უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, თუმცა ევროპასთან ურთიერთობის ამ კეთილმა ჟესტმა შესაძლოა, სულ რამდენიმე დღეში აზრი დაკარგოს, როდესაც კრემლთან კონკრეტული შეთანხმებები დაიდება.
24 საათი 02.03.10

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, თუმცა ევროპასთან ურთიერთობის ამ კეთილმა ჟესტმა შესაძლოა, სულ რამდენიმე დღეში აზრი დაკარგოს, როდესაც კრემლთან კონკრეტული შეთანხმებები დაიდება.
იანუკოვიჩის ინაუგურაციიდან მალევე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა, პრეზიდენტის კრიტიკოსებმა ბრიუსელის ვიზიტის მნიშვნელობაში ეჭვი შეიტანეს. მათ ეს ნაწილობრივ იმ ფაქტით ახსნეს, რომ კიევში ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა მოხსნეს, რაც 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანა გერმანის თქმით, იანუკოვიჩი დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს და თავისი საპრეზიდენტო ვადის პირველ კვირას მიუძღვნის იმას, რომ უკრაინა გახდეს "ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის". "ჩვენ ამ ხიდის მშენებლობას ბრიუსელში დავიწყებთ და მოსკოვში დავასრულებთ," - განაცხადა გერმანმა.
ეს ნიშნავს რადიკალურ გადახვევას იანუკოვიჩის წინამორბედის პოზიციიდან, რომელმაც მოსკოვთან კავშირი, ფაქტობრივად, გაწყვიტა და ევროკავშირის და ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფოდა. თუმცა, მისი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
"ჩვენი პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკის კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე განისაზღვრება. ჩვენ როგორც ჩვენი დასავლელი, ასევე აღმოსავლელი მეგობრებისგან გვჭირდება მხარდაჭერა," - განაცხადა გერმანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოების ზოგადი საკითხები, შეიძლება აგრეთვე საუბარი შეეხოს სავარაუდო შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. პარასკევს მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებები კი უფრო კონკრეტული ხასიათის იქნება.
"მოსკოვში ვიზიტისგან ჩვენ კონკრეტულ შეთანხმებებს ველოდებით. ეს არა მხოლოდ მეგობრული, არამედ პრაგმატული ვიზიტია," - განმარტა გერმანმა.
პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მომხრეები ახალი პრეზიდენტის პოლიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი იანუკოვიჩს აბრალებენ, რომ იგი ცდილობს, უკრაინა კრემლის ეკონომიკურ ვასალად აქციოს. "ევროკავშირის დროშა დაუშვეს და ეს ცუდის ნიშანია," - განაცხადა ტიმოშენკოს პარტიის მეთაურის მოადგილემ სერგეი სობოლევმა.
კიევში ევროკავშირის დროშა 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ აღმართეს. ამ რევოლუციის დროს დემოკრატიის მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლები ეწყობოდა, რომელთა შედეგადაც საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება არაკანონიერად იქნა ცნობილი. ხელმეორედ დანიშნულ არჩვენებში გამარჯვება იუშჩენკომ მოიპოვა, რომელიც საპროტესტო მოძრაობას ედგა სათავეში. იუშჩენკო მაშინვე აქტიურად გამოდიოდა ევროპული ინტეგრაციის და კრემლის კლანჭებისგან გათავისუფლების მოთხოვნით.
ტიმოშენკო ამ გამოსვლების ქარიზმატული ლიდერი იყო და იუშჩენკოს გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. თუმცა მალე მათ იჩხუბეს, რამაც მოქმედი ხელისუფლების პარალიზება გამოიწვია და იანუკოვიჩის გამარჯვებასაც ხელი შეუწყო.
ანალიტიკოსების აზრით, ის კავშირები, რომლებიც დღემდე გულმოდგინედ მყარდებოდა ევროპასთან, უკანა პლანზე გადაიწევს და პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის განახლება იქცევა.
"იანუკოვიჩის პოლიტიკაში რუსული ვექტორი წამყვანი იქნება. რაც შეეხება დასავლეთის მიმართულებას, ამას მხოლოდ იმიჯის შესაქმნელად და კრიტიკის შესაჩერებლად გამოიყენებენ," - განაცხადა კიევში არსებული გლობალური სტრატეგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ვლადიმერ კარასევმა.
ყველაზე დიდ შეშფოთებას ენერგეტიკული პოლიტიკა იწვევს. რუსეთი უკვე დიდი ხანია, ცდილობს კონტროლის დამყარებას იმ მილსადენებზე, რომლითაც ევროპას მისთვის განკუთვნილი რუსული გაზის 80 პროცენტი მიეწოდება. ეს მოცულობა ევროპის მიერ მოხმარებული გაზის მეხუთედია.
იანუკოვიჩმა რუსეთს შესთავაზა, უკრაინის მილსადენების მართვის კონსორციუმში დასავლეთთან ერთად მიიღოს მონაწილეობა. ეს კი ნიშნავს რუსეთთან ისეთი ურთიერთდამოკიდებული კავშირების დამყარებას, რომლის წინააღმდეგაც ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერები იბრძოდნენ.
"ასოშიეიტედ პრესის"
მიხედვით მოამზადა თამთა კახაძემ