ჩემთვის სტატიის დაწერას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ზუსტად გამოიკვეთება მისი სათაური. ბევრი ამ სათაურს პარადოქსულად მიიჩნევს, მაგრამ აქ საუბარია დემოკრატიულ ოპოზიციაზე და არა საერთოდ ოპოზიციაზე, რომელიც სავსებით საკმარისია ქვეყანაში. თანაც, ჩემთვის ეს ორი თემა ერთიანი ლოგიკური ჯაჭვია და, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს ნებისმიერი საკითხი საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ ასეთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.
24 საათი 15.09.09
ჩემთვის სტატიის დაწერას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ზუსტად გამოიკვეთება მისი სათაური. ბევრი ამ სათაურს პარადოქსულად მიიჩნევს, მაგრამ აქ საუბარია დემოკრატიულ ოპოზიციაზე და არა საერთოდ ოპოზიციაზე, რომელიც სავსებით საკმარისია ქვეყანაში. თანაც, ჩემთვის ეს ორი თემა ერთიანი ლოგიკური ჯაჭვია და, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს ნებისმიერი საკითხი საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ ასეთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.
იდუმალი რუსული სულის ამოცნობას არა ერთი თაობა და არა ერთი ბრძენი ადამიანი ცდილობდა. ერთხელ ინტერნეტში წავაწყდი უცხოელი ანალიტიკოსის (სამწუხაროდ, ავტორი არ მახსოვს) საინტერესო მოსაზრებას: “იქნებ რუსული სულის საიდუმლო მის არ ქონაშიაო?!” - ?!” - რიტორიკულად დასვა კითხვა ავტორმა.
ხალხის სული, ჩემი აზრით, კარგად აისახება მის ზღაპრებში. რუსული ზღაპრების მთავარი ბოროტი გმირია უკვდავი კაშჩეი, რომელიც სინამდვილეში თურმე მთლად უკვდავი არაა. მისი სიცოცხლე ნემსის წვერზეა, ნემსი კვერცხშია, კვერცხი - იხვში, იხვი - მელაში, მელა ჩაკეტილია სკივრში, რომელიც ჩამოკიდებულია მუხაზე და ამ მუხის ძირს მიჯაჭვულია დათვი, რომელსაც მისჯილი აქვს ამ სკივრის დაცვა.
კარგად ვიცით, დათვი რუსი ხალხის სიმბოლოა. ახლა ყურადღებით დავაკვირდეთ რუკას, დავიწყოთ მისი გულიდან - მოსკოვიდან. კრემლი ძალიან წააგავს კვერცხს, მის ირგვლივ განლაგებულია “ბულვარნოე კოლცო”, “სადოვოე კოლცო”, “ახალი მესამე კოლცო”, მოსკოვის ირგვლივ წრიული გზატკეცილი, შემდეგ ე.წ. რუსეთის “ზოლოტოე კოლცოს” ქალაქები: იაროსლავლი, ვლადიმირი, სუზდალი და ა.შ. შემდეგ კიდევ რუსული ქალაქების სარტყელი და უკვე შემდეგ იწყება დაპყრობილი ქვეყნების სარტყელები: ყაზანი, ასტრახანი, ურალი, ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი და, რა თქმა უნდა, კავკასია.
საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სარტყელიც შეიმატა. რუს ხალხს სული, რა თქმა უნდა, გააჩნია, მაგრამ მას არ გააჩნია უფლება, იყოს სულიერი, იყოს ერი. რუსი ერი ყველაზე საცოდავი და “გათელილი” ერია იმპერიაში, მას მისჯილი აქვს მხოლოდ ერთი ძირითადი ფუნქცია, რომელიც მძიმე “ტვირთად” აწევს მხრებზე - დაპყრობილი მიწების დაცვა. მისი სული დამძიმებულია სხვა ხალხების უბედურებით, ამავე დროს, რუსეთში იყო არარუსი, ნიშნავს, რომ არა ხარ “სანდო” რუსეთის მთლიანობისთვის ბრძოლაში, ამიტომაც არარუსი ეროვნების ადამიანებს უფრო მეტი “მონდომება” სჭირდებათ თავისი ლოიალობის დასამტკიცებლად.
იოანე მრისხანემ, რუსეთის პირველმა მეფემ, რომელიც აღიქმება უკვდავი კაშჩეის პროტოტიპად, ჩამოაყალიბა დაპყრობილი მიწების შენარჩუნების მთავარი პრინციპი - “შენიანს სცემე, სხვას რომ ეშინოდესო” - და მანვე დააწესა “ოპრიჩნინა” - ეს ერთგვარი სახელმწიფო რეკეტის ფორმა. დღემდე ეს “ველიკაია დერჟავა” სწორედ ამ პრინციპების მეშვეობით არსებობს. იცვლებოდა დრო, იდეოლოგია, მაგრამ არასდროს შეცვლილა ფეოდალურ-იმპერიული მართვის პრინციპები. დღეს მოსკოვის ოფისებში ხშირად ნახავთ კედელზე სამხიარულოდ გამოკრულ ტექსტს: ამონაწერი პეტრე პირველის ბრძანებიდან: ქვეშევრდომს უნდა ჰქონდეს სახის მოსულელო გამომეტყველება, რათა თავისი გონიერებით არ შეაცბუნოს მაღალი უფროსობა.
ნაცნობია არა? რუსეთში სიმართლე მხოლოდ ხუმრობით ითქმება. ფეოდალური სისტემა ერთადერთი საშუალებაა, რომ შეინარჩუნო და მორჩილებაში ამყოფო ამხელა ტერიტორია და ამდენი ერი. რუსეთის მმართველ ელიტას ხელოვნების დონეზე ჰყავს აყვანილი მიმიკრიის უნარი, ყველაფერს დაირქმევს ყველაფერზე წავა, ოღონდ შეინარჩუნოს თავისი “მონაპოვარი”, დაპყრობილი ტერიტორიები. ასეთია რუსეთის მმართველობის ალგორითმი. მისი ქმედება არ ემორჩილება ჩვეულებრივ პრაგმატულ ლოგიკას, ასეთი ალგორითმი მოითხოვს სერიოზულ მოქნილობას, რომელიც ხშირად ჰგავს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის საქციელს. ერთ სახელმწიფოში თავმოყრილია დიამეტრალურად განსხვავებული მენტალობები, ეროვნული ტრადიციები, რელიგიები და რასები. თავად რუსი ფილოსოფოსები აღნიშნავენ რუსული იმპერიის უცნაურობას, სხვა ყველა აქამდე არსებული იმპერია არსებობდა ძირითადი მოსახლეობის სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, კოლონიების ხარჯზე. რუსეთი კი - საკუთარი, თავად რუსი ერის დამცირების ხარჯზე.
