არადიპლომატიური გულახდილობა
რუსეთში აშშ-ს ელჩის განცხადებები დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა.
24 საათი 03.06.12
-

ელჩი მაკფოლი
-

მანასის ბაზა
რუსეთში აშშ-ს ელჩის განცხადებები დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა.
მაიკლ მაკფოლმა ვაშინგტონი-მოსკოვის მოლაპარაკებების აქამდე უცნობი დეტალები გამოააშკარავა - რუსეთის ხელისუფლება აშშ-სთან ვაჭრობას ცდილობდა.მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველო, ამერიკული ბაზა ყირგიზეთში და რუსეთში ადამიანის უფლებები. მოსკოვმა მაკფოლი არადიპლომატიურ ქცევაში დაადანაშაულა. ამ სკანდალს კი წინ რუსეთში ამერიკის ახალდანიშნულ ელჩზე კრემლის მხრიდან მორალური ზეწოლის კამპანია უძღოდა. დიპლომატის გულახდილობა რუსულ-ამერიკულ "გადატვირთვას" ემუქრება. მაკფოლი პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც დაადასტურა, რომ კრემლი აშშ-სთან საქართველოს თემით ვაჭრობას ცდილობდა. რაც მოწმობს, რომ 2008 წელს მოსკოვმა საქართველოში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ომის შემდეგაც არ უთქვამს უარი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გეგმებზე.
ოფიციალური მოსკოვისთვის ძალზე არასასიამოვნო განცხადებები მაიკლ მაკფოლმა 25 მაისს, მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. საუბრის მთავარი თემა ამერიკულ-რუსული "გადატვირთვა" და მისი შედეგები იყო. ამ საკითხზე საუბრისას ამერიკის ელჩმა ვაშინგტონი-მოსკოვის მოლაპარაკებების აქამდე უცნობი დეტალები ნათელი გახადა.
მისი განცხადებით, ვაშინგტონი ცდილობს საკუთარ მიზნებს "ერთმანეთთან კავშირის არმქონე საკითხების დაკავშირების გარეშე" მიაღწიოს, რაც მოსკოვს "ძალიან უყვარს".
მაკფოლის განცხადებით, სამი წლის წინ, აშშ-სთან მოლაპარაკებისას, მოსკოვი პრობლემების სწორედ ამ გზით გადაწყვეტას ცდილობდა. "გინდათ მოვილაპარაკოთ ირანზე? დაგვითმეთ საქართველოს საკითხში. გნებავთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე შევთანხმდეთ? მაშინ დაგვითმეთ ცენტრალურ აზიაში. გინდათ მოვილაპარაკოთ ჩრდილოეთ კორეაზე? მოვილაპარაკებთ, თუ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემას არ წამოწევთ", - ასე აღწერა ელჩმა რუსული მხარის წინადადებები აშშ-თან მოლაპარაკებებზე.
მაიკლ მაკფოლის განცხადებით, რუსეთმა მიზნად დაისახა ყირგიზეთში მანასის ამერიკული სატრანსპორტო ბაზის დახურვა, რომელიც ავღანეთში ნატო-ს ტვირთების ტრანზიტს ემსახურება. საამისოდ კი, მისი თქმით, "რუსეთმა ყირგიზეთის პრეზიდენტ ბაკიევს ქრთამი შესთავაზა. ჩვენც შევეცადეთ ფული შეგვეთავაზებინა, მაგრამ ჩვენი თანხა რუსეთის მიერ შემოთავაზებულზე ათჯერ ნაკლები აღმოჩნდა".
მან ასევე უარყო ვაშინგტონის მიერ რუსული ოპოზიციის დაფინანსება. სამაგიეროდ, ელჩმა რუსული ტელეარხი "რაშა თუდეი" ახსენა, რომელიც "იმაზე ბევრად მეტს ხარჯავს ჩემს ქვეყანაში, ვიდრე აქ (რუსეთში) სახემლწიფო დეპარტამენტი".
ამერიკის ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს კანონმდებლობა საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს ქვეყანაში შემოსვლა აურკძალოს სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევებში შემჩნეულ პირებს. შესაბამისად, აშშ-ში უკვე მოქმედებს ე. წ. "მაგნიტსკის სია", რომელიც რუსეთის ციხეში ბრიტანული კომპანიის იურისტის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს შეეხება.
