აშშ-ში წინასაარჩევნო ბრძოლა დაიწყო.
24 საათი 06.05.12
აშშ-ში წინასაარჩევნო ბრძოლა დაიწყო.
ბარაკ ობამას მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი დაუპირისპირდება.კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდეც მოწინააღმდეგეები ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მწვავე რიტორიკას მიმართავენ. დაპირისპირების მთავარი თემები ქვეყნის ეკონომიკა, ბიუჯეტი და საგარეო პოლიტიკაა. რესპუბლიკელები კვლავ მოსკოვთან ურთიერთობის "გადატვირთვას" აკრიტიკებენ და ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ უფრო მკვეთრი პოზიციისკენ მოუწოდებენ. ობამა თავის ოპონენტს პუპულარობით უმნიშვნელოდ უსწრებს. მას და რომნის მწვავე ბრძოლა ელით - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ნოემბრის არჩევნების წინაც რომელიმე მათგანის აშკარა უპირატესობა არ გამოიკვეთოს.
ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ხვალიდან. 5 მაისიდან, ოჰაიოსა და ვირჯინიის შტატებიდან დაიწყებს. თუმცა, არაოფიციალურად მოქმედი პრეზიდენტი კამპანიას უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. პრეზიდენტის გახშირებულმა ვოიაჟებმა და საჯარო გამოსვლებმა მისი ოპონენტების უკმაყოფილებაც გამოიწვია. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა ობამას ამგვარ გამოსვლებს "პილიტიკური ტრიუკები" უწოდა, რაც "მის თანამდებობას არ შეეფერება". თუმცა, თეთრმა სახლმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს.
მომავალ არჩევნებზე ობამას მოწინააღმდეგის ვინაობა, ფაქტობრივად, საბოლოოდ გაირკვა. მოქმედ პრეზიდენტს მილიონერი და მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი დაუპირისპირდება, რომელმაც რესპუბლიკელთა შიდა არჩევნებში ყველა სხვა კანდიდატს აჯობა.
რომნის მთავარი კონკურენტი პარტიის შიგნით, რიკ სანტორუმი პრაიმერს ნებაყოფლობით გამოეთიშა. 1 მაისს ანალოგიური გადაწყვეტილება წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუთ გინგრიჩმა მიიღო. ფორმალურად რომნისთან მეტოქეობას კონგრსმენი რონ პოლი აგრძელებს. თუმცა, რომნის ძალიან ცოტა უკლია დელეგატთა აუცილებელი 1 144 ხმის მოპოვებამდე, რათა აგვისტოში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდეს.
შესაბამისად, მთავარი წინასაარჩევნო ბრძოლა ბარაკ ობამასა და მიტ რომნის შორის უკვე დაიწყო. ოპონენტები ერთმანეთის მიმართ კრიტიკასა და ბრალდებების არ იშურებენ. ობამა მკაცრად აკრიტიკებს რესპუბლიკელთა ინიციატივებს, რომლებიც, მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას შეანელებს და საშუალო კლასისთვის დამღუპველი იქნება. მის რიტორიკაში პიროვნული მინიშნებებიც გაჩნდა - ობამამ განაცხადა, რომ იგი და მისი მეუღლე "სიმდიდრესა და ფუფუნებაში არ დაბადებულან", რაც ერთგვარ საყვედურად აღიქვეს რომნის მისამართით მისი წარმომავლობის გამო.
რომნიმ კი ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, "როგორც ყოველთვის, განტევების ვაცებს წარმატებულ ადამიანებს შორის ეძებს, როგორიც მამაჩემი იყო".
ფუნდამენტური უთანხმოება
მოქმედი პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები რესპუბლიკელებმა ობამას წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად აირჩიეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეკონომიკური მდგომარეობა, დიდწილად, ნოემბრის არჩევნების შედეგების განმსაზღვრელი იქნება.
ობამა ამტკიცებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მიღებული ანტიკრიზისული ზომები წარმატებული იყო. თუმცა, მან ამაში ამომრჩევლები ვერ დაარწმუნა 2010 წლის კონგრესის არჩევნებზე, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. ობამა ეკონომიკის სახელმწიფოს მიერ სტიმულირების გაგრძელებას აპირებს. 2010 წელს კონგრესმა მისი ინიციატივით ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 700 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
რესპუბლიკელები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ობამას მთავარი ეკონომიკური "მიღწევა" სახელმწიფო ვალის 10.6 ტრილიონი დოლარიდან და 15.6 ტრილიონამდე გაზრდა გახდა. რესპუბლიკელთა კრიტიკის კიდევ ერთი სამიზნე ობამას ჯანდაცვის რეფორმაა, რომელიც სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება.
ობამას ადმინისტრაცია სახელმწიფო ხარჯების სწრაფად შემცირებას არ ემხრობა, ხოლო გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვას სიმდიდრეზე ახალი გადასახადის დაწესებით აპირებს, რასაც რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგეებიან. რადგან, მათი აზრით, ეს ამერიკულ იდეალებს ეწინააღმდეგება.
მიტ რომნი ამერიკელებს დაბალანსებულ ბიუჯეტს პირდება. იგი ერთდროულად გადასახადების შემცირებას და თავდაცვის ხარჯების გაზრდას აპირებს. ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლას კი, სახელმწიფო აპარატის მნიშვნელოვანი შემცირებით, ასევე ფედერალური პროგრამების შეკვეცით და მათი ნაწილის შტატებისთვის გადაცემით გეგმავს.
მიტ რომნი ობამას მემარცხენე პოპულისტად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი "ევროპულ სოციალიზმს" აშენებს. 27 აპრილს ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხარჯებისა და ვალის ზრდამ აშშ "საბერძნეთის გზაზე დააყენა". მისი თქმით, ობამას პოლიტიკა ეკონომიკაში მთავრობის დომინირებას ემსახურება, რაც "სულ უფრო მეტად ევროპას ემსგავსება".
ბინ ლადენის აჩრდილი
ამავე დროს, ბარაკ ობამამ ოპონენტის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ხერხს მიაგნო. მისმა გუნდმა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება გადაწყვიტა. დემოკრატებმა მიტ რომნის 2007 წლის განცხადება გაიხსენეს. მაშინ რესპუბლიკელი მთავრობას იმის გამო საყვედურობდა, რომ "მილიარდები იხარჯება ერთადერთი ადამიანის მოსაძებნად".
მართალია, დღეს რომნი აცხადებს, რომ ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის ბრძანებას თვითონაც გასცემდა. თუმცა, ობამას გუნდმა ბინ-ლადენის თემის ბოლომდე გამოყენება გადაწყვიტა და ამ თემაზე ვიდეორგოლიც მოამზადა, რომელშიც ოპერაციის წარმატებაში ობამას დამსახურებაზეა საუბარი, ასევე გამოყენებულია რომნის კრიტიკული განცხადებები პაკისტანში განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით და ისმის კითხვა - რა გზას აირჩევდა რომნი?
ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა, თეთრი სახლის ყოფილმა პრესმდივანმა, რობერტ გიბსმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა მიტ რომნი მიეღო ისეთივე თამამი გადაწყვეტილება, როგორც ბარაკ ობამამ. მის თქმით, სწორედ ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფაქტი ადასტურებს, რომ ობამა კიდევ ოთხი წლით იმსახურებს პრეზიდენტობას.
"დაკარგული ლიდერობა"
რესპუბლიკელი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიისა და მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა საგარეო პოლიტიკა, მათ შორის რუსეთისადმი დამოკიდებულებაა. ამ მხრივ, რესპუბლიკელების კამპანიის მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ობამას პრეზიდენტობისას ამერიკა მსოფლიოში ლიდერობას კარგავს.
"პრეზიდენტის უკლებლივ ყველა ნაბიჯი (საგარეო ასპარეზზე) წარუმატებელი გამოდგა," - განაცხადა მიტ რომნიმ 20 აპრილს სიტყვით გამოსვლისას. მან ობამას უსაყვედურა უახლოეს მოკავშირესთან - ისრაელთან ურთიერთობის გაფუჭების გამო და უშედეგოდ მიიჩნია ვაშინგტონის მცდელობები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.
მისი თქმით, "არაბული გაზაფხული" შეერთებული შტატებისთვის "არაბულ ზამთრად" იქცა. ვაშინგტონი რუსეთის წინაშე გაუმართლებელ დათმობებზე წავიდა და ხელი ვერ შეუშალა ირანს ბირთვული პროგრამის განხორციელებაში. ასევე, მისი თქმით, ავღანეთშიც ობამამ "არაერთი შეცდომა დაუშვა". "აბსოლუტურად ნათელია, რომ ობამას აღარ აქვს არც იდეები, არც გასამართლებელი მიზეზები. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ნოემბერში იგი თეთრი სახლიდან გავაძევოთ," - განაცხადა რომნიმ.
მისმა მრჩეველმა, გაერო-ში აშშ-ს ყოფილმა წარმომადგენელმა ჯონ ბოლტონმა ობამა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის "პოლიტიკურად მოტივირებული განრიგის" შექმნაში დაადანაშაულა, რასაც "არანაირი სტრატეგიული აზრი არ გააჩნია". მან ეჭვი გამოთქვა, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაშიც ობამა ისრაელის პოზიციების შესუსტებას შეეცდება. რესპუბლიკელებისთვის ასევე მიუღებელია თავდაცვის ხარჯების შემცირების ობამასეული გეგმა.
