"ალ კაიდას" ახალი გეგმები
ბინ ლადენის ლიკვიდაციიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ტერორისტული ორგანიზაცია "ალ კაიდას" მხრიდან ახალ საფრთხეებზე საუბრობენ.
24 საათი 09.05.12
ბინ ლადენის ლიკვიდაციიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ტერორისტული ორგანიზაცია "ალ კაიდას" მხრიდან ახალ საფრთხეებზე საუბრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა ახლახან მასშტაბური ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს: ტერორისტები ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით ავიალაინერზე აფეთქებას გეგმავდნენ. ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის ჩამონტაჟება ავიალაინერში უნდა მომხდარიყო, უცხოეთში გაუკეთეს კონფისკაცია და ამჟამად მისი ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს. თუმცა, უცნობია, თვითმფრინავი ამერიკის შეერთებული შტატების მიიმართულებით საიდან მიფრინავდა, ეს ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. დაზვერვის ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ტერაქტის განსახორციელებლად იყო გამიზნული, უცხოურ დაზვერვასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმაა ამოღებული. "ალ კაიდას" გეგმა თვითმკვლელ ტერორისტს უნდა განეხორციელებინა, თანაც ბომბი ტანსაცმელში უნდა დაემალა. დასავლური მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, იბრაჰიმ ჰასან ალ-ასირს უნდა დაემზადებინა, რომელიც საუდის არაბეთის მიერ ძებნილ ტერორისტთა სიაშია. იგი ასევე ეჭვმიტანილია 2010 წლის ოქტომბერში დუბაისა და ლონდონში აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებაში, რომლებიც კარტრიჯებში მოხერხებულად იყო შენიღბული.
დაზვერვის ფედერალური სამსახურის ცნობებით, ახლახან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ზედმიწევნით ჰგავს 2009 წელს ნიგერიელი უმარ ფარუხ აბდულმუთალაბის ხელთ აღმოჩენილ მექანიზმს. ნიგერიის მოქალაქე ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის ამსტერდამი-დეტროიტის რესიზე დააკავეს. უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობის გამო, უმარ ფარუხ აბდულმუთალაბმა სხეულის დამწვრობა მიიღო, რის შემდეგაც მისი განიარაღება, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, მგზავრებმა შეძლეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსალოდნელი ტერაქტის საფრთხის შესახებ მიმდინარე წლის აპრილში აცნობეს. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ქეთლინ ჰეიდენის განცხადებით, პრეზიდენტმა სპეცსამსახურის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. აღკვეთილი ტერაქტის შესახებ განცხადება პენტაგონის შეფმაც გააკეთა.
"ეს ინციდენტი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფხიზლადაა და სათანადოდ ადევნებს თვალს ყველა პოტენციურ თავდამსხმელს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ზიანის მიყენება აქვს განზრახული. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად ვეცდებით," - დაზვერვის ფედერალური სამსახურის წარმატებული ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით აღნიშნა თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ.
კონფისკირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ლითონს არ შეიცავდა და, ამდენად, ისიც თავისუფლად იქნებოდა დასაშვები, რომ საპასპორტო კონტროლის დროს მეტალოდეტექტორით ვერც აღმოეჩინათ. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ტერორისტები განზრახვის სისრულეში მოყვანას სულ უფრო მოხერხებულად ცდილობენ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების განკარგულებით მომავალშიც გაგრძელდება მგზავრების არა უბრალოდ შემოწმება, არამედ საეჭვო პირების დეტალურად გაჩხრეკა და საერთაშორისო რეისებზე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი საკმაოდ დიდი ოდენობით საჰაერო მარშლების ყოფნა თვითმფრინავებში. თუმცა, უსაფრთხოების დასაცავად სპეცსამსახურებს სხვა ნორმებიც აქვთ შემუშავებული, რომელთა გასაჯაროება არ ხდება.