ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ერაყში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავრცელდა, ის არის, რომ არჩევნებზე შიიტები და სუნიტები ერთნაირად აქტიურობდნენ.
24 საათი 10.03.10
ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ერაყში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავრცელდა, ის არის, რომ არჩევნებზე შიიტები და სუნიტები ერთნაირად აქტიურობდნენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის აქტივობამ 62 პროცენტი შეადგინა, ხოლო ძირითადად სუნიტებით დასახლებულ პროვინცია ანბარში, რომელიც ბაღდადის დასავლეთით მდებარეობს და საუდის არაბეთს, იორდანიასა და სირიას ესაზღვრება, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 61 პროცენტი გამოცხადდა.
არჩევნებამდე ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნით ადრე ვარაუდობდნენ, რომ სუნიტები, რომლებიც სადამ ჰუსეინის დროს პრივილეგირებულ უმცირესობას წარმოადგენდნენ, არჩევნებს, 2005 წლის მსგავსად, იგნორირებას გაუკეთებდნენ.
ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც ქურთები ცხოვრობენ, აქტივობამ 80 პროცენტი შეადგინა.
საერთო ჯამში, 7 მარტის არჩევნებზე მოქალაქეობრივი პოზიცია უფრო ნაკლებმა ადამიანმა დააფიქსირა, ვიდრე 2005 წელს. 5 წლის წინ არჩევნებში ერაყელთა 75 პროცენტი მონაწილეობდა.
ამომრჩეველთა აქტივობის შემცირების მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები რადიკალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ასახელებენ. კენჭისყრის დღეს განხორციელებულ აფეთქებებსა და ნაღმსატყორცნებიდან სროლას ბაღდადში, მოსულში, ფალუჯასა და ბაქუბში 38 ადამიანი ემსხვერპლა.
მიუხედავად ამისა, ბოევიკებმა მუქარა ვერ განახორციელეს და არჩევნების ჩაშლა ვერ მოახერხეს.
პარლამენტის 325 დეპუტატი, დაახლოებით, 19 მილიონ ერაყელს უნდა აერჩია. საპარლამენტო მანდატებისთვის 86 პარტიისა და ჯგუფის 6200 კანდიდატი იბრძოდა.
არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა 500-მდე კანდიდატს, რომლებსაც სადამ ჰუსეინს აკრძალულ პარტია “ბაასთან” თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.
არჩევნების წინასწარი შედეგები 2-3 დღეში გახდება ცნობილი, ხოლო ოფიციალური შედეგები მარტის ბოლოსთვის გამოცხადდება.
თავდაპირველი ინფორმაციით, რომელიც ეგზიტ-პოლებს ეყრდნობოდა, გამარჯვება ლიბერალ-პატრიოტულმა პარტიამ "ერაყმა" მოიპოვა, რომელსაც პირველი გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი აიად ალაუი უდგას სათავეში.
თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამარჯვების რეალური შანსი აქვს კოალიცია "კანონის სახელმწიფოს", რომელსაც ამჟამინდელი პრემიერი ნური მალიქი ხელმძღვანელობს.
ერაყის საარჩევნო კომისიის ანონიმი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მალიქის მომხრეები ერაყის 18 საარჩევნო ოლქის ნახევარში ლიდერობენ, მათ შორის ბაღდადსა და ქვეყნის შიიტურ სამხრეთშიც. ხოლო პარტიამ "ერაყმა" გამარჯვება ერაყის ჩრდილოეთსა და დასავლეთში მოიპოვა.
მალიქიც და ალაუიც შიიტები არიან, თუმცა ეს უკანასკნელი ერაყის ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ საერო და მაღალი რანგის პოლიტიკოსად მიიჩნევა და აქედან გამომდინარე სუნიტებისა და ქურთების მხარდაჭერითაც სარგებლობს.
ქვეყნის კიდევ ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალაა შიიტი მქადაგებლის - მოქთადა სადრის ეროვნული ალიანსი.
არსებული შეხედულებით, აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს და ქვეყანას ელოდება სამთავრობო კოალიციის ფორმირების საკითხზე მოლაპარაკებები, რასაც შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
ერაყში ამერიკული ძალების მეთაური გენერალი რეიმონდ ოდიერნო აცხადებს, რომ "ჰორიზონტზე ვერ ხედავს რაიმე სახის კატასტროფულ მოვლენებს" და ერაყიდან ჯარების გაყვანის წინასწარ დადგენილი გრაფიკის ზედმიწევნით ზუსტად დაცვას აპირებს.
ამერიკასა და ერაყს შორის 2008 წლის ნოემბერში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ამერიკული ძალების ძირითადმა ნაწილმა ქვეყანა 2010 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დატოვოს, ხოლო კიდევ 50 ათასი ჯარისკაცი სამშობლოში 2011 წლის ბოლოსთვის დაბრუნდება.
ამავე დროს, ოდიერნოს აზრით, კიდევ 5-10 წელი იქნება საჭირო იმის გადაწყვეტით სათქმელად, იქცა თუ არა ერაყი დემოკრატიულ ქვეყნად.