სირიაში შეტაკებები და ძალადობა გრძელდება, რასაც ყოველდღიურად მრავალი სიცოცხლე ეწირება.
24 საათი 05.02.12
სირიაში შეტაკებები და ძალადობა გრძელდება, რასაც ყოველდღიურად მრავალი სიცოცხლე ეწირება.
თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობა უძლურია - ამის მთავარი მიზეზი რუსეთის პოზიციაა, რომელმაც რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები უკვე მეორედ დაბლოკა. ამით რუსეთი არა მხოლოდ დასავლეთს, არამედ არაბულ სამყაროს და თავად სირიელებსაც დაუპირისპირდა. მოსკოვი რეჟიმის შეიარაღებასაც განაგრძობს. ექსპერტების აზრით, მერკანტილური მოტივების გარდა, რაც სირიასთან იარაღით ვაჭრობასა და ამ ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნას უკავშირდება, პუტინის რეჟიმს სირიის ტოტალიტარულ რეჟიმთან სოლიდარობაც ამოძრავებს. თუმცა, კრემლის ამგვარ პოლიტიკას სწრაფ მარცხს უწინასწარმეტყველებენ.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ 31 იანვრის სხდომაზე სირიის საკითხზე რეზოლუცია ვერ მიიღო. პროექტი, რომელიც ოფიციალურად მაროკომ წარმოადგინა, არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერით მოამზადა. დოკუმენტი მოუწოდებდა სირიის მოქმედ პრეზიდენტს ბაშარ ასადს დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ძალადობა, გაეთავისუფლებინა ყველა დაკავებული და ჯარები ქალაქებიდან ყაზარმებში დაებრუნებინა. რეზოლუციის ავტორები მოუწოდებდნენ ასადს, გადადგეს და გარდამავალ პერიოდში ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტს გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა ამოქმედებულიყო, იმის ანალოგიურად, რაც მანამდე არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ შემოიღო.
ეს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხზე რეზოლუციის მიღების უკვე მეორე მცდელობა გახდა - გასული წლის ოქტომბერში დამასკოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ვეტო რუსეთმა და ჩინეთმა დაადეს.
იმის მიუხედავად, რომ ამჯერად რეზოლუციის ავტორები ფორმულირებების შერბილებას შეეცადნენ, დოკუმენტის წინააღმდეგ კვლავ მოსკოვი გამოვიდა.
როგორც გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განმარტა, რუსეთი რაიმე სახის სანქციების, ასევე პრეზიდენტ ასადის გადადგომის მოთხოვნის წინააღმდეგია. ჩურკინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი "პოლიტიკური დიალოგის" მომხრეა და გარეშე ძალისმიერ ჩარევას არ დაუშვებს. რუსეთს მხარი ჩინეთმაც აუბა.
ამავე დროს, არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ალ-არაბიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა სწრაფი და გაბედული მოქმედებისკენ ასადის რეჟიმის "მკვლელობათა მანქანის" შესაჩერებლად.
როგორც, თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, "ყველას გვაქვს არჩევანი: დავდგეთ სირიის ხალხთან და რეგიონის ხალხებთან ერთად, ან გულგრილად ვუყუროთ ძალადობის გაგრძელებას". თუმცა, ამ შეგონებამ მოსკოვის პოზიციაზე ვერ იმოქმედა.
დაუნდობელი ბრძოლა
სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. ქვეყნის ოფიციალური მედიის ცნობით, კვირას მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 16 სამხედრო დაიღუპა. შეტაკებები ხელისუფლების მომხრე ჯარებსა და ოპოზიციის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დედაქალაქის გარეუბნებსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მოხდა.
უცხოელ ჟურნალისტებს სირიაში შეღწევისა და იქ მიმდინარე მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა არ აქვთ. ინტერნეტის საშუალებით მოწოდებული ინფორმაცია კი, ძალზე მწირია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, კვირას დამასკოში მომხდარი მასშტაბური შეტაკებების დროს 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ოჯახის წევრებმა ქვეყნიდან გაქცევა სცადეს. თუმცა, ოპოზიციამ მათ კორტეჟს აეროპორტის გზაზე ცეცხლი გაუხსნა და უკან დაბრუნება აიძულა.
