ეროტიკა, როგორც ყველაზე მიმზიდველი საქონელი, ბრეჟნევისდროინდელ ბავშვებსაც ძალიან გვაინტერესებდა.
24 საათი 06.03.10

ეროტიკა, როგორც ყველაზე მიმზიდველი საქონელი, ბრეჟნევისდროინდელ ბავშვებსაც ძალიან გვაინტერესებდა.
მაშინ ამ აკრძალული პროდუქციის ყიდვა ძირითადად აყროლებულ ვაგზლებზე შეიძლებოდა. როგორც წესი, გამყიდველად ყველგან ყრუ-მუნჯი ბაბუები გვევლინებოდნენ ხოლმე. იმ დროისათვის ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა მათ, მაინცადამაინც, არც არავინ დასდევდა. როცა ღიპიანი მძღოლი "კალოტკებ" დამწვარ ლაზს აახრიგინებდა და თვალ-ცხვირს დაგვწვავდა, ავტობუსში სათამაშო კარტის ზომის ფორმატზე დაბეჭდილი ეროტიკული სურათების დამტარებელი შემოდიოდა და "ე, ე"-ს ძახილით მახინჯი ქალების სიშიშვლის ერთგვაროვან ასორტიმენტს გვთავაზობდა. ჩამოატარებდა თავის შავ-თეთრ საშინელებას და თუ ინტერესს შეგამჩნევდა, ცხვირწინაც მოგიტანდა, ზედ კი ფრჩხილიანი საჩვენებლით ისე მაგრად დაუკაკუნებდა მზარდი "ე, ე"-ს ძახილით, რომ საბჭოთა მოქალაქეების თვალწინ მსგავსი სურათების შეძენასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ეჭვს გაგიფანტავდა. სწრაფად გადაიხდიდი მანეთს ერთ შეკვრაში და თავს ისე დაიჭერდი, თითქოს, აბეზარი ბაბუასგან იძულებით შეგეძინოს შენთვის სრულიად საზიზღარი ნივთი, რომელსაც იქვე ფეხებშუა მოგდებულ ჩანთაში "უდიერად" ჩააგდებდი. "ერთი როდის ჩავიდე, რომ გადავაგდო," - ჩაიბურტყუნებდი სხვის გასაგონად და ავტობუსის ქალაქიდან გასვლას დაელოდებოდი, როცა უასფალტო ოღრო-ჩოღრო სივრცეში მოყანყალე სალონი მტვრით აივსებოდა და თანამგზავრებს შენ კი არა, საკუთარი თავიც ავიწყდებოდათ. მაშინ თავისუფლად ჩაყოფდი ხელს ჩანთაში, ამოიღებდი აკრძალულ ხილს და გემრიელად "ჩაკბიჩავდი". ამ პროცესის მონაწილე მერვე კლასიდან გახლავართ, როცა სოფელში სიარული დამოუკიდებლად დავიწყე. თუმცა, გარკვეული გამოცდილება მანამდეც მქონდა მიღებული ჩვენი ეზოს უფროსკლასელებისგან და უკვე თავისუფლად ვარჩევდი ერთმანეთისგან ფოტოგრაფიასა და გაფოტოებულ ნახატს.
მოგვიანებით, როცა ჩემმა კლასელმა ბიჭებმა შესაშური მარიფათი გამოიჩინეს, უცხოეთიდან ჩამოტანილი მრუშობის ნამდვილი ფერადი ჟურნალი იშოვეს და სკოლის ტუალეტში მოიტანეს, მივხვდი, რა საშინელებებს მათვალიერებიებდნენ ავტობუსებსა და მატარებლებში მომთაბარე ყრუ-მუნჯები. ტუალეტის ფანჯრის რაფასთან შეკრებილი კომკავშირელი "პლეიბოების" სამწუხაროდ, იმ გერმანული გამოცემის ხარისხში სკოლის უმკაცრესი სასწავლო ნაწილი ქალბატონი შურაც დარწმუნდა, როცა პირდაღებულებს თავზე დაგვადგა და ბაგეები აგვაწიწკნა. მერე მშობლების დაპატიმრებითაც დაგვემუქრა და სულ ცრემლებით გვატირა. მაშინ გადავრჩით, სკანდალი სკოლის ფარგლებს არ გასცდენია. ეს ჟურნალი სირცხვილით რაიკომს როგორ ვანახოო, უბრძანებია თავად ქალბატონ შურას, რომელიც მხოლოდ ჩვენი უდანაშაულო მშობლების გაწითლებით შემოიფარგლა.
