თევზი, რომელიც ნიდერლანდებში საკულტო კერძია, თანდათანობით ქრება
24 საათი 02.03.10
თევზი, რომელიც ნიდერლანდებში საკულტო კერძია, თანდათანობით ქრება
ნუმანსდორპი, ნიდერლანდები - დოდე ვისერს (Doede Visser) თვალზე ცრემლი ადგება, როდესაც იხსენებს, თუ როგორ მიირთმევდა ბავშვობაში გველთევზას.
“მხოლოდ მეთევზეების შვილებმა იციან, როგორი გემო აქვს მას, როდესაც ჯერ კიდევ თბილია და მისი კანი ტუჩებზე გიღიტინებს,” - ამბობს 63 წლის მისტერ ვისერი. მისი სახელიც კი ჰოლანდიურად “მეთევზეს” ნიშნავს. მამამისი, მათი გვარის მრავალი სხვა მამაკაცის დარად, მეთევზე იყო.
“დედაჩემი გველთევზას ორთქლზე ამზადებდა ან წვავდა, - ამბობს ის და სახეს კმაყოფილი ღიმილი უნათებს, - მამაჩემი შებოლილს ამზადებდა ყოველ შობაზე.”
მისტერ ვისერი ტელეკომუნიკაციები სფეროში მუშაობს, მაგრამ ორი წლის წინ გველთევზის დაჭერით დაკავებულ მეთევზეთა ჯგუფმა, რომლის წევრები მამამისს იცნობდნენ, მას დახმარების თხოვნით მიმართა. ჩრდილოატლანტიკური გველთევზა, რომელიც ნიდერლანდებში არა მხოლოდ საკვები, არამედ კულტიცაა, გაქრობის პირასაა - ძირითადად უზომო თევზჭერის შედეგად, რაც იაპონიასა და ჩინეთში ახალგაზრდა გველთევზების ახალი ბაზრების გაჩენით არის განპირობებული. ბუნების დამცველი ჯგუფები მთავრობას გველთევზის ჭერაზე შეზღუდვების დაწესებას სთხოვენ. ქვეყნის შიდა წყლებში მომუშავე მეთევზეებმა, რომლებიც გველთევზას იჭერენ და ახლა ამ თევზივით გადაშენების პირას არიან, მისტერ ვისერს თავიანთი ინტერესების დასაცავად მიმართეს.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ წლიდან დაწყებული, გველთევზას დაჭერა სექტემბრიდან ნოემბრამდე აკრძალული იქნება. “ეს კარგი დასაწყისია, თუმცა, ჩვენი აზრით, ამ სახეობის აღდგენას რამდენიმე წელი დაჭირდება,” - ამბობს კლარისა ბუმა (Clarisse Buma), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი ნიდერლანდებში. “ევროპულ გველთევზას საფრთხე სიცოცხლის ყველა ეტაპზა ემუქრება,” - ამბობს ის.
თუმცა, ბევრი დრო არც გველთევზის დაჭერით დაკავებულ მეთევზეებს დარჩენიათ. ამიტომ, მისტერ ვისერი, რომელიც დღეს ჰოლანდიის შიდა წყლებში მომუშავე მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარეა, მთავრობასთან ალტერნატიული გეგმის თაობაზე შეთანხმებას ცდილობს. იმ დროს, როდესაც მისტერ ვისერის მამა თევზაობდა, ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარე მის მშობლიურ ფრისლანდიის არხებსა და მდინარეებზე ორასამდე მეთევზე მუშაობდა, დღეს კი მხოლოდ ჩვიდმეტია დარჩენილი.
“ცუდი მდგომარეობაა,” - ამბობს ის.
