RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
7 სექტემბერი, სამშაბათი 2010
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

საქართველო ევროვიაზიაზე კომპოზიტორის გარეშე ხომ არ დარჩა?!

ოდესმე სადმე გინახავთ კონკურსი, სადაც საზოგადოებას მოუწოდებენ, ხმა მისცენ სიმღერას, რომელიც მათ მოეწონათ და შემდეგ შედეგი არც კი გააცნონ?!

24 საათი 03.03.10

ოდესმე სადმე გინახავთ კონკურსი, სადაც საზოგადოებას მოუწოდებენ, ხმა მისცენ სიმღერას, რომელიც მათ მოეწონათ და შემდეგ შედეგი არც კი გააცნონ?!

საქართველოში რატომღაც მივეჩვიეთ იმას, რომ უმსგავსობა ნორმად გვექცევა და ამაზე რეაქციაც აღარ გვაქვს.

27 თებერვალს გამართული ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. ბატონმა ჭანტურიამ სასწრაფოდ გამოაცხადა: გამარჯვებული სიმღერის არჩევანში საზოგადოებას და ჟიურის (მაყურებლის გარდა გადაწყვეტილებას სპეციალურად მოწვეული ჟიურიც იღებდა, თუმცა, ბუნდოვანია, რა მექანიზმით) აზრი ერთმანეთს დაემთხვაო!

ჩვენთვის მაყურებლის გადაწყვეტილება არავის გაუცვნია. არადა, ხმის მიცემას მაშინ აქვს აზრი, როდესაც შედეგი გამოკითხვის დამთავრებისთანავე გაცხადდება და არავის გაუჩნდება არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ მათ მიერ თითოეულ sms-ში გადახდილი ერთი ლარი ვიღაცამ უბრალოდ მიითვისა. აღარაფერს ვამბობთ იმ ხმებზე, რომლებიც ისევე აორთქლდა, როგორც მათში გადახდილი ფული.

დაგვეთანხმებით, დღეს ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელსაც საქმე ისე ჰქონდეს აწყობილი, რომ ქარს ატანდეს sms-ში გადახდილ ერთ ლარსაც კი. ნუთუ აღარ არის დრო, ერთი ნაბიჯით მაინც მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტს, რომელიც ასე გვხიბლავს, ოღონდ შორიდან. საქართველო ისევ თავისი წესებით ცხოვრობს. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება უმალვე შეაფასებდა ამგვარ მოვლენას და, სულ მცირე, საკუთარი ხმების ასავალ-დასავალს მაინც მოიკითხავდა.

მიმდინარე პრობლემების ფონზე ალბათ ევროვიზია ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს, რომ არა ღირსების საკითხი. სწორედ ღირსების შელახვის გამო გადავწყვიტეთ ამ წერილის გამოქვეყნება და არა იმ მიზეზით, რომ ჩვენი სიმღერები ვერ მოხვდა კონკურსის ფინალში. ეს მეათეხარისხოვანია, რადგან ღირსეული მოგებისა თუ წაგების ფასი ვიცით, მაგრამ ღირსეული! რაც სწორედ კონკურსისა და მისი შედეგების გამჭვირვალობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში არავის შეეპარებოდა ნორვეგიელთა მიერ შემოთავაზებული სიმღერის გამარჯვებაში ეჭვი და ჩვენც მორჩილად დავთანხმდებოდით მიღებულ გადაწყვეტილებას.

ის მაყურებელი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა 27 თებერვალს ენახა “ივენთ ჰოლიდან" ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია, შეამჩნევდა, რომ ნორვეგიული სიმღერა აშკარა ფავორიტი იყო იქამდე, სანამ ხმის მიცემა დაიწყებოდა. ეს ფაქტი არც ბატონ ჭანტურიას დაუმალავს და განაცხადა: ალბათ სიმბოლური იქნება, რომ ნორვეგიაში ნორვეგიულ სიმღერას წავიღებთო. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონ ჭანტურიას ამ ჟესტით გარკვეული ფორის მიღების იმედი აქვს. გვინდა შევახსენოთ, რომ ევროვიზიაზე ხმას არა ნორვეგია, არამედ მთელი ევროპა გვაძლევს და კიდევ, ევროვიზია სიმღერის კონკურსია და არა მომღერლის, ამიტომ კარგი იქნებოდა, საქართველოს საკუთარი მუსიკალური პოტენცია ეჩვენებინა, ყოველ შემთხვევაში, დღემდე გვეგონა, რომ ეს მაინც შეგვიძლია. რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს, მომღერალს, რომელიც საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას. მას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ბოლომდე უნდა ჰქონდეს.

დაბოლოს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომპოზიტორი, რომელმაც ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერა დაგვიწერა, ასევე ევროვიზიის ნორვეგიელი კონკურსანტის სიმღერის ავტორია. საინტერესოა, კომპოზიტორი მწვანე ოთახიდან რომელი ქვეყნის გუნდს დაუჭერს მხარს? საქართველო ევროვიზიაზე კომპოზიტორის გარეშე ხომ არ დარჩა?!

თინათინ ჯაფარიძე

მიშა მდინარაძე

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. ჭიდაობა >>

    aa
  4. ფეხბურთი >>

    aa
  5. ფეხბურთი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. უცხოეთი >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. რევიუ >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. სპორტი >>

    aa
  14. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი