მახაჩკალა, რუსეთი - მაგომედხან მაგომედხანოვს, ეთნოგრაფს რუსეთის შემადგენლობაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკიდან, აშშ-ში ბოლო ვიზიტის დროს უცნაური რამ შეემთხვა.
24 საათი 02.03.10

მახაჩკალა, რუსეთი - მაგომედხან მაგომედხანოვს, ეთნოგრაფს რუსეთის შემადგენლობაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკიდან, აშშ-ში ბოლო ვიზიტის დროს უცნაური რამ შეემთხვა.
ჰარვარდის უნივერსიტეტში სახელგანთქმული კოლეგების გარემოცვაში მყოფმა იგრძნო, რომ სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო საშუალება ხუმრობა იქნებოდა და საყვარელი ანეკდოტი მოყვა ებრაელზე, რომელიც გარეული ცხოველებით სავსე ორმოში ჩავარდა.
ეს იყო და ყინულოვანი, თითქმის მტრული სიჩუმე ჩამოვარდა. მისტერ მაგომედხანოვს გაახსენდა, რომ დაღესტანში არ იყო.
ის არჩიბელებს შორის გაიზარდა. ეს არის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც 1200 ადამიანს ითვლის, უცნობი წარმომავლობის ენაზე საუბრობს და სულ მცირე შვიდი საუკუნის მანძილზე გარე სამყაროსთან მხოლოდ მთის ოღროჩოღრო ბილიკებით იყო დაკავშირებული. ასეთი ვითარება საკმაოდ ტიპიურია დაღესტანში, სადაც 14 მსხვილი და რამდენიმე ათეული მცირე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.
ამ გარემოებებმა განსაკუთრებულად ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა ეთნიკური იუმორისთვის. დაღესტნელებს ეთნიკური ანეკდოტების მოყოლა საათობით შეუძლიათ. მუდმივად უბრუნდებიან საყვარელ თემებს ავარების ფიზიკურ ძალასა და სიბრიყვეზე, დარგინების უსირცხვილო მომხვეჭელობაზე, ლეზგინების ყბადაღებულ სიმხდალეზე, ლაკების ეშმაკობაზე და ასე შემდეგ. ამას გარდა, მოისმენთ ხუმრობებს ზოგიერთი სოფლის შესახებ, სადაც განსაკუთრებით ბრიყვი ხალხი სახლობს.
ერთი მაგალითი: ავარს დაჭრილი დარგინი ბრძოლის ველიდან გაჰყავს. დარგინი მეგობარს ევედრება, რომ მიატოვოს, რათა ორივენი არ დაიღუპონ, ოღონდაც სთხოვს, რომ მოკლას და ტანჯვისგნა იხსნას. ავარი, როგორც იქნა, დაუჯერებს, ამოიღებს იარაღს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ტყვია-წამალი არ აქვს. დარგინი ჯიბეებს მოიქექავს, ტყვიას იპოვის და ავარს ეტყვის, მოგყიდიო.
ან კიდევ: ავარი მახაჩკალაში მანქანით მიდის. მგზავრის სავარძელში ლაკი უზის. შორიდან წითლად ანთებულ შუქნიშანს შენიშნავს, სვლას უმატებს და წითელზე გაივლის. “წითელზე გაიარე!” ეუბნება ლაკი. “ავარები წითელზე არ ჩერდებიან,” - პასუხობს ავარი და არც შემდეგ შუქნიშანზე აჩერებს მანქანას. რამდენიმე წუთში მომდევნო შუქნიშანზე მწვანე აინთება და ავარი მანქანას გააჩერებს. “რატომ გაჩერდი?” - ეკითხება ლაკი. “სიფრთხილეს თავი არ სტკივა, - პასუხობს მეგობარი, - შესაძლოა, მეორე მხრიდან ავარი მოდიოდეს.”
ზოგი ამბობს, რომ ანეკდოტების მოყოლის ტრადიცია ტოპოგრაფიით არის განპირობებული. სანამ საბჭოთა ხელისუფლება სოფლების გაერთიანებებს (ანუ ჯამაათებს) ერთმანეთთან მოასფალტებული გზებით დააკავშირებდა, სახალხო მთქმელები სოფლიდან სოფელში დადიოდნენ და მეზობლების უცნაური ჩაცმულობის ან განსხვავებული წეს-ჩვეულებების შესახებ მღეროდნენ, ამბობს ენვერ კისრიევი, დაღესტნელი სოციოლოგი, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობს. დიფერენციაცია ჯამაათებს შორის იმდენად ღრმა იყო (მაგალითად, ცოვკრა - ბაგირზე მოსიარულეთა სოფელი იყო, ხარბუკი - მეხანჯლეების სოფელი), რომ საუკუნეების მანძილზე, ლინგვისტური და ეთნიკური ბარიერების მიუხედავად, იძულებულნი იყვნენ, რომ ერთმანეთთან ევაჭრათ.
მისტერ კისრიევის თქმით, ამან ხალხში ღრმა შემწყნარებლობა წარმოშვა.
“დაღესტანში ყველამ იცის, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ჩვენგან სრულიად განსხვავებულად აზროვნებს, - ამბობს მისტერ კისრიევი, - რუსი ადამიანისთვის, რომელიც ცენტრიდან მოშორებულ სოფელში ცხოვრობს და კავკასიელი ადამიანი არასოდეს უნახავს, ყველაფერი მოულოდნელი და უცხოა. დაღესტანში ეს შეგრძნება არ არსებობს. ჩვენ ადამიანების ქცევა არასოდეს გვაკვირვებს.”
მისტერ კისრიევის თქმით, ეროვნება დაღესტნელებისთვის ისტორიულად არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი, მაგრამ საკითხმა წინა პლანზე საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ვაკუუმში წამოიწია, რადგანაც ადგილობრივმა კლანებმა პოლიტიკური ძალები ეთნიკური ნიშნით შექმნეს.
“ადამიანი დაცვის თხოვნით, როგორც წესი, ხელისუფლებას ან პოლიციას მიმართავს, - ამბობს ის, - მაგრამ თუ ეს ძალა იმსხვრევა, ხალხი ტრადიციულ გაერთიანებებს უბრუნდება.” მისტერ კისრიევი ამბობს, რომ დარესტანში ასეთი გაერთიანება ჯამაათი ან სოფელია, რადგანაც, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ისინი გასაჭირში მყოფი თავისიანების დასაცავად შეიარაღებული ხალხით სავსე ავტობუსებს გამოყოფდნენ.
ამ ვითარებაში ეთნიკური ანეკდოტები უსაფრთხოების სარქველის როლს ასრულებს. თუ ადამიანს ეს ანეკდოტები არ მოსწონს, ეს მისი “ხასიათის ნაკლოვანებად” აღიქმება, ამბობს მისტერ მაგომედხანოვი, რომლის მეცნიერულ შრომებს შორისაა “ტატუირებული მთიელი ქალები და დაღესტნური კოვზების ზარდახშები”.
ერთ-ერთ ანეკდოტში კაცი ავარელ მეზობელ გიტიასთან მიდის და ამბობს: “გიტია, რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი ანეკდოტი მოვისმინე, მაგრამ ავარებზე არის. არ მინდა გაწყენინო, ამიტომ ამ ანეკდოტს აზერბაიჯანელებზე მოვყვები.” მართლაც ყვება ანეკდოტს და გიტია სიცილით იხრჩობა. “ღმერთო ჩემო, - სულს ითქვამს გიტია, - რა იდიოტები არიან ეს აზერბაიჯანელები!”
ელენ ბარი