სამწუხაროდ, მოლოდინიც გამართლდა. ჩემი აზრით, სავსებით სიმბოლურია არასაპარლამენტო ოპოზიციის შეკრება ჭადრაკის სასახლეში.
24 საათი 06.03.10

სამწუხაროდ, მოლოდინიც გამართლდა. ჩემი აზრით, სავსებით სიმბოლურია არასაპარლამენტო ოპოზიციის შეკრება ჭადრაკის სასახლეში.
იქ გამოიკვეთა კრემლის ქართული პოლიტიკური საჭადრაკო პარტიის ტაქტიკა. ძალიან გამაკვირვა საზოგადოების რეაქციამ ალასანიას თაობაზე. ასეთი “კაი ბიჭი” როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელის ბანაკშიო. მომიტევეთ, პატივცემულო მკითხველო, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ბ-ნი ალასანია თავიდანვე, რაც საქართველოში დაბრუნდა, იდგა იმ პოზიციაზე, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა, ასევე, მისი აზრით, პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ “მარიონეტებს”. ვგონებ, ასეთივე წარმატებით კედელთან საუბარი შეიძლება. თუ, მეშლება რამე? გასულ წელს არასაპარლამენტო ოპოზიცია ყველანაირად ცდილობდა რუსეთისგან დისტანცირებას და სრულიად გასაგებია, რომ ალასანია მოსკოვში ვერ წავიდოდა. ახლა კი, როდესაც ბილიკი გაიჭრა, შემაკავებელი ფაქტორიც აღარ დარჩა. მაგრამ ალასანიას პოზიციის შეცვლისა და ნოღაიდელის განცხადების შემდეგ, რომ ის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ჩემთვის ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. დამებადა კითხვა, რა შეიცვალა ოპოზიციურ სპექტრში? გარდა იმისა, რომ გამოიკვეთა ორი ძირითადი დაჯგუფება, “იქითურები” და აქეთურები”, სხვა არც არაფერი. ორივე დაჯგუფების მოთხოვნა იგივე დარჩა: საქართველო სააკაშვილის გარეშე. მაშინ რა მოხდა?
მოხდა ტაქტიკური გადაჯგუფება. სტრატეგიულად ორივე ოპოზიციური “ძმობა” ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს კრემლისა და კერძოდ, პუტინის მთავარ მისწრაფებას. ჩამოყალიბდა ორი ფლანგი, პირობითად “შავი” და “თეთრი”. “შავები” - “მოღალატე” ნოღაიდელი, არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ მათ “გამუქებულ” ფონზე მეორე დაჯგუფება თვალისმომჭრელად ნათელ “თეთრ” ფერებში წარმოისახება. თავად რუსები ასეთ ტაქტიკას უწოდებენ “დიმოვაია ზავესა” (ნისლის ფარდას). ამხანაგი ნოღაიდელი და მისი თანამოაზრეები “ნისლის ფარდას” ქართულ პოლიტიკაში ქმნიან. ამავე დროს კი, მეორე ფლანგიდან “გამსვლელი” პაიკი უნდა გავიდეს. აღშფოთებული საზოგადოება, რა თქმა უნდა, მოღალატეებს მხარს არ დაუჭერს, მაგრამ მათ ფონზე დანარჩენები, ვინც სასახლეში არ მივიდა, ლამის ანგელოზებად წარმოჩინდებიან. ამომრჩევლისთვის ერთგვარი პოლიტიკური ხაფანგია დაგებული. სააკაშვილზე გულაღრენილ, მაგრამ პატრიოტულად განწყობილ ამომრჩეველს, არჩევანის ილუზია ექმნება. ფიქრობს: “ოხ, ეს მოღალატე ნოღაიდელი, აი, ესენი ყოჩაღ, არ დაუმეგობრდნენ, უყვართ საქართველო”. და მახეშიც გაება. თუ მარტო თვითონ მოტყუვდა, კიდევ არაფერი,. მაგრამ თუ საქართველოც გადაიყოლა? კი, ეს მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია, მაგრამ იმავე ამხანაგი ნოღაიდელის ინტერვიუში რუსულ საიტებზე პროცესი ნათლადაა ჩამოყალიბებული. ჯერ ადგილობრივი, შემდეგ საპარლამენტო და ა. შ. “პოლიტიკური “ჭადრაკი” ხანგრძლივი პროცესია. დღეს პუტინს ჰაერივით სჭირდება ნებისმიერი პატარა წარმატებაც კი საქართველოში. ეს მის პოზიციებს გაამაგრებს. თორემ, უკვე მისი უახლოესი თანამებრძოლებიც კი იმაღლებენ ხმას მის წინააღმდეგ. ალასანიას პოზიციის შეცვლის სისწრაფის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნოღაიდელი “შესაწირ” ფიგურად გადაიქცა. ამას ჩემთვის მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. ალბათ კრემლი თავიდანვე ეყრდნობოდა იმ აზრს, რომ საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობა უფრო მეტია. ესეც ნოღაიდელის ცუდი მუშაობის შედეგია. ეტყობა სასურველი შედეგი რეალობად მიიჩნია და კრემლიც დაარწმუნა. როდესაც საზოგადოებრივმა რეაქციამ არ დააყოვნა, კრემლი ძალიან შეშინდა და სასწრაფოდ გადაწყვიტა, რომ გამსვლელი პაიკი აჯობებდა თეთრების რიგებიდან გაეშვა. ეტყობა, გათვლა ალასანიაზე იყო ნოღაიდელთან ერთად. ამიტომ ნოღაიდელი ასე გადიდგულდა. თვითონაც დაიჯერა, რომ ჩვენ აქ, ერთი ოცნებით ვცხოვრობთ, როდის ჩამოგვაკითხავენ რუსული ტანკები. შემდეგ კი იმიტომაც თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რომ მისი როლი საგრძნობლად შემცირდა. ახლა, როდესაც კრემლისთვისაც გასაგები გახდა, რომ ქართულ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობა უფრო მეტია, საბრძოლველად მხოლოდ “თეთრები” შემორჩა, მაგრამ “შავებს”: არანაკლები როლი ეკისრებათ, ისინი გააძლიერებენ პროროსულობას და ამით “თეთრებს” უფრო მეტ მომხრეებს მოაზიდინებენ. თუმცა, აქ სხვა ვარიანტებიცაა შესაძლებელი. რა უშლის ნოღაიდელს, რომ თქვას: ალასანია ძალიან კარგი ბიჭიაო, ამით თავის მომხრეებსაც შეუმატებს. ახლა ალასანია ისევ “თეთრია”. ჯერ ნაცრისფერია, მისმა ვოიაჟმა უკვე ისინიც “გასვარა”, ვისთანაც დაბრუნდა. ახლა ყველა ერთხმად დაუწყებს ალასანიას ქება-დიდებას, “გათეთრებას”. “აი, ჩვენი პროევროპული კანდიდატიო”. “აქეთურებსაც” საბაბი მიეცათ: ჩვენ კრემლთან არ ვართ დაკავშირებულები, ხომ ხედავთ, მოსკოვში ვინ ჩადისო? ვაი და რომ არიან! კი, ალბათ მოსკოვში არ წავლენ, მაგრამ სულიერი და იდეური კავშირი აშკარაა. კრემლს სწორედ ალასანია ესახება გამსვლელ ფიგურად, მაგრამ პირველივე სვლაში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ალასანიას “მერყეობის” შედეგად შეტევის ორივე ფლანგი გაშიშვლდა. ახლა სავსებით ნათელია, რომ მარტო ნოღაიდელი კი არა, მთელი არასაპარლამენტო სპექტრი მონაწილეობს ამ ჭადრაკის პარტიაში. სიმბოლურია მათი პარლამენტში არყოფნაც. ისინი არათუ პარლამენტში, საქართველოშიც კი არ “შემოსულან”. თავად დააყენეს თავი საქართველოს საზღვრებს მიღმა.
