2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 11 წლის თავზე "ალ ქაიდას" ლიდერის აიმან ალ ზავაჰირის ძმა დასავლეთსა და ისლამისტებს სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავლობას სთავაზობს.
24 საათი 12.09.12

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 11 წლის თავზე "ალ ქაიდას" ლიდერის აიმან ალ ზავაჰირის ძმა დასავლეთსა და ისლამისტებს სამშვიდობო შეთანხმებაში შუამავლობას სთავაზობს.
"სი-ენ-ენ"-ისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მუჰამედ ზავაჰირმა ეს შემოთავაზება პირველად გაახმოვანა. მისი თქმით, მისი მდგომარეობა აძლევს მას საშუალებას, მხარეებს ძალადობის დასრულებაში დაეხმაროს.
მისი თქმით, როგორც "ალ ქაიდას" ლიდერის ძმა, ისინი იდეოლოგიურად განუყოფელნი არიან და თუ ვინმეს შეუძლია, მის ძმას ძალადობის დასრულებაზე ესაუბროს, ეს თავად მუჰამედია.
"ალ ქაიდას" ლიდერის ძმამ 14 წელი ეგვიპტის ციხეში გაატარა, მას ტერორიზმსა და 1981 წელს ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათის მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. იგი ბრალდებებს დღესაც უარყოფს. მისი თქმით, ციხეში ყოფნისას მან კარგად მოიფიქრა, თუ რას გააკეთებდა, როდესაც გაათავისუფლებდნენ. მუჰამედ ზავაჰირის თქმით, მას მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის მშვიდობა სურს. იგი მზადაა, შუამავლის როლი ითამაშოს ისლამისტებსა და ამერიკასა და დასავლეთს შორის: "მე არც ერთ ჯგუფს არ წარმოვადგენ, ჩემი როლია ვიყო შუამავალი დასავლეთსა და მათ შორის."
ზავაჰირს მხარეებისათვის ექვსგვერდიანი შემოთავაზებები აქვს ჩამოყალიბებული, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესულია: ამერიკამ და დასავლეთმა უნდა შეწყვიტონ მუსლიმთა მიწებზე ინტერვენცია; მათ უნდა შეწყვიტონ მუსლიმთა განათლებაში ჩარევა; უნდა დაასრულონ ომი ისლამთან; გაათავისუფლონ ისლამისტი პატიმრები.
ისლამისტებმა კი, თავის მხრივ, უნდა შეწყვიტონ დასავლეთისა და ამერიკის ინტერესებზე თავდასხმები; დაიცვან ამერიკისა და დასავლეთის ლეგიტიმური ინტერესები მუსლიმთა მიწაზე და შეწყვიტონ დასავლეთისა და ამერიკის გაღიზიანება.
ზავაჰირის თქმით, საპატიმროში ყოფნისას იგი ეუბნებოდა დამკითხველებს, რომ მას შეეძლო, ისლამისტებთან დაზავებაზე ემუშავა, თუმცა მას სათანადოდ არ მოუსმინეს: "ჩემს იდეას რომ ემუშავა, შესაძლოა, 9/11 არც მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა დღესაც არ არის დაკარგული," - აღნიშნავს ზავაჰირი.
მსგავსი შემოთავაზება უსამა ბინ ლადენს 2004 წელსაც ჰქონდა, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში ლონდონის მეტროში მომხდარ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას 52 ადამიანი ემსხვერპლა.