სპარსეთის ყურეში შექმნილი მდგომარეობა და ირანი კვლავ საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ერთ-ერთი წამყვანი თემაა.
24 საათი 04.02.12

სპარსეთის ყურეში შექმნილი მდგომარეობა და ირანი კვლავ საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ერთ-ერთი წამყვანი თემაა.
ამ საკითხზე კომენტარი ორიოდე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა. ლეონ პანეტას თქმით, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვულ იარაღზე მუშაობა შეწყვიტოს, უმნიშვნელოვანესია უმკაცრესი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
"თუ ირანი კურსს არ შეიცვლის, შეერთებული შტატები პასუხისთვის მზად იქნება. ჩემი აზრით, ახლა უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა. ჩვენ ვაგრძელებთ ირანზე ზეწოლას იმისათვის, რომ შეწყდეს ბირთვულ იარაღზე მუშაობა, რათა ირანი სახელმწიფოთა საერთაშორისო ოჯახს შეუერთდეს," - განაცხადა პანეტამ გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე ყოფნისას, სადაც იგი ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა ირანზე ისრაელის მხრიდან შესაძლო დარტყმის შესახებ, რაზეც ცნობები "ვაშინგტონ პოსტის" ერთ-ერთი მესვეტე ჟურნალისტის დევიდ იგნატიუსის მხრიდან გავრცელდა. იგნატიუსი წერს, რომ თავდაცვის მინისტრი გაზაფხულზე ისრაელის მხრიდან ირანზე დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მაგრამ თავად ჟურნალისტი არ ასახელებს წყაროს, თუ ვინ მიაწოდა პანეტას გამონათქვამები. როგორც "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ღიად მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ირანზე სამხედრო დარტყმის შესაძლებლობა არ გამორიცხა თავად ისრაელმა.
რაც შეეხება ისრაელის პოზიციას, მედიისთვის საჯარო გახდა დაზვერვის ხელთ არსებული რამდენიმე კონკრეტული ცნობა. ისრაელის სამხედრო დაზვერვის გენერალ-მაიორის ავივ კოჰავის განცხადებით, ირანს შეუძლია ოთხი ბირთვული ქობინის შექმნა. ამის შესახებ კოჰავიმ ქალაქ ჰერცლიაში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. "ირანი აქტიურად ავითარებს თავის ბირთვულ შესაძლებლობებს და ამჟამად სპეცსამსახურები უკვე მსოფლიო დონეზე იზიარებენ ისრაელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ირანს 4 ტონა გამდიდრებული მასალა და დაახლოებით 100 კილოგრამი ურანი აქვს, რაც 4 ბომბის შესაქმნელად საკმარისია," - აღნიშნა გენერალ-მაიორმა. ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანს 3 მიზანი აქვს: მიაღწიოს ჰეგემონიას რეგიონში, ფლობდეს შეკავების პოტენციალს და გახდეს უმთავრესი რეგიონული მოთამაშე. საერთაშორისო მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ირანმა ბირთვული ბომბი შესაძლოა უკვე ერთ წელიწადში შექმნას, თუ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი სულიერი ლიდერი ალი ხამენეი მიიღებს. თუმცა, ისრაელისთვის საფრთხედ მხოლოდ ბირთვული ბომბი არ აღიქმება, საკმარისი შეშფოთების საგანს ისლამური რესპუბლიკის ხელთ არსებული სარაკეტო პოტენციალიც წარმოადგენს. რომელთა მოქმედების რადიუსი ისრაელის ტერიტორიის დასაფარად საკმარისი იქნება.
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შეფასებებში გაცილებით შორს მიდის რუსეთი, რომელიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის არსებობას მიიჩნევს. ყოველ შემთხვევაში ასეთია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ურალ-ვოლგისპირეთის ცენტრის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის ალექსანდრ სკაკოვის შეფასება. "ვფიქრობ, მანამდე, ვიდრე სირიაში ვითარება ისე არ გადაწყდება, როგორც ეს დასავლეთში სურთ, ირანის წინააღმდეგ აგრესია არ იქნება. როგორც კი ბაშარ ასადის რეჟიმი დაეცემა, უკვე შესაძლებელი იქნება იმაზე საუბარი, რომ ირანთან ომი ერთ თვეში ან სულაც რამდენიმე კვირაში დაიწყება," - განაცხადა "რია ნოვოსტის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრ სკაკოვმა.
ირანის, სირიის, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიო თანამეგობრობა მიუნხენის 48-ე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელებს, რომელშიც მონაწილეობას 60 ქვეყნის 350 მაღალჩინოსანი მიიღებს, მათ შორის, რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური და საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.