არტ ვან დერ ვალი (Aart van der Waal) ნამდვილად არ არის კმაყოფილი. ზორბა, სვირინგებიანი მამაკაცი, რომელიც დროდადრო ჯორჯ ორუელს ციტირებს და რომლის მობილური ტელეფონის ზარი “როლინგ სტოუნსის” სიმღერა “Satisfaction” არის, ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად აგურის სახლში ცხოვრობს სოფელში, რომელიც მდინარე ჰოლანდს-დიპის შესართავთან მდებარეობს. მისტერ ვან დერ ვალი 40 წლის არის, სადაზღვევო ბროკერის შვილია და გველთევზის ჭერით მოზარდობის წლებიდანაა დაკავებული. ეს საქმე მან მხოლოდ ერთი წლით მიატოვა, როდესაც იურისტის პროფესიას ეუფლებოდა, ხოლო შემდეგ ისევ გველთევზებს დაუბრუნდა. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ მისი ხელობისადმი ინტერესს არც ერთი არ ამჟღავნებს.
“ხედავენ, რომ მამას ხელები გაყინული აქვს და მთავრობასთანაც აქვს პრობლემები,” - ამბობს და თავს აქნევს.
რაინისა და მაასის დელტაში თევზაობს, სადაც ერთი საუკუნის წინ გველთევზას ბადეებით 100 მეთევზე იჭერდა. დღეს აქ მხოლოდ ოთხი მეთევზე დარჩა. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, მდინარეებში შემავალი ახალგაზრდა გველთევზების რაოდენობა ადრე არსებული რაოდენობის ერთ პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დანაკარგების კომპენსირებისთვის თევზჭერით დაკავებულ ბიზნესს 960 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, მისტერ ვან დერ ვალი სკეპტიკურადაა განწყობილი. “მთავრობა ფულს გვაძლევს, მაგრამ ეს იმის ნახევარია, რასაც ჩვენ ვშოულობთ, - ამბობს ის, - მეტიც, ბევრი მეთევზე ამას შეურაცხყოფად მიიჩნევს და ფულზე უარს ამბობს, მაგრამ მე ოთხი შვილი მყავს და ფული მჭირდება.”
იმის გამო, რომ გველთევზას გადაშენების საფრთხე ემუქრება, ზოგიერთმა ჰოლანდიურმა მეურნეობამ გველთევზას მოშენება დაიწყო, ხოლო სუპერმარკეტების ქსელებმა მარაგების დაგროვება შეწყვიტა. საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა მათი ჩანაცვლება დაიწყეს. ესპანეთში, სადაც ახალგაზრდა გველთევზებს აზიაში ექსპორტისთვის იჭერენ, გველთევზას ხორცს ალასკური საიდა ცვლის. ნიდერლანდებში საკვები პროდუქტების მსხივლმა საბითუმო კომპანიამ “Anova Seafood” აფრიკული ლოქოს ორი სახეობის შეჯვარებით ახალი თევზი გამოიყვანა, რომელსაც კლარესი (Claresse) დაარქვა და გველთევზას ნაცვლად ყიდის როგორც შებოლილს, ისე ახალს.
გველთევზებით მოვაჭრე 69 წლის იუსტ კანტი (Joost Kant) ამბობს, რომ გარეულ გველთევზას ფერმის ან სუროგატი თევზისგან “თვალდახუჭული” არჩევს. მისი თქმით, “გარეული გველთევზა ლოკოკინებს, მწერებს და ყველანაირ არსებას ჭამს, ხოლო ფერმაში მოშენებული გველთევზები სხვა თევზებით იკვებებიან.”
მისტერ კანტი გველთევზით 30 წლის მანძილზე ვაჭრობდა და თევზის ნახევარზე მეტი მუხის ან არყის ხის ცეცხლზე იყო შებოლილი. დიდ ნაწილს საკუთარ შვილს აწვდიდა, რომელიც თევზის ბაზრის მფლობელია. თუმცა, გველთევზას ჰოლანდიელების სუფრაზე არდინდელი ადგილი აღარ უჭირავს. როდესაც ვკითხეთ, მიირთმევს თუ არა გველთევზას დიდ რაოდენობით, მისტერ კანტმა გვიპასუხა: “არა, ბევრს არა და თანაც მხოლოდ ახლადშებოლილს.”
ჯონ ტალიაბიუ