთავარ მოთხოვნას არ შეასრულებს. "სისტემური ოპოზიციის" - კომუნისტების, ლიბერალ-დემოკრატების და "სპრავედლივაია როსიას" უდიდესი ნაწილი, რომლებმაც სათათბიროს მანდატები სამოქალაქო პროტესტის შედეგად მოიპოვეს (რადგან ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ხმას არა მათ, არამედ "ედინაია როსიას" საწინააღმდეგოდ აძლევდა) - ქუჩის აქციებს გაემიჯნა. კომუნისტთა ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა კი ქუჩის ოპოზიციას "ნარინჯისფერი კეთრი" უწოდა. ამ ვითარებაში, რეჟიმის მოწიმააღმდეგეებს მოუწევთ მსჯელობა, როგორ მოიქცნენ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. როგორც ოპოზიციონერები, ასევე ექსპერტები, პოლიტიკური დაძაბულობის კულმინაციას სწორედ მარტის არჩევნებისთვის ელოდებიან.