მკაცრი ზამთრით გამოწვეულ პრობლემებს ევროპის რამდენიმე სახელმწიფო და აზიის ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა ებრძვის.
24 საათი 03.02.12
მკაცრი ზამთრით გამოწვეულ პრობლემებს ევროპის რამდენიმე სახელმწიფო და აზიის ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა ებრძვის.
თოვლის საფარქვეშაა მოქცეული როგორც მეგაპოლისები, ასევე პატარა დაბები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. განსაკუთრებით მძიმე პირობებში პოლონეთი და უკრაინა აღმოჩნდა, სადაც მინუს 30-დან მინუს 40 გრადუსამდე ცელსიუსით ყინვაში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საავადმყოფოებში, ჰიპოთერმიის დიაგნოზით, მრავლად არიან მოთავსებულნი პაციენტები, რომელთა ნაწილს კიდურების ამპუტაციაც დასჭირდა. "რამდენიმე პაციენტს მოყინვის მსუბუქი ფორმები აღენიშნება, რომელთა მკურნალობა გართულებების გარეშე შეიძლება. სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები მათ დაზიანებული არ აქვთ. თუმცა, გვყავს გაცილებით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიც, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა და კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ," - განაცხადა კიევის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ნაზარენკომ.
გახშირდა ასევე მხუთავი აირით მოწამვლის შემთხვევებიც. ბუნებრივი გაზის მოხმარების მაღალრისკიანობიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნაწილი გათბობის ალტერნატიულ წყაროდ კვლავ შეშას და ტრადიციულ ბუხრებს მიუბრუნდა. უკრაინაში ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობის მიზეზით დროებით დაიკეტა საბავშვო ბაღები, სასწავლო პროცესი შეჩერდა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 13 ადამიანი გარდაიცვალა და მკაცრი ზამთრის მსხვერპლთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია. საგანგებოდ მათთვის, ვისთვისაც ცხელი საკვები და ღამის გასათევი ადგილი ფუფუნებაა, ხელისუფლებამ სახელდახელოდ თავშესაფრები და გამათბობელი პუნქტები გახსნა. ასეთი ცენტრების უმრავლესობა კარვებშია მოწყობილი, მაგრამ ასევე მრავლადაა შენობა-ნაგებობებში ორგანიზებული თავშესაფრები. ჰაერის ტემპერატურა კიევში -33 გრადუსია. გაყინულია მდინარეების ნაწილიც. ადამიანური მსხვერპლის გარდა, ძლიერი ყინვის გამო დახოცილია ფრინველთა ნაწილიც.
არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა პოლონეთში, სადაც გასული ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 20-ს მიაღწია.
იტალიაში, გერმანიაში, რუმინეთში, პოლონეთსა და თურქეთში პარალიზებულია საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო მიმოსვლა. ბოლო მონაცემებით, ევროპაში ძლიერ ყინვას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა. "გუშინდელი ღამის შედეგები ტრაგიკულია. პოლიციის მონაცემებით, ნაპოვნია სხეულის გადაციებით გარდაცვლილი 5 ადამიანი, 27 კი ნახშირჟანგით მოიწამლა. მართალია, ასეთი ვითარება ყოველ წელიწადს ხშირია, მაგრამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მეტი სიფრთხილისკენ," - აღნიშნა მედიასთან საუბარში პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იაცეკ ციკოცკიმ.
უკრაინის მსგავსად, უსახლკაროთათვის დროებითი თავშესაფრები გახსნილია პოლონეთშიც. "აქ საკვებისთვის მოვდივარ ყოველდღე. მთელი დღე შემიძლია აქ სული მოვითქვა. სამსახური არ მაქვს, ვეძებ სამუშაოს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ასეთი დაწესებულებები კი ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა," - თქვა იანუშ ბუდრევიჩმა.
თუმცა, უსახლკაროთა სიმრავლის გამო, თავშესაფრების მმართველები არასაკმარის მხარდაჭერაზეც საუბრობენ. "ჩვენ ყველაფრისთვის მათხოვრობა გვიწევს. ვითხოვთ საკვებს და როდის-როდის ვიღებთ მას. უპოვართა დასახმარებლად თანხებს, ძირითადად, შემოწირულობებით ვაგროვებთ," - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ვარშავის უსახლკაროთა თავშესაფრის მმართველმა მაგდალენა ჰოსერმა.
ყინვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუმინეთსა და ბულგარეთშიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუმინეთში 6 ადამიანი სხეულის გადაციებით გარდაიცვალა, ბულგარეთში კი ყინვას 7 პირი ემსხვერპლა. სინოპტიკოსთა განცხადებით, მსგავსი სიცივე ამ ქვეყნებში ბოლო 60 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება საპორტო ქალაქებშია, სადაც ყინვის გამო გემების მოძრაობაც შეიზღუდა.
საზღვაო ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემა შეექმნა თურქეთშიც. ბოსფორის სრუტეში მიმოსვლა დროებით შეჩერდა, რადგან ხილვადობა იქ ნულის ტოლია. თუმცა, პრობლემები მხოლოდ ბორნებს არ შექმნიათ, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა საავტომობილო მაგისტრალებზე. ძლიერ მოყინული ასფალტის ზედაპირის მიუხედავად, ადგილობრივი მცხოვრებნი შორ მანძილზე გადასაადგილებლად მაინც მანქანებს არჩევენ, რის გამოც ქალაქებში საცობებია. შეფერხებულია საზოგადოებრივი სახმელეთო ტრანსპორტის მუშაობა ისევე, როგორც საჰაერო მიმოსვლა. "ასეთი ნალექი დიდი ხანია, თურქეთში აღარ ყოფილა," - განაცხადა "როიტერთან" საუბარში სტამბული მცხოვრებმა სულეიმან ოზდემირმა.
უამინდობამ მკაცრ ზამთარს შეჩვეული რუსეთიც შეაწუხა. "პრინციპში, ჩვენ ამას შეგუებულნი ვართ. ასეთი ყინვა ადრეც არაერთხელ ყოფილა, მაგრამ თითქოს დროა შეცვლილი. როგორც წესი, ასეთი ამინდი რუსეთში უფრო იანვრის შუა რიცხვებშია ხოლმე, ახლა კი ტემპერატურამ ცოტა გვიან დაიწია უკიდურესად," - თქვა მოსკოვის მკვიდრმა ალექსანდრ ლეგკომ. ამ პირობებში კი მედიასაშუალებებით "გაზპრომის" გადაწყვეტილება გავრცელდა. რუსულმა ენერგოგიგანტმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობის შემცირება გადაწყვიტა, პირველ რიგში, აპენინის ნახევარკუნძულისთვის და ეს გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნით ახსნა. "გაზპრომს" ევროკომისია გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის მიუხედავად, ევროპა წარსული მაგალითის მსგავსად გასაყინად განწირული არ არის, რადგან საკმარისი მარაგი კრიზისის დასაძლევად არსებობს.
ევროპის დიდი ნაწილის მსგავსად, უამინდობამ პრობლემები აღმოსავლეთ აზიაშიც შექმნა. ამომავალი მზის ქვეყანაში ტამაგავას გეოთერმულ წყლებთან ჩამოწოლილ ზვავს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამსვენებლები ცხელ წყაროებთან სპეციალურად გაშლილ კარვებში იმყოფებოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა. "გარშემო ნარგავები სიახლოვეს არსადაა, ამიტომ ეს რომ მოხდა, გასაკვირი არცაა," - განაცხადეს ადგილზე მისულმა მაშველებმა. იაპონიის ზოგიერთ პრეფექტურაში, ოფიციალური მონაცემებით, თოვლის საფარის სიმაღლე 2 მეტრსაც აღწევს. ევროპელების მსგავსად, აკიტას პრეფექტურაში მოსახლეობის ნაწილიც შინ დარჩენას ამჯობინებს და გარეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოდის.
სინოპტიკოსები იაპონიაში უხვი ნალექის გაგრძელებას კიდევ ერთ კვირას ელიან, ევროპაში კი პროგნოზი გაცილებით ოპტიმისტურია. მეტეოროლოგიური სამსახურების მონაცემებით, ავდარი შესაძლოა მხოლოდ სამი დღე გაგრძელდეს.
ჩრდილოეთისგან განსხვავებით, არანაკლები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანებიც. ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობას პრობლემები წყალდიდობამ შეუქმნა, რაც ზაფხულის ინტენსიური წვიმის შედეგია. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ქვინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში აღმოჩნდნენ. ყოველი შემთხვევისთვის გზების გასწვრივ განლაგებულია ქვიშით სავსე ტომრები. მთავრობის განკარგულებით, სამაშველო სამსახურები საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ დაიწყებენ მოსახლეობის ევაკუაციას. წინასწარი შეფასებით, დროებით თავშესაფრებში გადასვლა, შესაძლოა, 12 ათას ადამიანს მოუხდეს. გასულ წელს აღნიშნულ შტატებში სტიქიას 35 ადამიანი ემსხვერპლა, დაიტბორა 30 ათასი საცხოვრებელი სახლი და შენობა-ნაგებობა, სერიოზულად დაზიანდა გზები და ხიდები. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახა ავსტრალიის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.