ბრძოლებს სირიაში ე.წ. "სირიის თავისუფალი არმია" აწარმოებს, რომელიც ძირითადად ოპოზიციის მხარეს გადასული სამხედროებისგან შედგება.
არაოფიციალური ცნობებით, ბოლო რამდენიმე დღეში შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 150-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა. არეულობა სირიაში 10 თვის წინ, "არაბულ გაზაფხულთან" ერთად დაიწყო. რეჟიმმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნა. მრავალმა მშვიდობიანმა მოქალაქემ ძალადობისა და რეპრესიების გამო თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა. გაერო-ს მონაცემებით, სულ არეულობის დაწყებიდან სირიაში 5-დან 6 ათას ადამიანამდე დაიღუპა.
28 იანვარს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სადამკვირვებლო მისიამ, რომელსაც ქვეყანაში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, მუშაობა შეაჩერა. ლიგის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამის მიზეზი სირიაში ძალადობის ესკალაცია გახდა.
ბაშარ ასადის რეჟიმმა ქვეყანაზე კონტროლი დაკარგა - ამის შესახებ 30 იანვარს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა. მისი აზრით, ასადის დამხობა გარდაუვალია და აუცილებელია კრიზისი პოლიტიკური გზით გადაწყდეს.
რუსეთი მსოფლიოს წინააღმდეგ
გაერო-ში სირიის საკითხის განხილვის წინ სირიის ოპოზიციის მხარდამჭერებმა რუსეთის პოზიციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მსოფლიოს მრავალ დედაქალაქში და გაერო-ს შტაბ-ბინასთან საპროტესტო აქციები გამართეს.
სირიელები პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით არ შემოიფარგლნენ და რუსეთის ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებგვერდების წინააღმდეგ კიბერშეტევებიც განახორციელეს. ჰაკერებმა ინტერნეტში საკუთარი განცხადებებიც განათავსეს, რომლებშიც მოსკოვი ასადის რეჟიმის შეიარაღებაში დაადანაშაულეს. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც შეიარაღებულ სირიელ მებრძოლებს ხელში ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ასადის კარიკატურები უჭირავთ.
საპროტესტო აქციების, დასავლეთისა და არაბული ქვეყნების ზეწოლის მიუხედავად, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ მოსკოვის პოზიცია არ შეცვლილა. რუსეთმა რეზოლუციის საკუთარი პროექტი შეიმუშავა, რომელიც არ ითვალისწინებდა სანქციებს ასადის რეჟიმის მიმართ, კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სამხედრო ჩარევას, პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას თანაბრად ეკისრებოდა.
დასავლეთის ქვეყნები მოსკოვთან პოზიციის შეჯერებას შეეცადნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ თავის რუს კოლეგას მიმართა წინადადებით, მხარი დაუჭიროს მაროკოს მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას.
თუმცა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს სირიის პრეზიდენტის გადადგომას დაუჭიროს მხარი. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ასადის რეჟიმს მხარს უჭერს. ლავროვის განცხადებით, კრიზისიდან გამოსავალი თავად სირიელებმა უნდა მოძებნონ მოლაპარაკებების გზით.
რუსეთმა სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებების მოსკოვში გამართვა შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ასეთი მოლაპარაკებების წინაპირობად ასადის გადადგომას აყენებს. "სანამ რუსეთი არ შეიცვლის პოზიციას სირიის მოვლენების მიმართ, სირიის ეროვნული საბჭოს (ოპოზიციის საკოორდინაციო სტრუქტურა) დელეგაცია მოსკოვში არ ჩავა," - განაცხადა სირიის რევოლუციის მხარდამჭერი კომიტეტის წარმომადგენელმა რუსეთში მაჰმუდ ხამომ. მისი თქმით, "ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით იმისთვის, რათა ხელისუფლების გადაცემის გეგმაზე ვიმსჯელოთ და არა იმისთვის, რომ ასადს რეფორმებზე ველაპარაკოთ".
