RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

უკრაინაში აღმოსავლეთის ელექტორატმა იმარჯვა

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა.

24 საათი 08.02.10

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა.

არჩევნებში ამომრჩევლის 69 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილია ეგზიტპოლების შედეგებიც - სხვადასხვა მონაცემებით, ვიქტორ იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს 3-5 პროცენტით უსწრებს. დაწინაურებულმა კანდიდატმა მხარდამჭერებს უკვე მიულოცა გამარჯვება - რუსულ ენაზე. არჩევნების პროცესთან დაკავშირებით უკვე გააკეთა პირველი კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ეგზიტპოლების შედეგები უკრაინაში საღამოს 8 საათის, ანუ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მცირე სხვაობაა იანუკოვიჩის სასარგებლოდ.

ეგზიტპოლების მონაცემებით, იანუკოვიჩს ამომრჩეველთა - 48,7-მა, ტიმოშენკოს კი - 45,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

იანუკოვიჩის შტაბში გუშინ საღამოს რვა საათიდან ზეიმობენ - ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე პარტია “რეგიონების" ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა გერმანმა სპეციალური პრეს-კონფერენცია მოაწყო, რომელზეც იულია ტიმოშენკოს მოუწოდა, აღიაროს არჩევნებში დამარცხება და თავი შეიკავოს სასამართლოსა და ცესკო-ს ბლოკირებისაგან. პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში შტაბში იანუკოვიჩის გამოცხადდა.

ვიქტორ იანუკოვიჩის ბრიფინგი გუშინ კიევის დროით საღამოს 10 საათზე შედგა. ბრიფინგმა მთლიანად რუსულ ენაზე ჩაიარა - იანუკოვიჩს უკრაინულად კომენტარი არ გაუკეთებია, რამაც, ბი-ბი-სის ინფორმაციით, დამსწრე ჟურნალისტებში ერთგვარი გაოცება გამოიწვია. ვიქტორ იანუკოვიჩმა მომხრეებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ “გადადგმულია პირველი ნაბიჯი გაერთიანებისკენ". მან ისიც განაცხადა, რომ ხმები, რომელიც მიიღეს ტიმოშენკომ და მეორე ტურში ვერგასულმა სხვა კანდიდატებმა, მხედველობაში იქნება მიღებული. ტელეკომპანია “ინტერთან" პირდაპირი ჩართვისას კი ვიქტორ იანუკოვიჩი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა: "იულია ტიმოშენკო უნდა მოემზადოს პრემიერის პოსტიდან გადადგომისთვის. ის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა მან უნდა აღიაროს დამარცხება, როგორც ეს მე ვაღიარე პრემერის არჩევის დროს."

ამ სიტუაციაში ყველაზე საინტერესო, ცხადია ის იყო, თუ რა ვითარებაა იულია ტიმოშენკოს შტაბში. ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე, შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ “ინტრიგა შენარჩუნდება". მისი თქმით, შტაბში ცესკო-ს პარალელურად დათვლას აწარმოებენ.

საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჟურნალისტებს იულია ტიმოშენკოც შეხვდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აპირებს დაიცვას თითოეული ამომრჩევლის ხმა. მისი შეფასებით, ეგზიტპოლების შედეგები აჩვენებს, რომ სიტუაცია მყიფეა. ამიტომ მოუწოდა საკუთარ მომხრეებს, დაიცვან ხმები ადგილებზე: “იბრძოლეთ თითოეული პროტოკოლისა და აქტისთვის, რადგან თითოეულმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების ბედი!"

პირველი კომენტარი გუშინვე გაკეთდა ცესკო-შიც, სადაც პირველყოვლისა აღნიშნეს, რომ არჩევნებმა განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა; რომ უფრო აქტიური იყო აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლოება; ყველაზე მაღალი აქტივობა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში დაფიქსირდა. ზოგადად კი, ცესკო-ს მონაცემებით, 77 ოლქში ამომრჩეველთა 69 პროცენტმა მიიღო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა.

