ჩინეთის სავალუტო რეზერვები თითქმის 3,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს და შესაძლოა, ამ მოცულობის მესამედი ერთიანი ევროპული ვალუტის გადასარჩენად ჩადოს.
24 საათი 04.02.12

ჩინეთის სავალუტო რეზერვები თითქმის 3,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს და შესაძლოა, ამ მოცულობის მესამედი ერთიანი ევროპული ვალუტის გადასარჩენად ჩადოს.
ამ მოლოდინის გამართლების იმედით ევროპელი ლიდერები ჩინეთს ზედიზედ სტუმრობდნენ. ორი კვირის წინ ჩინეთში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი იმყოფებოდა, რომელსაც კვალდაკვალ - გასულ ხუთშაბათს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიჰყვა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ვენ ძიაბაომ გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს დაადასტურა ჩინეთის სურვილი, მხარი დაუჭირონ ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის გაძლიერებას, თუმცა პრემიერს არ დაზუსტებია, თუ რა თანხის ფინანსურ ვალდებულებებს იკისრებს ქვეყანა ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის (EFSF) ან მომავალი ევროპული სტაბილურობის მექანიზმის (ESM) მიმართ, - იუწყება "როიტერი".
ჩინეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ევროპელებმა თავად უნდა გააძლიერონ ძალისხმევა პრობლემების გადასაწყვეტად, ჩინეთი კი აკვირდება ერთიანი ევროპული ვალუტის მიმართ ნდობის ხარისხს, თუმცა ჯერჯერობით არ გეგმავს მილიარდიანი ინვესტიციების ჩადებას ფინანსური სტაბილურობის ევროპულ ფონდში (EFSF). პეკინში, ეროვნული თავყრილობის სასახლეში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და ვენ ძიაბაოს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვენ ძიაბაომ ევროპელებს მოუწოდა, ჯერ საკუთარი ძალისხმევა გააძლიერონ ვალის კრიზისის მოსაგვარებლად. "ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ საკუთარ ძალისხმევას ენიჭება," - განაცხადა ვენ ძიაბაომ პრესკონფერენციის დროს.
ევროს სტაბილიზაციის მიზნით ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების გაძლიერებულ ინვესტირებაზე ვენ ძიაბაომ უარი განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროპული ვალის კრიზისის აღმოფხვრა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ევროს ზონაში დინამიურ ეკონომიკურ ზრდაზე. ჩინეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სხვა აქტუალურ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმები ევროპელთა საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკაში.
ევროპას ჩინეთისთვის "სტრატეგიული მნიშვნელობა" აქვს, - მიუთითა ვენ ძიაბაომ და დასძინა, რომ ევროს ზონაში სტაბილურობის მისაღწევად მისი ქვეყანა მზად არის, ყველა მხარესთან აწარმოოს მოლაპარაკებები. მისი განცხადებით, ჩინეთი მზად არის გერმანიასთან კონტაქტების გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო ინვესტიციების გაფართოებისთვის.
როგორ სააგენტო "ბლუმბერგი" ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს განცხადებებზე დაყრდნობით იტყობინება, ევროზონის დასახმარებლად ჩინეთს შეუძლია საერთაშორისო სავალუტო ფონდის არხის გამოყენება. ქვეყნის ხელისუფლება შეისწავლის და შეაფასებს, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის გავლით, გამოიყენებს რა ESM-ის და EFSF-ის არხებს, უფრო ღრმად ჩაერთოს ევროპის ვალის კრიზისის დაძლევის პროცესში, - განაცხადა ვენ ძიაბაომ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს. ცნობისათვის - ამჟამად ევროზონაში ევროპის ფინანსური სტაბილურობის დროებითი ფონდი (EFSF) მოქმედებს, რომელიც შეცვლის ახალ მუდმივმოქმედ ანტიკრიზისულ მექანიზმს - ევროპის სტაბილურობის მექანიზმს (ESM).
მერკელმა ჩინეთის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს ევროპაში არსებული უზარმაზარი ვალის პრობლემის გადაწყვეტაში, რამეთუ ეს არის არა მარტო ევროპის პრობლემა, არამედ პირდაპირ შეხებაშია გლობალურ ეკონომიკასთანაც. ანალიტიკოსების აზრით, გერმანელ ლიდერს სურს, დაარწმუნოს ჩინეთის ხელმძღვანელობა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები თავს გაართმევენ ვალის კრიზისს და პეკინის ინვესტიციებს ევროში საფრთხე არ ემუქრება. ჩინეთის სავალუტო რეზერვები თითქმის 3,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს და შესაძლოა, ამ მოცულობის მესამედი ერთიან ევროპული ვალუტის - ევროს გადასარჩენად ჩადოს.
"ევრომ ევროპა უფრო ძლიერი გახადა," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა არგელა მერკელმა ადრე პეკინში. მისი სიტყვებით, "ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი მსხვილი რეფორმების განხორციელებას შეუდგა," რის შედეგადაც "სწორ გზაზე დგას".