უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის პირობებში, როდესაც დიდთოვლობისა და ყინვის გამო ევროპაში მსხვერპლი სულ უფრო იზრდება, რუსული ენერგოგიგანტის გადაწყვეტილება, შეკვეცოს ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობა, ენერგეტიკული დავის მიზეზი ხდება.
24 საათი 04.02.12

უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის პირობებში, როდესაც დიდთოვლობისა და ყინვის გამო ევროპაში მსხვერპლი სულ უფრო იზრდება, რუსული ენერგოგიგანტის გადაწყვეტილება, შეკვეცოს ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობა, ენერგეტიკული დავის მიზეზი ხდება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გასაყინად გაწირვის მიზეზებზე ერთმანეთს მოსკოვი და კიევი ედავება. უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრის, იური ბოიკოს თქმით, ევროპული სახელმწიფოები უკრაინული სატრანსპორტო სისტემით გაცილებით ნაკლებ ბუნებრივ გაზს იმის გამო იღებენ, რომ "გაზპრომმა" მიწოდება შეამცირა. "ძირითად პრობლემას ის წარმოადგენს, რომ რუსეთში საგრძნობლად აცივდა და ქვეყანაში გაზის შემოდინება შესამჩნევად შემცირდა," - განაცხადა იური ბოიკომ. "გაზპრომის" წარმომადგენელი ალექსანდრ მედვედევი კი ევროპაში კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობის შეკვეცაში ბრალს უკრაინის სატრანზიტო სფეროს წარმომადგენლებს დებს. "უკრაინა თავად მოიხმარს იმაზე მეტ გაზს, ვიდრე მათთვისაა გათვალისწინებული," - აცხადებს ალექსანდრ მედვედევი.
სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით, უკრაინა წლიურად რუსეთისგან 25 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ გაზს უნდა იღებდეს, მაგრამ როგორც იანვრის დასაწყისში იური ბოიკომ აღნიშნა, 2012 წლისთვის კიევმა მოსკოვს მხოლოდ 27 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის შესყიდვა შესთავაზა. თუმცა, ძლიერი ყინვის გამო უკრაინა იძულებული გახდა, დაგეგმილზე მეტი გაეხარჯა. "სამი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანამ მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი გახარჯა. დღეს საგანგებო ვითარებაა", განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამის შემდეგ უკრაინელი ექსპერტები წლიური მარაგის ვადაზე ადრე ამოწურვის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
მანამდე, ვიდრე უკრაინა და რუსეთი ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობაზე დავობენ, ევროპა ენერგოდეფიციტზე უკვე საუბრობს. ევროკომისიის შეფასებით, ავსტრიის საზღვრის გავლით იტალიაში გაზის მიწოდება 10 პროცენტით შემცირდა. ავსტრიული კომპანია "OMV" კი გაცილებით შთამბეჭდავ ციფრებზე საუბრობს. კომპანიის ცნობებით, რუსეთიდან გაზის მიწოდება ვენის შემოგარენში მდებარე მთავარ ტერმინალზე დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა." ენერგომატარებლების სიმწირეზე კეთდება განცხადებები ევროპის სხვა ქვეყნებშიც, კერძოდ, პოლონეთში 7-პროცენტიან, ხოლო სლოვაკეთში 30-პროცენტიან შემცირებაზე აკეთებენ განცხადებებს. ევროკომისიის ცნობების თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობა შეიზღუდა ასევე ჩეხეთში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში.
ცხადია, ევროპას კარგად ახსოვს რუსეთ-უკრაინის "გაზის კონფლიქტი", რომელიც 2009 წელს მწარე გამოცდილებად ექცა სრულიად ევროპის სივრცეს. სწორედ, ამიტომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები ამჯერად, ზემოაღნიშნულთაგან განსხვავებით, უფრო გონივრულად მოიქცნენ და თადარიგი ყოველი შემთხვევისთვის წინასწარვე დაიჭირეს. მწარე გაკვეთილის შემდეგ სათანადოდ მომზადებული აღმოჩნდა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია და საფრანგეთი. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ევროპულმა გაზის კომპანიებმა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები გააუმჯობესეს.