ეგვიპტეში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პირველი შეხვედრა გამართა ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტ მუჰამედ მურსისთან. მოლაპარაკებების შემდეგ კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს “ეგვიპტის სრულ გადასვლას სამოქალაქო მმრთველობაზე."
24 საათი 16.07.12

ეგვიპტეში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პირველი შეხვედრა გამართა ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტ მუჰამედ მურსისთან. მოლაპარაკებების შემდეგ კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს “ეგვიპტის სრულ გადასვლას სამოქალაქო მმრთველობაზე."
ცოტა ადრე ეს შეხვედრა წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან რამდენიმე წლის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ არასდროს ითანამშრომლებდა “მუსულმან ძმებთან".
მუჰამედ მურსიმ, რომელიც სამართლიანობისა და თავისუფლების პარტიას (პანარაბული მოძრაობა “მუსულმანი ძმების" პოლიტიკური ფრთა ეგვიპტეში) წარმოადგენს, ივნისში, ეგვიპტის ისტორიაში პირველ თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მოჰამედ მურსი პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლისთანავე აღმოჩნდა “ჩათრეული” საკონსტიტუციო კრიზისში. ის ცდილობს, გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოს და შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნის შესახებ.
ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მუჰამედ მურსის და რომ ეგვიპტელებმა უნდა მიიღონ ის მთავრობა, რომელსაც მისცეს ხმა.
ახალ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტეში ჩავიდა, რათა აშშ-ს სახელით კიდევ ერთხელ გამოეხატა მხარდაჭერა ეგვიპტელი ხალხის და მისი არჩევანისთვის. “ჩვენ გვინდა, ვიყოთ კარგი პარტნიორები. ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას, რომელიც მიღწეულ იქნა ეგვიპტელი ხალხის სიმამაცით და მისი სურვილით, გაეღო მსხვერპლი," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ბარაკ ობამას ადმინისტრაცია არ კარგავს დროს, რათა ეგვიპტის ახალ ლიდერთან ურთიერთობა გააუმჯობესოს. აშშ შეეგუა იმ აზრს, რომ ეგვიპტის ხელისუფლებაში ისლამისტები მოვიდნენ და ცდილობს, ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოს.
“მუსულმანი ძმები" მუდმივად აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ არ სურთ ეგვიპტის საერთაშორისო იზოლაცია, რადგან მათი ეკონომიკა საკმაოდაა დამოკიდებული ტურიზმსა და საგარეო ვაჭრობაზე.
გასულ კვირას მუჰამედ მურსი შეეცადა, გაეუქმებინა პარლამენტის დათხოვნაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მურსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებამდე მიიღეს (ეს კარგად არის ცნობილი “24 საათის მკითხველისთვის”). მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლებელი იყო, ახალი პრეზიდენტი ცდილობს, შეამციროს დაძაბულობა. მან განაცხადა, რომ შეეცდება, “თავიდან აიცილოს დაპირისპირება".
მოგვიანებით ჰილარი კლინტონი შეხვდა მურსის ოპონენტს - სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეს, ფელდმარშალ მუჰამედ ჰუსეინ ტანტაუის. ჯერ კიდევ ამ ბოლო შეხვედრამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, თუ რის თქმას აპირებდა ის ტანტაუისთვის. როგორც ჰილარი კლინტონმა პასუხად აღნიშნა, იგი ფელდმარშალს გადასცემს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას იმის შესახებ, რომ “სასურველია, ეგვიპტის შეიარაღებული ძალები დაუბრუნდნენ წმინდა სამხედრო ფუნქციების შესრულებას”.
ეგვიპტიდან ჰილარი კლინტონი ისრაელში გაემგზავრება.
მოამზადა
სალომე ჯანიაშვილმა