RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ყველა მინუს ერთი

ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ, ბე. აბერ, ფაბერ, კუმანე. ენკი, ბენკი, სიკლისა, გავიდა!

24 საათი 27.02.10

ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ, ბე. აბერ, ფაბერ, კუმანე. ენკი, ბენკი, სიკლისა, გავიდა!

ეს, თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვობაში ასეთი ნაცნობი, შეიძლება სრულიად უშინაარსო, უაზრო, სასაცილო, მაგრამ ამავე დროს ბავშვური ნოსტალგიით, ეზოს მეგობრებისა და მხოლოდ თბილისური ეზოებისთვის დამახასიათებელი თამაშების მოგონებით აღსავსე გათვლა, რომლის შედეგად, როგორც წესი, ვიღაც ერთი თამაშიდან ვარდებოდა, კარგად არ მახსოვს. რას იზამ, მას მერე საკმაოდ ბევრი წელი გავიდა. ისე, საჭიროების შემთხვევაში, ტექსტის გასახსენებლად - დასაზუსტებლად დათო ევგენიძეს შეგვიძლია მივმართოთ. მაგას ნამდვილად ემახსოვრება და არა იმიტომ, რომ ეზოში სხვებზე ხშირად თამაშობდა, ან მეხსიერება აქვს სხვაზე უკეთესი, არამედ იმიტომ, რომ მას, ჩვენ ღრმა ახალგაზრდობაში ამ საბავშვო გათვლის ტექსტზე მხიარული სიმღერა ჰქონდა დაწერილი, რომელსაც, როგორც წესი, ყველა დაბადეს დღეებზე, თუ კონცერტებზე ასრულებდა. კონცერტებზეო, რომ ვამბობ, რამე სერიოზული არ იფიქროთ. ბავშვობაში ასეთ კონცერტებს სისტემატიურად ჩვენ სახლებში (რა თქმა უნდა, უპირატესობა შედარებით დიდ ბინებს ენიჭებოდა), ან სახელოსნოებში, ან აგარაკებზეც კი ვაწყობდით. კონცერტების სულის ჩამდგმელი და მთავარი "სთარები", რა თქმა უნდა, ირაკლი ჩარკვიანი და დათო ევგენიძე იყვნენ. ჩვენ ყველა დანარჩენები, რომ იტყვიან, ბექების როლს, არც თუ კარგად, ვასრულებდით. ირაკლი, იმ პერიოდში, უმეტესად ინგლისურენოვან სიმღერებს მღეროდა, ხან თავისას, ხან სხვისას. დათო კი თავის დაწერილ ნაწარმოებებს გვიკრავდა, რომელთა შორის "ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ ბე…” მგონი, ყველაზე პოპულარალი იყო. ახლა რომ ვიხსენებ, ღმერთო ჩემო რა სისულელეა! წრეში ვდგებოდით, სრულიად უსმენოდ, მაგრამ ბოლო ხმაზე ამ ტექსტს გავყვიროდით და ყოველ ჯერზე წრიდან ვიღაცას ვაგდებდით. ყველა მინუს ერთი, მერე კიდე მინუს ერთი, მერე კიდე და ასე.

ანა,ბანა,ნიცა,რუსების ბალნიცა.

ჰეი.გედევანჩო.ნაში კაპიტანჩო!

ამ, ჩემთვის პირადად, ძალიან სასიამოვნო მოგონების მეშვეობით, ნელ-ნელა, ჩემი დღევანდელი წერილის მთავარ თემას, "ყველა მინუს ერთ"-ს მივეპარე. მიუხედავად იმისა, რომ “ალიანსის” ერთი ნაწილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ვიზიარებ, მაინც არ მესმის ეს უბედური მინუს ერთი რაღა მაინც და მაინც ნოღაიდელი უნდა იყოს? თუ, უბრალოდ, თავის თანამებრძოლთა რიგების გაფილტვრა-დახვეწა, პირველ რიგში, მაგით დაიწყეს და ასე გააგრძელებენ, მაშინ კიდე გავიგებ. თუ არა და რითია ნოღაიდელი ბევრი სხვა მისი კოლეგა ოპოზიციონერისგან განსხვავებული, ან მითუმეტეს - უარესი? რახან, უბრალოდ ის შეძლო, მოახერხა, რაც სხვასაც გულით უნდა, სანუკვარ ოცნებად აქვს ქცეული და უბრალოდ არ გამოსდის? მხოლოდ იმიტომ, რომ "სტავკა" რუსებმა მასზე გააკეთეს, სალაპარაკოდ იგი მოიწვიეს? საქართველოს შიდა ღალატი და ამის განსახორციელებლად აუცილებელი ფული მას ანდეს? სხვა კი, რომ იტყვიან, ცხვირის წვერზე არ დაისვეს? ალიანსის პროგრესულ ნაწილს რამდენი ისეთი პიროვნება ეგულება დღევანდელი ოპოზიციის რიგებში, ვინც პუტინთან, ლავროვთან შეხვედრაზე, მათგან ფულის აღებაზე პრინციპულ უარს იტყოდა? რამდენია ასეთი? ერთი, სამი, თუ ხუთი? მეტი რომ არ მოიძებნება, ნუთუ ეს ჩვენზე უკეთესად არ უნდა იცოდნენ? მათ, ხომ პოლიტიკაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ? წესით, რამდენი ღალატის, მერკანტილურობის, მოსყიდვისა, თუ გაყიდვის მომსწრენი უნდა იყვნენ. ეგება ამიხსნას ვინმემ, რატომ ყველა მინუს ერთი? ან კი ვინ არის ეს მითიური ყველა? ერთი იდეით გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი? სასაცილოა. ჯერ ეგენი გაერთიანებული ვის, ან როდის უნახავს? ან რა არის ის იდეა, რომელიც მაგალითად, კუკავას და გაჩეჩილაძეს, ძიძიგურს და ხაინდრავას, ალასანიას და დავითაშვილს და ა.შ. გააერთიანებს, ერთ მუშტად შეკრავს? მხოლოდ სააკაშვილის სიძულვილი, რომელშიც, ალბათ, ერთმანეთს წარმატებილად შეეჯიბრებოდნენ და კიდევ შეიძლება განსხვავებული მოტივაციის, მაგრამ მაინც ძალიან მსგავსი, პირადი წყენა, დაუკმაყოფილებელი პირადი ამბიცია და მატერიალური გამორჩენა? ვის გაუგია, რომ სიძულვილს ვინმე გაეერთიანებინა? მათი უკიდეგანო აპეტიტების შემხედვარე, როგორ წარმოგიდგენიათ, მაგათ რა ფული, რა თანამდებობები ეყოფათ? მათ მადას თვით რუსეთის სპეცსამსახურიც კი ვერ დააკმაყოფილებს და ეს ჩვენც ზეპირად ვიცით და თავადაც.