რუსეთისა და ჩინეთის პოზიციით უკმაყოფილება გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენელმა სიუზან რაისმა დააფიქსირა. "10 თვის განმავლობაში უშიშროების საბჭოს გულგრილობისა და უმოქმედობის მოწმეები ვართ. ეს ხდება არა იმიტომ, რომ საბჭოს წევრთა უმრავლესობას მოქმედება არ სურს. მიზეზი ალბათ ისაა, რომ საბჭოს ორ გავლენიან წევრს გადაწყვეტილების მიღება არ უნდა," - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა კი განაცხადა, რომ რუსეთს არაბული სამყაროსგან იზოლაცია ემუქრება. მისმა ფრანგმა კოლეგამ კი კატეგორიულად უარყო მოსკოვის შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში შესაძლოა იგივე მოვლენები განმეორდეს, რაც ლიბიაში მოხდა და სირიის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ინტერვენცია იგეგმება.
გაერო-ში რეზოლუციის პროექტის განხილვამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაკავშირებას შეეცადა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა სირიის პრობლემაზე კლინტონთან ტელეფონით სასაუბროდ ორი დღის განმავლობაში დრო ვერ გამონახა რადგან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრებით იყო დაკავებული.
იარაღი დიქტატორისთვის
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი თავს იკავებს ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო ნაბიჯებისგან, ექსპერტთა აზრით, იარაღით ვაჭრობას უკავშირდება. ასადი ამ მხრივ მოსკოვის ერთგული პარტნიორია და მისთვის შეიარაღების მიწოდება რუსეთს არც არეულობის დაწყების შემდეგ შეუწყვეტია.
გასული წლის ნოემბერში მოსკოვმა სირიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს 36 საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავის "იაკ-130"-ს მიწოდების თაობაზე, რომლის ღირებულებამ 550 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ მოსკოვი მხარს დუჭერდა სანქციებს სირიის წინააღმდეგ, ამ შემოსავალს დაკარგავდა.
გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები სირიისთვის რუსული შეიარაღების ფარულად მიწოდების შესახებ. 11 იანვარს კვიპროსში სენტ-ვინსენტისა და გრენადინის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომელსაც რუსული კომპნია განკარგავდა. მასზე 60 ტონა საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს. დოკუმენტების თანახმად, გემი სირიაში მიდიოდა. თუმცა, ის გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ სირიაში აღარ ჩავიდოდა. მოგვიანებით თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხომალდი დანიშნულების ადგილზე მაინც მივიდა.
პრესაში გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ 2010 წელს მოსკოვმა დამასკოს 700 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. "მსოფლიოს იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრის" შეფასებით, სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემთხვევაში რუსეთი 5 მილიარდ დოლარს დაკარგავს, მათ შორის 1,5 მილიარდი დოლარის მიმდინარე კონტრაქტებს. იმ დროს, როდესაც რუსეთის იარაღის ექსპორტიორებმა ლიბიასთან გაფორმებულ კონტრაქტებზე უკვე 4.5 მილიარდი იზარალეს, ხოლო ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამო - 13 მილიარდი.
სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი სირიას შეიარაღებას კვლავაც აწვდის, რადგან "არსებობს კონტრაქტები და ისინი უნდა შესრულდეს". იგი "დარწმუნებულია", რომ რუსულ იარაღს რეჟიმი დემონსტრანტთა წინააღმდეგ არ იყენებს.
როგორც გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, მოსკოვი დამასკოსთვის იარაღის მიწოდებას არ შეაჩერებს, რადგან ეს შეზღუდვა "მხოლოდ ერთი მხარისთვის - მთავრობისთვის" იმოქმედებდა.
მოსკოვი სირიის მოქმედი რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერის უფრო მკაფიოდ დაფიქსირებასაც არ ერიდება - 7 იანვარს ერთადერთი რუსული ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი" სირიის ნავსადგურ ტარსუსში შევიდა, სადაც რუსული ფლოტის მცირე დამხმარე ბაზა მდებარეობს. ოფიციალურად ამ აქციის მიზნად ავიამზიდისა და თანხმლები ხომალდების მარაგის შევსება გამოცხადდა.
ნამდვილი მოტივები
რა ამოძრავებს კრემლს, რომელიც დამხობის პირას მყოფ ასადის ტოტალიტარულ რეჟიმს "კბილებით" იცავს და ამისთვის არც დასავლეთთან და არც არაბულ სამყაროსთან დაპირისპირებას ერიდება?
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ სირიასა და რუსეთს ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ. ჯერ კიდევ ბაშარ ასადის მამა ჰაფეზ ასადი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო. სირია დღემდე რუსული იარაღის მსხვილი იმპორტიორია და ამ ქვეყანაში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზაა განლაგებული.
თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, იარაღის მოწოდებაზე კონტრაქტებისა და ბაზის შენარჩუნება რუსეთს ისედაც შეეძლო - თუ სირიის ოპოზიციას დროულად მოელაპარაკებოდა.
რუსეთის სიჯიუტე დამღუპველია არა მხოლოდ სირიისთვის, არამედ თავად მოსკოვისთვის - აღნიშნავს "ვაშინგტონ პოსტი". თუ მოსკოვი ასადის მხარდაჭერას გააგრძელებს, ის არამხოლოდ გააფუჭებს ურთიერთობებს არაბული სამყაროს სხვა ქვეყნებთან, არამედ სამომავლოდ სირიაშიც დაკარგავს საკუთარ პოზიციებს.
გამოცემა ობამას ადმინისტრაციას ურჩევს, სირიის საკითხი მოსკოვთან ერთიერთობებში პრიორიტეტული გახადოს.
თავის მხრივ, "ნიუ-იორკ თაიმსი" აღნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას ასადის რეჟიმი ქვეყნის შიგნით პროპაგანდისთვის და მოწინააღმდეგეთა დაშინებისთვის იყენებს - სამთავრობო მედიასაშუალებები მუდმივად იმეორებენ რუსეთის ოფიციალურ პირთა განცხადებებს იმის ხაზგასასმელად, რომ რეჟიმს ძლიერი მოკავშირე ჰყავს.
გამოცემის აზრით, რუსეთის პოზიციის მიზეზებს საერთო არაფერი აქვთ სირიის კრიზისის სპეციფიფიკასთან. "პირველ რიგში ეს იარაღის ექსპორტია, შიდაპოლიტიკური სიტუაცია და წყენა ლიბიის კამპანიის გამო. ლიბიის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის შემდეგ მოსკოვი თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნატო-მ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგებოდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო დროს პუტინი აშშ-ს ღიად ადანაშაულებს რეჟიმების დამხობის მხარდაჭერაში, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე თავად რუსეთში.
სირიის შემთხვევაში, "რუსეთი დასავლეთის ჯინაზე თვითდამკვიდრებას ცდილობს", - აღნიშნავს კიდევ ერთ სტატიაში "ვაშინგტონ პოსტი". ავტორის აზრით, ეს არის "გამოწვევა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის".
გაზეთი "ქრიშჩენ საენს მონიტორი" კი აღნიშნავს, რომ მოსკოვისთვის სირიის რეჟიმის მხარდაჭერის კიდევ ერთი მიზეზი იმის შიშია, რომ "მსგავსი ამობოხებები იფეთქებს დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში".
დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსეთის პოზიციის შერბილება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ანტიდასავლური რიტორიკა პუტინის კამპანიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რუსული გამოცემა "კომერსანტი" აღნიშნავს, რომ იგივე აზრისაა რუსი ექსპერტების დიდი ნაწილი.
რუსი ექსპერტი ალექსანდრ გოლცი აცხადებს, რომ "პუტინს მართლაც პარანოიდულად ეშინია "ფერადი რევოლუციების", მისი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ "აღარ მოტყუვდეს". შესაბამისად, მხარი არ დაუჭიროს არც ერთი რეჟიმის შეცვლას, იმის მიუხედავად, თუ რას ჩაიდენს ეს რეჟიმი.
სირიის კრიზისის გამო ანტიდასავლური განწყობები რუსეთში იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი ექსპერტი დასავლეთის ნებისმიერ ნაბიჯში რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებს ხედავს. მაგალითად, რუსეთში მოქმედი "მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ალექსეი არბატოვი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა სირიის საკითხზე რუსეთის პოზიციას უკავშირდება: "ობამამ მიანიშნა რუსეთს - თუ ჩვენს მტრებთან მეგობრობთ, მტრები თქვენც საკმარისად გყავთ და ჩვენც შეგვიძლია, სირთულეები შეგიქმნათ."
წარუმატებელი სტრატეგია
მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მოტივები საკმაოდ ნათელი და გამჭვირვალეა, ანალიტიკოსებისთვის მაინც გაუგებარი რჩება, რამდენად მომგებიანია ამგვარი პოზიციის შენარჩუნება თავად მოსკოვისთვის.
"ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სცენარი მეორდება. მოსკოვი ჯერ მილოშევიჩს იცავდა, შემდეგ სადამ ჰუსეინსა და კადაფის. ამავე დროს, მას არც რესურსები გააჩნდა მათ დასახმარებლად და არც ამერიკასთან და ევროპასთან სერიოზული დაპირისპირებისთვის იყო მზად. ამის შედეგად დასავლეთი თავისას მაინც აღწევდა, რუსეთი კი უძლურების დემონსტრირებას ახდენდა და გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ზარალს განიცდიდა," - აღნიშნავს "ბი-ბი-სი". როგორც "ბი-ბი-სი"-სთან საუბრისას რუსი პოლიტოლოგი ალექსეი ვორობიოვი აღნიშნავს, რუსეთი მუდმივად კარგავს მოკავშირეებს, "ბელარუსის, ყაზახეთისა და ვენესუელას გარდა, აღარ დარჩა ქვეყანა, რომელსაც მეგობარს ვუწოდებდით". იგივე აზრისაა ექსპერტი ფიოდორ ლუკიანოვი - "ჩვენ ვკარგავთ ძველ პარტნიორებს, ახლებს კი აღარ ვიძენთ".
"ბი-ბი-სი"-ს მიმოხილველების აზრით, "პუტინი ცუდი აზრისაა დასავლურ დემოკრატიაზე", ოპტიმალურ სახელმწიფო წყობად "ძალაუფლების ვერტიკალი" მიაჩნია და სიმპათიები აქვს "ძლიერი ლიდერების" მიმართ, რომლებსაც საკუთარ თავსაც მიაკუთვნებს. რუსი პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი აღნიშნავს, რომ პუტინი ასადთან "ბევრ საერთოს ხედავს" და მის მიმართ "პირადი სიმპათიაც აქვს", რიმელიც მას აიძულებს ისე მოიქცეს, როგორც ახლა იქცევა.
ალექსეი ვორობიოვის აზრით, მართვის ავტორიტარული მეთოდები პუტინის ფსიქოტიპს შეესაბამება. "მას არ შეუძლია მართვა თავისუფალი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პირობებში ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის. ეს არის სულების ნათესაობა ქვეცნობიერის დონეზე," - მიიჩნევს ექსპერტი. ვორობიოვის აზრით, რუსეთი ახლა არა სირიისა და ირანის, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ იბრძვის. ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად. თუმცა, მოსახლეობას მკაფიო სიგნალი მიეწოდება - ჩვენ არავისი გვეშინია და არავის ვემორჩილებით.
საპრეზიდენტო არჩევების წინა პერიოდი რუსეთში არასახარბიელო დროა დათმობებისთვის დასავლეთის სასარგებლოდ, - დასძენს "ბი-ბი-სი".
თავის მხრივ, რუსული გამოცემა "კომერსანტის" მიმომხილველი კონსტანტინ ეგერტი აღნიშნავს, რომ სრულიად ცხადია, არაბულ სამყაროში ერთპიროვნული რეჟიმების დრო წავიდა და გამონაკლისი არც ასადი გახდება. თუმცა, გაუგებარია რატომ ებღაუჭება მოსკოვი ასადის რეჟიმს და მის მფარველ ირანს - ამის საფასურად, მისი აზრით, მოსკოვს არც იარაღის ექსპორტისა და არც საზღვაო ბაზის შენარჩუნება უღირს.
"ამერიკელები, რომლებმაც ეგვიპტის პრეზიდენტის მუბარაქის რეჟიმში ათეულობით მილიარდი დოლარი ჩადეს, იძულებულნი გახდნენ მის წასვლას შეგუებოდნენ, რათა შეენარჩუნებინათ გავლენა ეგვიპტესა და მთლიანად რეგიონზე," - აღნიშნავს მიმომხილველი.
"მოსკოვი კი ჯიუტად უჭერს მხარს უნიჭო დიქტატორს, რომელსაც გადარჩენის არც ერთი შანსი არ გააჩნია. ამასთან, იგი იგნორირიებას უკეთებს არაბულ სახელმწიფოთა აზრსაც. ამის შედეგად, კრემლი წააგებს სირიაში ისევე, როგორც ლიბიაში," - დასძენს ეგერტი.