რომნისა და მისი გუნდის ბრალდებებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. მან ოპონენტები არაკომპეტენტურობაში დაადანშაულა. მისი თქმით, უმჯობესია რომნიმ საზოგადოებას ირანისა და სხვა საგარეო საკითხების თაობაზე საკუთარი პოლიტიკური ხედვა გააცნოს, "წინააღმდეგ შემთხვევაში გუბერნატორის მკაცრი რიტორიკა მხოლოდ ლაყბობაა, თანაც საკმაოდ კონტრპროდუქტიული".
"გადატვირთვა" და რუსეთის მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება რესპუბლიკელთა მხრიდან ობამას კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
მარტის ბოლოს ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის შეხვედრა სკანდალის მიზეზი გახდა - შეცდომით ჩართული მიკროფონის წყალობით ცნობილი გახდა პრეზიდენტების დიალოგის შინაარსი. ობამა მედვედევს არჩევნებამდე მოცდას სთხოვდა, რის შემდეგაც პირობას იძლეოდა, რომ აშშ-ს პოზიცია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებზე "უფრო მოქნილი" გახდებოდა.
ამ ფაქტს მიტ რომნის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. "რუსეთი ჩვენთვის მეგობარი არ არის. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი არჩევნებამდე მანევრისთვის სივრცეს ითხოვს, ნიშნავს, რომ მას არ სურს პასუხი აგოს ამერიკელი ხალხის წინაშე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. ეს ძალიან შემაშფოთებელია," - განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.
მან რუსეთს აშშ-ს "ნომერ პირველი მოწიანააღმდეგე" უწოდა, რომელიც "მსოფლიოში ყველაზე სასურველ პიროვნებებს უჭერს მხარს".
პუტინის რეჟიმის მისამართით მკაცრი განცხადება ცოტა ხნის შემდეგ რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ გააკეთა, რომელსაც რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევენ. მისი თქმით, "ვლადიმირ პუტინმა შეიძლება მკაცრად ილაპარაკოს, მაგრამ მან იცის, რომ სუსტია. ის საკუთარი მმართველობისთვის რეალურ და წარმოსახვით საფრთხეებს ხედავს და ცდილობს სახელმწიფო მედია გამოიყენოს რუსებს შორის პარანოიასა და ანტიდასავლური განწყობის დასანერგად".
მისი თქმით, პუტინი საკუთარ მოქალაქეებს ეუბნება, რომ რუსეთისთვის მთავარ საფრთხეს ნატო წარმოადგენს, "მაშინ, როდესაც სამხრეთით ისლამისტები ჰყავს, აღმოსავლეთით კი ჩინეთი ძალას იკრებს".
რუბიოს თქმით, აშშ და ევროპა უნდა დაეხმარონ იმ ძალებს რუსეთში, რომლებსაც კორუფციის დაძლევა და ღია პოლიტიკური სისტემის შექმნა სურთ. გარდა ამისა, რუბიომ აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროპული ქვეყნების დამოკიდებულების შემცირება რუსულ ენერგორესურსებზე.
თავის მხრივ, მიტ რომნის მრჩეველმა ედ გილესიმ აღნიშნა, რომ რუსეთი "დიდად არ ცდილობდა ირანული ატომური პროგრამის შეჩერებას" და იგნორირება გაუწია ამ საკითხზე გაერო-ს რეზოლუციას. რაც შეეხება "გადატვირთვის" პოლიტიკას, გილესის თქმით, მას აშშ-სთვის რაიმე არსებითი შედეგი არ მოუტანია. "უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არ გვეხმარება ირანის შეკავების საქმეში, რაც დღეისთვის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია".
თავის მხრივ, ობამას მრჩეველმა რობერტ გიბსმა, ოპონენტთა მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ, განაცხადა, რომ სწორედ მოქმედი პრეზიდენტის წყალობით "ირანის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების" შემოღება მოხერხდა. რაც, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვის" დამსახურება იყო.
მკაცრად უსაყვედურა ოპონენტებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი განცხადებით, მიტ რომნის ქვეყნის "უკან, ცივ ომში დაბრუნება სურს" და "ამერიკელების კოლექტიური ამნეზიის იმედი აქვს".
