RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

2011 წლის რევოლუციები

განვლილმა წელმა მსოფლიოში მოულოდნელი რევოლუციების ნიშნით ჩაიარა.

24 საათი 31.12.11

განვლილმა წელმა მსოფლიოში მოულოდნელი რევოლუციების ნიშნით ჩაიარა.

"არაბული გაზაფხულის" შედეგად ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში ათწლეულების განმავლობაში არსებული რეჟიმები დაემხო. გამოსვლებმა და შეტაკებებმა სხვა არაბული ქვეყნებიც მოიცვა. საპტროტესტო ტალღა რუსეთშიც აგორდა, თანაც იმ მასშტაბით, რასაც მანამადე ვერავინ წარმოიდგენდა. გადამწყვეტი როლი ამ მოვლენებში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ შეასრულა. ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თანამედროვე საშუალებებმა ინფორმაციაზე ავტორიტარული რეჟიმების მონოპოლია სერიოზულად შეარყია და მრავალ ქვეყანაში საზოგადოების აქტიურობა გაზარდა.

რუსული ზამთარი

მოსკოვში საპროტესტო გამოსვლების კულმინაცია 24 დეკემბერს გამართული აქცია გახდა. პოლიციის ცნობით, სახაროვის გამზირზე 30 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, ამგვარი ოფიციალური ციფრების მოკოვში აღარავის სჯერა. ოპოზიციის ლიდერთა შეფასებით, მიტინგს 120 ათასამდე ადამიანი დაეწრო, "ნოვაია გაზეტას" დამკვირვებელთა გაანგარიშებით - 100 ათასზე მეტი. მართალია, რუსეთის მასშტაბით ეს ციფრი შთამბეჭდავად არ გამოიყურება, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამდენი ადამიანი მოსკოვის ქუჩებში არასდროს გამოსულა.

აქციაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მოქალაქეები შეიკრიბნენ - როგორც დემოკრატიული ოპოზიციის მხარდამჭერები, ასევე მემარცხენეები და ნაციონალისტები. პროტესტმა 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ ყველა მათგანი ერთი ლოზუნგის ქვეშ გააერთიანა - რუსეთი პუტინის გარეშე. ამ აზრის გასოსახატად დემონსტრანტებმა უამრავი კრეატიული ხერხი გამოიყენეს ტრანსპარანტებისა თუ სხვა, უფრო რთული გრაფიკული და ვიზუალური კომპოზიციების სახით.

მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა და ხელოვნების წარმომადგენლებმა. როგორც მიტინგზე გამოსვლისას ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, "ჩვენ გვეყოფა ძალები კრემლის ახლავე ასაღებად, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ. ჯერჯერობით... სხვა დროს ქუჩაში მილიონ კაცს გამოვიყვანთ. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ წელს ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლება".

ოპოზიციის ლიდერების გარდა, შეკრებილებს აქამდე ვლადიმირ პუტინის მიმართ ლოიალურმა ცნობილმა პიროვნებებმაც მიმართეს. მათ შორის ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა და გადამდგარმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა, რომელსაც მანიფესტანტები სტვენით შეხვდნენ. კუდრინმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა. მან ოპოზიციას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ორგანიზებაში დახმარება შესთავაზა. აქციაზე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხაილ პროხოროვიც მივიდა, რომელსაც ოპოზიცია კრემლის პროექტს უწოდებს. იგი სიტყვით არ გამოსულა, თუმცა ჟურნალისტებს ქვეყანაში ცვლილებების აუცილებლობაზე ესაუბრა.

ოპოზიციამ ძალაში დატოვა წინა აქციების მოთხოვნები - პოლიტპატიმართა გათავისუფლება, არჩევნების შედეგების გაუქმება, ცესკო-ს თავმჯდომარის ჩუროვის გადადგომა, ოპოზიცური პარტიების თავისუფალი რეგისტრაცია და ხელახალი სამართლიანი არჩევნები. გარდა ამისა, ოპოზიციამ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, 4 მარტს ვლადიმირ პუტინს "არც ერთი ხმა აღარ მისცენ".