პირველი კომენტარების გაკეთება იჩქარეს დამკვირვებლებმაც: ევროსაბჭოს დამკვირვებელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა გამჭვირვალედ ჩაიარა. სადამკვირვებლო მისიის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება “ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება", ამას არ მოუხდენია მნიშვნელოვანი ზეგავლენა ხმის მიცემის პროცესზე.

ცხადია, რუსეთის ფედერაციის დამკვირვებლებმა კიდევ უფრო სწრაფად და დაბეჯითებით შეაქეს არჩევნები. “არჩევნების პერიოდში არ დაფიქსირებული ისეთი სერიოზული დარღვევები, რომელიც შედეგზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენდა" - განაცხადა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა ალექსანდრ ბროდმა.

გავრცელდა მოქმედი პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს აპარატის ხელმძღვანელის მარინა სტავნიჩუკის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, ვიქტორ იუშენკო მზადაა, კანონის შესაბამისი პროცედურების თანახმად, გადასცეს უფლებამოსილება არჩეულ პრეზიდენტს. თუმცა ისიც ითქვა, რომ მცირე სხვაობის გამო მოსალოდნელია სასამართლო გარჩევები და დავები.

კიევში ვარაუდობენ, რომ იულია ტიმოშენკო ასე ადვილად არ დანებდება და იგი აუცილებლად მოითხოვს შედეგების გადათვლას. მიღწეულის დაცვისთვის ემზადება იანუკოვიჩის მხარეც.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტია" დღეს კიევში 50-ათასკაციანი მიტინგის გამართვას გეგმავდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ რაევსკიმ გუშინ, კიევში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებამდე აუწყა საზოგადოებას. მისი თქმით, 3 თებერვალს, დეპარტამენტს ცსკ-ს წინ აქციის გამართვის უფლებაზე განცხადებით მიმართა იანუკოვიჩის საარჩევენო შტაბის უფროსმა ნიკოლაი აზაროვმა.

რაევსკის ინფორმაციით, 8 თებერვალს კიევში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან მოქალაქეები ავტობუსებით ჩამოვლენ. მისივე მტკიცებით, ამავე მიზნებისთვის კიევისა და კიევის ოლქის სანატორიუმებსა და დასვენების ბაზებში კვირას 3 ათასამდე მოქალაქე უკვე იმყოფებოდა.

რაევსკის თქმით, უკვე გუშინ კიევში პრეზიდენტის სამდივნოსთან, მინისტრთა კაბინეტთან, ცესკო-სთან, უმაღლესი რადას შენობებთან, “რეგიონების პარტიის" 160 კარავი იყო გაშლილი, რომელთაგან 12 სამხედრო ტიპისაა. დღისით ამ კარვებში 400-მდე, ხოლო ღამით 20-150 მოქალაქე იმყოფებოდა.

საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, აქციის მონაწილეების რიცხვის ზრდის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინიტრო საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში მილიციელთა რაოდენობას გაზრდის.

კიევში აქციების დაწყების შესახებ განცხადება იულია ტომოშენკომ 6 თებერვალს გააკეთა. შესაბამისად, კიევში მის მხარდამჭერთა მიტინგსაც ელოდებიან. სწორედ ამ მზადების გამოხატულება გახლდათ ის ფაქტი, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკვე გაშლილი კარვების ფონზე გაიმართა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მომხრეებს კარვები დილიდან თითქმის ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან ჰქონდათ "დაცემული". ექსცესებისა და პიკეტირებების თავიდან ასაცილებლად ადმინიტრაციულ შენობებს 1500 მილიციელი იცავდა. თუმცა საარჩევნო დღემ შედარებით უპრობლემოდ ჩაიარა.

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. 113 საარჩევნო უბანზე 225 საარჩევნო კომისია მუშაობდა. უკრაინაში სულ 36 576 763 ამომრჩეველია. საპრეზიდენტო არჩევნებზე 3780 ოფიციალური საერთაშორისო დამკვირვებელი გახლდათ რეგისტრირებული.

