სოფელი მენგში, ჩინეთი:
24 საათი 03.07.11
სოფელი მენგში, ჩინეთი:
ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ჩინეთში ათასობით ადამიანს დაუსვეს ტყვიით მოწამვლის დიაგნოზი, რასაც ბატარეების მწარმოებელი და ლითონის მდნობელი ქარხნების მიერ გარემოს დაბინძურებით ხსნიან. არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყნის მთავრობა საწარმოების საქმიანობას არავითარ ყურადღებას არ აქცევს, რადგან ჩინეთი სწრაფი ტემპებით ვითარდება იმ პირობებში, როცა ეკოლოგიური მოთხოვნები მათ მიმართ ჩანასახობრივ მდგომარეობაშია.
ეკონომიკური განვითარების საფუძველზე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით ადგილობრივი მთავრობები გარემოს დაბინძურებას, მუშახელის უსაფრთხოებასა და საზოგადოების ფიზიკურ სიჯანსაღეს უყურადღებოდ ტოვებენ.
Human Rights Watch-ის მიერ ამ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მასობრივი მოწამვლის საპასუხოდ ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად ტყვიით დაბინძურებაზე გარემოს შემოწმებას ზღუდავს, შემოწმების შედეგებს საიდუმლოდ ინახავს ან მათ მანიპულაციას ახდენს, პაციენტებს მკურნალობაზე უარს ეუბნება ან მშობლებისა და აქტივისტების გაჩუმებას ცდილობს.
სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას ადამიანის ტვინის, თირკმლების, ღვიძლის, ნერვული სისტემისა და კუჭის დაზიანება შეუძლია. გამორიცხული არც სიკვდილია. განსაკუთრებული საფრთხე ბავშვებს ემუქრება, რადგან მათს ორგანიზმში ტყვია მოზრდილებისაზე უფრო ადვილად ხვდება. "ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის არცერთი დონე უსაფრთხო არ არის," - ამბობს დოქტორი მერი ჯინ ბრაუნი, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მუშაობს. შესაბამისი წესების დანერგვის მცდელობების მიუხედავად მთავრობის რეაქცია მაინც მერყევია.
მასობრივი მოწამვლის შემთხვევები ცნობილი, როგორც წესი, მაშინ ხდება, როცა მშობლებს ეჭვი უჩნდებათ, ბავშვს საავადმყოფოში ანალიზებს უკეთებენ, შემდეგ კი შედეგების შესახებ მეზობლებსა და თანამშრომლებს ატყობინებენ. ამ საკითხზე თითზე ჩამოსათვლელი კვლევაა ჩატარებული და ყველა მათგანი უზარმაზარი პრობლემის არსებობაზე მიუთითებს. 2001 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ასეთ სტატიაში ნათქვამია, რომ ტყვიით მოწამვლა ჩინეთის ერთ-ერთი უმთავრესი პედიატრიული პრობლემაა. 2006 წელს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ჩინელი ბავშვების მესამედს სისხლში ტყვიის ზომაზე მაღალი შემცველობა აქვს. 2006 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვებისათვის ანალიზის ჩატარება საჭირო არ არის, რადგან სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ეცემა, თუმცა იმ დროიდან ელექტროველოსიპედების, მოტოციკლეტებისა და მანქანებისათვის ტყვიის მჟავის ბატარეების მწარმოებელი ქარხნების რაოდენობა მხოლოდ იზრდებოდა.
ჩინეთის ბატარეების ინდუსტრიის ასოციაციის დირექტორის მოადგილის ვანგ ჯინგჟონგის მონაცემებით, ეს ინდუსტრია წელიწადში 20 პროცენტით იზრდება და ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. ჩინეთში ამჟამად დაახლოებით 2000 ასეთი ქარხანა და ბატარეების გადამამუშავებელი 1000 ფაბრიკაა. წესების დაცვა, საუკეთესო შემთხვევაში, ალაგ-ალაგ ხდება. დეკინგის ოლქის გარემოსდაცვითი ორგანოს დირექტორი შენ იულინი ამბობს, რომ 1000 კვადრატულ კილომეტრზე არსებულ 2000-ზე მეტ ფაბრიკას სულ 65 ინსპექტორი ამოწმებს.
ივნისში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ლი განჯიემ განაცხადა, რომ სამინისტრო ტყვიით მოწამვლის ყოველ შემთხვევას სწავლობს, ხოლო დაზარალებულებს სამედიცინო დახმარებას უწევს. თუმცა 20 ოჯახთან გასაუბრების შედეგად სულ სხვა სურათი იკვეთება. 2009 წელს ჰენანის პროვინციის ქალაქ ჯიუანის მახლობლად მდებარე 10 სოფელში მცხოვრები თითქმის 1000 ბავშვს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. მთავრობამ ბავშვების მკურნალობის, მათი ოჯახების სხვა ადგილას გადაყვანისა და დაბინძურებული მიდამოს გაწმენდის განკარგულება გასცა.
მიუხედავად ამისა, ამას წინათ რეგიონში ჩასულმა სპეციალისტმა ტყვიის სადნობი კერძო საამქროს ჩრდილში მოთამაშე ბავშვები ისევ ნახა. მათი მშობლები ამბობენ, რომ ადგილობრივი საავადმყოფოს პერსონალი სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ანალიზების ჩატარებაზე უკვე უარს ამბობს. "ბავშვებს ჯანმრთელობა შერყეული აქვთ, მაგრამ რამდენად, არ ვიცით და არც ამის დადგენა შეგვიძლია," - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები. 2009 წელს მის ორ შვილიშვილს სისხლში ტყვიის შემცველობა ნორმაზე ორჯერ და სამჯერ უფრო მაღალი აღმოაჩნდა.
დეკინგის ოლქში მდებარე ჟეიჯიანგ ჰაიჯიუს ბატარეის ქარხანაში ტყვიის ემისიის ნორმები საერთოდ არ არსებობდა. გაღიზიანებულმა ქარხნის მუშახელმა და სოფლის მოსახლეობამ ამის გამო აქ გამოსვლებიც კი მოაწყვეს. ივნისში დადგინდა, რომ 233 მოზრდილ ადამიანს და 99 ბავშვს სისხლში ტყვიის კონცენტრაცია ჩინეთის მთავრობის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ დონეზე შვიდჯერ უფრო მაღალი ჰქონდა. ჟეიჯიანგ ჰაიჯიუს ბატარეის ქარხნის დირექტორის მოადგილის ჟაო გუოგენგის თქმით, ქარხანა დაზარალებულებს მკურნალობის ხარჯებს უნაზღაურებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ქარხნის ოფიციალური წარმომადგენელი დაპატიმრებულია, რვა ხელმძღვანელ მუშაკს კი სხვადასხვა სასჯელი დაედო.
მაგრამ ეს ზომები დიდი ვერაფერი შვებაა ქარხანაში მომუშავე ჰან ზონგიუანისთვის, რომლის სამი წლის გოგონას სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო გონებრივი შესაძლებლობები იმდენად შეეზღუდა, რომ განკურნება შეუძლებელი გახდა, და ნერვული სისტემაც დაუზიანდა. გული მტკივა, - ამბობს ბატონი ჰანი, - როგორც გვინდოდა შვილისთვის ყველაფერი გაგვეკეთებინა. ამდენს ამიტომაც ვშრომობდით. ქარხანაში თავს სწორედ ამიტომ ვიწამლავდით. ახლა კი გაირკვა, რომ ბავშვიც მოიწამლა. ჩემი მდგომარეობის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის".
შარონ ლაფრანიერი