რუსი ერი პერიოდულად აწყობდა ბუნტს “უაზროს და დაუნდობელს”, მაგრამ ყოველთვის დგებოდა მთავარი საკითხი - დარჩებოდა თუ არა რუსეთი დაპყრობილი ტერიტორიების საზღვრებში და ამის წინააღმდეგ გალაშქრება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. გარდა ამისა, იმ ფეოდალურ გარემოცვაში რუსეთს ყოველთვის ჰყავდა გარე მტერი, რომელიც ეცილებოდა მის დაპყრობილ მიწებს. ყოველი საუკუნის დასაწყისში, როდესაც გროვდებოდა შიდა და გარე პრობლემები, რუსეთი იწყებდა ომს, რის შედეგად უფრო ძლიერდებოდა: 1612 წ. - რეჩ-პოსპოლიტა. 1709 წ. - შვედეთი. 1812 წ. - ნაპოლეონი. აქ ღირს ცოტაოდენი ყურადღების შეჩერება. ნაპოლეონის კამპანია, ჩემი აზრით, ფაქტობრივად “გაერთიანებული” ფეოდალური ევროპის “დაკვეთა” იყო.
იმ თვალსაზრისით, თუ რა ხდებოდა იმ დროს მსოფლიოში, ჩვენთვის საინტერესოა რამდენიმე თარიღი: 1783 წ. - გიორგიევსკის ტრაქტატი, 1789 წ. - ბასტილიის აღება, ფრანგული ბურჟუაზიული რევოლუცია, 1801 წ. - საქართველოს შეყვანა რუსეთის იმპერიაში, 1804 წ. - ნაპოლეონის კურთხევა იმპერატორად, რომის პაპის მიერ(?!). რუსეთმა “დაასწრო” ევროპას აზიისკენ გზის “გადაკეტვა” 6 წლით, ნაპოლეონმა შეამცირა ჩამორჩენა 3 წლამდე, მაგრამ ეს მაინც დიდი დრო აღმოჩნდა. ნაპოლეონმა დაკისრებული მისია ვერ შეასრულა და “დაისაჯა”. ამის მერე რუსეთი უფრო გაძლიერდა და ევროპაში მთავარი “მშვიდობისდამცველი ჟანდარმი” გახდა. რუსული “მონოპოლიის” წინააღმდეგ ბრძოლა ბრიტანეთმა უკვე აზიაში ითავა. დაიწყო ე.წ. “დიდი თამაში” ავღანეთში, ინდოეთში და ა. შ. ეს ამხანაგ მიხეილ ლეონტიევის საყვარელი თემაა, ტელეგადაცემების მთელი ციკლი შექმნა იმ აზრით, რომ აი, ხომ ხედავთ, როგორ გვეცილებოდა ევროპა ჩვენს მიწებშიო და ახლაც ამისთვის გვებრძვისო, მათი დემოკრატია უბრალო თამაშიაო!!! “დიდი თამაში” უდაოდ მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს “მოთამაშეების” სტატუსი პრინციპულად განსხვავდება. იმ დროს ბრიტანეთიც და საერთოდ ევროპაც ისეთივე ფეოდალური იყო, როგორც თავად რუსეთი, კოლონიების ყოლა ქვეყნის სიძლიერეს უსვამდა ხაზს. ასეთ პირობებში რუსული “კუნთები” უფრო მკვრივი იყო, მაგრამ დღევანდელი რუსეთი ისევ ისეთივე “ფეოდალურია” და დღეს ეს მისი სისუსტის ნიშანია. იმავე დროს ყალიბდება ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში იწყება სერიოზული ძვრები ფეოდალიზმის დასაძლევად. დღეს ევროპა და ამერიკა დგანან დემოკრატიის ავანგარდში. დემოკრატია და მიწების მითვისება კი შეუთავსებელია.
დეკაბრისტები კეთილშობილი ადამიანები იყვნენ, მათ წელიწადზე მეტი გაატარეს საფრანგეთში და დაინახეს, რა სიკეთე მოუტანა ხალხს ბურჟუაზიულმა რევოლუციამ. მათ დაინახეს, რომ უბრალო ადამიანები თავისუფლები იყვნენ. დეკაბრისტების კეთილი სურვილებით გამოწვეული ამბოხი განწირული იყო, ვინაიდან მათი კეთილშობილება ისევ იმპერიი ფარგლებში “განიხილებოდა” .
1905 წლის რევოლუციის შედეგი იყო სტოლიპინის რევოლუციური რეფორმები, რამაც რუსეთში წარმოქმნა ახალი ფენა, თავისუფალი, მდიდარი გლეხი - კულაკი. მდიდარი და დამოუკიდებელი ადამიანების გამოჩენა, ჩემი აზრით, იმპერიის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. შეგნებულად აღარ ვეხები პირველი და მეორე მსოფლიო ომებს, ამ თემაზე ვისაუბრე წინა სტატიაში “საქართველო ექსკლუზიური ქვეყანაა” (“24 საათი weekend”, 30.05.2009 წ.)
1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად იმპერიაში შემოიჭრა დემოკრატიული ქარიშხალი, რომელმაც წარმოქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც. სინამდვილეში ბოლშევიკების გამარჯვების ჭეშმარიტი მიზეზი ის იყო, რომ უბრალო ადამიანებს ვერ წარმოედგინათ იმპერიის დაქუცმაცება: “ზა დერჟავუ ობიდნო”. არავითარი “სამოქალაქო ომი” რუსეთში არ ყოფილა, ბოლშევიკებს სჭირდებოდათ ასეთი სახელი, იმიტომ, რომ უბრალო რუსი ხალხის თვალში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება “შინაურ” საქმედ ითვლებოდა, სწორედ ამაში დევს “რუსული კოდი”, რუსეთის მაცხოვრებლისთვის მიწები ყველა “რუსულია”!!! ახალმა ხელისუფლებამ თავიდან დაიპყრო “მისი კუთვნილი” მიწები. იმპერიამ აღიდგინა და შემდგომ შეიმატა სისტემის დამცავი სარტყლები.