რეგიონების პარტიის" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩი საარჩევნო ყუთთან მე-20-ე საარჩევნო უბანზე დილის 10 საათისთვის მივიდა. "უკრაინელმა ხალხმა დაიმსახურა უკეთესი ცხოვრება. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ხმა მისცეს უკეთესობისკენ ცვლილებებს, სტაბილურ და ძლიერ უკრაინას", - განაცხადა იანუკოვიჩმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის უკრაინაში მოსალოდნელი არჩევნების მესამე ტურის გამართვა, მან განმარტა, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად ორი ტურიც საკმარისი იყო. გარდა ამისა, მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური არის პირველი ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად "და ეს ნაბიჯი იქნება დამაჯერებელი".

აქვე "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საქართველოზეც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა დაბალანსებული იქნება.

პრეზიდენტობის კანდიდატის მისვლას უბანზე პატარა ინციდენტი უძღოდა წინ.

კიევში, იმავე მე-20 უბანზე, რადიკალური ფემინისტური ორგანიზაციის 5 აქტივისტი 09:00 საათზე შეიჭრა და წელამდე გაშიშვლდა. მათი მოთხოვნები შემდეგი შინაარსის იყო - "პოლიტიკოსებმა ქვეყანა არ უნდა გააუპატიურონ". გოგონები საარჩევნო უბნიდან მილიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. 1984-1991 წლებში დაბადებული გოგონები ობოლონის მილიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, პროტოლოკი შედგა. დარღვევა ჯარიმას და 15 დღე-ღამის განმავლობაში ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ პროტესტის მონაწილეებს კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიები რომელიმე კანდიდატის მიმართ არ დაუფიქსირებიათ. მიუხედავად ამისა, მათ აქციაზე კომენტარი გააკეთა იულია ტიმოშენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება საკუთარი მოსაზრებების დემონატრირების თავისუფლებას ნებისმიერი ფორმით. აქვე მან, აღნიშნა, რომ ევროპული და დემოკრატიული უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

საარჩევნო ინციდენტებს შორის იყო იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერის საიტი ჰაკერებმა დაბლოკეს, ერთ-ერთ უბანზე კი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, საარჩევნო კომისიის მდივანი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან, რომელიც წინა ღამით საარჩევნო უბაზე იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ, უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იულია ტიმოშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით იტყობინებინებოდნენ. ტიმოშენკოს შტაბის ხელმძღვანელის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი N26 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღმოაჩინეს. “ბიულეტენები იმ სეიფში აღარ იყო, სადაც ღამით ინახებოდა", - აღნიშნა ტურჩინოვმა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ, თავისი მოქალაეობრივი ვალის შესრულების დროს, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმაც გააკეთა. "უკრაინელებს შერცხვებათ თავიანთი არჩევანის გამო, მაგრამ ეს დემოკრატიაა", - განუცხადა იუშჩენკომ გუშინ ჟურნალისტებს. მისივე განმარტებით, “უკრაინამ უნდა ისწავლოს სამართლიანი და კანონიერი არჩევნების გამართვა, ამიტომაც დღევანდელი დღის მთავარი ამოცანაა, უკრაინელებმა თავიანთ თავს დაუმტკიცონ, რომ შეუძლიათ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარება".

და ბოლოს: საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკრაინის არჩევნებს გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. შუსტერის სატელევიზიო თოქ-შოუში პირდაპირი ჩართვისას, საქარველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “მე კმაყოფილი ვარ პროცესის მიმდინარეობით. მიმაჩნია, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, უკრაინელმა ხალხმა გაიმარჯვა, რადგან ისე, როგორც აქ მიდიოდა არჩევნები, ევროპის ქვეყნებსაც გაუჭირდებოდათ არჩევნების ჩატარება. მიუხედავად ეკონომიკისა, მიუხედავად სიღარიბისა და უამრავი გამოწვევისა, უკრაინელი ხალხი იქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა სუპერცივილზებული ევროპული ერი. მე თქვენი გულწრფელად მშურს ამ თვალსაზრისით." მან ისიც აღნიშნა, რომ საქართველომ თავი შეიკავა მეორე ტურზე დამკვირვებელთა გაშვებისგან, პირველ ტურში წარმოშობილი გაუგებრობების გამო.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი