ცხრასართულიან ჩეხურ კორპუსებს ერთი ძვირფასი ალაგი აქვთ, - საშრობად წოდებული ლიფტის უკანა ბაქანი.
24 საათი 20.02.10

ცხრასართულიან ჩეხურ კორპუსებს ერთი ძვირფასი ალაგი აქვთ, - საშრობად წოდებული ლიფტის უკანა ბაქანი.
ასე მრავალფეროვნად გამოყენებადი სათავსო მეორე არ მეგულება, მაგრამ ჯერ არ მინახავს, ვინმეს ის თავისი დანიშნულებისამებრ სარეცხის გასაფენად მოეხმაროს. უნივერსალურობის მიუხედავად, საშრობის ყველაზე სასარგებლო ფუნქცია მაინც მეზობლური ჩაკვარახჭინების ხელშეწყობაა. ამ საქმეში კი მთავარ როლს საშრობის კუთხეში ელეგ(იგ)ანტურად დაშვებული ბუნკერის მსხვილი მილი ასრულებს. რა სჯობს იმას, როცა ნაგვის ვედრით "ხელდამშვენებული" საშრობში გასული კაცი დიდი ხნის უნახავ კარის მეზობელს წააწყდება.
- რავა ხარ, კაცო? სად ხარ, რო არ ჩანხარ? ასე უნდა დაკარგვაა? რა იშოვე ამისთანა? - გადაეხვევა სახეგაბადრული და სახლიკაცივით გადაპროშტნის.
- მე სად ვიქნები? ნაგავს ვყრი აგერ. შენ სადა ხარ, შეენ! რას შვრები, ხო მშვიდობაა? - მოკითხვითვე უპასუხებს მეზობელი და მისი გულწრფელი ღიმილი კარადაში მოყუჩებულ სამ ლიტრა კახურსაც კი გაახსენებს.
- მშვიდობა კია, მარა, ... რა ვქნათ, ახლა, არ აღვნიშნოთ შეხვედრა? - გაბედავს გულით ავადმყოფი კაცი და ცოლის სასაყვედუროდ განწირულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
- მოგიკვდეს ჩემი თავი. კაი ჭაჭა მაქ საჩხერიდან, სუ ცეცხლს უკიდებს ყელს, - არ ჩამორჩება მეზობელი გაბედულებით.
- აპა-პა-პა-პა-პა, რა ჭაჭა, რის ჭაჭა. ალაზნის ველის რქაწითელი მაქვს უწყლობით დამხრჩვალი. მარტო ტანინი აქ ისეთი, ნედესავით წმინდავს კუჭ-ნაწლავს, - უმოწყალოდ სპობს არყის პერსპექტივას ღვინის პატრონი კაცი.
- ააპა, ხაჭაპური და ბაჟე ჩემზე იყოს, - უსიტყვოდ ეთანხმება მეზობელი ურაციონალურეს შეთავაზებას.
- უჰ, შენი ნინას გაკეთებულ ხაჭაპურს რა ჯობია, მარა, არ გეწყინოს და, ახლა, ჩემ გაკეთებულ ჩაქაფულზე უნდა მეწვიო, - პოზიციას არ თმობს ვედრიანი კაცი.
- არა, ბატონო, რავა გეკადრება, ჩემთან უნდა შევიდეთ აუცილებლად, - ხელებს ასავსავებს მეზობელი.
- მართლა რავა გეკადრება, მაგის ნახევარიც კი, შე კაი კაცო. ხო იცი, რო, ნაღდ ღვინოს მგზავრობა არ უყვარს, - ისე სერიოზულად ახსენებს კაცი ამ უადგილო ჭეშმარიტებას, რომ თავპატიჟის აზარტში შესულ მეზობელს გულიანად აცინებს და თავის კარებისკენ მიაჩოჩებს..
- აჰ! - უცბად ფხიზლდება ზედ ზღურბლზე მისული მეზობელი, რომელსაც რცხვენია ოჯახში ხელცარიელი შესვლა და იდაყვში წაპოტინებულ მოყვასს ერთ უდავო წინადადებას სთავაზობს, - მოდი, მაშინ, აგერ დავჯდეთ "სუშილკაში", სუფთა ჰაერზე. გამოვიტან პატარა მაგიდას, პატარა სკამებს და... გაზეთი და მისი ჯანი. ჰა, რავარია?
- კი, ბატონო, თანახმა ვარ, ამ წუთში გამოვალ, - თავს იქნევს გახარებული კაცი, რომ ამიერიდან აღმოჩენილი და მოწონებულია ჩაჯდომის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც მთლიანად გამორიცხავს მეზობლის ოჯახის შეწუხებით გამოწვეულ უხერხულებას.
ერთ მშვენიერ დღეს ასე შინაარსიანად შეხვდა ერთმანეთს ორი კაი კაცი მეშვიდე სართულის საშრობში, რომელზედაც მოგახსენებდით კიდეც და საიდანაც მართლაც საუკეთესო ხედი იშლება. პირდაპირ მოჩანს მთაწმინდა და ფუნიკულიორი. თანაც იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ჰაერი ომებით და დავიდარაბებით გაჟღენთილი და ისეთი საჭუკჭუკო იდილია იქმნებოდა, რომელსაც გამოძახებული ლიფტის უცაბედი გრუხუნიც კი ვერაფერს აკლებდა.
პირველი სუფრა ისეთი კოპწია და ჩიტის რძიანი გამოვიდა, მოქეიფეთა მეუღლეებიც კი მოიხიბლნენ. თავის მხრივ, ქალების მობრძანებამ ქეიფს ახალი ეშხი და ხელსახოცები შესძინა. ახლა უკვე სხვების დაპატიჟებაც თამამად შეიძლებოდა, მაგრამ ის ოჯახური საღამო გასარისკად, არც მაშინ და არც მერე ნამდვილად არავის გაუმეტებია. ჩაკარადებული საშრობიდან ქალების დაბალი ტკბილი ჟღურტული დაბნელებამდე ისმოდა. ბოლოს კაცებმა ერთი-ორი მოგუდულიც დაიღუღუნეს და ცოლებზე ჩამოკიდებულები ისე დიდი ამბით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, თითქოს ერთი გერმანიის ფრონტზე გაეწვიოთ, მეორე - იაპონიის. ასე გადააქცია საშრობმა ორი ქართული ოჯახის მეზობლობა მეგობრობად, რომელიც მეორე დილის ხაშმა მეზობლის ჯაჭვიანი ჭაჭასავით გაამაგრა.
- როგორ გითხრა, როგორ, - ჭაბუკიანი ვარო? - გაახსენა გუშინდელი მონაყოლი თავის მეზობელს ბონდოიამ.
- ხოო, როგორ იყო და... ახალი გადასული ვარ რუსთავში. ახალგაზრდა ვარ, კაცო, სიმაღლე მე არ მაკლია და ჯანი, ასლიტრიან ღვინის "ბოჩკას" ვწევ ადგილიდან. სიტყვა მე არ მეშლება და პასუხი. შეხედულება არ მქონდა, თუ, რაი (ახლა რავარი ბიჭი ვაარ, ამ ხნის კაცი და...). არ ვიცი, რითი არ მოუვედი თვალში, მარა რაღაცაზე ამიშარდა ერთი იქაური კაცი. მოგვივიდა შელაპარაკება, აქეთური-იქითური... რას მაჯობებდა, ახლა ის მე და... ბოლოს მეუბნება, - შენ ხო არავისში გეშლები, იცი მე ვინ ვარ?-ო. ვინ ხარ ამისთანა-თქვა და... ვინ ვარ და ჭაბუკიანი ვარო. გამეცინა, კაცო. გვარი დიდებული ქონია, მარა, გვარის გარდა სხვა რამეც ხო უნდა ეცხოს ადამიანს.
- რა გაცინებს, - მომაძახა და ასე დამიტრიალა ცხვირწინ თითი.
- რა მაცინებს, ბიძია, და... შენ რომ მარტო ჭაბუკიანი ყოფილხარ, მე როსტომიც ვარ და ბარათაშვილიც, - გადევისვი ულვაშებზე ხელი და გადაბჟირდენ ბიჭები, - ბიჯო! არ იკითხავ, რა მოუვიდა? გაფითრდა და გაშრა კაცი. ამიქნია ხელი და წავიდა. ერთი ძლივს მივაძახე შორიდან, გლახად ხო არ ხარ-თქვა.
ასე გაუცნია რუსთავს 37-ში დახვრეტილი საჩხერის სკოლის დირექტორის ღირსეული შვილი, თავადური სიტყვა-პასუხის პატრონი, მოკლე ხანში ქალაქის კოლორიტად ქცეული, ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი როსტომ ბარათაშვილი, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ თავის მეუღლესთან ერთად თბილისში გადმოსახლდა შვილთან ახლოს. ბარათაშვილებს ისეთი ტკბილი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, გაჭირვების წლებშიც კი მოანატრებდა კაცს ოჯახის შექმნას. ბონდოიას ხომ დიდად ბედნიერი ოჯახი ჰყავდა და ამიტომაც იყო, რომ იმ დღეს იმ საშრობში მრავალჯერ გაისმა ორივე მხრიდან, მადლობა ღმერთო, რომ ამისთანა ხალხის მეზობლობა მარგუნეო.
- აბა, მეც მოგიყვები ერთ ამბავს, - გაეცინა ბონდოიას, - მაშინ სოფელში ვცხოვრობდით. იყო ერთი ზორბა ბიჭი, ჩემზე ერთი თავით მაღალი. ჭიდაობაში ყველას ერეოდა. მე ჭიდაობის არაფერი გამეგებოდა და წრეშიც არასოდეს შევსულვარ, მარა ერთხელ... ცოლი მყავს ახალი შერთული და გაიმართა სოფელში ჭიდაობა. ის დგას წრეში და ვინც გადის, ყველას ძირს აგდებს. უცებ ცოლის მზერა ვიგრძენი, შევხედე თუ არა, თვალი მაშინვე მომარიდა, მარა მივხვდი, ბიჯო, რასაც ნატრობდა, ნეტა ჩემი ქმარი ამას მოერეოდესო. ქამარი მოვიჭირე და წრეში შევედი. ატყდა ერთი ამბავი: რას შობი, ბ-ჯო, ბონდოია, გული გაქ რკინაში? მაგის მომრევი ხარ, ბ-ჯო, შეენ? რიზა იკლავ, ბიძია, თავს? დიდუ, უშველეთ ვინცხამ! ამის მეტი აღარაფერი გამიგონია, ისე მაგრად ჩამჭიდა იმან ხელი, მარა უცებ დოვუსხლტი, იღლიაში შეუვარდი, მოვუტრიალდი, კისერზე დავქაჩე, წამოვიკიდე და ისე დავახლიწე ძირს, მე თვითონაც გამიკვირდა. ძლივს ამოისუნთქა იმ უბედურმა. ატყდა, მარა, რა ატყდა: უყურე, ბ-ჯო, ბონდოიას, კიღამც არ მოკლა ამხელა ბეხლეწი? სა იყავი, ბიძია, შენ, ამდენი თუ შეგეძლო? რავა ბოვშივით გალახა, ბ-ჯო, ეს მოჭიდავე კაცი? ტყულა კ-არ ვამბობდი, ბიძია, მე, ბონდოიას ფეხებს მოჭამს-თქვა... და ამისთანები, მარა მე იმათი ლაპარაკი არ მაინტერესებდა. ჩემ ცოლს ვუყურებდი და მისი ამაყი სიხარულით ვტკბებოდი, - მადლიერი ღიმილით გადახედა ბონდოიამ მეუღლეს და ჭიქას ხელი მოჰკიდა, მაგრამ როსტომ ბარათაშვილმა დაასწრო.
- ჩემო ძმაო, ნათქვამია, კაცი რომ ცოლის ქებას დაიწყებს, ის უკვე ბებერიაო, მაგრამ იმ ადამიანებს თუ არ მოვეფერეთ, რომლებმაც შეუძლებელი შეგვაძლებინეს, ცხოვრება დაგვაძლევინეს, კერია გაგვათბობიეს და ბარტყები დაგვიფრთიანეს, ყრუ-მუნჯი ბრმები გამოვდივართ. ჯანმრთელი სიბერე არ ჯობია, ცოცხალ-მკვდრობას? - გაბმულად იკითხა როსტომმა.
- აპა, არააა? - ასევე წამღერებით უპასუხა ბონდოიამ.
- ჰოდა, ამ ჭიქით ჩვენ მაცოცხლებელ ქალბატონებს გაუმარჯოს და ვიყოთ ჩვენ ბებრები, - ჩააროხროხა როსტომმა და ისე გემრიელად დალია, თითქოს უკვდავების წყაროს მიირთმევსო.
- ბებერი ხარისო... ხო გაგიგია? ჰოდა, არაფრის თავი არ ექნებოდა იმ ბებერ ხარს, კაი მეუღლე რო არ ჰყოლოდა გვერდით. აპა? რა ჩემ ჰაი-ჰუისას მოხნავდა მერე? ჰოდა, ჩემო როსტომ, ამ ჩვენ მეუღლეებს გაუმარჯოს, გვერდიდან რომ არასოდეს მოგვცილებიან და კიდევაც რომ ვუთრევივართ დაღლილები ამ ჩვენი ცხოვრების აღმართზე, - თქვა ბონდოიამ და ჭიქა ასწია. ქალებმა ერთმანეთს გადახედეს, ეს რა სასწაულები გვესმის ჩვენს საშრობშიო. ბონდოიამ კი სადღეგრძელო ისეთი არტისტიზმით შესვა, თითქოს თანასუფრელთა სიყვარულით სავსე გულებიდან ოვაციებს ელისო.
რუსის სალდაფონებმა შავ-ბნელი დღეები რომ დაგვაყარეს, საშრობის ავტორიტეტი ერთი-ორჯერ გაიზარდა. რახან გაყინული ბინების გათბობის არანაირი საშუალება არ არსებობდა, მეზობლებმა საშრობში შუა ცეცხლი მოაწყვეს და გაყინული ძვლები გაითბეს. ერთი ძველი ვედრა გადმოაყირავეს, ძირი გააძვრეს, ქვემოთ სამკუთხედი ამოუჭრეს და საღამოობით, როცა ყინვისგან ყველას ცრემლდენა ეწყებოდა, საშრობში გამოდიოდნენ და ცეცხლს აგიზგიზებდნენ. სამწუხაროდ, საწვავი მასალის სიმცირის გამო ცეცხლის მთელი დღით დანთება შეუძლებელი იყო. რაღა თქმა უნდა, იქვე იდგა პატარა მაგიდა, რომელსაც მწირი, მაგრამ გემრიელი სუფრა ამშვენებდა. არაყი, მჟავე, მწვანილი და პური უცვლელად; ლორი, ლობიო, კარტოფილი და ყველი მონაცვლეობით. გულის მოსაფხანი მოსაგონარი ამბები კი ძირითადად რუსეთს უკავშირდებოდა. აქვე გავიხსენებ ბონდოიას მოყოლილს:
- 53-ში ტექნიკუმიდან რუსეთში გაგვაგზავნეს პრაქტიკებზე. ამხანაგი მყავდა ერთი ტყიბულელი ნოდარია გაგნიძე, მოხეული ვაჟკაცი იყო, რუსულის ინჩი-ბინჩი არ იცოდა. სანამ სტალინი მოკვდებოდა, ქართველებს მეფეებივით გვექცეოდნენ, უბატონოდ ხმას არ გვცემდნენ. სასადილო იყო, კინო, თუ აბანო ურიგოდ გვიშვებდნენ ყველგან. ადგილი თუ არ იქნებოდა, ვიღაცა ვანიებს ააყენებდნენ და ჩვენ გვაჯენდნენ. მოკლედ "ვგულაობდით", რა. მოკვდა სტალინი და ცოტა სხვანაირად დაგვიწყეს ყურება, მარა, ბერიას შიშით ხმას მაინც ვერ გვცემდნენ. ერთ საღამოს სადგურის სასადილოში ვზივართ მე და ნოდარია. მოგვიჯდა ერთი მთვრალი რუსი და გვეუბნება, სტალინი მოკვდაო, ბერია დაიჭირესო და ახლა ას გრამს თუ არ დამალევინებთ, თქვე შავნალა ქართველებო, დედას გიტირებთო. დაუჭერიათ, თურმე, ის ჩვენი ცოდვით სავსე ბერია. რაო, ბონდოია, რა მინდაო, მკითხა ნოდარიამ. რაო, ბიჯო და, ას გრამს თუ არ დამალევინებთო, თქვენ ნოდარია რო გყავთ, გაგნიძეო, იმას დედას ვუტირებთო. რაიო, იყვირა ნოდარიამ, სტაცა ქეჩოში ხელი, გაათრია გარეთ და ისეთი გლიჯა ყბაში, რო ის უბედური რუსი ბაქანს გადააფრინდა და რელსებზე გახდა ხლეწა. ძლივს ახიკეს იქიდან. მეორე დღესვე დავკარით ფეხი და წამოვედით სახლში. ბერიას მერე იქ მაინც აღარ დაგვედგომებოდა, - ხელი გააქნია ბონდოიამ.
- უჰ! მააგ მე მკითხე, თუ კაცი ხარ, - აიტაცა თემა როსტომმა, - მემანქანედ რო ვმუშაობდი, მატარებლით მააქ მთელი რუსეთი გადავლილი. სახალინზეც კი ვარ ნამყოფი მატარებლით, ბორანით გადავყავდით, ხომე. რუსმა თუ დაგჩაგრა, აღარ დაგინდობს არაფრის დიდებით. მთვრალი თუა, კიდე, ხო, ვეღარ მოიცილებ თავიდან. ან უნდა გათიშო, ან უნდა მოკლა. ერთხელ რუსეთში ვაართ გაჩერებული ერთ მიყრუებულ სადგურზე, მატარებლის გამოვლას ველოდებით. ჩემი დამხმარე ჩავიდა თბომავლიდან ძირს ერთი წუთით. მესმის უკან ფეხების ბრაგა-ბრუგი. ვიფიქრე, ეს ერთი კაცი ასე რავა ბრახუნობს-თქვა, მოვტრიალდი და... რას ვხედავ? - სამი ვერზილა რუსი შემოსულა და აცეცებენ თვალებს აქეთ-იქით. ვიყვირე, ვინ ხართ, აქ რას აკეთებთ, ვინ მოგცათ აქ შემოსვლის უფლება, ახლავე ჩადით ძირს-თქვა, მარა... გაგიგონია? მოვიდა ერთი და მეუბნება, ახლა პირი დამუწეო და სამი ყუთი პორტვეინი მოგვეცი, თუ არაო, ვერც შენ და ვერც შენი დამხმარე აქედან ცოცხლები ვერ წახვალთო. ერთი კი შემიქანდა გული. რა გინდა, რო ქნა, ვინაა ჩვენი პატრონი? თავზე გადგიან. რაციას გამოიყენებ, თუ რა? კაი-თქვა, მე ვუთხარი, რახან ასეა საქმე, პორტვეინი აგერ მეორე ვაგონში აწყვია და შედით და გამოიტანეთ-თქვა. წავყევი, გავუღე საბარგო ვაგონი, ხელი გავიშვირე ცარიელი ყუთებისკენ, იქ აწყვია-თქვა, შევუშვი და ჩავუკეტე ვაგონი. ატეხეს ღრიალი, მემუქრებიან, ასე გიზამთ, ისე გიზამთო. მე ვუთხარი, ახლა წაგიყვანთ ქალაქში და მატარებლის გაძარცვისთვის მილიციას ჩაგაბარებთ-თქვა. გაგიჟდნენ, დამიწყეს ხვეწნა, ძმაო ეგ არ გააკეთოო, ატირდნენ. დავტოვე შიგნით, დავძარი მატარებელი და ნახევარი საათი რო ვიარე, მერე ჩამოვყარე ძირს შუა ტყეში. სულ მადლობებით წავიდნენ, - გადაისვა ულვაშებზე ხელი როსტომ ბარათაშვილმა, დიდი უბედურების გამძლებმა კაცმა.
ბავშვობაში მამა დაუხვრიტეს და ხალხის მტრის სახელით გაზარდეს, რეაბილიტაციამდე. სიჭაბუკეში უღმერთოთა კავშირში გააწევრიანეს და, როგორც თვითონ წუხდა, საწევროსაც კი მახდევინებდნენ, მართლა ეგ უღმერთოებიო. ახალგაზრდობაში, თითქოს, ყველაფერი კარგად აეწყო. უსათნოეს ქალიშვილზე დაქორწინდა, სამი გოგონა შეეძინა, რუსთავში ბინა მიიღო, მუშაობდა და ცხოვრობდა, მარა... ჯერ ავარია მოუვიდა და თვალი დაკარგა, მერე 14 წლის ქალიშვილი დაეხრჩო მტკვარში. თბილისში გადმოსახლებულს უკვე პენსიონერს უფროსი ქალიშვილი სიმსივნით დაეღუპა და ბოლოს, ენით უთქმელი უბედურება ეწვია, რამაც შეწყვიტა კიდეც საშრობის ტკბილი სიცოცხლე.
ერთ დილას სადარბაზოში ქალის საშინელი კივილი გაისმა, რასაც ბონდოიას კარებზე გაბმული ბრახუნი მოჰყვა. მეზობლის ქალი იყო ზემოთა სართულიდან, რომელიც შეშლილი სახით რაღაცას გაჰკიოდა. ბონდოიამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაც დიდი უბედურება დატრიალდა და მერვე სართულზე ავარდა. დაბლა დარჩენილმა ქალმა კივილს უმატა. სიტყვები ისევ კივილში იკარგებოდა, მაგრამ გადარეულმა ქალმა მოახერხა და აკანკალებული ხელები ბარათაშვილების ბინისკენ გაიშვირა. ბონდოია კარებში შევარდა... საცოდავი დიასახლისი აივანზე გადგმულ ანთებულ "პლიტაზე" ეგდო და იწვოდა. საფეთქელი კი ვიწრო აივნის რკინის მოაჯირზე ჰქონდა დარტყმული. ის უბედური, მერვე სართულის აივნიდან დაუნახავს სარეცხის გასაფენად გამოსულ მეზობელს.
როსტომი საღამოს მოვიდა და დადუმდა. იმ დღის შემდეგ პირს თუ გააღებდა, მხოლოდ მადლობის სათქმელად ბონდოიას მისამართით, ჩემი უბედურება პირველმა ჩემმა ძმამ გაიზიარაო. მერე, როცა უცაბედად ბონდოიაც გამოეცალა ხელიდან, ხარივით აბღავლდა კაცი, თითქოს, ამდენი უბედურებით ჩაკირული დარდი ამოიღო გულიდანო.
შეწუხდნენ შვილიშვილები, ბაბუს სიმარტოვის გამო, მაგრამ როსტომი რის როსტომი იქნებოდა, სიცოცხლე რომ არ გაეგრძელებია. 80 წლის ასაკში ბარათაშვილების საგვარეულო ეკლესიაში დაიწყო სიარული. ყოველ შაბათ-კვირას დაიკავებს ჯოხს ხელში და ტაძარში მიდის. გგონიათ მუხლებმა უმტყუნეს? - არა. უბრალოდ, ის ლამაზი ჯოხი ბონდოიას ნახელავი და ვედრა-ღუმელზე გამომწვარია, საშრობში რომ დარჩა უპატრონოდ აყუდებული.
დიდი ხნის უნახავი როსტომ ბარათაშვილი რამდენიმე დღის წინ ავტობუსიდან დავინახე. მაღალი, პირხმელი, სუფთად გაპარსული ქარისაგან ჭაღარააფრიალებული ისევ ისე გამართული იდგა. ასე მაშინ გასწორდებოდა ხოლმე, როცა მისი საყვარელი მეზობელი მოიკითხავდა - როგორ გიკითხოთ ბატონიშვილოო. ბონდოიას - მამაჩემის - ის ჯოხი კი მხარზე მიდებულ მარჯვენაში დაეკავებინა და მარცხენა ისე შემოეხვია, თითქოს ეშინია, პატრონივით არ გამოეცალოს ხელიდანო.