სოციალისტებმა საფრანგეთში უმრავლესობა მოიპოვეს
საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
24 საათი 19.06.12
საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
საბოლოოდ მათ მიიღეს 289 მანდატზე გაცილებით მეტი, რაც აუცილებელია ნებისმიერი კანონის მისაღებად.
წინასწარი მონაცემებით, ოლანდის პარტიამ, უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, ეროვნულ ასამბლეაში 577 ადგილიდან 315 მიიღო. ეს არის საუკეთესო შედეგი, რომელსაც სოციალისტურმა პარტიამ საფრანგეთის უახლეს ისტორიაში მიაღწია. არჩევნების შედეგები ახალი რეფორმების გატარებას "მწვანე შუქს" უნთებს. ადგილების ამ რაოდენობით სოციალისტებს "მწვანეებთან" ან უკიდურეს მემარცხენეებთან არ სჭირდებათ კოალიციის შექმნა იმისთვის, რათა საკუთარი გეგმები განახორციელონ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა არჩევნები ლა-როშელში, სადაც დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად პრეზიდენტ ოლანდის ყოფილი მეუღლე და პრეზიდენტობის ექსკანდიდატი 2007 წელს სეგოლენ რუაიალი იბრძოდა, თუმცა ლა-როშელში გამარჯვება მისმა მოწინააღმდეგემ, "დისიდენტმა" სოციალისტმა ოლივიე ფალორნიმ მოიპოვა.
წაგებულთა სიაში აღმოჩნდა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული ფრონტის" კანდიდატი მარინ ლე პენიც, რომელსაც გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ამასთან ერთად, ბედმა გაუღიმა მის 22 წლის ძმისშვილს მარიონ მარეშალ ლე პენს, რომელიც პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, პარტიამ 2 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. მიუხედავად ამისა, მარინ ლე პენმა შედეგს "უზარმაზარი წარმატება" უწოდა, რადგან მისი პარტია 1998 წლის შემდეგ პირველად მოხვდა პარლამენტში. მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ხმების გადათვლას მოითხოვს, რადგან განსხვავება ძალიან პატარა იყო (118 ხმა).
საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დასაყრდენმა პოლიტიკურმა ძალამ "კავშირი სახალხო მოძრაობისათვის" 214 ადგილი მოიპოვა. წინა მოწვევის ეროვნული კრებაში პარტიას 304 მანდატი ჰქონდა.
სოციალისტური პარტიის ლიდერმა მარტინ ობრიმ ამომრჩეველს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მათი პარტია ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს. თავის მხრივ, განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ეირომაც გააკეთა და განაცხადა, რომ ფრანგმა ამომრჩეველმა რეფორმების მიმართ თავისი ნება დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის დელეგაციამ, რომელიც სტუმრის სტატუსით იყო საფრანგეთის არჩევნებზე, დააფიქსირა გაყალბების შესაძლებლობები, რამაც მასპინძელ ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს კრიტიკის ობიექტი თავად რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი იყო იმ დარღვევების გამო, რომლებსაც რუსეთში არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა. თუმცა მთლიანობაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ელენა დუბროვინამ ვერ შეძლო არ აღენიშნა, რომ არჩევნები საფრანგეთში მიმდინარეობდა ღიად, ხოლო გაყალბების შესაძლებლობა მინიმალური იყო.
სალომე ჯანიაშვილი