დიდი ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა, ლონდონში ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 3,5 ათასი სამხედრო გამოეყო. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვა, რომ ორგანიზატორებს დაცვის კვალიფიციური კადრების მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
24 საათი 13.07.12

დიდი ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა, ლონდონში ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 3,5 ათასი სამხედრო გამოეყო. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვა, რომ ორგანიზატორებს დაცვის კვალიფიციური კადრების მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძო კომპანია “G4S”, რომელიც პასუხისმგებელია თამაშების უსაფრთხოებაზე, ვერ ასწრებს მცველების საკმარისი რაოდენობის დაქირავებას.
შეიარაღებულმა ძალებმა თამაშების დასაცავად უკვე გამოყო 13,5 ათასი ჯარისკაცი, მაგრამ მათ ახლა ამ რაოდენობის 17 ათასამდე გაზრდა მოუწევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ სამხედროს შვებულებას გადაუვადებენ.
“G4S”-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ “თანამშრომლების აყვანაზე გარკვეული პრობლემები შეექმნათ". კომპანიამ 300 მილიონი გირვანქა-სტერლინგის ღირებულების (ეს, დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს უდრის) კონტრაქტი გააფორმა და პასუხისმგებლობა იკისრა, რომ თამაშების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, მაგრამ, როგორც შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, მან ვერ შეძლო აეყვანა და მოემზადებინა 10 ათასი მცველი. “G4S”-ის თანამშრომლის განცხადებით, კომპანიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა თამაშების დასაცავად დამატებით ძალებს გამოყოფს.
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელთა თქმით, ეს ფაქტი გავლენას არ მოახდენს თამაშების უსაფრთხოებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამატებითი სამხედრო მოსამსახურეების განლაგების დეტალებზე ისინი განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. სულ მთავრობამ ოლიმპიური თამშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 553 მილიონი გირვანქა სტერლიგნი (860 მილიონი დოლარი) გამოყო.
მას შემდეგ, რაც მომსახურებაზე მგზავრების მრავალრიცხოვანი საჩივრები მიიღეს, სახელმწიფო ხელისუფლება აპირებს, დედაქალაქის აეროპორტ “ჰიტროუში” სამუშაოდ საბაჟოს თანამშრომლები მეტი რაოდენობით მიავლინოს.
თავის მხრივ განცხადება გააკეთა ლონდონის მერ ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა. მისი თქმით, “მერი ძალიან სერიოზულად უდგება ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხს და ის ფაქტი, რომ თამაშების დროს მსოფლიოში საუკეთესო ჯარისკაცები დაგვეხმარებიან, ყველას გვამშვიდებს".
მთლიანობაში, ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებას 23,700 ადამიანი დაიცავს. “G4S”-ი გააკონტროლებს უსაფრთხოების საერთო სისტემას და ასევე ითანამშრომლებს შეუიარაღებელ ჯარისკაცებთან.
უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი იქნება, დაახლოებით, 30 ოლიმპიურ ობიექტზე, სადაც ჩატარდება ასპარეზობები, ასევე ბევრ სხვა ადგილებზეც - მაგალითად, ავტოსადგომებზე.
მოამზადა
სალომე ჯანიაშვილმა