სამშაბათს ჟენევაში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი დაიწყო.
24 საათი 11.03.10

სამშაბათს ჟენევაში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი დაიწყო.
ჯერ კიდევ დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელმაც გასული წლის დეკემბერში ვადაგასული დოკუმენტი უნდა ჩაანაცვლოს, "თითქმის დასასრულს მიუახლოვდა". 24 იანვარს კი ქვეყნის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ "მოლაპარაკებები ნორმალურად მიიწევს წინ და საკითხების 95 პროცენტზე მხარეები შეთანხმებულები არიან."
მე-9 რაუნდის დაწყებამდე, რომელიც 1-დან 27 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა, რუსი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს შეხვედრა უკანასკნელი იქნებოდა და ისინი შეთანხმების ხელმოწერის თარიღსაც კი ასახელებდნენ - მარტის თვის ბოლო.
ორშაბათს მე-10 რაუნდის გახსნამდე რუსეთის მაღალჩინოსანმა სამხედრომ შეთანხმების პერსპექტივაში ეჭვი შეიტანა. გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უშიშროების საბჭოს მეთაურის მოადგილემ იური ბალუევსკიმ განაცხადა, რომ "დღეს მოლაპარაკებების პროცესი არცთუ მარტივად მიმდინარეობს და მთელი რიგი პრობლემები არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, თუმცა მისი რატიფიკაცია გაჭიანურდება. ას საკითხი მარტივი არ არის არა მარტო ამერიკაში, არამედ, შემიძლია ვთქვა, რუსეთშიც," - დაამატა მან.
სახელმწიფო დუმის მიერ შეთანხმების რატიფიკაციისას შესაძლო გართულებების შესახებ განცხადება პირველად ორი კვირის წინ გაკეთდა, როდესაც ქვედა პალატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩევი ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა.
ამასთან, კოსაჩევმა, მართალია, 24 თებერვალს განაცხადა, რომ "სრულიად ნათელია, ამ შეთანხმებაში, რაც არ უნდა გვინდოდეს, ეს თემა (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა) არ აისახება," თუმცა უკვე მეორე დღესვე შენიშნა, რომ თუ დოკუმენტი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემასთან არ დაუკავშირდება, სახელმწიფო დუმა ხელშეკრულების რატიფიკაციას არ მოახდენს.
თუ სახელმწიფო სათათბირო პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას არ დაამტკიცებს, ეს ათწლეულის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დუმის და კრემლის აზრი გაიყოფა.
არსებული მონაცემებით, მოლაპარაკებების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ამერიკელთა გეგმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნის შესახებ.
ვაშინგტონს მიაჩნია, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის და სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ პრობლემები ცალ-ცალკე უნდა განიხილონ, მოსკოვს კი შეთანხმებაში ისეთი ვალდებულებების ჩართვა სურს, რომლებიც ამერიკას, ფაქტობრივად, აუკრძალავს ამ სფეროში ცალმხრივ ქმედებას.
ექსპერტები განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ იმის შესახებ, ვის უფრო სჭირდება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების გაფორმება.
მოსკოვში ოფიციალურ დონეზე კვლავ აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიიწევს წინ.
"ამერიკასთან ინტენსიური მოლაპარაკებების მეშვეობით შედარებით მცირე დროში შევძელით სტრატეგიული შეტევითი პოტენციალის შესახებ ახალი შეთანხმების დამუშავება, რომელიც არსებული შეიარაღების შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს," - განაცხადა 5 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თავდაცვის სამინისტროში კოლეგიის სხდომაზე. "ინტენსიური მუშაობის შედეგად მხარეებმა შეძლეს, არსებითად მიახლოებოდნენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას," - საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს 1 მარტის განცხადებაში.
პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი რეალურად მიიჩნევს დოკუმენტის ხელმოწერას მარტში-აპრილში.
თუმცა ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ ისინი ხელოვნურად არ დააჩქარებენ ამ შეთანხმების ხელმოწერის პროცესს.
"ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებების დაჩქარებას იმისთვის, რომ შეთანხმების ხელმოწერა აპრილში დადგეგმილ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრას დავამთხვიოთ," - განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა. ლაპარაკია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩაატარებს.
გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ მხარეები არ ჩქარობენ ზუსტად განსაზღვრულ ვადაში დაასრულონ ხელშეკრულებაზე მუშაობა - "ჩვენ არ გაგვაჩნია ხელოვნური ვადები" - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მხარეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. "მოლაპარაკების მონაწილეები ახალი შეთანხმების ბოლო რამდენიმე საკითხზე მუშაობენ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება," - განაცხადა რობერტ გიბსმა. ლავროვის აზრითაც, მოლაპრაკებების დასრულებამდე მცირე დრო დარჩა: "ჩვენ მზად ვართ, რომ ეს 2-3 კვირაში დასრულდეს. თუ ყველაფერი მთავარი პრინციპის - პარიტეტულობის გათვალისწინებით მოხდება, ყველა საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდება."
ლავროვმა მაინც გაამახვილა ყურადღება იმაზე, რასაც რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად მოითხოვს - კერძოდ, თავდაცვით და შეტევით შეიარაღებას შორს კავშირი იურიდიულად სავალდებულო ფორმაში დაფიქსირდება.
საერთაშორისო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის განიარაღებისა და კონფლიქტის დარეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსანდრე პიკაევმა შენიშნა, რომ საკმაოდ რთულია იმაზე მსჯელობა, დარჩა თუ არა მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი პრინციპული წინააღმდეგობები, ვინაიდან "მხარეები საკმაოდ დახურულად მოქმედებენ და ცდილობენ, ინფორმაციის გამომჟღავნება მინიმალური იყოს."
სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების პირველ შეთანხმებას 1991 წლის 31 ივლისს მოეწერა ხელი და 1994 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. 2001 წლის 6 დეკემბერს ამერიკამ და რუსეთმა განაცხადეს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეს.
გასულ წელს რუსეთის ბირთვული იარაღის საფრთხის შემცირების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა სერგეი რიჟკოვმა განმარტა, რომ შეთანხმების ხელმოწერის მომენტში ამერიკას ჰქონდა 2246 მატარებელი და 10563 საბრძოლო მუხტი, რუსეთის ფედერაციას კი - 2288 მატარებელი და 8757 საბრძოლო მუხტი. 2009 წლისთვის ამერიკამ თავისი სტრატეგიული საბრძოლო არსენალი 1195 მატარებლამდე და 5573 მუხტამდე, ხოლო რუსეთმა 811 გადამზიდამდე და 3906 საბრძოლო მუხტამდე შეამცირა.
ახალი შეთანხმება ითვალისწინებს რაკეტა-მატარებლების (ან სტრატეგიული ბომბდამშენების) შემცირებას 500-1100 ერთეულამდე, ხოლო ქობინების - 1500-1675 ერთეულამდე.