ოფიციალური მოსკოვის პასუხმა ელჩის გულახდილობაზე არ დააყოვნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 მაისს მაკფოლის განცხადებები მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ ისინი "დიპლომატიურ ეტიკეტს ძალიან სცილდება და რუსეთ-ამერიკის დიალოგის ასპექტების შეგნებულ დამახინჯებას წარმოადგენს".
მოსკოვის განსაკუთრებული აღშფოთება ყორგიზეთის ბაზის თემამ გამოიწვია. რუსეთმა ვაშინგტონის მიმართ საპასუხო საყვედური გამოთქვა და არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა, ვინაიდან ბუშის ადმინისტრაცია ყირგიზეთში სამხედრო ბაზის "მხოლოდ ერთი-ორი წლით" განლაგებას გეგმავდა.
ოფიციალური მოსკოვი "არაპროფესიულს" უწოდებს მაკფოლის განცხადებებს იმის შესახებ, რომ გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების სანაცვლიდ კრემლი ვაშინგტონს გარიგებებს სთავაზობდა. საგარეო უწყების მცკიცებით, რუსეთს დღის წესრიგში "პრივილეგირებულ გავლენის სფეროების" საკითხი არასდროს დაუყენებია (სინამდვილეში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში გამოიყენა ტერმინი "რეგიონები, სადაც პრივილეგირებული ინტერესები გვაქვს").
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა, თავის მხრივ, აშშ-ს ელჩს მოუწოდა "იყოს დიპლომატიური და მისივე ხელისუფლების საქმიანობაში დისონანსი არ შეიტანოს".
თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა, რუსეთის აღშფოთების საპასუხოდ, აღნიშნა, რომ ელჩის სიტყვები "არასწორად გაიგეს".
მის თქმით, ელჩმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ, წარსულში პრობლემების მიუხედავად, დღეს ვაშიგტონი და მოსკოვი თანამშრომლობენ ბევრ პრობლემაზე, მათ შორის ავღანეთის საკითხში. მაკფოლის გამოსვლა კი "გადატვირთვის პოზიტიურ შედედებს" მიეძღვნა.
მოსკოვის რეაქციას საკუთარ განცხადებებზე მაკფოლიც გამოეხმაურა, რომელიც რუსული ოფიციოზის რეაქციით გაკვირვებული დარჩა. "ჩემი გამოსვლის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობდა, თუ რამდენს მივაღწიეთ ბოლო ოთხ წელიწადში "გადატვირთვის" შედეგად. ჩემთვის, როგორც ამ პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორისთვის და პრეზიდენტ ობამას წარმომადგენლისთვის რუსეთში, სრულიად ბუნებრივია საუბარი "გადატვირთვის" დადებით შედეგებზე", - აღნიშნა მაკფოლმა. თუმცა, იქვე აღიარა, რომ "შესაძლოა, არ ღირდა ასე ხატოვნად და პირდაპირ საუბარი. მომავალში შევეცდები უფრო დიპლომატიური ვიყო".
ვაჭრობის დასაწყისი
მაიკლ მაკფოლმა, რომელიც "სამი წლის წინ" რუსეთსა და ვაშინგტონს შორის არსებულ პრობლებემზე საუბრობდა, როგორც ჩანს, 2009 წელს მოსკოვში დაწყებულ რუსულ-ამერიკულ მილაპარაკებებს გულისხმობდა.
პირველი ვიზიტით რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2009 წლის ივლისში ჩავიდა. მაშინ იგი როგორც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, ასევე პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. სტრატეგიული შეიარაღების შესახებ მომავალი ხელშეკრულებისა და სხვა გლობალური მნიშვნელობის საკითხების პარალელურად, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ბარაკ ობამამ საქართველოს საკითხზეც იმსჯელა და ვაშინგტონის პრინციპული პოზიცია დააფიქსირა - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, მისი თქმით, დმიტრი მედვედევიც ეთანხმება, რომ "ახალი სამხედრო კონფლიქტი არავის ინტერესებშია".
როგორც მაკფოლმა სტუდენტებთან შეხვედრისას გაიხსენა, ორი პრეზიდენტის მსჯელობის საგანი ყირგიზეთს ამერიკული ბაზაც გახდა. ამ კონტექსტში ობამამ მედვედევს მოუწოდა "გავლენის სფეროების" დრომოჭმულ პოლიტიკაზე უარი ეთქვა და ეთანამშრომლა ვაშინგტონთან საერთო ინტერესების სასარგებლოდ.
მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ობამამ დახურული შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან გამართა. როგორც მაშინ ოფიციალური პრეს-რელიზებიდან გახდა ცნობილი, ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველო და საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცე გახდა.
სწორედ მაშინ, როგორც ჩანს, მოისმინეს დეტალურად ბარაკ ობამამ და მაშინდელმა მისმა თანაშემწემ უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ მაკფოლმა კრემლის ხედვა "პრივილეგირებული ინტერესების სფეროსთან" დაკავშორებით.
როგორც მაკფოლი მიმდინარე წლის მარტში ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, ეს შეხვედრა, ფაქტობრივად, პუტინის მონოლოგით დაიწყო. "შეხვედრის პირველ ნაწილში განიხილებოდა ის, თუ რატომ, პუტინის აზრით, გაურესდა აშშ-რუსეთის ურთიერთობა. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მისი პოზიცია მოვისმინეთ". მაკფოლის თქმით, ობამამ პრემიერს მოუსმინა და განუცხადა, რომ ვაშინგტონს ახლა "ახალი პოლიტიკა" აქვს და მოსკოვთან ახალი ურთიერთობის აგება სურს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ობამამ ერთ-ერთი ტელეინტერვიუში განაცხადა, ვლადიმირ პუტინმა "ხისტი, ჭკვიანი, არა სენტიმენტალური და ძალიან პრაგმატული" ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. იმავდროულად, მისი თქმით, პუტინის მსოფლმხედველობა "ცივი ომის" პერიოდში ჩამოყალიბდა და ამას არც რუსეთის პრემიერი უარყოფს.
"იმ საკითხებში, სადაც უთანხმოება გვაქვს, მაგალითად, საქართველო, ერთსულოვნებას, როგორც ჩანს, ახლო მომავალში ვერ მივაღწევთ", - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.
გულახდილობის მოტივები
იყო მაიკლ მაკფოლის "უხერხული" განცხადებები ელჩის "თვითშემოქმედება" თუ ვაშინგტონის მიერ შეგნებულდ გადადგმული ნაბიჯი?
გამოცემა "უოლ სთრით ჯორნელი" აღნიშნავს, რომ კრემლის თვალში მაკფოლის პიროვნება ობამას ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მოწესრიგების პროცესში ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა. გამოცემას მოჰყავს ექსპერტის, ენდრიუ კაჩინსის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მაკფოლმა სწორად აღწერა მანასის ბაზის გარშემო განვითარებული მოვლენები მაგრამ, "ჯობდა, ამის შესახებ საჯაროდ არ ელაპარაკა, რუსების ხასიათის გათვალისწინებით".
როგორც თავის მხრივ, ჟურნალი "ფორბსი" აღნიშნავს, "მაკფოლს არ შეუძლია ორი-სამი კვირა ისე გაძლოს, რამე უადგილო რომ არ წამოსცდეს". ამავე დროს, ავტორის აზრით, არც რუსული მხარე უშვებს შანსს ელჩი გააღიზიანოს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაკფოლს გულწრფელობა და ღრმა აზროვნების უნარი ახასიათებს, რაც დიპლომატებისთვის ხშირად ზედმეტი ტვირთია. "ფორბსის" მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ელჩმა გააკეთა ის, რასაც დიპლომატები ერიდებიან - უსიამოვნო დეტალები სააშკარაოზე გამოიტანა.
ამავე დროს, რუსული ინტერნეტ-გამოცემა "გრანი.რუ"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში რუსი პოლიტოლოგი ილია მილშტეინი ვარაუდობს, რომ მაკფოლის განცხადებები კარგად გათვლილი დიპლომატიური სვლა იყო, რომელიც "პუტინთან და მედვედევთან უნაყოფო დისკუსიებში დაგრივილი გაღიზიანების გამოხატვას" ემსახურებოიდა. მათ შორის - სირიის, რაკეტსაწინააღდმეგო თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე. ექსპერტის აზრით, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაციების სასარგებლოდ მეტყველებს პუტინის უარი "დიდი რვიანის" სამიტზე დასწრებაზე, ასევე ობამას უარი ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე ჩავიდეს. ამის შემდეგ ვაშინგტონს "საგარეოპოლიტიკური სიგნალისთვის მხოლოდ დროის, ტონალობისა და ადგილის შერჩევა რჩებოდა".