მძიმე ბრძოლა
დღეისთვის არჩევნების შედეგების პროგნოზირება ამერიკელ ექსპერტებს შეუძლებლად მიაჩნიათ. როგორც "ამერიკის ხმას" პრეზიდენტ რეიგანის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა კენ დუბერსტაინმა განუცხადა, ბრძოლა მძიმე იქნება და მისი შედეგები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი საკითხი იქნება ამომრჩევლებისთვის გადამწყვეტი.
"თუ ეს იქნება რეფერენდუმი ობამას პრეზიდენტობისა და ეკონომიკის მდგომარეობის თაობაზე, რომნის კარგი შანსები აქვს. თუ ეს იქნება რეფერენდუმი რესპუბლიკური პარტიისა და რომნის პროგრამაზე, ობამას შანსები საკმაოდ მაღალია," - აღნიშნავს ექსპერტი.
სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ბარაკ ობამა რეიტინგით რომნის მცირე სხვაობით (4-დან 8 პროცენტამდე) უსწრებს. ექსპერტების ვარაუდით, ასეთი მცირე სხვაობა შესაძლოა არჩევნებამდე შენარჩუნდეს.
ამავე დროს, მიტ რომნის, რომელიც რესპუბლიკელთა ზომიერი ფრთის წარმომადგენლად მიიჩნევენ, კონსერვატიულად განწყობილი რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოპოვება მოუწევს.
მასაჩუსეტსის გუბერნატორად ყოფნისას, მან შტატში ჯანდაცვის რეფორმა განახორციელა, რომელიც ობამას მიერ მოგვიანებით განხორციელებულის ანალოგი იყო. ამის გამო, მოგვიანებით, რომნის თანაპარტიელების წინაშე თავის მართლება მოუხდა.
რესპუბლიკელმა კონკურეტმა რიკ სანტორუმმა რომნის "ქვეყანაში ყველაზე უარესი რესპუბლიკელი" უწოდა. სანტორუმის თქმით, იგი იმდენად შორსაა კონსერვატიული ღირებულებებისგან, რომ იგივე წარმატებით ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამასაც შეუძლია დარჩეს.
კენ დუბერსტაინის აზრით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს რომნი რესპუბლიკურ პარტიაზე გავლენის მოხდენას, თუ პირიქით, უკიდურესად მემარჯვენე რესპუბლიკელების გავლენის ქვეშ მოექცევა.
დიდი მნიშვნელობა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურასაც ენიჭება. რესპუბლიკელებს არ სურთ 2008 წლის განმეორება, როდესაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სარა პეილინის დასახელებამ ჯონ მაკკეინის რეიტინგზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მარკო რუბიოს გარდა, კიდევ ერთ რეალურ კანდიდატად სენატორი რობ პორტმანს მიიჩნევენ. პირველ მათგანს რომნისთვის ლათინოამერიკული წარმოშობის ამერიკელების ხმების მოპოვება შეუძლია. მეორე კი, სხვა შესაძლო კანდიდატებზე უფრო გამოცდილია. განიხილება სხვა კანდიდატურებიც, მათ შორის კონგრესმენ პოლ რაიანის, რომელსაც რომნისთვის ესოდენ საჭირო კონსერვატორი ამომრჩევლის მხარდაჭერა შეუძლია მოუტანოს. რომნის შესაძლო მეწყვილედ, ჯოჯრ ბუშის ძმა, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი - ჯებ ბუშიც დასახელდა. თუმცა, თავად ბუშმა ეს უარყო.
არ არის გადაწყვეტილი ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდნეტობის კანდიდატის საკითხიც. შესაძლოა, ჯოზეფ ბაიდენმა ამ თანამდებობაზე კენჭი აღარ იყაროს. ყველაზე რეალურ პრეტენდენტად კი, ახლანდელი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის კანდიდატურას ასახელებენ.
ობამას ადმინისტრაციის მიერ აშშ-რუსეთის "გადატვირთვის" გამოცხადების შემდეგ, რესპუბლიკელები ამ პოლიტიკის თანმიმდევრულ მოწინააღმდეგეებად გამოდიოდნენ. იმავდროულად, ადმინისტრაციისგან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებას მოითხოვდნენ. მათ შორის - საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხში.
მიტ რომნის ვიცე-პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატმა მარკო რუბიომ, გასული წლის დეკემბერში კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ადმინისტრაციას მოუწოდებდა ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისთვის დაეჭირა მხარი. რომნის გაპრეზიდენტებით, რუსეთის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკა მკვეთრად შეიცვლება და, სავარაუდოდ, საქართველოს მხარდაჭერაც უფრო გაბედული გახდება. თუმცა, დღესდღეობით, რესპუბლიკელთა კანდიდატის გამარჯვების შანსები გამოკვეთილი არ არის.