საპროტესტო მოძრაობა მოსკოვსა და რუსეთის მრავალ ქალაქში 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლებშიც მმართველმა "ედინაია როსიამ", ოფიციალური მონაცემებით, ხმების 49 პროცენტი მოიპოვა და ახალ სახელმწიფო სათათბიროში კვლავაც უმრავლესობა შეადგინა. არჩევნების შემდეგ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში უხეში დარღვევებისა და გაყალბების დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება გავრცელდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერების სახით. ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები, საუბნო კომისიების ნამდვილი ოქმები, რომლებიც საბოლოო შედეგებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა - ამ ყველაფერმა საზოგადოებისთვის არჩევნების სურათი ნათელი გახადა.

საპროტესტო გამოსვლები უკვე 5 დეკემბრის საღამოს დაიწყო - ტრიუმფალურ მოედანზე 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ ამ აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის ლიდერებიც - ილია იაშინი და ალექსეი ნავალნი. მათ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

გამოსვლები და დაკავებები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. 10 დეკემბერს კი ბოლოტნაიას მოედანზე უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა - მიტინგზე 60-დან 80 ათას ადამიანამდე მივიდა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული საზოგადოების მოულოდნელი გამოღვიძების მიზეზი იმ ფაქტის გაცნობიერება გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენას აპირებს. ეს ცხადი გახდა 24 სექტემბერს, როდესაც "ედინაია როსიას" ყრილობაზე პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.

პროტესტის მთავარ მამოძრავებელ ძალად საშუალო კლასი იქცა - 20-40 წლის ადამიანები, რომლებიც მატერიალურ პრობლემებს არ განიცდიან და აქამდე პოლიტიკით არ ინტერესდებოდნენ. თუმცა, მათ შორის უკმაყოფილება არსებული სიტუაციით - კორუფციით, სახელმწიფო მოხელეთა განუკითხაობითა და დაუსჯელობით, სულ უფრო იზრდებოდა, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებდა. პუტინის კანდიდატად დასახელებამ ეს უკმაყოფილება გაამწვავა, არჩევნების აშკარა და უტიფარმა გაყალბებამ კი, საზოგადოების ამ ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო.

ხელისუფლებისთვის აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ საზოგადოებამ მობილიზაცია შეძლო გამოკვეთილი ლიდერების გარეშე, თანაც, ხელისუფლების მხრიდან ტელეარხებზე სრული კონტროლის პირობებში. კრემლს ერთგვარი შიში და დაბნეულობა დაეტყო. 10 დეკემბრის აქციის შემდეგ პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არჩევნებზე დარღვევები გამოძიებული იქნებოდა. თუმცა, ბოლოტნაიას აქციის შემდეგ თავის საჯარო გამოსვლაში პრემიერმა პუტინმა პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა - პროტესტის სიმბოლო, თეთრი ლენტი, პრეზერვატივს, ოპოზიციონერები კი "ბანდერლოგებს" შეადარა და ისიც აღნიშნა, რომ აქციების ზოგიერთ მონაწილეს "მცირედ თანხებს უხდიდნენ". ამან უკმაყოფილო მოქალაქეები კიდევ უფრო აღაშფოთა.

თუმცა, გარკვეული, თუნდაც მოჩვენებითი დათმობებისთვის მზადყოფნა საზოგადოების დასაშოშმინებლად ხელისუფლებამ მაინც საჯაროდ დააფიქსირა. ჯერ კიდევ ბოლო აქციამდე ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ინიციატივით რეგიონების ხელმძღვანელთა არჩევითობის აღდგენის შესახებ, რაც თავად გააუქმა 2004 წელს. მიტინგის შემდეგ კი, რუსული წყაროების ცნობით, დმიტრი მედვედევმა შეცვალა სახელმწიფო სათათბიროსადმი ყოველწლიური მიმართვის უკვე მომზადებული ტექსტი და მასში პოლიტიკური რეფორმების დაპირებები გაითვალისწინა. კერძოდ, გუბერნატორების არჩევნების გარდა, ისინი ითვალისწინებს პარტიებისა და პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის წესების გამარტივებას, დეპუტატთა მაჟორიტარული არჩევნების აღდგენასა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციას. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ხელისუფლების ამ დაპირებების არ სჯერა და მიაჩნია, რომ ისინი მხოლოდ მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დროის გაყვანას ემსახურება.

ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები წარმატებული გამოდგა. თუმცა, შემდგომი მოქმედების გეგმა აქციებისა ორგანიზატორებს არ გააჩნიათ. როგორც ბოლო მიტინგის შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ლიდერმა ბორის ნემცოვმა განუცხადა, შემდეგი აქცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თებერვალში გაიმართება. შესაბამისად, პროტესტის ორგანიზატორები ტაიმ-აუტს აიღებენ და ამ პერიოდში საერთო გეგმის შემუშავებას შეეცდებიან.

"არასისტემურ" ოპოზიციას არ ჰყავს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი. არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ლიდერები არჩევნებში მონაწილეობას უაზრობად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ამომრჩევლებს, ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს პუტინის გარდა. ალტერნატიულ კანდიდატთა არჩევანი კი, ტრადიციული იქნება - კომუნისტი ზიუგანოვი, ლიბერალ-დემოკრატი ჟირინოვსკი, "სპრავედლივაია როსიას" ლიდერი მირონოვი და ახალი სახე - ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქი მიხაილ პროხოროვი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა მოულოდნელად, ოპოზიციური გამოსვლების დაწყების შემდეგ წამოაყენა. აპირებს თუ არა "ქუჩის ოპოზიცია" ამ კანდიდატებთან მოლაპარაკებებს არჩევნებამდე და შეეცდება თუ არა მათ დათანხმებას "გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტის" იდეაზე, რომელიც პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ წამოაყენა, ჯერჯერობით უცნობია.

ამავე დროს, სამოქალაქო აქტივისტი ალექსეი ნავალნი, რომელიც საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ ოპოზიციის პოტენციურ ლიდერად იქცა, მოვლენების რევოლუციური გზით განვითარებას არ გამორიცხავს. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჟურნალ "ესქუაირი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ ხელისუფლება რუსეთში "არჩევნების გზით არ შეიცვლება".

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საპროტესტო გამოსვლების შედეგად ვლადიმირ პუტინის ავტორიტეტი არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ მმართველი ელიტის შიგნითაც შეირყა. მისი ძალაუფლებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ანალიტიკოსთა ვარაუდით, კატასტროფა იქნება და იგი ამ სცენარის თავიდან აცილებას ყველანაირი ხერხით შეეცდება.

პუტინის ყოფილი მრჩეველი, ეკონომისტი ანდრეი ილარიონოვი მიიჩნევს, რომ რუსული რეჟიმი მზადაა, ქვეყანაში რეპრესიები განახორციელოს ან, შესაძლოა, რუსეთი ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს, რათა შიდა მოვლენებიდან საზოგადოების ყურაღება გადაიტანოს.

არაბული  გაზაფხული

2010 წლის 18 დეკემბერს ტუნისში ქუჩის მოვაჭრე მოჰამად ბუაზიზიმ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის მხრიდან შევიწროების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა. ამ მოვლენამ სათავე დაუდო "არაბულ გაზაფხულს", რომელმაც 2011 წელს ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ვითარება კარდინალურად შეცვალა.

იანვარში ტუნისი სტიქიურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. აქციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა, რომლის შედეგად ორასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრეზიდენტი ზინ ელ აბინ ბენ ალი, რიმელიც ქვეყანას 23 წლის განმავლობაში მართავდა, 14 იანვარს იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

ტუნისის რევოლუცია მსოფლიოსთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა. სტიქიურ საპროტესტო გამოსვლებს არ ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი, იატაკქვეშეთში მყოფი პოლიტიკური ოპოზიციის ზეგავლენა ქვეყანაში უმნიშვნელო იყო. ტუნისის მოვლენები მოულოდნელი გახდა იმის გამოც, რომ ქვეყანა რეგიონში ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი დონით გამოირჩეოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პროტესტი კორუფციისა და ხელისუფლების თვითნებობის წინააღმდედ და უპერსპექტივობის შეგრძნება მოსახლეობაში რეჟიმის შეცვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ტუნისის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ საპროტესტო აქციებმა ალჟირი, იორდანია, ეგვიპტე და იემენი მოიცვა. მრავალდღიანი არეულობის შემდეგ, რასაც 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 11 თებერვალს ეგვიპტეს პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გადადგა. იგი ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა.

მარტში საპროტესტო გამოსვლები ლიბიაში დაიწყო, რომლის სათავეში 43 წლის განმავლობაში პოლკოვნიკი მუამარ კადაფი იმყოფებოდა. დემონსტრაციების დახვრეტის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში აჯანყება დაიწყო. 19 მარტს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციით, საბრძოლო მოქმედებებში ლიბიელი დიქტატორის წინააღმდეგ ნატო-ს ავიაცია ჩაება. სამოქალაქო ომი ლიბიაში საბოლოოდ ოქტომბერში დასრულდა, როდესაც აჯანყებულებმა ქალაქ სირტეში მუამარ კადაფი მოკლეს. ძალაუფლება ქვეყანაში ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ ჩაიბარა.

23 ნოემბერს, მრავალთვიანი საპროტესტო აქციებისა და შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, თანამდებობა დატოვა იემენის პრეზიდენტმა აბდალა სალეხმა. თუმცა, შეტაკებები და არეულობა ქვეყანაში დღემდე გრძელდება. ზოგიერთი არაბული ქვეყნის მთავრობა, მასობრივი პროტესტის საპასუხოდ, დათმობებზე წავიდა. მაროკოს მეფემ რეფორმების დაწყების შესახებ განაცხადა, იორდანიის მონარქმა კი მთავრობა დაითხოვა. საპროტესტო გამოსვლები თებერვალში ირანშიც დაიწყო, თუმცა ხელისუფლებამ დემონსტრაციები ძალის გამოყენებით აღკვეთა.

მარტის თვიდან გრძელდება არეულობა სირიაში. ამ ქვეყანას 2000 წლიდან პრეზიდენტი ბაშარ ასადი მართავს, რომელმაც ძალაუფლება მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება. გაერო-ს მონაცემებით, 9 თვის განმავლობაში სირიაში 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო პერიოდში ამბოხებულები შეიარაღებულ ძალებში გაჩნდნენ, რის გამოც დაპირისპირებამ სამოქალაქო ომის ხასიათი მიიღო.

დეკემბერში ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები განახლდა - დემონსტრანტები მოქმედი სამხედრო საბჭოსგან სამოქალქო ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაბარებას მოითხოვდნენ. შეტაკებებს მხვერპლიც მოჰყვა.

იმავდროულად, ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. ხმის მიცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს და იანვარში დასრულდება. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ხმათა 40 პროცენტი ზომიერმა ისლამისტურმა პარტიამ "მუსლიმი ძმები" მოიპოვა, 25 პროცენტი - რადიკალური ისლამისტური ორგანიზიაცია "ან ნურმა". თუ "მუსლიმი ძმების" წარმატება ექსპერტებისთვის ადვილად პროგნოზირებადი იყო, რადიკალების წარმატება სიურპრიზი გამოდგა. "ან ნური" ისლამის წესების ზედმიწევნით დაცვას ქადაგებს და შარიათის კანონების შემოღებას ემხრობა. არჩევნების წინასწარი შედეგი მსხვილ ქალაქებში მიცემულ ხმებს ასახავს, არჩევნების შემდგომი ეტაპების განმავლობაში კი ხმას პროვინციების მოსახლეობა მისცემს. შესაბამისად, რადიკალური ისლამისტების მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მოვლენების ამგვარი განვითარება პირველ რიგში ისრაელს აშფოთებს, რომელიც მუბარაკის რეჟიმთან თანამშრომლობდა. ეგვიპტეს ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლა კი ისრაელს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ისლამისტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ასევე მუამარ კადაფის დამხობაში. "გარდამავალი საბჭოს" შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში "ალ ქაიდას" ადგილობრივი დაჯგუფებაც იბრძოდა. დღეისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც "არაბულ გაზაფხულს" უკავშირდება, სწორედ არაბულ სამყაროში რადიკალების პოზიციების გაძლიერებაა.

ავტორიტარულმა და მონარქიულმა რეჟიმებმა, რომლებიც არაბულ ქვეყნებს ათწლეულების განმავლობაში მართავდნენ, მდგრადობა ერთბაშად დაკარგეს. თანაც, არა აშშ-ს ან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ჩარევისა თუ წახალისების შედეგად, არამედ ხალხის უკმაყოფილების სპონტანური და სტიქიური ამოფრქვევის გამო. დასავლეთისთვს ამგვარ რეჟიმებთან თანამშრომლობა აქამდე ბევრად უფრო საიმედო იყო. მუბარაქის და ბენ ალის რეჟიმები აშშ-ს ახლო მოკავშირეებად მიიჩნეოდნენ. ახლა კი დასავლეთი შეშფოთებით ელის, თუ რა აღმოცენდება ოდესღაც მეგობრულად ან თუნდაც მტრულად განწყობილი, თუმცა პროგნოზირებადი რეჟიმების ნაცვლად.

