ირანის გარშემო ალყა ვიწროვდება, ევროკავშირმა ირანულ ნავთობზე ემბარგო შემოიღო.
24 საათი 29.01.12
ირანის გარშემო ალყა ვიწროვდება, ევროკავშირმა ირანულ ნავთობზე ემბარგო შემოიღო.
თეირანი საპასუხოდ ორმუზის სრუტის დაკეტვით დაიმუქრა. აშშ და მისი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში დამატებით ძალებს გზავნიან და აცხადებენ, რომ თეირანის მხრიდან მსგავს ქმედებებს პასუხი გაეცემა. დასავლეთში აცნობიერებენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას უახლოვდება და რეაგირებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ირანის წინააღმდეგ დასავლეთის შესაძლო სამხედრო ოპერაციის საბაბით რუსეთი კავკასიაში სამხედრო ძალებს აძლიერებს. რუსი ექსპერტები კი ღიად აცხადებენ, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს გავლით სომხეთში "დერეფანი" ძალის გამოყენებით გაჭრას. თუმცა, რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, კრემლს სამხედრო ავანტიურებისთვის სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობები რჩება.
23 იანვარს ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი დადგენილება ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო სამიტზე მიიღეს. ემბარგო ირანული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე, ასევე ამ ქვეყანაში მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე დაწესდა. ასევე გაიყინა ევროპაში ირანის ცენტრალური ბანკის აქტივები.
ემბარგო ნავთობის შესყიდვაზე მყისიერად არ ამოქმედდება - ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპანიებს მხოლოდ ახალი კონტრაქტების გაფორმება აეკრძალათ, ძველი კონტრაქტები კი მათ 1 ივლისამდე უნდა შეაჩერონ.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ "სანქციების შემოღება იმას ემსახურება, რომ ირანმა გააცნობიეროს ჩვენი თხოვნის სერიოზულობა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს".
ევროპის მიერ გამოცხადებულ სანქციებს ავსტრალია შეუერთდა. სანქციები ირანის ენერგეტიკული და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს შემოიღეს.
ირანის საგარეო უწყებამ ევროკავშირის გადაწყვეტილებას "დაუსაბუთებელი" უწოდა და განაცხადა, რომ მის შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ევროკავშირს ეკისრება. ოფიციალური თეირანის აზრით, "ევროპის ქვეყნები აშშ-ს ნებას ემორჩილებიან" და მიღებული გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ "ფსიქოლოგიურ ომს" ემსახურება.
სანქციების წინააღმდეგ ოფიციალური მოსკოვიც გამოვიდა. რუსეთის საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ძირს უთხრის ირანის ატომური პრობლემის მოგვარების დიპლომატიურ მცდელობებს.
იმის შესახებ, რომ აშშ მზადაა ნებისმიერი გზით ხელი შეუშალოს ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნას და გააძლიეროს ზეწოლა თეირანზე, 24 იანვარს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზოიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
"ჩვენი დიპლომატიის ძალისხმევით, მსოფლიო, რომელიც აქამდე გაყოფილი იყო და კამათობდა იმაზე, რა უყოს ირანის ბირთვულ პროგრამას, გაერთიანდა. ირანის რეჟიმი დღეს კიდევ უფრო მეტად არის იზოლირებული, მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა და ეს ზეწოლა არ შესუსტდება," - განაცხადა ობამამ. მისი თქმით, პრობლემის გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია მშვიდობიანი გზით და ეს გადაწყვეტილება პრიორიტეტული იქნება.
ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხი დღის წესრიგში გასული წლის ნოემბერში დადგა, როდესაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უპრეცედენტო მოხსენება გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტმა, ფაქტობრივად, კითხვები აღარ დატოვა იმასთან დაკავშირებით, მუშაობს თუ არა ირანი ატომური იარაღის შექმნაზე.
სააგენტოს ექსპერტებმა მრავალი მტკიცებულება მოიყვანეს იმის დასადასტურებლად, რომ თეირანი ისეთ ტექნოლოგიებს ავითარებს, რომელთა გამოყენება მხოლოდ ატომური იარაღის წარმოებისთვის არის შესაძლებელი. მოხსენებამ ისიც დაადასტურა, რომ ირანული ბირთვული ბომბის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი რუსმა მეცნიერებმა შეიტანეს.
გაერო-ს ატომური სააგენტო 2003 წლიდან ცდილობს, თეირანს ურანის გამდიდრებაზე ხელი ააღებინოს. თუმცა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, თეირანის დაყოლიება კომპრომისულ წინადადებებზე ვერ მოხერხდა.
სააგენტოს მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ დასავლურ მედიაში გაჩნდა ცნობები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მზადების შესახებ. როგორც მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ირანი უფრო ახლოსაა ატომური ბომბის შექმნასთან, ვიდრე ეს მოხსენებაში აისახა. მან მსოფლიოს მოუწოდა, "შეაჩეროს ირანის გამალებული ბირთვული შეიარაღება, სანამ გვიან არ არის". ისრაელის მედია კი იუწყებოდა, რომ ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო შეტევის გეგმა ჰქონდა შემუშავებული.
დასავლური პრესის მონაცემებით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი ურანის გამამდიდრებელი მოწყობილობების მიწისქვეშა ბუნკერებში გადატანას აპირებდა, სადაც ისინი სამხედრო ავიაციისთვის მიუწვდომელი გახდება.
20 დეკემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა არ დაუშვას ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული შეიარაღების შესაქმნელად თეირანს, შესაძლოა, წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდეს.
ეკონომიკური ეფექტი
რამდენად ეფექტური იქნება დასავლეთის სანქციები და რამდენად შეუწყობს ისინი ხელს ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო კონტროლის აღდგენას? დასავლელ ექსპერტებს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ აქვთ. ცხადია, სანქციების მოქმედების ნახევარი წლით გადავადების გადაწყვეტილებით, ევროკავშირი საკუთარი ზარალის მინიმიზაციას შეეცადა.
ირანზე ამჟამად ევროკავშირის ნავთობის იმპორტის 20 პროცენტი მოდის. ირანული ნავთობით ძირითადად სამხრეთ ევროპის ქვეყნები - საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი მარაგდება, რომლებიც ისედაც საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფებიან.
მომდევნო თვეებში მათ ირანული ნავთობის სხვა წყაროებით ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნონ. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ ევროპელებს თეირანის დაყოლიების იმედი აქვთ და სანქციების სრულად ამოქედებას არც აპირებენ.
ამავე დროს, ირანის ენერგეტიკული უწყება აცხადებს, რომ დასავლური სანქციები ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს და ქვეყანა ახალ პარტნიორებს ადვილად მოძებნის. თუმცა, ანალიტიკოსები ამგვარ ოპტიმიზმს გადაჭარბებულად მიიჩნევენ. ირანის ნავთობის ექსპორტის 20 პროცენტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი კი ნავთობის ექსპორტით ივსება.
ალტერნატიულ ბაზრად ირანისთვის შესაძლოა, ჩინეთი და ინდოეთი იქცნენ, თუმცა, ისინი შეეცდებიან ვითარებით ისარგებლონ და თეირანს ენერგომატარებლების უფრო იაფად მოწოდება აიძულონ.
ევროპულმა ემბარგომ ნავთობის ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ შეარყია და ექსპერტები უახლოეს მომვალში მათ მნიშვნელოვან ზრდას არ ვარაუდობენ. ამჟამად ბარელი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე 100-111 დოლარი ღირს.
თუმცა, ვითარება იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ირანი აღასრულებს მუქარას, რომელიც თეირანის ოფიციალურმა პირებმა ემბარგოს შემოღებამდე გააჟღერეს - თუ ევროპა ირანს სანქციებს დაუწესებს, ის ორმუზის სრუტეს გადაკეტავს. ორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის მთავარი არტერიაა, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობის 40 პროცენტი მოძრაობს. მისი თუნდაც ერთი თვით ჩაკეტვის შემთხვევაში ექსპერტები ბარელი ნავთობის ფასის 150-200 დოლარამდე ზრდას ვარაუდობენ, რაც მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისს გამოიწვევს.
როგორც "ფაინეშენალ თაიმსი" აღნიშნავს, ანალიტიკოსებსა და დასავლელ დიპლომატებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ სანქციები თეირანს აიძულებს მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, ვინაიდან თავისი ნავთობის უდიდეს ნაწილს ის ჩინეთში და სხვა ქვეყნებში ჰყიდის, რომლებიც დასავლურ ბლოკში არ შედიან. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ემბარგო უკუეფექტს გამოიღებს და აიძულებს ირანს, კიდევ უფრი დააჩქაროს მუშაობა ატომური იარაღის შესაქმნელად.
გერმანული "შპიგელიც" აღნიშნავს, რომ ირანის ექსპორტის უდიდესი ნაწილი აზიის ქვეყნებზე მოდის, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდებიან. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დასავლეთთან კონფრონტაციის შედეგად უკვე დაზარალდა - ეროვნული ვალუტა ერთი წლის განმავლობაში 40 პროცენტით დაეცა, ვაჭრობაზე შეზღუდვებმა ადგილობრივ კომპანიებს არალეგალური გზების ძიება აიძულა.
იმავდროულად, "შპიგელი" წერს, რომ ატომური პროგრამა დიდი ხანია თეირანის რეჟიმისთვის "პრესტიჟის საკითხია" და კონფლიქტის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც თეირანის რეჟიმს "სახის შენარჩუნების" საშუალებას მისცემს, ნაკლებად რეალურია. შესაბამისად, სანქციებიც ვითარებას სასიკეთოდ ვერ შეცვლის.
თავის მხრივ, გერმანული "ველტი" აღნიშნავს, რომ აქამდე ირანის რეჟიმი წარმატებით ახერხებდა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას ყურადღების გადამტანი მანევრების გზით - თითქოსდა მოლაპარაკებებზე "თანხმობით", შემდეგ კი მათი ჩაშლით. მისი საბოლოო მიზანი კი, იმ ეტაპის უმტკივნეულოდ მიღწევაა, როდესაც მსოფლიოს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ თეირანს ატომური ბომბი ექნება. ავტორის აზრით, დასავლეთი ნებისმიერ შემთხვევაში მზად უნდა იყოს სამხედრო კონფრონტაციისთვის.
ორმხრივი მუქარა
ბოლო დღეებში სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე სპარსეთის ყურეში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. აშშ რეგიონში თავის სამხედრო ძალებს აძლიერებს. 19 იანვარს სპარსეთის ყურეში ამერიკის სამხედრო ფლოტის ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" თანმხლებ სამხედრო დაჯგუფებასთან, მათ შორის ბრიტანულ და ფრანგულ ხომალდებთან ერთად შევიდა. ყურეში საბრძოლო მორიგეობას უკვე ახორციელებდა დაჯგუფება ავიამზიდ "კარლ ვინსონის" მეთაურობით.
ამერიკული სარდლობა არ მალავს, რომ სამხედრო ძალების გაძლიერების მიზეზი ირანის მუქარები გახდა ორმუზის სრუტის გადაკეტვის თაობაზე. "ყველა, ვინც სრუტეში ხომალდების გადაადგილების თავისუფლებას ემუქრება, საერთაშორისო თანამეგობრობის მიღმა იმყოფება," - ასეთი განცხადება აშშ-ს მეხუთე ფლოტის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამერიკული სარდლობა აცხადებს, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები კვლავაც დარჩება რეგიონში, რათა ირანის მხრიდან მადესტაბილიზებელ ღონისძიებებს შეუშალოს ხელი და საპასუხო ზომები მიიღოს.
ამერიკული დაჯგუფება სპარსეთის ყურეში 20-ზე მეტ ხომალდს და 15 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ითვლის და თავისი სიმძლავრით ბევრად აღემატება ირანის მთელ ფლოტს.
"ფაინეშენალ თაიმსს" მოჰყავს მონაცემები ირანის შეიარაღებული ძალების შესახებ. გამოცემის ცნობით, ისლამურ რესპუბლიკას სამხედრო ავიაციის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შაჰის დროიდან, 70-იანი წლებიდან შემორჩა. სამხედრო გემები კი თავისი სიძლიერით ახლოსაც ვერ მივა აშშ-ს ფლოტთან. თუმცა, ირანის ძალების მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ სამოქალაქო გემებისათვის. ირანს შესწევს ძალა, გადაკეტოს ორმუზის სრუტე და აშშ ღია კონფლიქტში ჩაითრიოს. გამოცემას მოჰყავს ექსპერტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ირანმა, შესაძლოა, აშშ-ს მოკავშირე მეზობლების წინააღმდეგ ტერაქტები და ცალკეული სპეცოპერაციები განახორციელოს, ასევე მათი ქალაქები დაბომბოს.
თავის მხრივ, "გარდიანი" ყურადღებას ამახვილებს საფრთხეზე, რომელიც ირანის შეიარაღებაში მყოფმა სამმა რუსული წარმოების წყალქვეშა ნავმა შეიძლება შეუქმნას სატვირთო მიმოსვლას სპარსეთის ყურეში.
გაერო-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა ობამას ადმინისტრაციას ირანისთვის პრევენციული დარტყმებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბირთვული ირანი "ობამას პრეზიდენტობის ყველაზე მტკიცე ძეგლი გახდება".
რუსული ავანტიურა
რუსეთი, რომელიც ფორმალურად იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, გასული წლის ბოლოს კრიზისის გამწვავების მომენტიდან დასავლეთისგან განსხვავებულ პოზიციას იკავებს. ჩინეთთან ერთად, კრემლი თეირანის წინააღმდეგ სანქციების კატეგორიული წინააღმდეგია. ორი კვირის წინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ვაშინგტონი თეირანში რეჟიმის შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა.
რუსი ექსპერტის ფიოდორ ლუკიანოვის აზრით, მოსკოვი ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო მოქმედებებით დაინტერესებული არ არის. თუმცა, ასეთი კონფლიქტი შეიძლება მისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს. ლუკიანოვის აზრით, კონფლიქტი გაიწელება და, შესაბამისად, "აშშ-ს ყურადღება, ისე როგორც არასოდეს, გადატანილი იქნება პოსტსაბჭოთა სივრციდან, მოსკოვისთვის კი ეს კარგია".
ყველაზე დიდი მოგება კონფლიქტის შედეგად მოსკოვმა შესაძლოა ნავთობზე ფასების გაზრდით მიიღოს. თუმცა, ზოგიერთი რუსი ექსპერტი ამ შემთხვევაში რუსეთს "ჰოლანდიურ ავადმყოფობას" და კრიზისს უწინასწარმეტყველებს, რაც ერთი სფეროდან საექსპორტო შემოსავლების უეცარი ზრდით გამოწვეულ ინფლაციას, უმუშევრობას და ეკონომიკის სხვა დარგების სწრაფ დეგრადაციას გულისხმობს.
თუმცა, ზოგიერთი რუსი ექსპერტი შესაძლო კონფლიქტს შიშით უყურებს - მათი აზრით, თუ ირანი დამარცხდა და რეჟიმი დასავლეთისადმი ლოიალურით შეიცვალა, ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს პოზიციები გამყარდება, რეგიონის ენერგომატარებლები კი მსოფლიო ბაზრებზე რუსეთის გვერდის ავლით მოხვდება. ამას კი მოსკოვში მარცხად აღიქვამენ.
როგორც ჩანს, მოსკოვში ამგვარი სცენარის თავიდან აცილების გეგმებზე მუშაობენ. გასული წლის დეკემბერში რუსული "ნეზავისიმაია გაზეტა", სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთი, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, საკუთარი სამხედრო პასუხისთვის ემზადება.
გამოცემის ცნობით, სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა "ოპტიმიზებულია" - იქიდან გაიყვანეს სამხედროთა იჯახების წევრები და მეორეხარისხოვანი დანიშნულების ქვედანაყოფები. 1 დეკემბრიდან საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული რუსი სამხედროები. კასპიის ფლოტილიის სამხედრო გემები დაღესტანში, აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად არის მობილიზებული. რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში ერთადერთი ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი" თანმხლებ ჯგუფთან ერთად გაგზავნა.
რუს სამხედროებს ის აშფოთებთ, რომ სომხეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან სახმელეთო კავშირი დაკარგეს. გასული წლის აპრილში საქართველომ უკვე ფორმალურად გაწყვიტა ხელშეკრულება რუსეთთან საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ, რომელსაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ აღარ ასრულებდა.
გამოცემას მოჰყავს ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილის, იური ნეტკაჩოვის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, "შესაძლოა, საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადის სამხედრო ხერხებით გარღვევა და სომხეთში სატრანსპორტო დერეფნების გახსნა მოგვიხდეს". რაც, ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ ახალ აგრესიას ნიშნავს.
ამ თვეში იგივე გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ წელს დაგეგმილი სამხედრო მანევრების "კავკაზ-2012" სცენარში, წინა წლების ანალოგიური მანევრებისგან განსხვავებით, ცვლილებები შევიდა, რაც სწორედ ირანში ომის პერსპექტივას უკავშირდება. გაფართოვდება წვრთნების მასშტაბები - მასში, ჩრდილო კავკასიაში განლაგებული სამხედრო ნაწილების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და სომხეთში დისლოცირებული ქვედანაყოფებიც, ასევე უშიშროების, შსს-ს და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ნაწილები.
მანევრები შემოდგომისთვის არის დაგეგმილი, თუმცა, მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია, რაც, რუსული წყაროების ცნობით, სწორედ ირანის გარშემო კონფლიქტის მოლოდინს უკავშირდება. როგორც რუსულ, ასევე დასავლურ მედიას მოჰყავთ ანალოგია მანევრებთან "კავკაზ-2008", რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მომზადებას ემსახურებოდა.
როგორც "ნეზავისიმაია გაზეტას" რუსმა სამხედრო ექსპერტმა ანატოლი ციგანოკმა განუცხადა, "როგორც ჩანს, გენერალური შტაბი დაგეგმავს რაღაც პრევენციულ ღონისძიებებს, რათა კრიტიკულ ვითარებაში (სომხეთში განლაგებული) საკუთარი ძალების მომარაგება უზრუნველყოს".
რუსი ექსპერტები და მედია გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ს საკუთარ ტერიტორიას დაუთმობს. ეს ვერსია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და ცალკეულ მარგინალი ოპოზიციონერების განცხადებებს ეფუძნება. რეალურად, ამგვარი ვერსიისთვის საფუძველი არ არსებობს - აშშს-ს სპარსეთის ყურეში საკუთარი განვითარებული სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს და საეჭვოა, საქართველოს დახმარება დასჭირდეს. გარდა ამისა, ირანთან მიმართებაში თბილისი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ამ ქვეყანასთან დასაახლოვებლად ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა სავიზო რეჟიმის გაუქმების ჩათვლით.
ძნელი სათმელია, თუ რა საფრთხის აცილებას ისახავს მიზნად რუსული სამხედრო სამზადისი რეგიონში. ვერანაირი სამხედრო აქტიურობით მოსკოვი შესაძლო კონფლიქტის შედეგებეზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, მკვეთრად გართულებული საერთაშორისო ვითარება და რეგიონის მიმართ დასავლეთის ყურადღების მოდუნება ხელსაყრელ პირობებს ქმნის კრემლის მორიგი სამხედრო ავანტიურისთვის. მაგალითად, სომხეთში ტრანზიტის გახსნის საბაბით საქართველოზე ახალი თავდასხმისთვის, რომლის რეალური მიზანი ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა იქნება.
მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ პუტინის რეჟიმის პოზიციები დღეს ბევრად უფრო სუსტია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე თუნდაც ორი თვის წინ. დეკემბერში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა არ განელებულა და მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი. ამგვარი ვითარება არ არის ხელსაყრელი სამხედრო ავანტიურებისთვის, მით უმეტეს, საეჭვოა, ამჯერად პუტინმა "გარეშე მტრის" ხატი ქვეყნის შიგნით წარმატებით გამოიყენოს - საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს ეს ვერ შეაჩერებს.
პუტინისთვის გადარჩენის გარანტი ვერც შესაძლო კონფლიქტის შედეგად მომატებული ენერგომატარებლების ფასები გახდება - რეჟიმის მოწინააღმდეგეების დაშოშმინება ახალი საბიუჯეტო ხარჯებით ვერ მოხერხდება, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა, ვინაიდან საპროტესტო აქციების მონაწილეთა უმრავლესობის მოტივი არა მატერიალური გაჭირვება, არამედ მოქმედი რეჟიმის უსამართლობაა.
3 ფოტო:ლეონ პანეტა: ვაშინგტონი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა არ დაუშვას ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნა. ბირთვული შეიარაღების შესაქმნელად თეირანს, შესაძლოა, წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდეს.
4 ფოტო:სპარსეთის ყურეში ამერიკის სამხედრო ფლოტის ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" თანმხლებ სამხედრო დაჯგუფებასთან, მათ შორის ბრიტანულ და ფრანგულ ხომალდებთან ერთად შევიდა.
5 ფოტო:პუტინის რეჟიმის პოზიციები დღეს ძალიან სუსტია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი. ამგვარი ვითარება არ არის ხელსაყრელი სამხედრო ავანტიურებისთვის. 555