გუშინ ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
24 საათი 01.03.10
გუშინ ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
მასში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად მიიჩნევა, არჩევნები შემდგარია. არჩევნებს 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრებოდა. დეპუტატის 63 ადგილისთვის 8 პოლიტიკური პარტია იბრძოდა, მათ შორის ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ისლამური პარტია - “ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების პარტია”. არჩევნების წინ თითქმის ყველა პარტიის დეპუტატთა სია ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა სიღარიბის გამო შემოკლდა. ბევრმა მათგანმა 7 ათასი სომონის (დაახლოებით 1,5 ათასი დოლარი) ოდენობის გირაო ვერ შეიტანა. ეს მხოლოდ საპრეზიდენტო “სახალხო-დემოკრატიულ პარტიას” არ შეხებია, რომლის გამარჯვებასაც ვარაუდობენ ექსპერტები. ისინი წინა მოწვევის პარლამენტშიც უმრავლესობას ფლობდნენ - 52 მანდატს 62-იდან.
ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ პარლამენტში ისევ მმართველი პარტია და მათდამი ლოიალური “კომპარტია” მოხვდებიან. თუმცა დამოუკიდებელი დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ ახლანდელი არჩევნები აშკარად სჯობს წინა საპარლამენტო არჩევნებს. ტაჯიკების აზრით, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების მომხრეებს ეხებათ, საარჩევნო კამპანია დასავლური კულტურის ნაწილია და ის ძნელად მკვიდრდება ტაჯიკეთში. აქედან გამომდინარე ძნელია გამჭვირვალობისა და დემოკრატიის მიღწევა. ამას არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელმაც საკმაოდ წარმატებული საარჩევნო კამპანია ჩაატარა - განსაკუთრებით “ისლამური აღორძინების პარტიამ”. ისინი მიღებული ხმების დაცვას ყველა კანონიერი საშუალებით აპირებენ. ექსპერტები სახალხო საპროტესტო გამოსვლებს ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ. არჩევნების შედეგები დღეს გახდება ცნობილი.