"დრო და ადგილი შემთხვევით შეირჩა, დამამცირებელ-დამცინავი ტონი კი - გამიზნულად. მაკფოლმა არა მხოლოდ პირადი იმედგაცრუების, არამედ ამერიკელთა საერთო განწყობის დემონსტრირება მოახდინა. არსებითად, ელჩმა თქვა, რომ რუსეთი არაა მზად სრულფასოვანი დიალოგისთვის და პრინციპში ამერიკის განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევს. მხოლოდ იმედგაცრუების გრძნობას. და თუ ასეა, სიტყვების შერჩევა აუცლებლი აღარ არის", - აღნიშნავს მილშტეინი.
ელჩის თავგადასავლები რუსეთში
საბაბი იმედგაცრუებისთვის როგორც ვაშინგტონს, ასევე პირადად ელჩს საკმაოდ ჰქონდათ. "გადატვირთვის" ავტორი და შემოქმედი, მეცნიერი, რომელმაც რუსეთის შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა, რუსული ენის ბრწყინვალედ მცოდნე მაიკლ მაკფოლი რუსეთში ამერიკის ელჩის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად იანვრიდან შეუდგა.
მას უნდა გაეგრძელებინა ის საქმე, რაც ჯერ კიდევ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე წამოიწყო - ურთიერთობების "გადატვირთვა" და თანამშრომლობა მოსკოვთან ისეთ საკითხებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს. მართალია, წარსულში მაკფოლს რუსული რეჟიმის მიმართ არაერთი მწვავე განცხადება გაუკეთებია. მაგრამ, დიპლომატიურ საქმიანობაში ჩართვის შემდეგ იგი ყველანაირად ცდილობდა, მოსკოვისადმი კეთილგანწყობა დაეფიქსირებინა. იგი აშკარად გაურბოდა მწვავე და კრემლისთვის გამაღიზიანებელ თემებზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საუბრებს.
თუმცა, ამერიკელ დიპლომატს ეს მცდელობები მოსკოვში არ დაუფასეს. ახალი ელჩის კარიერის დასაწყისი რუსული რეჟიმისათვის კრიტიკულ პერიოდს დაემთხვა - გასული წლის დეკემბრიდან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვში ოპოზიციის მასობრივი აქციები დაიწყო. რასაც კრემლმა პროპაგანდისტული ომით და ანტიამერიკული რიტორიკით უპასუხა. ვლადიმირ პუტინმა ვაშინგტონი რუსული ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. პროსახელისუფლებო ტელეარხებზე კი გადიოდა სიუჟეტები და დოკუმენტური ფილმები იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება და აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში ხელისუფლების შეცვლას. პროპაგანდისტები მაიკლ მაკფოლის დანიშვნასაც ამ მიზანს უკავშირებდნენ და მას "ფერადი რევოლუციების სპეციალისტს" უწოდებდნენ.
ელჩის "რევოლუციური" საქმიანობის მტკიცებულებად რუსულ ტელეარხებს მაკფოლის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები მოჰყავდათ. რასაც თავად ელჩი ჩვეულებრივი დიპლომატიური საქმიანობის ნაწილად მიიჩნევდა.
საქმე მაიკლ მაკფოლის აშკარა დევნამდე და მასზე მორალურ ზეწოლამდე მივიდა - ელჩის თქმით, მას ქუჩაში პროსახელისუფლებო მოძრაობა "ნაში"-ს აქტივისტები ხვდებოდნენ, ტელერხების ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ ელჩისთვის "უხერხული" კითხვები დაესვათ მის მიერ რუსული ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ.
ერთ-ერთი ასეთი "ინტერვიუს" დროს მაკფოლმა გაღიზიანება ვეღარ დამალა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამგვარი ქცევა მხოლოდ "ველურ ქვეყანაში" არის შესაძლებელი. ელჩმა აღშფოთება იმის გამოც გამოთქვა, რომ რუსული პროსამთავრობო მედიისთვის ცნობილი ხდებოდა მისი სატელეფონო საუბრების შინაარსი და ინფორმაცია წინასწარ დათქმული შეხვედრების შესახებ.
როგორც აპრილში ამერიკული გამოცემა "ფორინ პოლისი" აღნიშნავდა, "ნათელია, რომ მაკფოლის დევნა სანქცირებულია რუსული ელიტის მაღალ დონეზე. ეს ცუდი ნიშანია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებისთვის. მაკფოლის დამცირების მცდელობა, რომელიც ობამას განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც შეურაცხყოფა პირადად ობამას მისამართით".