დღევანდელი ქართული ოპოზიციის საერთო მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ მათთვისვე აჯობებს საკუთარ უსუსურობას ოდნავ იუმორით მიუდგნენ და იმას, რასაც კონსულტაციად, თათბირად ასაღებენ და სინამდვილეში კი ბაზრის მსგავსი ვაჭრობაა და მეტი არაფერი, თამაშის ფორმა მისცენ, გაერთონ მაინც და ყოველ ჯერზე, ასე ეზოში მოთამაშე ბავშვებივით, გაითვალონ. ბუხტარ ბუხტარ ბუხტარ ბეეეე… და თითო ადამიანიც ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ, ასე, თამაშ-თამაშში მოაკლდებათ. თითოზე ფულიც მეტი გამოუვათ, თანამდებობრივი ვაკანსიებიც. შურისა და ინტრიგების ობიექტებიც მოაკლდებათ. ოპოზიციურ სპექტრს, შეძლებისამებრ, ნაყარ-ნუყარი ჩამოშორდება და საბოლოო ჯამში, ის ერთიანი, ან უფრო სწორად, ერთადერთი კანდიდატი დარჩება, რომლის შერჩევაზე ასე წვალობენ. აბა, მეტი სხვა ნიშნით როგორ უნდა შეაერჩიონ? გამორჩეული რეიტინგი მაგათში არავის აქვს. ხალხის სიყვარულის, ან ნდობის ილუზია, იმედია, არავის აბრუებს. დიდად, არც მორალურ-პრინციპული ნორმები უნდა აწუხებდეთ. რა ნოღაიდელი, რა ყველა სხვა დანარჩენი? უბრალოდ, ამ უკანასკნელმა, რომ იტყვიან, ჭუჭყიანი სამუშაო თავის თავზე აიღო, სამშობლოს მოღალატის იარლიყი საშვილიშვილოდ მიიწეპა და რა გამოვიდა? ვისთვის? რომ მერე კუკავამ, გუნავამ, ხაინდრავამ, გაჩეჩილაძემ, თუ ალასანიამ მისი ნაშოვარის განაწილებაზე კონსულტაციები გამართონ და მნიშვნელობით აღსავსე, დიდი პოლიტიკოსის სახით, პრესასთან კომენტარი ან გააკეთონ, ან - არა? ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ, ბე… გაითვალონ და თვითონაც დაისვენებენ. ჩვენც დაგვასვენებენ. აბა როგორ დავიჯერო, რომ დევიზში "ყველა მინუს ერთი" რამე ელემენტარულ ლოგიკას ხედავენ? "ყველა მინუს ერთი" კი არა, ყველა მინუს ორი, სამი, ხუთი, ათი, კიდევ ერთი, კიდევ, კიდევ და ბოლოს ყველაზე მარტივ სისწორეს მიიღებენ - ერთი, მინუს ყველა. ასე არ ჯობია?!

აი, თუ როგორი უნდა იყოს ეს დარჩენილი ერთი, ამას უკვე არაფრის მცოდნე კუკუვასთან, გეგიძესთან კონსულტაცია კი არ ჭირდება, ეს უკვე თბილისელებს ჰკითხონ. უნდა ამ ქალაქის მოსახლეობას დღეს სავლედ გადაქცეული პავლე? უნდათ რუსული სპეცსამსახურის მიერ დაფინანსებული და შესაბამისად ამავე დამფინანსებლის მიერ მართული (აბა, ვის გაუგია, რომ ვინმე და განსაკუთრებით, სპეცსამსახური, ფულს ტყუილად, ლამაზი თვალებისთვის იძლეოდეს) ქალაქის თავი? უნდათ ისეთი მერი, რომელიც თავისი პირადი საჭიროების შემთხვევაში, თბილისს ხან მკვდარ ქალაქად გამოაცხადებს, ხან საზოგადოებრივ ტუალეტად აქცევს, ხან ხუთ-ხუთი ლარის მომპარავ, განუკითხავ "საზოგადოებრივ" პატრულს დაგვიწესებს ქუჩებში, ხან საკნებით ქუჩებს ჩახერგავს და ხან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ეცდება, ჩვენ ყველა ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, გადაგვკიდოს? უნდათ ისეთი მერი, რომელიც არასდროს, არც ერთ ეტაპზე რას, რას და თბილისის და მისი მოსახლეობის ინტერესებს არამცთუ არ გაითვალისწინებს, არამედ, არც კი გაახსენდება და პირველივე შეთავაზებულ ზედმეტ კაპიკზე დაუფიქრებლად გაყიდის?

როდესაც წერას ვიწყებდი, ვფიქრობდი რომ საუბარს იუმორით მოვახერხებდი, მაგრამ ახლა, როდესაც დაწერილი ნაწილი გადავიკითხე, ვაღიარებ, რომ ეს არ გამომივიდა. თუმცა, რა იუმორი, თუ ჩემი ვერსია აგერ თვალდახელშუა რეალურ კონტურებს იძენს და ახლა, გამყრელიძე-უსუფაშვილის ასე მოწონებულ და ატაცებულ დევიზს "ყველა მინუს ერთი" სოზარ სუბარიც შეუერთდა. მგონი, გათვლის პრინციპით ხალხის გამოკლების პროცესი დაიძრა. აი, კიდევ მინუს ერთი! ნეტავი შემდეგი მინუსი ვინ იქნება? როგორც ხიდაშელმა თქვა, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის პროცესს, კოდირებული სახელწოდებით "ნოღაიდელი", ნეტავი კიდე ვინ ჩამოცილდება? ნოღაიდელის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი საპრიზო ფონდისთვის გამართულ მარათონს, ნეტავი, შემდეგი ვინ გამოეთიშება? მე ჩემი სავარაუდო ვერსიები მაქვს, თქვენ, ალბათ, თქვენი გექნებათ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს - ერთის გამოკლების პროცესი რაღაც უკუღმა მიმდინარეობს და მითიურ "ყველას" უარესები კი არა, შედარებით უკეთესები აკლდება. მართალია, ქართულ პოლიტიკაში უკუღმართობა დიდად გასაკვირი არაა, ეგეთები გვინახავს?! მაგრამ, საქმე ასე თუ გაგრძელდა, ერთი-ორიც შეიძლება გამოაკლდეს და მორჩა. პროცესი გაჩერდება. მერე კი კუკავა, გაჩეჩილაძე, დავითაშვილი, ძიძიგური, მაგ დროისთვის იმედია, მათ ბურჯანაძეც შეუერთდება, ხაინდრავა, ლიდერის ყაიდაზე ხმაამაღლებული ნოღაიდელი + მამრაძე, საზოგადოების მხრიდან კი ნუკრი ქანთარია, კორკოტა თავის ბიჭებიანა და კიდე ალბათ ლელიკა ჯაფარიძე - კონსულტაციებს, მოლაპარაკებებს, კონფიდენციალურ შეხვედრებს გამართავენ და ვერანაირ ოპტიმალურ ერთს ვერ შეგვთავზებენ. თანაბრად ფულს კვლავ ვერ გადაინაწილებენ, თანამდებობებს ერთმანეთს ვერ დაუთმობენ, რუსეთის სამსახურში პირველობაზე ვერ შეთანხმდებიან… ერთადერთი, ამაში დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი წინასწარი თათბირების გარეშე, ერთხმად, იოლად აღიარებენ, რომ უმცროსი გაჩეჩილაძე - მესიაა!

არ გამიბრაზდეთ ახლა, მაგრამ ყველასთვის, ვითომ, ასეთი სიმპატიური და "ზომიერი" ალასანიას ნოღაიდელთან დამეგობრება, რატომღაც, დიდად არ გამკვირვებია. თითქოს ყოველთვის ვიცოდი, რომ გარკვეულ ორგანოებში მუშაობის გენეტიკური კოდი ასე იოლად, ერთ თაობაში არ გადის, ვერ ქრება.

ალბათ, ალასანიების რამდენიმე თაობის წარმომადგენლები პუტინს რომ შეხვედროდენ, სალმის ნაცვლად, ერთმანეთს ჩესტს აუღებნენ. ახლაც, ალბათ, ასე იქნება, თუ ირაკლი ალასანია ხუბუტიას მეშვეობით გადმოცემულ დიდსულოვან მიწვევას მიიღებს და რუსეთის ხელისუფალთ პირდაპირ კრემლში ეწვევა. აბა, მეტი როგორ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ყოფილი ჩინოსანი კოლეგები? აი, უფროს გაჩეჩილაძეს და მის მომავალში სავარაუდო მოსკოვში მიწვევას რაც ეხება (მიიღებს, აუცილებლად მიიღებს. მაგაზე ნურც ინერვიულებს და ნურც გულს გაიტეხს. ეს, უბრალოდ, დროის საკითხია.), მანდ საქმე უფრო რთულად არის. ნახევარი თბილისის მიერ, როგორც თვითონ მოგვახსენა, აბა მე ამას როგორ გავბედავდი, თავზე დაქაქულ გაჩეჩილაძეს მოსკოვში კი შეხვდებიან, მაგრამ ვინ და სად - ეს საკითხავია. თქვენ წარმოიდგინეთ და თავზე დაქაქულები მოსკოვშიც კი მაინცდამაინც, არ უყვართ. ალასანიასაც შეხვდებიან, გაჩეჩილაძესაც, მაგრამ სხვადასხვა დონეზე. ნოღაიდელს თვით პუტინი შეხვდა, ალასანიას, სავარაუდოდ, ვინმე რანგით ნაკლები დასდებს პატივს. აი, ნახევარი თბილისის მიერ თავზე … კი (ციტირებაც მიჭირს! ასეთი გულწრფელი აღიარება არც წარმომედგინა! თუმცა, ისევე, როგორც ასეთი გულწრფელი ცრემლები! ნეტავი, ეს მიზანსცენა სტურუასთან ერთად გაიარა, თუ მხოლოდ და მხოლოდ პაპუაშვილის რეჟისურით დაკმაყოფილდა?), ალბათ, ხუბუტიათი მოუწევს დაკმაყოფილება. თუმცა, ფულს, რაც მთავარია, მგონი, ხუბუტია არიგებს. აბა, დანარჩენს, რა მნიშვნელობა აქვს? რა დროს ამბიციებია? როცა ერთობაა! რიგითი ჯარისკაცების ერთობაა, რომლებიც, უბრალოდ, თავგანწირულ ბრძოლაში, ღალატში სულ ცოტა ანაზღაურებასაც ითხოვენ.

ენკი, ბენკი, სიკლისა… მოსკოვში მიდიხარ? ბილეთი უკვე აიღე? პუტინი, ლავროვი, ივანოვი… ტრაპთან გელოდებიან?… გავიდა! წრიდან გავიდა, თამაში სამარცხვინოდ დატოვა. წარმოგიდგენიათ, წრე რა სისწრაფითა და ეფექტურობით შევიწროვდება? გაზაფხულის პირველ თბილ დღეებს უკვე ერთეულები თუ შეეგებებიან. არჩევნებისთვის კი, ის ერთადერთი, ოპტიმალური კანდიდატიც გამოვლინდება, რომლის დადგენაზე დღეს ასე ამაოდ წვალობენ. თუმცა, ისიც არ ვიცი, ვაი და ის ერთიც არ დარჩეს?! ვაითუ ყველამ ერთად, ერთი დიდი, მხიარული, წარმოსაჩენი, კოლორიტული, ტურისტული ჯგუფი ჩამოაყალიბა და კრემლის დასათვალიერებლად, მავზოლეუმში ლენინის მოსანახულებლად მოსკოვს გაემგზავრა?! გაგიკვირდებათ?! ნოღაიდელი, როგორც გზის გამკვალავი, უკვე გათვითცნობიერებული - წინ, დანარჩენი - უკან. წარმოგიდგენიათ, რა პაეზდკა გამოუვათ? თანაც, რომელშიც ფულს კი არ დახარჯავენ, არამედ პირიქით, აქეთ იშოვიან! ვინ იტყვის უარს?

მოკლედ, მე სულ ორად ორ ვარიანტს ვხედავ. ან ყველა ერთად მოსკოვში, ან - არა და დამიჯერონ, ბავშვობა გაიხსენონ, გაითვალონ და თითო-თითო, რიგრიგობით წრიდან მოიცილონ. ტექსტის გასახსენებლად, კიდევ ვიმეორებ, შეუძლიათ ევგენიძეს მიმართონ. ნამდვილად ემახსოვრება. მე მხოლოდ ეს მახსოვს - ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ, ბე. აბერ, ფებერ, კუმანე. ენკი, ბენკი, სიკლისა, გავიდა!

იმდენი ვიმეორე ეს სულელური ბუხტარ, ბუხტარ… და მაინც და მაინც ახლა, წერილის დასასრულს ასევე ბავშვობის დროინდელი, თითქოს ნოღაიდელზე და მის მეგობრებზე მოგონილი, ზუსტი და აქტუალური მეორე გასათვლელი ლექსი მომაგონდა - ანა, ბანა, ნიცა, რუსების ბალნიცა. ჰეი, გედევანჩო, ნაში კაპიტანჩო!

 

 

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი