ქვეყნის ეკლესიათა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ "სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა" და იძულებულები ვართ, “თვითონ დავიცვათ თავი ისლამისტების თავდასხმებისგან».
24 საათი 30.12.11

ქვეყნის ეკლესიათა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ "სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა" და იძულებულები ვართ, “თვითონ დავიცვათ თავი ისლამისტების თავდასხმებისგან».
ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის აზრით, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ "ბოკო ჰარამმა" ომი გამოუცხადა ქრისტიანებს, როდესაც შობის დღესასწაულზე ეკლესიებთან აფეთქებათა სერია მოაწყო.
25 დეკემბერს ეკლესიებთან მომხდარი 5 აფეთქების შედეგად დაღუპულია 40 და დაჭრილია ათობით ადამიანი. 35 ადამიანი დაიღუპა დედაქალაქ აბუჯასთან მდებარე წმინდა ტერეზას ტაძართან, მეორე აფეთქება მოხდა ქალაქ ჯოსში, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, იქ პოლიციელი დაიღუპა. კიდევ სამი აფეთქება მოხდა შტატ იობეში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პარალელურად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გრძელდება შეტაკებები პოლიციასა და ისლამისტ ბოევიკებს შორის. გააფთრებული ბრძოლების გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი სახლები 90-მა ათასმა ადამიანმა დატოვა.
ოთხშაბათს 6 ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი დაიჭრა თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, რომელიც ქვეყნის სამხრეთში, შტატ დელტაში მუსლიმანური სკოლის შენობაში შეაგდეს. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სკოლაში ქუჩაში ჩავლილი ავტომანქანიდან შეაგდეს. ჯერ უცნობია, ვინ დაგას ამ თავდასხმის უკან, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს არის პასუხი ეკლესიებთან მომხდარ აფეთქებებზე.
ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის ხელმძღვანელმა აიო ორტისეჯაფორმა განაცხადა, რომ "თუ მრევლზე, ეკლესიებსა და საეკლესიო ქონებაზე თავდასხმები გაგრძელდება, ქრისტიანთა სათვისტომოს სხვა გზა აღარ ექნება და იძულებული გახდება, ადეკვატური პასუხი გასცეს მოწინააღმდეგე მხარეს". მისი სიტყვებით, წმინდა ტერეზას ეკლესიაზე თავდასხმა, როდესაც შობის დღესასწაულზე 35 ადამიანი დაიღუპა, შეიძლება განვიხილოთ როგორც ნიგერიის ქრისტიანული თემისთვის ომის გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს არ უჭერს შურისძიების იდეას, "ქრისტიანებმა თავი უნდა დაიცვან... როგორც შეუძლიათ". ორტისეჯაფორის განცხადებით, ამ თავდასხმებზე მუსლიმანთა ლიდერების რეაქციის არარსებობა ფაქტობრივად ნიშნავს, რომ "ისინი უარს ამბობენ, შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები". ქრისტიანულ თემს უკვე სერიოზულად ეპარება ეჭვი, რომ მთავრობას შესწევს მათი დაცვის ძალა.
პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონატანმა, რომელიც აღმსარებლობით თვითონაც ქრისტიანია, რამდენიმე სასწრაფო შეხვედრა გამართა ქრისტიანებისა და მუსლიმანების ლიდერებთან. პრეზიდენტი ქვეყანაში წესრიგის აღდგენის გზების მოძიებას ცდილობს.
სამშაბთს ნიგერიის მუსლიმან სასულიერო პირთა ხელმძღვანელმა მუჰამად საად აბუბაკარმა დაგმო ქრისტიანულ ეკლესიებთან მოწყობილი აფეთქებები და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. "მინდა, დავარწმუნო ნიგერიის ყველა მოქალაქე, რომ არ არსებობს კონფლიქტი მუსლიმანებსა და ქრისტიანებს, ისლამსა და ქრისტიანობას შორის."
მანამდე დაჯგუფება "ბოკო ჰარამმა" აფეთქებებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მიიჩნევა, რომ ამ დაჯგუფებას მუდმივი კონტაქტი აქვს "ალ კაიდასთან". ორგანიზაცია "ბოკო ჰარამი", რომლის სახელიც ასე ითარგმნება - "დასავლური განათლება აკრძალულია", მიზნად ისახავს ნიგერიაში შარიათის კანონების შემოღებას. ისინი ხშირად ესხმიან თავს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს. ნოემბრის დასაწყისში მათ პასუხისმგებლობა აიღეს ქალაქ დამატურუში განხორციელებულ ტერორისტული აქტების სერიაზე, რომლებსაც 100 კაცზე მეტი შეეწირა. მაშინ ბომბები აფეთქდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის ეკლესიებთან და რეგიონული პოლიციის შენობასთან.
"ბი-ბი-სი"-ს მიხედვით
მომზადა ივა შილაკაძემ