ბრძოლის ველი -  ინტერნეტი

არაბულმა გაზაფხულმაც და რუსულმა ზამთარმაც პლანეტაზე მიმდინარე გლობალური ცვლილება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში თანამედროვე კომუნიკაციების განვითარების როლს უკავშირდება.

"ინტერნეტი დაბლოკილია. გვერდები, რომლებსაც ცენზურა შეეხო, არ იხსნება. სკოლებში ერთმანეთს პროქსი-სერვერების მისამართებს უცვლიან," - ეს ციტატა ტუნისელი მოსწავლის ბლოგიდან იტალიურმა გამოცემა "რეპუბლიკამ" იანვარში მოიყვანა. მას შემდეგ, რაც ტუნისის ხელისუფლება ინტერნეტის მნიშვნელობას მიხვდა, ოპოზიციური ვებ-გვერდებისა და სოციალურ ქსელების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, ბლოკავდა და შლიდა შეტყობინებებს "ლაივჯორნელ"-სა და "ტვიტერში". თუმცა, ამან რეჟიმს საბოლოოდ ვერ უშველა.

ისევე, როგორც ეგვიპტეში, სადაც დემონსტრანტები აქციების ორგანიზებისთვის სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებდნენ. იანვარში ქვეყანაში წამყვანმა პროვაიდერებმა ინტერნეტი გათიშეს, ნაწილობრივ გაითიშა მობილური კავშირიც. თებერვალში ინტერნეტი ლიბიის ხელისუფლებამაც გათიშა.

კომუნიკაციის ახალმა შესაძლებლობებმა და "ახალმა მედიამ" ისტორიის განვითარება დააჩქარა, - განუცხადა თებერვალში იტალიურ გაზეთ "სტამპას" გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსმა იან ლესერმა. გამოცემას მოჰყავს ასევე ისრაელის მოშე დაიანის ცენტრის ექსპერტის რაბი უზის კომენტარი იმის შესახებ, რომ ინტერნეტი არაბულ სამყაროში "აჯანყების საწვავად" იქცა, რომელიც მთელ რეგიონს მოედო. "დღეს ეგვიპტეში კიბერრევოლუციაა, რაც 20 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ხალხი გამოდის მოედანზე, იღებს ვიდეოს და რეალურ დროში უჩვენებს მსოფლიოს, თუ რა ხდება", - აღნიშნავს ექსპერტი.

განსაკუთრებული როლი კომუნიკაციის ახალმა საშუალებებმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებში შეასრულა. მას შემდეგ, რაც პუტინის ხელისუფლებამ სამაუწყებლო მედიაზე სრული კონტროლი დაამყარა, ალტერნატიული ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ინტერნეტ-გამოცემები, ბლოგები და სოციალური ქსელები იქცა.

გერმანულ "ტაგესშპიგელს" მოჰყავს მონაცემები იმის შესახებ, რომ 2011 წლის დასაწყისისთვის ინტერნეტით 50 მილიონამდე რუსეთის მოქალაქე (მოსახლეობის 42 პროცენტი) სარგებლობდა. "ნიუ იორკ ტაიმსის" ცნობით, ბოლო ოთხ წელიწადში რუსეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ამასთან, მომხმარებელთა ურავლესობა ახალგაზრდაა.

როგორც "ტაგესშპიგელი" აღნიშნავს, რუსეთში "ინტერნეტში პარალელური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა", თუმცა აქამდე ქსელი "მეხამრიდის" როლს ასრულებდა, სადაც მოქალაქეები უკმაყოფილებას ისე გამოთქვამდნენ, რომ რეალურ სამყაროში ის არ გადმოჰქონდათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში არჩევნების გაყალბების თვალსაჩინო მტკიცებულებები დაიდო, ყველაფერი შეიცვალა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

ტუნისისა და ეგვიპტის მსგავსად, რუსეთის ხელისუფლება შეეცადა, ინტერნეტის ფაქტორი გაენეიტრალებინა - არჩევნების დღეს კიბერშეტევების შედეგად "ეხო მოსკვი"-ს, "კომერსანტის" და რამდენიმე სხვა ვებგევრდი გაითიშა, შეტევები მიმდინარეობდა "ლაივჯორნელის" პოპულარულ სოციალურ ქსელზე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების მცდელობა ამაო გამოდგა.

