ორმაგი ტერაქტი დაღესტანში
ხუთშაბათს დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალაში 20-წუთიანი ინტერვალით ორი მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელსაც, სხვადასხვა მონაცემებით, 12 თუ 13 კაცი შეეწირა, ხოლო კიდევ 90 თუ 110 ადამიანი დაჭრილია.
24 საათი 05.05.12
ხუთშაბათს დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ მახაჩყალაში 20-წუთიანი ინტერვალით ორი მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელსაც, სხვადასხვა მონაცემებით, 12 თუ 13 კაცი შეეწირა, ხოლო კიდევ 90 თუ 110 ადამიანი დაჭრილია.
დაჭრილებიდან 15 ადამიანის მდგომარეობა შეფასებულია როგორც ძალიან მძიმე. დაშავებულებს შორის არის ერთი ბავშვიც, რომელსაც ჭრილობები ფეხებში აქვს.
დაღუპულებს შორის სამი კაცი საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომელია, 7 - პოლიციელი და ერთიც - სამხედრო პირი. კიდევ ერთი ადამიანის ბედი გაურკვეველია. აფეთქების ეპიცენტრში ნაპოვნია საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომელის მოწმობა, ხოლო მისი სხეული გუშინ დღის მეორე ნახევრისთვის ჯერ კიდევ არ იყო ნაპოვნი. დაღუპულია, აგრეთვე, სულ ცოტა, ორი თვითმკვლელი ტერორისტი, სავარაუდოდ, კაცი და ქალი. სამართალდამცავთა ცნობით, აფეთქებების ადგილზე ცალკ-ცალკე ეყარა დასახიჩრებული გვამების კიდურები და სხვა ნაწილები, შესაბამისად, მათი კუთვნილების დასადგენად, ალბათ, გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებაც გახდება საჭირო.
პირველი აფეთქება მოხდა საგზაო-საპარტული სამსახურის გამსვლელ პოსტთან, ასტრახანისკენ მიმავალ ტრასაზე. პოლიციელებმა დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს მსუბუქი ავტომანქანა, რომელთან სამართალდამცავების მიახლოებისასაც მძღოლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. თავდაპირველი ცნობით, ეს იყო “ლადა-პრიორას” მარკის ავტომანქანა, შემდეგ ინფორმაცია დაზუსტდა და გაირკვა, რომ აფეთქდა ავტომანქანა «მიცუბიში». გამომძიებლებმა განაცხადეს, - მანქანა ისე იყო დაზიანებული და დამწვარი, რომ მისი მარკის სწორად დადგენა თავიდან ვერ მოხერხდაო. ოც წუთში, როდესაც, ტერაქტის ადგილას მისული იყვნენ პოლიციელებიც და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებიც, აფეთქდა იქვე გაჩერებული მეორე ავტომანქანა «გაზელი,» რომელშიც კიდევ უფრო დიდი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. დაზუსტებული ინფორმაციით, პირველი აფეთქების სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტით 30 კილოგრამს უდრიდა, მეორის სიმძლავრე - 50 კილოგრამს. მსხვერპლისა და დაჭრილების რაოდენობაც ამ მეორე ტერაქტისას უფრო დიდი იყო. ასაფეთქებელ მოწყობილობებში დამაზიანებელი ეფექტის გასაძლიერებლად ჩაყრილი იყო ე. წ. “დუბელები”, ანუ ბეტონის ლურსმნები.
აფეთქებამ მთლიანად გაანადგურა საგზაო-საპატრულო სამსახურის გადასატანი პუნქტი. დაზიანდა იქვე გამავალი გაზის მილი, რასაც მოჰყვა ხანძარი, რომელიც უცბად ვერ ჩააქრეს. შედეგად, დამწვარია შეწყვილებული ტერაქტების ადგილას მდგარი დაახლოებით 40 ავტომობილი.
უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით: ტერაქტი, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, იარაღის უკანონო დამზადება და ქონების განზრახ განადგურება და დაზიანება. ტერაქტის გასახსნელად მობილიზებულია დაღესტნის საუკეთესო და გამოცდილი გამომძიებლების ჯგუფი, რომლებიც გაძლიერებული არიან ცენტრიდან მივლინებული სპეციალისტებით. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა დაღესტანში საგამოძიებო სამუშაოების კოორდინაციისთვის მიავლინა სამინისტროს ჩრდილოკავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსი სერგეი ჩინჩიკი.
დაღესტანში ბოლო წლებში ტერაქტები, სამწუხაროდ, იმდენად ხშირად ხდება, რომ ხალხი ამას, ფაქტობრივად, მიეჩვია. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც, თუმცა ძირითადად იღუპებიან მაინც “დაპირისპირებული მხარეების” წარმომადგენლები - სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და არალეგალური შეიარაღებული იატაკქვეშეთის მებრძოლები. მაგალითად, აპრილის დასაწყისში სოფელ კადირკენტთან ორმხრივ სროლაში 7 ადამიანი დაიღუპა. 6 მარტს თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შეაღწია პოლიციის პოსტის ტერიტორიაზე სოფელ კარაბუდახკენტში და აფეთქებას 5 პოლიციელი შეეწირა. თებერვლის შუა რიცხვებში პოლიციამ ალყა შემოარტყა მებრძოლთა ჯგუფს ჩეჩნეთის საზღვართან. ბრძოლა ერთი კვირა გრძელდებოდა, რასაც 13 სამართალდამცავი შეეწირა. აფეთქებები და შეტაკებები ხშირი იყო შარშანაც.