დღეს, პირადად ჩემთვის სავსებით ნათელია მათი ალოგიკურობის, ბოღმისა და სიძულვილის მიზეზები. აქამდეც იგრძნობოდა, მაგრამ ფაქტები არ იყო ნათელი. ე. წ. არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს საქართველოს სახელმწიფოს დამონებისა და დანგრევის საქმეს ემსახურება. უკვე ისმის, რატომ არ იჭერენ, თუ მოღალატეაო? სასაცილო კითხვაა, ღმერთმანი. ჯერ ერთი, ვის რაში სჭირდება, რომ დაიჭირონ. მეორე, სრულიად ვერ ერკვევა ადამიანი დემოკრატიაში, თუ ასეთ კითხვას სვამს. ინგლისელებმა ასეთებს, ჯერ კიდევ როდის, ჰაიდ პარკი მიუჩინეს. იყვირონ, რამდენიც უნდათ. მაგრამ ვაი იმას, ვინც ყვირილის მაგივრად იარაღს მოკიდებს ხელს. რუსული იმპერიის სრული იდეური უსუსურუბა ნათლად ირეკლება ჩვენს ოპოზიციონერებში. არაერთხელ დავწერე და არაერთხელ გავიმეორებ, რუსულ იმპერიას აღარ გააჩნია თავისი არსებობის გამამართლებელი იდეა. ოცი წლის წინ “მოკვდა” კომუნისტური ქვეყანა, მაგრამ მისი იდეა უფრო ადრე “მოკვდა”, თავისი არაბუნებრივობისა და ტანკების სხვადასხვა ადგილას გამოჩენის გამო. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის პერსონებს. პატიოსნად ვეცადე რამე იდეები გამომეძებნა, მაგრამ ეტყობა ჩემი საშუალო გონება ამდენს ვერ წვდება. ქ-ნებ თინა ხიდაშელის, ეკა ბესელიას, სალომე ზურაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შორის მხოლოდ პიროვნული განსხვავებები დავინახე. პოლიტიკური ლოზუნგები კი სრულიად იდენტურია: სააკაშვილი ანგრევს ქვეყანას. დავითაშვილი, კუკავა, ძიძიგური, ნოღაიდელი იმავეს იმეორებენ. აქეთა მხარეს გვყავს გამყრელიძე, უსუფაშვილი, ცალკე სანიკიძე და როგორც ყოველთვის “ცალკე” ნათელაშვილი. ერთი წყვილი ძმა იქით მხარეს - მეორე აქეთ. რატომღაც მგონია, რომ კრემლმა შეგნებულად ცოტა რესურსი გამოყო, რომ მათ შორის დაპირისპირება “ბუნებრივი” ყოფილიყო. იმპერიის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, მათ მენტალობაში კარგად ჩანს, ოღონდ “ქართული” ვარიაციებით. მათ რუსულ ელიტასთან ფეოდალური აზროვნება აერთიანებთ. თუნდაც ის ფაქტი, რომ სრულიად ერთიანი მიზანისკენ მსწრაფი პოლიტიკოსები ვერაფრით ვერ რიგდებოდნენ ერთიან კანდიდატზე, მიუთითებს მათ არათავისუფალ და დამოკიდებულ ხასიათზე. ასევე იქცეოდნენ ქართველი თავადები დაქსაქსულ საქართველოში, რის შედეგად “გამაერთიანებელმა” რუსულმა მეფემაც არ დააყოვნა. თავგანწირვაზე ყველა მათგანი საუბრობს, მაგრამ სკამის დათმობა პირად შეურაცხყოფად მიაჩნიათ. ფსიქოლოგიურად ეს, როგორც მინიმუმ, მოუმწიფებელი და თავდაუჯერებელი ადამიანის პოზიციაა. მათი ძირითადი ინსტინქტი ძალაუფლების დაბრუნებაა.
ახლა ალბათ მთელი სპექტრი ალასანიას ირგვლივ გაერთიანდება. იმიტომ, რომ “ძლიერი” გამაერთიანებელი “მეფე” ახლაც არის და სათანადო ბრძანებაც გაცემულია. ამის დასტურად მოვიყვან იმას, რომ ლიდერის გამოსავლენად სოციოლოგიურ გამოკვლევებზე შეთანხმდენ, რაც სრული აბსურდია. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს. თან კარგად მახსოვს, თავად რა აზრებს გამოთქვამდნენ სოციალურ გამოკვლევებთან დაკავშირებით. მაგრამ, ხომ უნდა დაიცვან “სტატუს-კვო”. ხომ ვერ გარისკავენ, ვაი თუ პრაიმერმა სხვა ლიდერი გამოავლინოს. ისე პრაიმერიც, როგორც წესი, ერთი პარტიის ფარგლებში ტარდება(!) მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ერთიან კანდიდატს ყველა არ დაეთანხმება. ქ-ნი ბურჯანაძე უკვე მოსკოვს გაეშურა, ალბათ გასარკვევად, რატომ ალასანია?. სინამდვილეში კი ეს არის “იგრა ვ დემოკრატიუ” (დემოკრატიით თამაში). მათი დემოკრატიულობა, ან, კერძოდ ალასანიას პროევროპულობა ისეთივეა, როგორც ჩემი ჩინელობა. დემოკრატიის შეგრძნებას და შესწავლას დრო სჭირდება, მოთმინება, სიკეთე, შინაგანი თავისუფლება და ნებისყოფა. სამწუხაროდ, ვერც მოთმინებით, ვერც სიკეთით და ვერც სიყვარულით ვერ დაიკვეხნიან. ნებისყოფის მაგივრად კი მხოლოდ ამბიციური სიჯიუტე ვლინდება. არ მჯერა, რომ ისინი თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანები და პოლიტიკოსები არიან. ზოგიერთი კი თავად აღიარებს, პოლიტიკოსი არ ვარო. ის, რომ ჭექა-ქუხილით და რევოლუციით იმუქრებიან, თავისთავად ადასტურებს სრულ იდეოლოგიურ უსუსურობას. ასევე იქცევა რუსული იმპერიაც, როდესაც არგუმენტები აღარ ყოფნის - სროლას იწყებს.
დღეს საქართველოში გამოიკვეთა ორი მიმართულება: ან უკან რუსეთისკენ ან წინ დემოკრატიისკენ. გლობალური დაპირისპირების ფრონტი საქართველოზე გადის. ქართული საზოგადოების რეაქცია კრემლისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. აქედან მოყოლებული მათთვის, საერთოდ, ყველაფერი მხოლოდ შოკის რეჟიმში იქნება. აღარ იქნება ის საქართველო, რომელიც მათ გადახურებულ გონებაში დარჩა. რა ქნან, არ გააჩნიათ საქართველოში “დონეცკის ოლქი”. პროგრესის მხოლოდ შეფერხება თუ არის შესაძლებელი, თორემ გაჩერება შეუძლებელია. ისედაც აფერხებენ ბოლო ათი წელიწადი, ლიმიტი ამოიწურა. თან ჭადრაკის თამაში სალდაფონების საქმე ნამდვილად არ არის. ჩვენს ოპოზიციონერებს კი ვუსურვებდი საქართველოში “დაბრუნებას” და სამშობლოს სიყვარულის თავიდან სწავლას. ვინაიდან, თუ ვინმე ან რამე გძულს, გულში სიყვარულის ადგილი უკვე აღარ არის. ამას ნებისმიერი ურწმუნო მღვდელიც კი დაგიდასტურებთ.
თეიმურაზ ზაქრაძე