ორშაბათს რუსეთში გლოვა იყო გამოცხადებული კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების, ასევე უკრაინაში, საგზაო-სატრანსპორტო ავარიის დროს რუსი მომლოცველების დაღუპვის გამო.
24 საათი 10.07.12
ორშაბათს რუსეთში გლოვა იყო გამოცხადებული კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების, ასევე უკრაინაში, საგზაო-სატრანსპორტო ავარიის დროს რუსი მომლოცველების დაღუპვის გამო.
ოფიციალური ინფორმაციით, გუშინდელი დღისთვის უკვე ნაპოვნი იყო 171 ადამიანის ცხედარი. მათგან დილისთვის მხოლოდ 20 იყო ამოუცნობი. ავტობუსის ავარიას უკრაინაში 14 კაცი შეეწირა. წყალდიდობის დროს უკვალოდ დაკარგულთა შესახებ გუშინ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გუშინწინ კი დაკარგულად დაახლოებით 100 ადამიანი მიიჩნეოდა. კრასნოდარის მხარის ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობამ 26,5 ათასი ადამიანი დააზარალა. 3,3 ათასმა კაცმა ქონება მთლიანად დაკარგა.
დაზარალებულთა და დაღუპულთა უმრავლესობა ქალაქ კრიმსკის მკვიდრია. ისინი წესიერად ვერ იღებენ შეპირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას და კომპენსაციას. არიგებენ მხოლოდ პურს, წყალს და ლეიბებს. ისიც, ყველგან არა. მოსახლეობის ნაწილი დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს, რადგან სახლების ნაწილი დანგრეულია, ზოგი სახლი კი ჯერ დგას, მაგრამ რეალურად დანგრევის პირასაა.
გუშინ ძირითადი დავა, ერთის მხრივ, ხელისუფლებასა და, მეორეს მხრივ, ხალხსა და დამოუკიდებელ მედიას შორის მიმდინარეობდა წყალდიდობის გამომწვევი მიზეზებისა და სტიქიის შემოტევის წინ მოსახლეობის არასათანადო გაფრთხილების გამო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ წყალდიდობა გამოიწვია კოკისპირულმა წვიმებმა, გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა, მაგრამ ნორმალურად ვერ იმუშავა. პრინციპში, ხელისუფლებამ ჩავარდნა მხოლოდ ამ სფეროში აღიარა. მეტეოროლოგები წვიმების შესახებ იტყობინებოდნენ, წვიმა ხუთშაბათს დაიწყო, მაგრამ გაძლიერდა პარასკევს, საღამოს. როგორც ირკვევა, მოსახლეობა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გააფრთხილეს, მაგრამ ამ ტექსტში მთავარი წინადადება იმდენად დამახინჯებული იყო, რომ ხალხს აზრის გამოტანა არ შეეძლო. იყო მორბენალი სტრიქონი ტელევიზიითაც, მაგრამ მისი ნახვა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეეძლო, რადგან პარასკევს, საღამოს ქალაქში დენი, აგრეთვე, გაზი გაითიშა. ამას მიმომხილველები იმ ფაქტის არაპირდაპირ დადასტურებად მიიჩნევენ, რომ პარასკევს საღამოს ხელისუფლებამ დაახლოებით უკვე იცოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
ხალხს გამოეღვიძა მაშინ, როცა წყალი უკვე სახლებში შეუვარდათ. ზოგმა გაღვიძებაც ვერ მოახერხა. მედია, მით უმეტეს, სოციალური ქსელები სავსეა კონკრეტული ადამიანების ნაამბობით, თუ როგორ ძლივს მოახერხეს მათ ბოლო წუთებში მეორე სართულებზე თუ სახურავებზე აძრომა, ხშირად გამომტვრეული ფანჯრების გავლით. ყვებიან, რომ დაახლოებით 12 წუთში წყლის დონემ მეტრნახევრით-ორი მეტრით მოიმატა.
