სან ფრანცისკო: სანამ სილიკონის ხეობა და უოლ სტრიტი იმაზე დაობენ, სწორედ ახლა იქმნება ახალი ტექნოლოგიური საპნის ბუშტი თუ არა, Facebook-ში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე ადამიანები რისკზე არ მიდიან.
24 საათი 03.07.11

სან ფრანცისკო: სანამ სილიკონის ხეობა და უოლ სტრიტი იმაზე დაობენ, სწორედ ახლა იქმნება ახალი ტექნოლოგიური საპნის ბუშტი თუ არა, Facebook-ში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე ადამიანები რისკზე არ მიდიან.
ისინი კომპანიას ტოვებენ და საფონდო ოფციონების სახით მილიონობით დოლარი გააქვთ, ამასობაში კი Facebook-ის შეფასებითი ღირებულება ზრდას განაგრძობს.
"თუკი ერთხელ ნახე, როგორც დაინგრა ქვეყანა, ვერასოდეს იქნები დარწმუნებული, თუ რა შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში," - ამბობს Facebook-ის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 10 წლის წინ ინტერნეტკომპანიების კოლაფსზე საუბრობს.
ამ ადამიანმა კომპანიაში მისი დაფუძნების პირველსავე დღეებში დაიწყო მუშაობა, რამდენიმე თვის წინ კი კომპანია დატოვა, რომ თავისი კუთვნილი აქციების ნაწილის გაყიდვა შეძლებოდა, რადგან კომპანიის მიერ ამჟამად მიღებული წესების მიხედვით მომუშავე თანამშრომლებს აქციების გაყიდვის უფლება არა აქვთ. "კომპანიაში დარჩენა ძალიან სარისკო ჩანდა იმ სიტუაციაში, როცა მთელი ჩვენი ლიკვიდურობა ჩემი აზრით ძალიან მაღალი რისკის კომპანიაში იყო განთავსებული," - თქვა მან, ოღონდ თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელაზე უარი განაცხადა.
ის სულაც არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური მრეწველობის დარგში მომუშავე ასეთი კომპანიებიდან, ვინც კუთვნილი ფული აიღო, რომ ფინანსური რისკები მინიმუმამდე დაეყვანა იმ შემთხვევისათვის, თუ კერძო კომპანიის აქციების ფასი შემცირებას დაიწყებდა. ათობით ახალი კომპანიის თანამშრომლებმა და ინვესტორებმა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდეს, რამაც კერძო ტრანზაქციების ბაზრის ინტენსიურ ზრდას შეუწყო ხელი.
ამ სფეროში წამყვანია Facebook. გასულ წელს კერძო კომპანიების წილების ბაზარ SecondMarket-ზე დარეგისტრირებული ყველა გარიგების 45 პროცენტი სწორედ ამ კომპანიაზე მოდის. ამ გარიგებებიდან ბევრში Facebook-ის ის პირველი 200 თანამშრომელი მონაწილეობდა, ვინც კომპანიის წილებისა და საფონდო ოფციონების მფლობელი 2007 წლის ვარდნამდე ცოტა ხნით ადრე გახდა. ზოგიერთი ყოფილი თანამშრომლის აზრით, კომპანია ასამდე ძველმა თანამშრომელმა დატოვა, თუმცა Facebook ამ მონაცემებს არ ადასტურებს.
თუმცა კომპანიიდან წასვლის ბევრი მიზეზი არსებობს და, როგორც Facebook-ში დარჩენილი ხალხი ამბობს, ყველაზე ხშირი მათ შორის ახალი კომპანიის დაარსების სურვილია, ზოგიერთისთვის ეს მიზეზი საბირჟო ინდექსების კურსის ვარდნისაგან თავის დაცვაა. "კმაყოფილი ვიყავი, რომ 5-10 პროცენტი გავყიდე, რომ უარესი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაცვის რაღაც საშუალება მაინც მქონოდა," - განაცხადა Facebook-იდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წასულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ძველი ინვესტორები და დამფუძნებლები ალბათ არცერთი კომპანიიდან არ წასულან ისეთი ოდენობის ფულით და ისე ჩქარა, როგორც ეს Groupon-ში მოხდა. ეს კომპანია ფულის კარგვას ამჟამადაც განაგრძობს, თუმცა იქ დარჩენილი რამდენიმე ადამიანი ძალიან გამდიდრდა. გასულ ზამთარს Groupon-ის მიერ ინვესტორებისაგან მიღებული 946 მილიონი დოლარიდან 810 მილიონი აღმასრულებელი დირექტორის ენდრუ მეისონის, თავმჯდომარის ერიკ ლეფკოვსკისა და სხვების ჯიბეებში მოხვდა. 2010 წლის აპრილში ადამიანების თითქმის იმავე შემადგენლობამ კიდევ 120 მილიონი დოლარი ჩაიჯიბა. დამფუძნებლები და ძველი ინვესტორები ახალი კომპანიების წილებს უკვე წლებია ყიდიან, როგორც წესი, ბროკერებისა და კერძო კომპანიების ტრანზაქციებზე მომუშავე ფონდების მეშვეობით, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა, რადგან გარიგებებში რიგითი თანამშრომლებიც სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ.
თანამშრომლები წილების გაყიდვით ნაწილობრივ იმიტომაც დაინტერესდნენ, რომ კერძო კომპანიების ღია კომპანიებად გარდაქმნას ახლა მეტი დრო სჭირდება, ამიტომ მუშაკების სურვილმა ხელშესახები შედეგები ენახათ, მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე ახალი ბიზნესის წარმოქმნას შეუწყო ხელი. ამ ბიზნესებს შორისაა სავაჭრო ორგანიზაცია SecondMarket, სპეციალიზებული საბროკერო ორგანიზაცია Felix Investments და ისეთი ახალი ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლებს ქაღალდზე არსებული სიმდიდრის ნაღდ ფულად გადაქცევაში ეხმარება ისე, რომ წილების გაყიდვა არ დასჭირდეთ.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ბაზარი სილიკონის ხეობაში მომუშავე ადამიანებმაც შეამჩნიეს," - ამბობს Industry Ventures-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ჰანს სვილდენსი. მისი კომპანია უკვე ათი წელია ისეთი კომპანიების წილებს ყიდულობს, როგორიცა Facebook, Twitter, Chegg და eBags. Facebook-ის ფასი 50 მილიარდს გასცდა და ამ მხრივ კომპანიამ სილიკონის ხეობის ყველა სხვა ახალ კომპანიას საგრძნობლად გაუსწრო. ამ პირობებში კომპანიის ბევრმა თანამშრომელმა, რომელიც საფონდო ოფციონებს ფლობდა და კომპანიაში შვიდი წლის წინ მისი დაარსების პირველივე დღეებიდან მუშაობდა, მოგების მიღება გადაწყვიტეს. ამის გათვალისწინებით, Facebook ორჯერ დაეხმარა მათ წილების გაყიდვაში. პირველად ეს 2009 წელს მოხდა, როცა თანამშრომლებს საშუალება მიეცათ რუსული სარისკო კაპიტალის ფირმა Digital Sky Technologies -ისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების წილები მიეყიდათ. იგივე განმეორდა წელს, ამჯერად საინვესტიციო ფირმა T. Rowe Price-ის შუამავლობით, როცა თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი წილების არაუმეტეს 20 პროცენტი გაეყიდათ, რაც ყველასათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
"20 პროცენტის მთლიანად გაყიდვა რომც მომეხერხებინა, სიმდიდრის 80 პროცენტის არალიკვიდურ აქტივებში ქონება მაინც სიგიჟის ტოლფასია, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც კომპანია ამას წინათ დატოვა, - ტყვიებისგან თავის დაცვა საკმარისი არ არის, თუ ხვდები, რომ მსოფლიო უნდა აფეთქდეს".
კერძო კომპანიების ბაზრებზე მომუშავე ზოგიერთი ვეტერანის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ტექნოლოგიების ინდუსტრია საპნის ბუშტივით გაიბერა, თუმცა შეშფოთების მიზეზი უკვე არის.
"არა ვართ დარწმუნებული, რომ შეფასებები, რომლებიც ამჟამად კეთდება, ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება," - ამბობს Saints Capital-ის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი კენეთ სოიერი. მისი კომპანია უკვე ათ წელიწადზე მეტია მეორად ბაზრებზე აქტიურად მუშაობს. ბატონი სოიერის თქმით, მაღალ შეფასებას სულ რამდენიმე კომპანია თუ იმსახურებს: "თუ რომელიმე დიდ კომპანიას მაღალი შეფასება ეძლევა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წყალი სხვებსაც აუცილებლად გადაესხმება".
მიგელ ჰელფტი