ორმოცი წლის განმავლობაში ფილიპინებზე ასეთი დიდი წყალდიდობა არ ყოფილა. ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 240 ადამიანი. მონაცემები საბოლოო არ არის. ქვეყნის დედაქალაქ მანილას დიდი ნაწილი (დაახლოებით, 80 პროცენტი) კვლავ წყლის ქვეშ რჩება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 435 ათას ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. ამ ეტაპზე თითქმის 375 ადამიანი დროებით ბანაკებშია თავშეფარებული.
24 საათი 30.09.09

ორმოცი წლის განმავლობაში ფილიპინებზე ასეთი დიდი წყალდიდობა არ ყოფილა. ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 240 ადამიანი. მონაცემები საბოლოო არ არის. ქვეყნის დედაქალაქ მანილას დიდი ნაწილი (დაახლოებით, 80 პროცენტი) კვლავ წყლის ქვეშ რჩება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, 435 ათას ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. ამ ეტაპზე თითქმის 375 ადამიანი დროებით ბანაკებშია თავშეფარებული.
სტიქიური უბედურების გამო ფილიპინების მთავრობამ მანილაში და კიდევ 25 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ამგვარი სიტუაციებისთვის ბიუჯეტში განკუთვნილი ფინანსური სახსრები გამოიყენოს.
ტროპიკულ შტორმ “კეტსანას” წყალობით კუნძულებზე 6 საათში ნალექის ერთი თვის ნორმა მოვიდა. გამძვინვარებულმა სტიქიამ პრაქტიკულად მთელი ფილიპინების პარალიზება გამოიწვია. გასულ შაბათ-კვირას დაზარალებულ რაიონებში ქვეყნის პრეზიდენტი გლორია აროიო ჩავიდა და მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
სამაშველო სამსახურმა 7900 კაცზე მეტის ევაკუაცია შეძლო. მათი უმრავლესობა საკუთარი სახლის სახურავზე იმყოფებოდა. ფილიპინების ტელემაუწყებლობამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ხალხი სტიქიისგან თავის დასაღწევად მაღალვოლტიან ელექტროხაზების ბოძებზე ასვლას ცდილობს.
დედაქალაქისკენ მიმავალი გზები მანქანებით არის ჩახერგილი. საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების გადადების გამო აეროპორტებში ათასობით მგზავრი შეგროვდა. ენერგოკომპანიებმა მანილის რამდენიმე რაიონს დენის მიწოდება შეუწყვიტეს.
დაზარალებული რაიონებიდან იუწყებიან, რომ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად სამაშველო სამუშაოები უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.
ფილიპინების პრეზიდენტმა გლორიო აროიომ გამოაცხადა, რომ დაზარალებულებს საპრეზიდენტო კომპლექს “მალაკანანგში” შეუშვებს, ხალხს შენობებშიც განათავსებენ და ეზოში დადგმულ კარვებშიც.
ბევრმა ადამიანმა წყალდიდობის შედეგად მთელი ქონება დაკარგა. მანილას სიახლოვეს მდებარე ქალაქ მარიკინას ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით “ბი-ბი-სი” იტყობინება, რომ ბევრი ადამიანი თავიანთი სახლების სახურავებსა და მეორე სართულებზე რჩება. ქალაქში არ არის სუფთა წყალი და ელექტროენერგია. ზოგიერთი თავს აფარებს ისეთ მოზრდილ შენობებს, როგორიც არის მაგალითად სავაჭრო ცენტრი. გზებზე გავლა ჯერ კიდევ შეუძლებელია.”
ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა, რადგან ხალხის საშველად მედიკამენტები, სურსათი და სამაშველო სამსახურების პერსონალი აღარ ჰყოფნით. წყლის დონე ქუჩებში, ძირითადად, ერთი მეტრია, ზოგან უფრო მეტიც.
26 სექტემბრის დილას ფილიპინებზე ქარის სიჩქარე საათში 100 კმ-მდე გაიზარდა.
გუშინ “კეტსანამ” ვიეტნამის სანაპიროს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ საშიში ცენტრალური რაიონებიდან ვიეტნამის მთავრობამ 170 ათასი კაცის ევაკუაცია მოასწრო, მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. დაღუპულია 22 ადამიანი. დაზარალდა ექვსი პროვინცია, მათ შორის კუანგამი, სადაც განლაგებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი უძველესი ქალაქი ხოი ანი.