მთავარი ის არის, რომ მოსახლეობას ხელისუფლების ვერსიის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ წყალსაცავებიდან წყლის გამოშვებით წყალდიდობა ხელოვნურად "გააძლიერეს". დატბორილი ზონის ზევით არის ნაბერჯაის და ატუკაევის წყალსაცავები. კრასნოდარის გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩოვმა მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი დარწმუნება ვერ შეძლო. შემდეგ მისმა მოადგილემ ხალხისგან არჩეულ საინიციატივო ჯგუფს, ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან ერთად, ნაბერჯაის წყალსაცავის ვერტმფრენით მონახულება შესთავაზა. დაბრუნების შემდეგ ამ ადამიანებმა დაადასტურეს, რომ წყალსაცავიდან წყალი ნამდვილად არ არის გამოშვებული. თუმცა ამ ინსპექციით საინიციატივო ჯგუფის 5 წევრიდან სამი მაინც არ არის კმაყოფილი. მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ვერტმფრენმა მაინც არ იფრინა იმ მარშრუტით, როგორც წყალი მოძრაობდა. შესაბამისად, მათ სრული ინფორმაცია ვერ მიიღეს. ტელევიზიის ოპერატორებს და საინიციატივო ჯგუფს მხოლოდ ნაბერჯაის წყალსაცავი აჩვენეს, ხოლო ატუკაევის წყალსაცავისკენ საწვავის სიმცირის მიზეზით არ წაიყვანეს. მათ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ აჩვენა ის, რისი ჩვენებაც უნდოდა.
გუშინ დარგის სპეციალისტები, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტებიც, აცხადებდნენ, რომ წყალდიდობის ხელოვნურად გამოწვევა შეუძლებელია მომხდარიყო; მაშინ წყალსაცავის დამბა მთლიანად გარღვეული უნდა იყოს, მაგალითად, აფეთქების შედეგად. გავრცელებული ეჭვი, რომ ეს ხელისუფლებამ უფრო დიდი ქალაქის, საკურორტო ნოვოროსიისკის გადასარჩენად გააკეთა, აბსურდია, რადგან მთების სიმაღლის გამო ეს წყალი იქით მაინც ვერ მოხვდებოდა. როგორც ირკვევა, ყუბანში ორ დღეში წლიური ნორმის მესამედის ოდენობით ნალექი მოვიდა. ამას გარდა, კრიმსკი აშენებულია ისეთ ქვაბულში, სადაც წყალი თავისთავად იყრის თავს.
მოსახლეობა არც ოფიციალურად გამოცხადებულ ციფრებს იჯერებს. ხალხი ამტკიცებს, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია. ვინც ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს ინტერნეტში, მათ ტელეფონით ვიღაც უცნობი პირები ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ხელისუფლება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიას აბრალებს. ქალაქ კრიმსკში ძალიან დაძაბულია სოციალური მდგომარეობა, მოსახლეობიდან ყოველი შემთხვევისთვის იარაღის ამოღებაც დაიწყეს.
ხალხი ამ სტიქიურ უბედურებას 10 წლის წინ, 2002 წელს მომხდარ წყალდიდობას ადარებს, რომლის შემდეგაც მოსახლეობა ძლივს დადგა ფეხზე, ახლა კი უბედურების მასშტაბი გაცილებით დიდია.
ხელისუფლება დაზარალებულებს ჰპირდება, რომ საწყისი ეტაპისთვის გამოუყოფს დახმარებას 10 ათასი რუბლის ოდენობით. შემდეგ დაკარგული ქონებისთვის კომპენსაციის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითოეული ოჯახი მიიღებს 50 ათას რუბლს, ფედერალურ ბიუჯეტიდან კი 100 ათას რუბლს. დაღუპულთა ოჯახები ორ მილიონ რუბლს მიიღებენ, ერთს ადგილობრივი, ხოლო ერთსაც ფედერალური ბიუჯეტიდან. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, სახლები უნდა აუშენონ ყველას, ვისაც ის დაენგრა. თუმცა მოსახლეობა იხსენებს, რომ 2002 წელს დაპირებები მთლიანად არ შეუსრულებიათ.