გამოცემა ორი ქვეყნის ურთიერთობების "არნახულ გაციებას" ხედავს იმ ფაქტში, რომ "მთავრობა თავის მსახურებს ელჩის გრაფიკს მხოლოდ იმისთვის ატყობინებს, რათა ის დააშინოს".
ავტორი აღნიშნავდა, რომ "გადატვირთვის" შემოქმედ მაკფოლს სურდა რუსეთთან, როგორც "ნორმალურ ქვეყანასთან" დაემყარებინა ურთიერთობა, ამ კურსის გულწრფელად სჯეროდა და ბევრს მუშაობდა სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების მომზადებასა და რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. "და რა გაუგონარი და მუხანათური ხერხით გადაუხადეს სამაგიერიო მას ყველა სიკეთისთვის, რაც მან გააკეთა... სწორედ მაკფოლის მონაწილეობამ "გადატვირთვაში" და მისმა რწმენამ, რომ რუსეთს დემოკრატიული მოავალი აქვს, იგი (კრემლისთვის) ყველაზე სასურველ სამიზნედ აქცია".
ავტორი დასძენს, რომ კრემლი საკუთარი ლეგიტიმურობის აღდგენას ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაცდილი ხერხით ცდილობს - მან ჰიპოთეტური საგარეო საფრთხე შექმნა. შესაბამისად, პროგნოზირებდა გამოცემა, "კრემლის კურსი მომავალშიც ანტიამერიკანიზმით იქნება გაჟღენთილი".
თავის მხრივ, "ქრიშჩენ საიენს მონიტორი", რუსეთში ამერიკის ელჩის "თავგადასავლების" კომენტირებისას აღნიშნავდა, რომ მაკფოლის მიერ წამოწყებულმა გადატვრთვამ "კოჭლობა" დაიწყო. განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ნიშანი კი, სახელწმიფო დეპარტამენტის აღშფოთების საპასუხოდ, რუსული საგარეო უწყების კრიტიკული და აგდებული პასუხი გახდა. ავტორის დასკვნით, ნებისმიერი დარტყმა მაკფოლისთვის ობამასთვის და მისი პოლიტიკისთვის დარტყმას ნიშნავს.
"გადატვირთვის" მომავალში დასავლელმა მიმომხილველებმა კიდევ ერთხელ ეჭვი შეიტანეს მაკფოლის ბოლო განცხადებებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. როგორც "ტაიმსი" აღნიშნავს, მოსკოვის გაღიზიანება მოწმობს, რომ "პუტინი "გადატვირთვის" პოლიტიკას ისეთი ენთუზიაზმით არ ეკიდება, როგორც მედვედევი".
"მაკფოლი და "გადატვირთვის" დასასრული", - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ჟურნალმა "ფორბსმა". გამოცემა აღნიშნავს, რომ "აშშ-მ და რუსეთმა ამოწურეს ყველა შესაძლებლობა თანშმრომლობისთვის და ამ მარტივ ჭეშმარიტებას დიპლომატების ზრდილობაც ვეღარ დაფარავს".
საქართველო კრემლის გეგმებში
მაიკლ მაკფოლის სკანდალური გამოსვლა განსაკუთრებით საყურადღებო გახდა ერთი გარემოების გამოც - მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა პირველად დაადასტურა ის, რაზეც დიდი ხანია ექსპერტები და მიმომხილველები საუბრობენ.
რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებების უცნობი დეტალების გამჟღავნებით მაკფოლმა ნათელი გახადა, რომ მოსკოვი ახალ ადმისტრაციასთან პრიმიტიული ვაჭრობის გამართვას სრული სერიოზულობით ცდილობდა, რათა პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოქმედების სრული თავისუფლება მოეპოვებინა. რომ კრემლს უარი არ უთქვამს გავლენის სფეროს იდეაზე და მეზობელ ქვეყნებზე უშუალო კონტროლის მოპოვებას ცდილობს.
კრემლის მხრიდან საქართველოს თემაზე ვაჭრობის მცდელობა 2009 წელს და შემდგომ პერიოდში კი იმასაც მოწმობს, რომ 2008 წლის აგრესიის შემდეგ მოსკოვი საქართველოში თავის ამოცანებს შესრულებულად არ მიიჩნევდა და ქვეყანაში სიტუაციაზე კონტროლის მოპოვების გეგმებს აგვისტოს ომის შემდეგაც ამუშავებდა. ეს გეგმები, როგორც ჩანს, სწორედ ვაშინგტონის წინააღმდეგობის წყალობით ვერ განხორციელდა.