"მაგნიტსკის სია" კვლავ ყურადღების ცენტრშია. ვაშინგტონში საგანგებოდ ამ თემის განსახილველად რუსი სენატორების დელეგაცია ჩავიდა.
24 საათი 13.07.12

"მაგნიტსკის სია" კვლავ ყურადღების ცენტრშია. ვაშინგტონში საგანგებოდ ამ თემის განსახილველად რუსი სენატორების დელეგაცია ჩავიდა.
ვიტალი მალკინი, ვალერი შნიაკინი, ალექსანდრ სავენკოვი და ასლამბეკ ასლახანოვი ამერიკელ კოლეგებთან იმ კანონზე იმსჯელებენ, რომლის მიღებასაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის ორივე პალატა წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს იმ რუსი ჩინოსნებისა და გამომძიებლების წინააღმდეგ, რომლებიც, ადამიანის უფლებადამცველთა ვარაუდით, დაკავშირებულნი არიან საინვესტიციო ფონდ "ჰერიტიჯ კეპიტალის" აუდიტორის, პროფესიით იურისტ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან. საინვესტიციო ფონდის აუდიტორი მოსკოვის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გამომძიებლებმა სცადეს, პატიმრის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საპყრობილის ექიმებისთვის დაეკისრებინათ. ძველ ვერსიაზე უარის თქმას რუსული მხარე არც ახლა აპირებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ მათ თან აქვთ ყველა დოკუმენტი, რომლებიც საპყრობილეში მაგნიტსკის არასწორი მკურნალობის შედეგით გამოწვეულ გარდაცვალებას ადასტურებს. რაც შეეხება მის დაკავებას, რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს კანონიერად მოხდა. დოკუმენტების კომპლექტი 14-გვერდიანი ცნობისგან შედგება, ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი და თან ახლავს ორენოვანი ილუსტრირებული მასალა. "ჩვენ ვრცელი ცნობები მოვამზადეთ, სადაც ოფიციალური დოკუმენტებია ჩართული," - განაცხადა სენატორმა ვიტალი მალკინმა. გარდა ამისა, მან ისიც აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები დღემდე არ გამოქვეყნებულა და უძვრიფასეს მასალას წარმოადგენს, რომელიც სრულად ცხადყოფს მაგნიტსკის საქმის დეტალებს.
რუსულ დელეგაციასთან შესახვედრად მზადყოფნა თავიდანვე გამოთქვეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა, სენატორებმა ბენ ნელსონმა, ჯონ მაკკეინმა, როჯერ უიკერმა, ბობ კორკერმა და კონგრესმენებმა გრეგორი მიქსმა და ჯეიმს მაკგოვერნმა, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში "მაგნიტსკის კანონის" მთავარი ინიციატორები არიან. სენატში კანონპროექტი “დემოკრატმა” ბენჯამინ კარდინმა შეიტანა, მაგრამ მან რუსულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
"ჩვენ სრულად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალება დეტალურ შესწავლას და სრულმასშტაბიან გამოძიებას საჭიროებს, ისევე როგორც სხვა ინციდენტები, რომლებსაც მსოფლიო რეზონანსი ჰქონდა... მზად ვართ, ვაღიაროთ, რომ მაგნიტსკის სხეულზე მართლაც აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი და ასევე ისიც, რომ მას დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. სწორედ ამასთან დაკავშირებული პირები უნდა მიეცენ პასუხისგებაში," - ნათქვამია რუსული დელეგაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში. დოკუმენტის ავტორები იმასაც აცხადებენ, რომ აუდიტორის გარდაცვალების გარემოების გამოძიებამ არ უნდა იმოქმედოს თავის მხრივ კომპანია "ჰემიტიჯ კეპიტალის" საქმის გამოძიებაზე, რომელსაც რუსეთში გადასახადებისთვის თავის არიდებასა და საბიუჯეტო სახსრების მიტაცებაში ადანაშაულებენ.
რუსული დელეგაციის წარმომადგენელთა თქმით, მათ ვიზიტს ვაშინგტონში გაგებით შეხვდნენ და წარდგენილი დოკუმენტების შესწავლას დაჰპირდნენ, მაგრამ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, ფედერაციული საბჭოს წევრების ვიზიტი ამერიკაში - სასაცილოდ, ხოლო მათი ანგარიში "სულელურ სიცრუედ" აღიქვეს.