კვიპროსის პოლიციამ ნიქოზიის ერთ-ერთ სასაფლაოზე, სავარაუდოდ, მიაგნო ექს-პრეზიდენტ ტასოს პაპადოპულოსის ცხედარს, რომელიც შარშან 11 დეკემბერს გარდაცვალების წლისთავამდე ერთი დღით ადრე სოფელ დეფტერას სასაფლაოდან გაიტაცეს.
24 საათი 10.03.10

ჩატარდება დნმ-ის ანალიზი, რათა საბოლოოდ დადგინდეს ცხედრის კუთვნილება. პოლიცია არ ახმაურებს იმ წყაროს, რომელიც მათ ცხედრის პოვნაში დაეხმარა. პაპადოპულოსი კვიპროსის პრეზიდენტი 2003-დან 2008 წლამდე იყო, როდესაც 74 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. გამტაცებლების ვინაობა და მათი მოტივები უცნობია, მაგრამ დანაშაული წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული იყო, მათ მოახერხეს 250 კილოგრამიანი საფლავის ქვის აწევა. პაპადოპულოსი ახალგაზრდობიდან მონაწილეობდა შეიარღებულ ბრძოლაში კვიპროსზე ბრიტანელების მმართველობის წინააღმდეგ, მთელი კარიერის განმავლობაში მტერიც ბევრი შეიძინა. ის, პირველ რიგში, ცნობილია იმით, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში კვიპროსელმა ბერძნებმა რეფერენდუმზე უარყვეს გაერო-ს მიერ შეთავაზებული ქვეყნის გაერთიანების გეგმა, რომელიც მანამდე კუნძულის თურქულმა ნაწილმა მოიწონა.