სწორედ ინტერნეტმა აქცია პერსპექტიულ პოლიტიკოსად ბლოგერი ალექსეი ნავალნი, რომელმაც სახელი ანტიკორუფციული კამპანიით გაითქვა. მისმა ლოზუნგმა - "ხმა მიეცით ნებისმიერ პარტიას ქურდებისა და თაღლითების პარტიის გარდა" - გადამწყვეტი როლი შეასრულა არჩევნებზე "ედინაია როსიას" ფაქტობრივ წარუმატებლობაში.

აქტიურად იყენებენ სოციალურ ექსელებს რეჟიმის მიწინააღმდეგეები ბელარუსშიც. 2010 წლის ბოლოს პოლიტიკური ოპოზიციის დარბევისა და რეპრესიების შემდეგ ეს მათთვის სამოქალაქო აქტიურობისა და საპროტესტო აქციების ორგანიზების ერთადერთი შესაძლებლობა გახდა, რასაც პერიოდულად იყენებენ კიდეც, რეჟიმის მხრიდან რეპრესიების მიუხედავად.

იმ როლმა, რომელიც თანამედროვე კომუნიკაციებმა "არაბული გაზაფხულის" მოვლენებში შეასრულა, არა მხოლოდ კრემლი, არამედ მსოფლიოს სხვა ავტორიტარული რეჟიმები შეაშფოთა. როგორც აპრილში ფრანგული გამოცემა "მონდი" იუწყებოდა, მოვლენებმა არაბულ სამყაროში წელს ჩინეთის ხელისუფლება შეაშინა და აიძულა, ინტერნეტის კონტროლი და რეპრესიები გაეძლიერებინა. კერძოდ, თუ წინა წლებში ხელისუფლების კონტროლი მხოლოდ "ტექნოლოგიური ცენზურით" შემოიფარგლებოდა, წელს ხელისუფლებამ ინეტერნეტში განთავსებული მასალებისა და პირადი მიმოწერის გამო ადამიანების დაპატიმრება დაიწყო. ბევრ ჩინელ უფლებათადამცველს, მეცნიერსა და ინტელექტუალს ხელისუფლება პირდაპირ ემუქრება და სოციალური ქსელების მეშვეობით ურთიერთობებს უკრძალავს. ექსპერტებმა ამ მოვლენას "კიბერტოტალიტარიზმი" უწოდეს, რომლის ამოცანა მოსახლეობის მიერ ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებისა და გაცვლის შეზღუდვას წარმოადგენს.

საუკუნე საიდუმლოებების გარეშე?

2011 წლის მოვლენებმა მსფლიოში მოულოდნელი პოლიტიკური ძვრების შესაძლებლობა დაადასტურა, რომელთა ინიციატორები არა ზესახელმწიფოები, პოლიტიკური თუ ბიზნეს-ჯგუფები, არამედ თავად მოქალაქეები არიან. რომლებსაც ინფორმაციის მისაღებად, პოლიტიკური შეხედულებების ერთანეთისთვის გასაზიარებლად თუ საპროტესტო აქციების დასაგეგმად არც პოლიტიკური პარტიები, არც ლიდერები და არც მასმედიის ტრადიციული საშუალებები სჭირდებათ.

აღმოჩნდა, რომ მედიაზე ტოტალური კონტროლის პირობებშიც კი ინფორმაციის მინოპოლიის შენარჩუნება უკვე შეუძლებელი ხდება, როდესაც ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლად შეუძლია, ტყუილი, არჩევნების უხეშად გაყალბება და რეალური ფაქტების დამალვის მცდელობა შეიძლება ნებისმიერი რეჟიმისთვის ფატალურად დასრულდეს.

2010 წელს "ვიკილიქსის" ვებ-გვერდზე ამერიკული საიდუმლო დეპეშების გამოქვეყნებამ კი ისიც ცხადყო, რომ ყველაზე დაცული საიდუმლოც ინტერნეტის ეპოქაში შეიძლება დიდხანს ვეღარ შეინახო.

ავტორიტარული რეჟიმები არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ - ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრება მის სრულ დახშობამდე ან აკრძალვამდე (როგორც ჩრდილოეთ კორეაში), ან რეფორმები და ლიბერალიზაცია. ტექნოლოგიების განვითარებამ და საზოგადოების გააქტიურებამ ყველა მთავრობის წინაშე გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელობის სათანადო დონეზე უზრუნველყოფის ამოცანა დააყენა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. სპორტი >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი