შეტაკებას გულშემატკივრებს შორის ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა
24 საათი 03.02.12
შეტაკებას გულშემატკივრებს შორის ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა
ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდში, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, საფეხბურთო მატჩის შემდეგ არეულობა დაიწყო, რომელსაც, სულ ცოტა, 74 ადამიანი შეეწირა, ხოლო სხვადასხვა მონაცემებით, 500-დან 1000 კაცამდე კი დაშავდა. დაღუპულების უმრავლესობა სტუმართა გუნდის გულშემატკივარია, მსხვერპლია პოლიციელებს შორისაც. ეგვიპტეში გამოცხადებულია სამდღანი გლოვა. ქალაქ პორტ-საიდში შეყვანილია არმიის ქვედანაყოფები.
პირველ თებერვალს ერთმანეთს ხვდებოდნენ ადგილობრივი კლუბი "ალ-მასრი" და კაიროს გუნდი "ალ-ახლი". ძირითადი ვერსიის თანახმად, შეტაკების საბაბი სტუმართა გუნდის გულშემატკივრების მიერ შესვენების დროს გაშლილი შეურაცხმყოფელი პლაკატი გახდა. თუმცა საქმე მარტო ამ ერთ პლაკატში არ არის. აღნიშნულ გუნდებს შორის დიდი ხანია მწვავე დაპირისპირებაა. დედაქალაქის კლუბ "ალ-ახლის" გულშემატკივრები კი ყოველთვის აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. უწესრიგობა და ჩხუბი მათთვის ახალი ამბავი არ არის, თუმცა გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებას ეგვიპტეში ასეთი მასშტაბებისთვის არასდროს მიუღწევია.
თამაში დამთავრდა პორტ-საიდის კლუბის "ალ-მასრის" გამარჯვებით ანგარიშით 3:1. საფინალო სასტვენის გაგონებისთანავე მასპინძელთა გულშემატკივრების დიდი მასა გადავიდა სათამაშო მინდორზე და დაიწყეს სტუმართა გუნდისა და მათი გულშემატკივრების ცემა. პოლიციამ და სტადიონის დაცვის სამსახურმა, ასე თუ ისე, მოახერხა თვით სტუმართა გუნდის ფეხბურთელების გარიდება მოედნიდან, თუმცა ადგილობრივმა გულშემატკივრებმა მათი გალახვა მაინც მოასწრეს. ნაცემები არიან გუნდის ტექნიკური პერსონალის წევრებიც და კლუბის პორტუგალიელი მწვრთნელიც. პოლიცია სტადიონზე იყო, მაგრამ ისინი ბრბომ მალე "გაანეიტრალა" - მათ აშკარად ვერ მოახერხეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
როგორც ირკვევა, სტადიონზე დანით შეიარაღებული ბევრი გულშემატკივარი იყო მისული. დაღუპულებისა და დაშავებულების უმრავლესობას ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ბევრია აგრეთვე ტვინის შერყევის შემთხვევები, როგორც ჩანს, ხელკეტებიც აქტიურად გამოიყენეს. პორტ-საიდის საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით. ჰოსპიტლებს არ ჰყოფნით სისხლი და მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება მძიმედ დაჭრილების ხარჯზე გაიზარდოს.
ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ფეხბურთელები და კაიროდან ჩასული მაყურებლები სახიფათო ზონიდან უშიშროების მანქანებით გაერიდებინათ. გულშემატკივრების დიდი ნაწილი ვაგზალზე მიიყვანეს და კაიროში დასაბრუნებლად ეგვიპტის რკინიგზამ მათთვის სპეციალური მატარებელი გამოჰყო. ამას გარდა, ქვეყნის დროებითი სამხედრო ხელისუფლების ბრძანებით, პორტ-საიდში გაიგზავნა ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი კლუბის მოთამაშეებისა და დაშავებულების გამოსაყვანად. ქალაქში პოლიციის დასახმარებლად საარმიო ქვედანაყოფები გადაისროლეს, რათა არეულობის გაგრძელება და შემდგომი მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ.
ეგვიპტეში შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სამხედრო საბჭომ (შარშანდელი რევოლუციისა და პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ სახელმწიფოს დროებით სწორედ ეს სამხედრო საბჭო ხელმძღვანელობს), ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. კაიროში და სხვა ქალაქებშიც დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. კაიროს ვაგზალთან გულშემატკივართა დასახვედრად ხალხი შეიკრიბა, რომელიც სამხედრო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა და მათ გადადგომას მოითხოვდა. ეს დღევანდელ ეგვიპტეში ისედაც აქტუალური თემაა და ხალხი ამ მოთხოვნით ქუჩაში სისტემატიურად გამოდის.
გუშინ, ამ ინციდენტის განსახილველად, ახალარჩეული პარლამენტის საგანგებო სხდომა ჩატარდა. დეპუატატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი კამაკლ განზური და დეპუტატებს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. ორგანიზაცია "ძმები მუსულმანების" წარმომადგენელმა, რომელთაც პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი ეკუთვნით, მედიასთან საუბრის დროს არეულობაში ბრალი დასდო ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ინციდენტი და არეულობის მიზეზები დაწვრილებით უნდა გამოიძიოს. უკვე დაკავებულია 47 ადამიანი, რომლებსაც არეულობის ორგანიზებასა და მასში აქტიურ მონაწილეობაში ედება ბრალი. დამნაშავეთა ძებნა გრძელდება. ქვეყნის ხელმძღვანელი ფელდმარშალი ჰუსეინ ტანტაუი ყველა დამნაშავის სამაგალითო დასჯის პირობას დებს. მისი სიტყვებით, ეგვიპტისთვის ზიანის მიყენებას არავის შეარჩენენ. ეგვიპტის გენერალური პროკურორი პირადად ჩავიდა პორტ-საიდში, არეულობის ადგილი დაათვალიერა და გამოძიებაც კონტროლზე აიყვანა. ხელისუფლებამ თანამდებობიდან უკვე გადააყენა პორტ-საიდის პროვინციის გუბერნატორი და უშიშროების სამსახურის უფროსი. გუშინ დაკავებული თანამდებობებიდან გადააყენეს ეროვნული საფეხბურთო ასოციაციის მთელი ხელმძღვანელობა.
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დროებით შეწყდა და ყველა თამაში გაურკვეველი დროით გადაიდო. გადადგა აგრეთვე საფეხბურთო კლუბ "ალ-მასრის" ხელმძღვანელობა, რომელთა სტადიონზეც მოხდა არეულობა. ეგვიპტის ფეხბურთის ისტორიაში ასეთი მასშტაბის ინციდენტი ადრე არასდროს მომხდარა. არეულობის შემდეგ "ალ-ახლის" ფეხბურთელმა მოჰამედ აბო ტრეიკამ განაცხადა, რომ "ეს ფეხბურთი არ არის, ეს ომია. ჩვენ თვალწინ ადამიანები იღუპებიან". მსოფლიოში კი მსგავსი ინციდენტი აღარ მომხდარა 1996 წლის 16 ოქტომბრის შემდეგ. მაშინ გვატემალაში ამ ქვეყნისა და კოსტა-რიკის ნაკრებების შეხვედრის დროს სტადიონზე პანიკა ატყდა. შედეგად, არეულობაში დაიღუპა 78 და დაშავდა 189 ადამიანი.
"ბი-ბი-სის" კორესპონდენტი ჯონ ლეინი კაიროდან იტყობინება, რომ აგრესიული ქცევა ეგვიპტელ გულშემატკივრებს საერთოდ ახასიათებთ. ამითი განსაკუთრებით სწორედ კლუბ "ალ ახლის" ფანატები გამოირჩევიან, მათ სახელიც აქვთ და "ულტრას"-ს ეძახიან. ბოლო დროს ისინი ხშირად მონაწილეობდნენ პოლიციასთან შეტაკებებში (შეტაკება, სხვათა შორის, გუშინაც მოხდა. "ულტრას"-ის ჯგუფები ქალაქ სუეცში თავს დაესხნენ უშიშროების სამმართველოს შენობას. ისინი ძალოვნებს პორტ-საიდის ინციდენტში ადანაშაულებდნენ. სამართალდამცავებს მათ მოსაგერიებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდათ). ლეინის სიტყვებით, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვარაუდი, თუმცა დამამტკიცებელი საბუთი არავის მოუყვანია, რომ "ალ-ახლის" გულშემატკივრებზე თავდასხმა შეიძლება უშიშროების ძალების ინტერესებში შედიოდა. მისი თქმით, უდავოა, რომ პოლიცია არაეფექტურად მოქმედებდა. შეიძლება, ისინი სტადიონზე ამ ინციდენტის აღსაკვეთად ცოტანიც იყვნენ. არეულობის ერთ-ერთ მიზეზად ალბათ ისიც იქცა, რომ ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩების დროს არ იცავენ მთელ მსოფლიოში მიღებულ უსაფრთხოების სტანდარტულ პროცედურებს.
ეგვიპტეში ხალხის დაწყნარება ადვილად მაინც ვერ ხერხდება. კაიროში, თახრირის ცნობილ ცენტრალურ მოედანზე გუშინ, საღამოს დემონსტრანტები მოგროვდნენ და პორტ-საიდის ინციდენტი გააპროტესტეს. ისინი გამოძიებასა და დამნაშავეთა სასტიკად დასჯას მოითხოვენ . «ალ-ახლის» გულშემატკივართა სხვა ჯგუფი კი აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ატარებდა.