დამცველი სარტყელები სხვადასხვა სახელმწიფოების სახით უხანგრძლივებს სიცოცხლეს იმპერიას, მაგრამ არის ზღვარი, საიდანაც ნგრევის პროცესი შეუქცევადი ხდება (სკივრი არ უნდა გაიხსნას). დღეს ეს ზღვარია საქართველო და უკრაინა, თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთი უკრაინას უფრო “შეელევა”, ვიდრე საქართველოს. რითი დავიმსახურეთ ასეთი “პატივი”, რატომ ტყდება ჯოხი მაინცა და მაინც ჩვენს კისერზე, რა დავაშავეთ ასეთი? მოდით, დავსვათ კიდევ ერთი კითხვა, რა მოიგო რუსეთმა ყველაზე მთავარი საქართველოს შემოერთებით? პასუხი ძალიან მარტივია: რუსეთი დაეპატრონა საქართველოს მთავარ ფუნქციას, აზიასა და ევროპის დამაკავშირებელ როლს, მიითვისა ეს უფლება 200 წლით, თავად საქართველო კი დატოვა ისტორიის “ორღობეში”. მაგრამ ეს აისბერგის “უხილავი” ნაწილია და ეს გეგმა ვერ შესრულდებოდა, სხვა “დანაშაულებებიც” რომ არ ყოფილიყო. ერთმორწმუნე საქართველოში რუსეთი ომით ვერ შემოვიდოდა, ამას “მომზადება” სჭირდებოდა. საქართველო უნდა დასუსტებულიყო იმდენად, რომ თავად ეთხოვა დახმარება. მანამდე კი არსებობდა სრულიად უწყინარი გზა, “მეგობრობა” ქართველ მეფეებთან და თავადებთან. თუ რუსები აქამდე “ვარიაგებს” იწვევდნენ, “მოდით და დაგვეპატრონეთო”, ახლა აქცენტი ქართველებზე გაკეთდა.
გარდა იმისა, რომ ვფლობდით ასეთ “ადგილს”, “დავაშავეთ” ის, რომ ვიყავით ერთ-ერთი პირველი წამყვანი მართლმადიდებელი ქვეყანა; იოანე მრისხანე ჰერეთის დედოფლის დინარას (თუმცა ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ დინარა თამარია) მაგალითით იპყრობდა ყაზანსა და ასტრახანს.
ასეთი “მეგობრული დაახლოვების” “ნაყოფი” პეტრე პირველი გახდა, მის ქართულ წარმოშობაზე რუსი ისტორიკოსები პირად საუბარში აღარ კამათობენ. იმ დროისთვის მარტო მოსკოვში უკვე რამდენიმე ათეული ქართული სოფელი იყო. მან “დაგეგმა” საქართველოს შემოერთება, მანვე არაერთხელ მოატყუა ქართველი მეფეები, რის შედეგადაც საქართველოს მდგომარეობა უარესდებოდა. პეტრემ დააწესა იმპერიის მთავარი, ანდრია პირველწოდებულის ორდენი, იმ აზრით, რომ ანდრია კიევში ქადაგებდაო(?!). აქ ადგილი აქვს ისტორიის გაყალბებას, წყაროებში მითითებულია სკვითეთი, თავად რუსი მეცნიერები კი აღიარებენ, რომ არ იციან, სად იყვნენ სლავები VIII საუკუნემდე! როდესაც საქართველო იმპერიის ნაწილი გახდა, ეს უკვე სიმართლედ იქცა: “სად ქადაგებდაო ანდრია? იმპერიის სამხრეთ ნაწილშიო!” ამავე დროს, დღეს რუსეთის უმეტეს მოსახლოებას ქართველები მუსულმანებად მიაჩნიათ, აბა როგორ?! მთავარი მართლმადიდებელი ქვეყანა ხომ რუსეთია?! იმპერიული იდეოლოგია ერთგვარი “ქირურგიული” ოპერაციაა გულზე და გონებაზე, გონებაში შეყავთ ცრუ “ჭეშმარიტებების” ნარკოზი, შემდეგ ძალიან ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად იღებენ გულიდან “სამშობლოს” და ცვლიან “დერჟავაზე”, ცინიზმით აჟანგებენ სულს, რასაც მოჰყვება გულის სიგრილე და გონების ადუღება -”კიპიტ ნაშ რაზუმ ვოზმუშჩონი” (რევოლუციური სიმღერიდან-ავტ.), ასეთ იდეოლოგიას რუსული “ველიკი ი მოგუჩი” ენაც უწყობს ხელს. უფროს თაობას კარგად ემახსოვრება, საბჭოთა პერიოდში ხშირად აჩვენებდნენ 20-იანი წლების ქრონიკის კადრებს: ბოლშევიკები აწარმოებენ გაუნათლებლობის ლიკვიდაციას, ახალნასწავლი მოქალაქე ბედნიერი სახით დაფაზე წერს: მშ ნვ პაბშ, პაბშ ნვ მშ! (ჩვენ არ ვართ მონები, მონები არ ვართ ჩვენ). ჭეშმარიტად კი, ფრაზა ჟღერს ასე: მშ ნვ პაბშ, პაბშ ნვმშ! (ჩვენ არ ვართ მონები, მონები მუნჯები არიან). ერთი სიტყვისგან წარმოიქმნა ორი და... ჭეშმარიტება აღარ არსებობს(!). ასე ხდება ყველაფერში, იმპერია აღწევს ადამიანის სულის ყველა კუთხე-კუნჭულში, ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში და ტოვებს თავის თითქმის “დამაჯერებელ” კვალს. იმპერიული იდეოლოგიის უმთავრესი ამოცანაა, ჩამოუყალიბოს ადამიანს პრიმიტიული აზროვნება, პრიმიტიული მოთხოვნილებები, შავ-თეთრი წარმოსახვა, ადამიანი უნდა კმაყოფილდებოდეს მარტივი პასუხებით რთულ კითხვებზე; ცინიზმი საჭიროა იმისთვის, რომ იყოს ინსტინქტი და არა გრძნობა, ვინაიდან გრძნობა ადამიანს ამაღლებს, ინსტინქტი კი ამცირებს. ამავე დროს, უბრალო მოქალაქეებს ისე აქვთ “გონება” მოწყობილი, რომ ისინი არ აღიქვამენ რუსეთს იმპერიად, პირიქით, იმპერია მათთვის საგინებელი სიტყვაა. მათი აზრით, ეს სხვა იმპერიები ებრძვიან რუსეთს, განსაკუთრებით ამერიკა, რუსეთი კი სიკეთის სამსახურშია. დიდი რუსი მწერალის ივან ტურგენევის ნაწარმოებში “მამები და შვილები” აღწერილია კამათი მთავარ გმირს, ნიჰილისტ ბაზაროვსა და მემამულე კირსანოვს შორის: “რუსი “მუჟიკი” მშიერია, მას პური სჭირდება,” - ამბობს ბაზაროვი; “არა, - პასუხობს კირსანოვი, - მას თავისუფლება სჭირდება, მაშინ ის თავსაც დააპურებს და სხვასაც”. საბჭოთა პერიოდში სკოლაში ისწავლებოდა, რომ “დადებითი” გმირია ნიჰილისტი ბაზაროვი, მემამულეს რა დაეჯერება? ადამიანს მხოლოდ “პური” უნდა უნდოდეს. თანაც ყველაფერი დანარჩენი არ უნდა აინტერესებდეს: “ნუ ეგო ნა ხ...!”. ასე “იბადებიან” იმპერიის “შვილები”; თავისდა უნებლიედ, ასეთი ადამიანი ისე ხდება საკუთარი ჭეშმარიტი სამშობლოსა და ეროვნების მტერი, რომ ამას ვერც კი აცნობიერებს, ასეთი ადამიანი ერთგულად იცავს თავის “სამშობლო - “დერჟავას” მიუხედავად თავისი ეროვნებისა. ასე მიმდინარეობდა რუსიფიკაცია და შემდეგ სოვეტიზაცია, იბადებოდა “ერთიანი საბჭოთა ერი”. “რას ვგრიალებდით ბიჭო!” “რა ბაზარი დავკარგეთ?!” ესეც ხომ ნაცნობია! ასეთი ბიჭებისთვის სიყვარული და პატრიოტობა სენტიმენტალური იდიოტიზმია, მაგრამ ხმამაღლა ამას როგორ იტყვიან? ისეთი ლამაზი სადღეგრძელოები იციან სამშობლოზე......
დაბოლოს, “დავაშავეთ” ის, რომ სტალინი ქართველი იყო, რომელმაც გადაარჩინა იმპერია, ახალი სული ჩაბერა, ახალი იდეოლოლოგია ჩამოაყალიბა. ვერ იმეფებდა სტალინი რუსულ ტახტზე, საქართველო რომ არ გამოეყენებინა ბალიშად, ამ ტახტზე რბილად დასაჯდომად. სწორედ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობამ დაუბრუნა რუსეთს ევრაზიაში ბატონობის საშუალება. დღესაც ბევრია ქართველი, რომელიც ამაყობს სტალინით. ვერავის გავკიცხავ. ეს პირადი არჩევანია, მაგრამ იქნებ ამ სიამაყეშია ერის დანაშაული? თუ მხოლოდ მსხვერპლი ერი ვართ? ამ კითხვებზე პასუხი პირადად ჩემთვის ძალიან ძნელია. და არა იმიტომ, რომ პასუხები არ მაქვს, გაკიცხვა ყველაზე იოლია და, ამავე დროს, ყველაზე არაპროდუქტული. ნათლად ჩანს, რაოდენ დიდი იყო ქართული ელიტების როლი იმპერიის მშენებლობაში. ამის “საფასურად” ამ “ხალხები ციხეში” ჩვენ განსაკუთრებული ადგილი გვეკავა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, “ქურდად ვიჯექით”. მგონი დადგა დრო. რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. სწორ მკურნალობას ზუსტი დიაგნოზი სჭირდება. ჩემი აზრი კი მხოლოდ ერთ-ერთია ამ საერთო “კონსილიუმში”, რომელშიც ყველა ვმონაწილეობთ.
მედვედევის ინაუგურაციაზე პუტინმა წარმოთქვა ერთი ძალიან ნიშანდობლივი სენტენცია: ხელისუფლების ასეთი შეცვლა არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გაფორმებაო. დემოკრატია, მისი ღრმა რწმენით, მხოლოდ აუცილებელი გაფორმებაა. დემოკრატია მისთვის მხოლოდ თამაშია, რომელსაც თამაშობს მთელი ცივილიზებული სამყარო და რაც მთავარია, ეს იდეოლოგიის მთავარი ფორმულაა: “რას იზამ, რადგან ყველა ამ წესებით თამაშობს, ჩვენც ვითამაშებთო”. გამოთქმაც კი არის ასეთი: “პოიგრატ ვ დემოკრატიუ”. 90-იან წლებში რუსეთის ეკონომიური კოლაპსიდან ამოყვანის ერთადერთი საშუალება დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი იყო. როდესაც დაიწყო დამოუკიდებლობების “პარადი”, კრემლმა “მართვადი დამოუკიდებლობის” პროექტი აამუშავა და განახორციელა. რუსეთი კარგავდა 11 სახელმწიფოსგან შედგენილ “დამცავ” სარტყელს, რაც ყოვლად დაუშვებელი იქნებოდა, ამიტომაც შეიქმნა დსთ. ყველანაირი ძალისხმევა დასჭირდა რუსეთს, რომ ეს “ორგანიზაცია” შემდგარიყო. საქართველოში ამისთვის “საჭირო გახდა” ხელისუფლების შეცვლა და ომები, თანაც ეს ომები აფხაზეთში და ცხინვალში ისევ ქართველებს უნდა ეწარმოებინათ: “ხომ ხედავთ, საქართველოც იმპერიააო”. “მართვადი დამოუკიდებლობის” პროექტის “ბრწყინვალე” შემსრულებლები “დემოკრატები” კიტოვანი და იოსელიანი იყვნენ. რუსეთი ახლა უკვე კავკასიას მოევლინა მთავარ “მშვიდობისდამცველად”. პუტინის გამოჩენას წინ უძღოდა საუბრები: დემოკრატია თუ ქვეყნის მთლიანობა. გასაგებია, საით გაკეთდა არჩევანი. პუტინმა შემოიტანა ასევე “მართვადი დემოკრატიის” ცნება. ფარისევლობა და ორმაგი მორალი იმპერიის იდეოლოგიის მთავარი მეთოდია.
ჩვენ ყველა ასეთი მმართველობის პირობებში ვართ გაზრდილები. “რუსული იმპერიული კოდი” სრულიად “თავსებადია” ქართულ ფეოდალობასთან. არანაკლები, თუ მეტი არა, ფარისევლობა ახასიათებდა ქართულ ფეოდალობას. თან საქართველოში ყოველთვის იყო მხოლოდ ფეოდალიზმი, საქართველოს არ გააჩნია თანამედროვე დემოკრატიული გამოცდილება. 1918-1921 წლების დემოკრატიული გამოცდილება იმდენად მცირე იყო, რომ მათემატიკოსების გამოთქმით - “შეგვიძლია უგულვებელვყოთ”.
დღემდე იმპერია განიხილავს საქართველოს, ასევე სხვა დანარჩენ დსთ-ს ქვეყნებს, როგორც საკუთარი იმპერიის განუყოფელ ნაწილს, ამიტომაც არის “ორი ხელით ორ ადგილას ჩაბღაუჭებული” და ამაშია მისი ომის მთავარი მიზეზიც. ომი იმპერიისთვისაა აუცილებელი. საქართველოს დაკარგვით რუსეთი კარგავს თავის “მონოპოლიას” ევრაზიაში და აქედან გამომდინარე, თავისი იურიდიული არსებობის ფუნქციას. მონოპოლიის გარეშე “ფეოდალიზმს” კონკურენციის უნარი არ გააჩნია. იმპერიაში ჩართულია “თვითშენარჩუნების” ინსტიქტი. შეიძლება დიპლომატია ქვეყანასთან, რომლის პოლიტიკაც ინსტინქტებს ეფუძნება? ჯერ კიდევ 1961 წელს მიხეილ სუსლოვი თავის საიდუმლო მოხსენებაში აღნიშნავდა: “დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ და თავისი დამოუკიდებლობისათვის. ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთში, სამეგრელოში და სვანეთში, მათ უნდა მიეცეთ ავტონომიები, თითოეულ მათგანში უნდა გაჩაღდეს ადგილობრივ-ნაციონალისტური გრძნობები, უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები მხოლოდ ჩამოსახლებულები არიან აფხაზეთში. დასავლეთ საქართველო უნდა დაუპირისპირდეს აღმოსავლეთს და ამის მერე უნდა შევასრულოთ შუამავლის როლი”. ასეთი მოხსენების შემდეგ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ყველა ქართული მთავრობა, რომელიც არსებობდა საბჭოთა პერიოდში, ვერაფერს დაუპირისპირებდა იმპერიის მისწრაფებებს? რა თქმა უნდა, ბოლოსდაბოლოს ისინიც ქართველები იყვნენ და შეძლებისდაგვარად რაღაცას ახერხებდნენ, ხშირად ბევრი კარგიც გაკეთებულა, მაგრამ “ვაი” ასეთ გაკეთებას. რატომ უნდა დარქმეოდა სპორტის სასახლეს “ყრილობათა სასახლე”? ფილარმონიას “პარტაქტივის დარბაზი”? და ამის აშენება შესაძლებელი ხდებოდა გაწაფული, დახვეწილი “მოქნილობის” შედეგად. ძღვენები, ქრთამები, სადღეგრძელოები და მათგან საპასუხო სადღეგრძელო: “გაუმარჯოს თქვენს სამშობლოს და ჩვენს საქართველოსო”! პუშკინს აქვს გენიალური სტრიქონი: “ახ, ობმანივატ მენია ნე ნადო, ია სამ ობმანივატსა რად” (ნუ მატყუებ, მე თვითმოტყუებაც მიხარია). დღემდე ჰგონიათ, რომ “აკეთებდნენ”, სინამდვილეში “აკეთებინებდნენ” და თანაც ისე, როგორც სჭირდებოდათ. ღირსების შემლახავ ურთიერთობას საბოლოო ჯამში არც ადამიანისთვის და არც ერისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. მმართველი ელიტა კი თავის პრივილეგიებს ყოველთვის ინარჩუნებდა. დღემდე ასეთი “მიდგომა” - თუ ვერ მოერევი, “გამოიყენე” - ახასიათებს ბევრს, მათ შორის ოპოზიციას. ასეთ პოლიტიკას ატარებდა შევარდნაძეც. რას ნიშნავს “გამოიყენე”? ე. ი. უნდა “ილაქუცო”, “იმლიქვნელო” და ბოლოს უნდა მოატყუო! და მაშინ ხარ მაგარი(?!). ასეთი “მიდგომა” ნამდვილი ლაჩრობაა, პოლიტიკაშიც და საერთოდ ცხოვრებაშიც. საუკუნიდან საუკუნემდე საქართველოში იყო ბატონ-ყმობა და აქამდე ბევრ ქართველს ვერ წარმოუდგენია, რას ნიშნავს თავისუფლება და დემოკრატია. წინა საუკუნის ბოლოს კანადაში დიდი სიამაყით აღნიშნეს 100 წლისთავი ბოლო სასამართლო პროცესიდან, როდესაც ერთმა ბიზნესმენმა უჩივლა მეორეს და დაადანაშაულა არაკეთილსინდისიერ პარტნიორობაში. უკვე საუკუნეზე მეტია, საქმიანი ადამიანები ერთმანეთს არ ატყუებენ(!!!). მით უმეტეს, როდესაც იბრძვი თავისუფლებისთვის, აუცილებელია ღია, პირდაპირი და პატიოსანი ბრძოლა! მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ იბრძვი. “ჩუმად” მოპოვებული თავისუფლება არ არსებობს, და რაც უფრო მეტია საშიშროება, რომ თავისუფლების ბედი შეიძლება სადმე “კულუარებში” გადაწყდეს, მით უფრო “ხმამაღალი” უნდა იყოს ბრძოლა. დღეს არის მცდელობა იმისა, რომ 1999 წლის სტამბულის სამიტი შევარდნაძის პოლიტიკის გამარჯვებაში “ჩაიწეროს”. ეს, ჩემი აზრით, უსუსური მცდელობაა. ჯერ ერთი, მაშინ რუსეთი ძალიან იყო დასუსტებული და იძულებული გახდა, “დამორჩილებოდა” წამყვანი ქვეყნების ზეწოლას. ეს შეიძლება შევადაროთ 1918 წლის ბრესტის ზავს, მაშინ ლენინმა “სტრატეგიული უკანდახევა” მოახერხა, დროებით დათმო ნახევარი უკრაინა და ბევრი სხვა ტერიტორია, რომლებიც შემდეგ სტალინმა ტრიუმფით დაიბრუნა. და მეორე, სტამბულში “დათმობით” რუსეთმა შევარდნაძის “იმიჯი” ქართველი ხალხის თვალში “გამოასწორა” და საკუთარი კონტროლი საქართველოზე მისი მეშვეობით კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივა. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილი დღეს თავის ხელისუფლებასთან ერთად თავად წარმოადგენს დემოკრატიულ “ოპოზიციას”, ისეთი არადემოკრატიული და ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ, როგორიცაა რუსეთის იმპერია. საქართველოს ხელისუფლებამ “იტვირთა” ერთდროულად ორი ურთულესი ამოცანის შესრულება: თავისუფლების მოპოვება და დემოკრატიის დამყარება. თან ქვეყანაში, რომელსაც აქვს მხოლოდ “ფსევდოდემოკრატიის” გამოცდილება, ისიც ყველაზე საზიზღარი ფორმით. ყველაფერი გააკეთა იმპერიამ და მისმა “ერთგულმა” “პადელნიკებმა”, რომ სიტყვა “დემოკრატია” ქართველი ერისთვის გულისამრევი ყოფილიყო. კიდევ არის მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც ართულებს ამ პროცესს. ყოფილი მმართველი ელიტების მეშვეობით, საქართველო რუსული იმპერიის ერთ-ერთი “სულიერი ბურჯი” იყო. თითოეულ ამ ამოცანას გადაწყვეტის “საკუთარი კანონი” გააჩნია და ხშირად ისინი ერთმანეთთან აუცილებელ “წინააღმდეგობაში” შედიან. ხშირად შეიძლება ვინმეს “მოეჩვენოს”, რომ საკითხი დგას ასე: თავისუფლება ან დემოკრატია, ან პირიქით. სინამდვილეში ეს “მოჩვენებითი პირობითობაა”. ეს ორი ცნება განუყოფელია: არ არსებობს დემოკრატია თავისუფლების გარეშე, პირიქით “შესაძლებელია”! მაგრამ, სწორედ საქართველოსთან მიმართებაში ეს გამორიცხულია(!). საქართველოს თავისუფლება შეუძლებელია დემოკრატიის გარეშე. თუ აღარ იქნება “დემოკრატიული ოპოზიციურობა” იმპერიის მიმართ, “პრობლემაც” და სათანადოდ თავისუფლებაც აღარ იქნება. საქართველოსთვის დემოკრატია “გარანტირებულია” და რაც უფრო მალე “ჩავჯდებით” დემოკრატიის “ჩარჩოებში”, მით უფრო მალე მოვიპოვებთ თავისუფლებას. აქედან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ჭკუათმყოფელ დემოკრატს, ოპონირების მაგივრად, უჩნდება საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის ერთადერთი ჯანსაღი სურვილი, როგორც ამას აკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო. იმიტომ რომ, დემოკრატიას მშვენივრად ესმის, რას ნიშნავს “რუსული იმპერიული კოდი”. დღეს აღარავინ საუბრობს არც “ბურჟუაზიაზე”, არც “კაპიტალიზმზე”, მით უმეტეს “ფეოდალიზმზე”, უბრალოდ იძულებულები ვართ თავიდან ვისწავლოთ დემოკრატიის ანბანი, თორემ ეს ცნებები დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. დღეს საუბარია მხოლოდ ორ თემაზე: დემოკრატია და არადემოკრატია, ცივილიზებულობა და არაცივილიზებულობა. დღეს მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ეს ორი სისტემა. მმართველობის თვალსაზრისით, ძალიან უხეშად რომ გავამარტივო, ეს დაახლოებით ასე ჟღერს: დემოკრატია ნიშნავს “ხელმძღვანელობას”, არადემოკრატიულობა ნიშნავს “უფროსობას”. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, უფროსობის პრინციპია: “მე უფროსი ვარ, შენ სულელი”. “ხელმძღვანელობის” პრინციპია: “მე ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ შენ ჭკვიანი, შენს გარეშე საქმე არ გაკეთდება”. მარტივი, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ ზუსტი ფორმულაა. “ხელმძღვანელობის” შედეგია აყვავებული ცივილიზებული ქვეყნები. “უფროსობის” კი - ყველა ტოტალიტარული სახელმწიფო რუსეთის მეთაურობით. თან ასეთი ქვეყანა სულ თორმეტიღა დარჩა მთელ მსოფლიოში. ერთი პატარა შედარება: აშშ-ში სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების სერიულ წარმოებაში დანერგვას სჭირდება 6 თვე, იაპონიაში სრულიად ფანტასტიური - 3 თვე. საბჭოთა კავშირში ამას სჭირდებოდა(!)... 15 წელი!!! ასეთი შეფარდებაა “უფროსობას” და “ხელმძღვანელობას” შორის. დღევანდელი რუსეთი საბჭოთა მონაპოვრით მხოლოდ სარგებლობს... ამიტომაც ცდილობს ყოფილი “სიმდიდრის” აღდგენას.
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს ყველანაირი ოპოზიცია, გარდა დემოკრატიულისა. სააკაშვილს ხშირად აღიქვამენ, როგორც “უფროსს” და აქედან გამომდინარეობს “აღშფოთება”: “როგორ გაბედა, ამას მეფეებიც კი არ კადრულობდნენ”?! მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ვინც ასე “ხედავს” და არა სააკაშვილის. მათ სხვა, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ და ეს არც არის გასაკვირი, საქართველოში “ხელმძღვანელობა” არასდროს ყოფილა(!), არადა ასეთი სწრაფი ტემპები ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მშენებლობაში მხოლოდ “ხელმძღვანელობის” პირობებშია შესაძლებელი.
გადავხედოთ დემოკრატიის კლასიკურ განმარტებას: საზოგადოებაში, რომლის შემადგენელი ნაწილებია მონარქია, ოლიგარქია, არისტოკრატია და პლებოსი, წარმოიქმნება ფენა - დემოსი, რომელიც უარს ამბობს პლებოსის დამოკიდებული ცხოვრების წესებზე და ებრძვის (დემოკრატიულად “ბრძოლა” ნიშნავს იდეოლოგიურ ჭიდილს - ავტ.) მონარქიას, ოლიგარქიასა და არისტოკრატიას. როდესაც რევოლუციონერები ერთიანდებოდნენ საძმოში (რასაც ფრანგულად პარტია ჰქვია), ახალი წევრებისგან მკაცრად მოითხოვდნენ თავის ყოფილ კლასთან და თავის ოჯახთანაც კი დაპირისპირებას. დემოკრატიულობა მოითხოვდა “ნათლობას”. დღეს დემოკრატია ძლიერია. მის სისტემაში ყველასთვის არის ადგილი, გარდა მოძალადისა, მაგრამ დღესაც საჭიროა თუ “ნათლობა” არა, გარკვეული ტესტის ჩაბარება მაინც. როგორია საქართველოში ტესტი დემოკრატიაზე? უპირველეს ყოვლისა, უარის თქმა დამოკიდებული ცხოვრების წესზე, ბრძოლა საკუთარი ეკონომიური დამოუკიდებლობისთვის; რაც არ უნდა ძნელი იყოს, ამისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს, ოღონდ არა ვინმეს ხარჯზე. მით უმეტეს, აზრი არა აქვს პატრონის ძებნას. ადამიანები თავს არ უნდა იმცირებდნენ და რაც მთავარია, ვერავინ უნდა ბედავდეს მათ დამცირებას. “არც არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის”. მეორე, ვინაიდან დემოკრატიული გამოცდილება არ გვაქვს, სრულიად არ არის სამარცხვინო, რომ ვისწავლოთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებაზე. მით უმეტეს, რომ დემოკრატიისთვის მომგებიანია შენი სიკეთე. მესამე, და ალბათ მთავარი, ქართველმა ადამიანმა საკუთარი თავის წინაშე მაინც უნდა აღიაროს ის, რასაც აღიარებს მთელი დემოკრატიული სამყარო - საქართველოში მოხდა და მიმდინარეობს დემოკრატიული რევოლუცია. “ვარდების რევოლუცია”, ბაიდენის თქმით, დემოკრატიული სამყაროსთვის შთაგონების წყაროდ იქცა. იბადება ბუნებრივი კითხვა: ვის დავუჯეროთ, პუტინს თუ ბაიდენს? დემოკრატია თამაშია, თუ ცხოვრების ბუნებრივი მოთხოვნილება და წესი? ვინ გვინდა - “უფროსი” თუ “ხელმძღვანელი”?
რამდენად დემოკრატიულია ქართული ოპოზიციური სპექტრი? ჩემთვის პირველ რიგში, თავისი არადემოკრატიულობით, მიუღებელია სამი ძირითადი ოპოზიციური პოსტულატი: პირველი - სააკაშვილის გადადგომის და მის მიერ შექმნილი “სისტემის” შეცვლის მოთხოვნა. აქედან მებადება კითხვები, მაშინ რომელი სისტემაა საჭირო? როგორც ზემოთ აღვნიშნე, სისტემა მხოლოდ ორია. თუ ისეთივეა, როგორც რუსეთში, მაშინ რატომ ემტერება რუსული პოლიტიკა სააკაშვილს? და თუ ისეთია, როგორც შეეფერება დემოკრატიას, და ამას აღიარებს მსოფლიოს თანამეგობრობა, მაშინ რისთვის იბრძვის ოპოზიცია? მეორე: რატომ არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში (სალაპარაკო ადგილი - ფრანგ.)? ეს ხომ დემოკრატიული ინსტიტუტია? რატომ “გადააგდო” თავისი მხარდამჭერები? სად არის გარანტია, რომ კიდევ არ “გადააგდებს”, თანაც არაერთხელ? და მესამე: რატომ არ აღიარებს ოპოზიცია, თუ ის “დემოკრატიულია”, “ვარდების რევოლუციას”, როგორც დემოკრატიულს, როგორც ამას მთელი დემოკრატიული სამყარო აღიარებს? ჩემთვის სრულიად არ არის საინტერესო ოპოზიციონერების ჭეშმარიტი პოლიტიკური კრედო და, როგორც დემოკრატი, პატივისცემით შევხედავ მონარქისტსაც და ანარქისტსაც. მაგრამ, დემოკრატიის სახელის უკან ამოფარება ელემენტარულ უზნეობად მიმაჩნია. გულწრფელად მინდა დავიჯერო ოპოზიციის, რომ მათ რუსეთი არ უნდათ, მაგრამ რითი განსხვავდება “განსხვავებული” ქართული განვითარების გზა (რომელიც მათი აზრით ითვალისწინებს მსოფლიოს ქვეყნებისგან იზოლირებას: “არ გვინდა არც რუსეთი, არც ამერიკა, არც ევროპა”) “განსხვავებული რუსული” გზისგან?
დაბოლოს, რამდენიმე მოსაზრება ქართული ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებზე და პარტიებზე. რა უნდა დავიჯერო იმ პოლიტიკოსის, რომელიც, ღმერთმა უწყის რამდენი წელია პოლიტიკაში და აღიარებს, რომ “პოლიტიკოსი არა ვარო”? ამდენი ხნის განმავლობაში კურდღელიც კი ისწავლიდა თამბაქოს მოწევას. ან ქალბატონი ინტერვიუში ამბობს: “მე არ მიყვარს კავშირები ანუ, ე.ი.” ეს ის კავშირებია, რომლის მეშვეობითაც შედგება ლოგიკის ამსახველი წინადადება, ე.ი. ფაქტობრივად აღიარებს: ლოგიკასთან არ ვმეგობრობო! როგორც ქალბატონს - ეპატიება, როგორც პოლიტიკოსს - არა. კიდევ ერთ ქალბატონზე შემიძლია ვთქვა, რომ “რკინის ლედი” თავისი დემოკრატიული “შინაარსით” განუმეორებელი იყო. ჩემი შეფასებით ოქრუაშვილმა თავისი “მეომარ-პოლიტიკური” რიტორიკით საკუთარი თავი კიტოვანისა და იოსელიანის გვერდით დაიყენა. მათი საერთო “პოლიტიკური ღვაწლი” იმპერიის იდეოლოგიას დღემდე “ასაზრდოებს”. აქედან გამომდინარე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია მისი “პოლიტიკური” მრწამსიც, მისი პარტიაც და მით უმეტეს ამ პარტიის დემოკრატიულობაც! “ახალი მემარჯვენეები” რომ ყოფილიყვნენ ჭეშმარიტი მემარჯვენეები, მაშინ მათი ლიდერი კახა ბენდუქიძე უნდა იყოს. ასევე ვერ ჩავთვლი “დემოკრატიულად” ვერც ერთ პარტიას, რომელშიც მონაწილეობენ ან “მეგობრობენ” ყოფილი “ფეოდალური” მთავრობის იდეოლოგები, მათი მხარდამჭერი “არისტოკრატები” და, მით უმეტეს, “ოლიგარქები” ან მათი ფინანსები. რაც შეეხებათ დღევანდელი ხელისუფლების ყოფილი წევრების “ოპოზიციურობას”, აქ, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს სწორედ იმ განსხვავებულ “მიდგომებთან”, რაც ზემოთ აღვნიშნე. დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ნებისმიერი კონფორმიზმი რუსეთთან მიმართებაში დაუშვებლად მიმაჩნია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, არც ერთი პარტიის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ოპოზიციური პარტიები, ჩემი აზრით, ვერ აბარებენ დემოკრატიის ტესტებს, და ვისურვებდი პატიოსან პოლიტიკას. დემოკრატია ქმნის წესებს, აუცილებელს ყველა მონაწილესთვის და ითხოვს პატიოსან საქმიანობას. სულაც არ არის აუცილებელი, ყველა დემოკრატი იყოს: ვიღაცა მონარქისტია, ვიღაცა სოციალისტი (თუმცა, დღეს პარტიები დემოკრატიულობის გარეშე ვერ წარმომიდგენია). მთავარია პროფესიონალიზმი პოლიტიკაში. პოლიტიკოსებმა პატიოსნად უნდა განსაზღვრონ თავისი პოლიტიკური მიმართულება. არადემოკრატიულობა თავად დემოკრატიის წესების დარღვევაშია და ეს თვალში საცემია. პატივცემულ ოპოზიციას, ჩემი აზრით, შეექმნა მცდარი ილუზია საზოგადოების შესახებ, ვინაიდან მათი აქციების დროს, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები დუმილს ვირჩევდით. ვიმეორებ, ეს მცდარი ილუზიაა, დუმილი ნიშნავდა პასუხისმგებლობას და არა თანხმობას. კიდევ ბოლოს, მინდა მივმართო “საქართველოს დამცველ”, ჩემი მხრიდან ძალიან პატივცემულ ინტელიგენციას: რატომ გვასწავლიდით სამშობლოს სიყვარულს? რატომ გადაიღეთ “ბაში-აჩუკი” ან “გიორგი სააკაძეძ? რატომ გვასწავლიდით, რომ “სიკეთე უნდა ეკუთნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს”? ამ დევიზმა გაიმარჯვა მხოლოდ დემოკრატიაში, ეს დემოკრატია დღეს ჩვენ გვიცავს და გვეხმარება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დემოკრატია მათავისუფლებს და რაც უფრო თავისუფალი ვარ, მით უფრო მეტად მინდა ვიყო ქართველი. რა ხდება? ნუთუ რწმენა დაკარგეთ? ჩვენ არ დაგვიკარგავს და აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის ბრძოლაში. თავისუფლება “პურზე” არ იცვლება.
უმთავრესი პრობლემა კი შემდეგშია. არ იქნებოდა საქართველოში ასეთი ალოგიკური და არადემოკრატიული ოპოზიცია, რომ არ ყოფილიყვნენ “რუსული იმპერიული კოდით” “დაღდასმული” მათი მხარდამჭერი ადამიანები. დღეს, მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთის პრეზიდენტს ომის გამოცხადების ერთპიროვნული უფლება მიანიჭა, რუსეთის “ცივილიზებულძ სახელმწიფოდ აღქმა, ნებისმიერი ეროვნების ადამიანის მიერ, ნიშნავს საკუთარი სამშობლოს, როგორც მინიმუმ, საფრთხეში ჩაგდებას. ეს ეხება არამარტო ქართველს, არამედ გერმანელსაც, იტალიელსაც, პოლონელსაც და ა. შ. ბევრს შეიძლება ეს განცხადება კატეგორიული მოეჩვენოს, მაგრამ ეს დემოკრატიული პრინციპულობაა. დემოკრატიის პრინციპების დაცვის აუცილებლობისგან გამომდინარეობს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან დემოკრატიული საშუალებებით მუდმივი, დაუღლელი პოლიტიკური და ეკონომიკური “ზეწოლა” რუსეთის პოლიტიკაზე. მხოლოდ ამაშია წარმატების გარანტია. “რუსული კოდი” დევს ყველაფერ რუსულთან დაკავშირებულში: პოლიტიკაში, კინოში, სიმღერებში, კულტურაში, განსაკუთრებით იუმორში, თვით პროდუქციის შეფუთვაშიც კი. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გონებაში და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამ “კოდში” ბევრია “ქართული გენი”, საკუთარ თავში მისი ამოცნობა და მასთან გამკლავება დღეს ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა. ვაჟკაცობა კი ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს. ყველას ვაჟკაცობა!!! ძალიან “ღიზიანდება” მტერი, როდესაც მოწინააღმდეგის ერთიანობას წააწყდება. არ შემხვედრია ქართველი, ვისაც საქართველოს გამთლიანება არ უნდოდეს. ამაში ხომ ვართ ერთნი! მით უმეტეს, არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხში ერთიანი არ იყოს. პოლიტიკოსები ხომ ჩვენს ინტერესებს გამოხატავენ?!
მოვიპოვოთ ჩვენი თავისუფლება, შიშისა და ლაჩრობის გარეშე, ღიად და პატიოსნად! საქართველომ უნდა აღიდგინოს თავისი ღმერთისგან ბოძებული ფუნქცია. ევროპასა და აზიას შორის კავშირი არა მარტო მილსადენებია, რაც უეჭველად ძალიან მნიშვნელოვანია - თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, როგორც ბუნებრივი მაკავშირებელი, ამ ორი სამყაროს კულტურების ჰარმონიული დაახლოების საწინდარია. კულტურა კი საერთოდ და კერძოდ პოლიტიკური, უპირველეს ყოვლისა კაცთმოყვარეობაა.
ღმერთია ჩვენი მფარველი!