პარიზში სირიის მეგობარი ქვეყნების შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, რამდენიმესაათიანი მსჯელობისას მკაფიოდ ითქვა, რომ ასადი უნდა წავიდეს, ხოლო რუსეთსა და ჩინეთზე საჭიროა ზეწოლა სირიის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერაზე უარის სათქმელად.
24 საათი 07.07.12

პარიზში სირიის მეგობარი ქვეყნების შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, რამდენიმესაათიანი მსჯელობისას მკაფიოდ ითქვა, რომ ასადი უნდა წავიდეს, ხოლო რუსეთსა და ჩინეთზე საჭიროა ზეწოლა სირიის მმართველი რეჟიმის მხარდაჭერაზე უარის სათქმელად.
კონფერენციას სირიის ოპოზიციამ ნაკლებად ქმედითი, მაგრამ უხვსიტყვიანი უწოდა. პარიზში კონსულტაციებს არ დაესწრნენ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირე რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები, სულ კი შეხვედრაში 100-მეტი დელეგაცია მონაწილეობდა.
"ერთი რამ ცხადია, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი აღარ გაგრძელდება, მისი დაცემა და ქვეყანაში დემოკრატიული ძალების მოსვლა გარდაუვალია. ბაშარ ასადის პროპაგანდის გასაფანტად გამოძიების კარგი მექანიზმია შემუშავებული. ჩვენი მიზანია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ვუბიძგოთ, აიღოს პასუხისმგებლობა ახალ გეგმაზე, რომელიც სირიის კრიზისს დაასრულებს," - განაცხადა შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა. ფრანსუა ოლანდის კვალდაკვალ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან წასვლის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. "არც ერთი ჩვენგანი კმაყოფილი არ არის იმით, რაც სირიაში ხდება. ჩვენ უშიშროების საბჭოს უნდა მოვთხოვოთ რეზოლუციის მიღება სირიის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მეშვიდე მუხლის ფარგლებში. რაც შეეხება რუსეთსა და ჩინეთს, ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო მათ სერიოზული საფასურის გადახდა მოუწევთ," - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
სირიის კრიზისის უახლოეს ხანში დასამთავრებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ემხრობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც. "ეს სირიის მეგობარი ქვეყნების ყველაზე მასშტაბური შეხვედრაა. სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უახლოეს კვირებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას," - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. "ჩვენ ყველანი ერთად სირიელ ხალხს 8.5 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტით ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ, რაშიც მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფაც იგულისხმება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ასადის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური აღორძინების გეგმებზე. ეს ყველაფერი შეთანხმებულია სირიის ნაციონალურ საბჭოსთან. ჩვენ ორი მიზანი გვაქვს: პირველ რიგში, დავეხმაროთ სირიელ ხალხს და მეორე, თავიდან ავიცილოთ რეგიონში სამხედრო კონფლიქტი," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ.
პარიზის შეხვედრამდე კი საიდუმლო კორესპონდენციაზე მომუშავე ვებგვერდმა ახალი სკანდალური მასალა გამოაქვეყნა. "ვიკილიქსმა" საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა 2 მილიონ 400 ათასი წერილი. მიმოწერას სირიის მმართველი ძალა 2006 წლიდან აწარმოებდა.
რაც შეეხება თავად სირიაში მიმდინარე მოვლენებს, სხვადასხვა ქალაქში სროლა ამ დრომდე არ წყდება, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს კი თვალსა და ხელს შუა ეცლება უახლოესი გარემოცვის წევრები. ამჯერად გაქცეულ სამხედრო მაღალჩინოსანთა არმიას კიდევ ერთი გენერალი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ვაჟი და დღემდე სირიის რესპუბლიკური გვარდიის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც შეემატა. გენერალ-ლეიტენანტმა მანაფ თალასმა პოლიტიკური თავშესაფარი, კოლეგების მსგავსად, თურქეთს სთხოვა. სირიის ხელისუფლებაში თავს იმით იმშვიდებენ, რომ გენერალს საიდუმლო მასალებზე ხელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ მიუწვდებოდა. თურქეთში კი 22 ივნისს ჩამოგდებული სადაზვერვო თვითმფრინავის მფრინავებს მიაგეს უკანასკნელი პატივი. პილოტების ცხედრები, თვითმფრინავის ნარჩენებთან ერთად, ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ორი დღის წინ აღმოაჩინეს. მალათიაში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას, ოფიციალურ პირებთან ერთად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო.
თურქულმა მედიამ კი ხმელთაშუა ზღვაში ასადის რეჟიმზე ზეწოლისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხომალდების გამოჩენაზე გაავრცელა ინფორმაცია. შემადგენლობა ფრანგული, გერმანული და თურქული ფრეგატებითაა დაკომპლექტებული. ხომალდსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო რაკეტებით აღჭურვილი გემების გაგზავნის მიზანი სირიის სანაპიროებთან ანტიტერორისტული მისიის შესრულებაა.