ჩრდილოეთ კავკასიის ექსპერტები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ვაჰაბიზმის ერთ-ერთ იდეოლოგ საიდ ბურიატსკის მკვლელობა ზუსტი და სერიოზული დარტყმაა შეიარაღებულ იატაკქვეშეთზე.
24 საათი 10.03.10

ჩრდილოეთ კავკასიის ექსპერტები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ვაჰაბიზმის ერთ-ერთ იდეოლოგ საიდ ბურიატსკის მკვლელობა ზუსტი და სერიოზული დარტყმაა შეიარაღებულ იატაკქვეშეთზე.
ცოტა ხნის წინ ჩეჩენი მოჯაჰედების საიტ “კავკაზ-ცენტრზე” გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბურიატსკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია - ალექსანდრე ტიხომიროვი, მარტის დასაწყისში მოკლეს.
მებრძოლის ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, ბურიატსკის ეკუთვნის, იდენტიფიკიციისათვის დონის როსტოვში გადაიგზავნა.
რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა 5 მარტს გააკეთეს განცხადება, რომ ინგუშეთის ნაზრანის რაიონში 2 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა რუსეთის სამხრეთ ნაწილის “ტერორისტული იატაკქვეშეთის მთავარი იდეოლოგი” საიდ ბურიატსკი. “ფე-ეს-ბე”-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა შეიარაღებულ მებრძოლთა ლიდერს “ნევის ექსპრესის” აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.
მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრ ალექსეი მალაშენკოს თქმით, ვაჰაბიტების ლიდერის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნოა, ვინაიდან “იგი დაადასტურეს როგორც ოფიციალურად, ასევე იმ ისლამისტებმა, რომელთაც იგი მიეკუთვნებოდა.”
“კომერსანტის” ჟურნალისტ მუსა მურადოვის აზრით, ამ შემთხვევაში ბურიატსკის მკველელობის ინსცენირება გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სიტუაციებში რაღაც ფაქტის გამოგონება ხშირად ხდება ხოლმე. მურადოვის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილ ოპერაციაში მხოლოდ ფედერალური ძალები მონაწილეობდნენ. ეს იმაზე მიუთითებს, ერთი მხრივ, ოპერაცია წინასწარ სერიოზულად მზადდებოდა და, მეორე მხრივ, ბურიატსკის ადგილსამყოფელი მისი გარემოცვიდან გახმაურდა.
მალაშენკომ განმარტა, თუ რატომ იქცა ბურიატსკი შეიარაღებული იატაკქვეშეთისთვის ასე მნიშვნელოვან ფუგურად: “ის საკმაოდ კარგად მომზადებული ქარიზმატული პიროვნება იყო, რომელიც მომავალში შესაძლოა, ლიდერად ქცეულიყო. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი ეთნიკური თავისებურება - ის ნახევრად რუსი და ნახევრად ბურიატი იყო. ამით ის აჩვენებდა, რომ ისლამს ისეთი ადამიანებიც იღებდნენ, რომლებიც არც თურქები არიან და არც არაბები,” - განაცხადა მალაშენკომ.
თუმცა ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ბურიატსკი “ნევის ექსპრესის” აფეთქებაში მონაწილეობდა. “ეს მისი სტილი არ იყო. დერ ერთი - იგი კავკასიში მოქმედებდა და მეორე - ის ადამიანი, რომელსაც იდეოლოგის როლზე აქვს პრეტენზია და ძალიან დიდი მომავალი ელოდება, ამ ე.წ “წვრილმანებით” არ დაკავდებოდა. “ნევის ექსპრესის” აფეთქება მის იმიჯს შეარყევდა. ერთია კავკასიაში ჯიჰადის საქმე და სულ სხვაა საკმაოდ გაურკვეველი მიზანი,” - განაცხადა მალაშენკომ.
ექსპერტთა შეფასებით, ფედერალური ძალების მთავარ მიზნად კვლავ რჩება შეიარაღებულ მებრძოლთა ლიდერ დოკუ უმაროვის დაკავება ან ლიკვიდაცია. “უმაროვის შემდეგ მეორე ადგილზე ბურიატსკი იყო. დანარჩები მესამე და მეოთხეხარისხოვან როლებს თამაშობენ. ცხადია ისიც, რომ მათ შორის არავის აქვს ქარიზმა,” - აცხადებს მალაშენკო.
თავის მხრივ, მუსა მურადოვი მიიჩნევს, რომ ბურიატსკის სიკვდილის გამო იატაკქვეშეთის შეიარაღებული მებრძოლები “არც გაუჩინარდებიან და არც აორთქლდებიან”.