მას შემდეგ იმ ჟურნალის ლამაზმანების ღიმილი და მასზე უსამოსოდ მიბმული მათი უსინდისო სხეულნი ჩემი ყმაწვილი გონებიდან ვეღარ მოვიშორე და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემი შინაგანი განწყობა იმ დროისათვის სრულიად თავხედურ ქმედებაში გამოიხატა. მაშინ, როცა მოულოდნელად გამჟღავნებული სასიყვარულო წერილისთვის მოწაფეებს მშობელ-მასწავლებელ-მოსწავლეთა საერთო კრებაზე სამაგალითოდ ასამართლებდნენ და არცხვენდნენ; სკოლის ძველ ბიჭებს კი ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც მილიციაში რუსის "ბარაბანივით" უბრახუნებდნენ, ჩემს თხელ ჩანთაზე მთელ სიგრძეზე დავხატე შიშველი ქალი. ეს იყო მოძმე სოციალისტური უნგრეთიდან ჩამოტანილი ჟურნალის შუა გვერდზე მოთავსებული ულამაზესი ბიკინიანი ქალის ფოტო, რომელიც ჩემი პაპკა-ჩანთის ზურგზე "კაპიროვკით" გადავიტანე, ლურჯი ბურთულიანი კალმით გავამუქე და ქვეშ ჩემთვის ყველაზე სექსუალური ფიზიკის მასწავლებლის ნათიას სახელი მივაწერე. იმ დღიდან ისეთ ახირებულ გუნებაზე ვიყავი, რომ იმ ჩანთის ტარების შიში კი არა, ზემოთხსენებული კაპიტალისტური ჟურნალის მსგავსი რამე კიდევ რომ მეშოვნა, მზად ვიყავი პირდაპირ გაკვეთილზე დამეთვალიერებინა. მაშინ, როცა გაკვეთილების უცოდინრობის გამო და უბრალო შენიშვნის მიღების დროსაც კი ყურებამდე ვწითლდებოდი, ეროტიკული ინტერესისთვის მზად ვიყავი თავი ურცხვობისთვის გამეწირა. ვსაუბრობდი ქალთა სიშიშვლეზე, ვკითხულობდი და ვუყურებდი მხოლოდ იმას, სადაც ეროტიკას და მის აღვირახსნილ ამხანაგს ვპოულობდი. "ანნა კარენინა"-საც კი ვერ წავიკითხავდი ისე, რომ მთავარი გმირის სილამაზე სრულიად მომაჯადოვებელი, კეკლუცობა ზედმიწევნით აღმგზნები, მისთვის მოსაწონი ყველა მამაკაცის დაპყრობის სურვილი კი წარმოსადგენად ზედმეტად სექსუალური არ ყოფილიყო. შემდეგ, როცა დაშლილ საბჭოთა სივრცეს სიბნელიდან გამოშვებული ნამწყვდევი ღორივით დაეტაკა ველური დემოკრატიის ტალღა და ქართულმა საკაბელო ტელევიზიებმა ათასნაირ ბეჭდურ გამოცემებთან ერთად აღვირახსნილობის რეკორდი დაამყარეს, ტაბუ ყველაფერზე მოიხსნა. საჭირო აღარ იყო ვიდეოების ჩუმად ყურება, საზღვარგარეთ მოსიარულეებთან სავაჭო ურთიერთობების დამყარება ფერადი ჟურნალების შესაძენად და შესაძლებელი გახდა ეროტიკის მთელი ძალ-ღონით ათვისება.
მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი, როგორც ქართველი კაცის საკეთებელი იყო ორი საქმე: წინაპრების ხსოვნა და გარყვნილ ქალთა პოვნა. მათ საძებნად კი ქართველ მამაკაცებს შორს წასვლა არ გვჭირდებოდა. მაშინ რუსეთი საბჭოთა კავშირის "მოგულავე" ქალთა ყველასათვის ხელმისაწვდომ ქვეყანას წარმოადგენდა და ჩვენგან მხოლოდ 37 მანეთიანი ბილეთით იყო დაშორებული. ცხადია, არც ისინი გვაკლებდნენ საზაფხულო სტუმრობით გამოწვეულ სიხარულს, მაგრამ მე მაინც საქმის იქ, ადგილზე წარმოება მხიბლავდა. საქართველოში ამ მხრივ გამოუსწორებელი უუნარო ვიყავი და ჩემს საპირისპირო სქესის თანამემამულეთა მიმართ ყოველთვის გადაულახავ მოწიწებას ვგრძნობდი. იმ დროს მართლაც სკოლის მერხზე გვიდებდნენ ძველ ქართველ ქალთა კულტს. თუმცა არც თანამედროვე გოგონების თვალებში მინახავს ფერად ჟურნალთა და რუსთა ბულვართა პერსონაჟების უტიფარი, გამომწვევი მზერა. ამიტომ ისრიან წრეში ჩასმულ მინუსისადმი ჩემს მზარდ მისწრაფებას საქართველოში ლაგამამოდებულს ვატარებდი. თუმცა, აზრი და გონება მხოლოდ ამით მქონდა დაკავებული.
ბოლოს სურვილისა და შესაძლებლობების მკვეთრი შეუთავსებლობის გამო ჩემს ჩალიჩა მეგობრებთან ერთად, თავი ამოვყავი რუსეთში, სადაც ყოველ საღამოს არყის მოყვარული გოგოების მასპინძლობის შემდეგ ერთი და იგივე კითხვა ისმოდა, - "ნუ, ქტო ს კემ სპიტ?". ცოტა ხნის შემდეგ სახლში დარეკვაც კი მეზარებოდა. აღარც ბავშვობისდროინდელი ტკბილი ამბები მახსენდებოდა და აღარც ბებიაჩემის სოფელი მენატრებოდა, სადაც ჩასვლა ყველაზე ძალიან მიყვარდა.
წელსქვედა მსოფლმხედველობის ტყვეობიდან აფხაზეთის ომმა გამომიყვანა, თუმცა დიდი გაჭირვებით. თავდაპირველად ხელი ჩავიქნიე, ომი ჩემი საქმე არ არის-თქო და ძველებური რუსული ცხოვრება გავაგრძელე, მაგრამ სულ მალე ვიგრძენი, რომ ჩემი ჩრდილოეთის "ტკბილი" ვაშლი იქაური ყინულივით გაცივდა და ნელ-ნელა დონ ჟუანის მუღამიც დამეკარგა. მას შემდეგ მოყოლებული ყოველი ვალიას, გალიას თუ ოლიას მწოლიარე ბარიერის გადალახვის შემდეგ, თითქოს, აღებული "სიმაღლეები" სულ უფრო და უფრო დაბლდებოდა, მთლიანად ქრებოდა და უკან მოხედვისას იმ ადგილას, სადაც ადრე მაღალ ჭიგოზე შემოსკუპებული თვითკმაყოფილება ნებივრობდა, დაღლილობით სავსე სიცარიელე მხვდებოდა.
ბოლოს თბილისში დავრეკე და რამდენიმე წლის უნახავ მეგობრებს ვესაუბრე. გავიგე, რომ სოხუმში წასვლას აპირებდნენ. ჩამოვედი და წავყევი. გამგზავრებამდე ტაძარში მიმიყვანეს, მოძღვართან მალაპარაკეს, აღსარება მათქმევინეს და ომში ნაზიარები წამიყვანეს. იქ პირველად ვნახე წიგნი ყდაზე ჯვრით და როცა ფეხში დაჭრილი დავბრუნდი, სახარება შევიძინე და წავიკითხე. ჩემი წარსულიდან გამომდინარე ყველაზე დიდი საფიქრალი ერთმა მუხლმა გამიჩინა, რომლის შინაარსითაც: ზოგი საჭურისად იბადება, ზოგს კაცნი ასაჭურისებენ, ზოგი კი საკუთარ თავს სასუფევლის გულისთვის თავად ისაჭურისებს.
დავიწყე თავდასაჭურისება. პირველ რიგში გავანადგურე საგულდაგულოდ შენახული ყველა ფერადი ჟურნალი, ვიდეოკასეტა და ეროტიკული ლიტერატურა. ტელევიზორი თავის სატელიტური ანტენიანა და ვიდეომაგნიტოფონი ერთ სოფლელ ნათესავს ვაჩუქე. თავი დავანებე კამპანიებში სიარულს, გართობას, თრობას, სიგარეტს, ქალების თვალიერებას. მუშაობა დავიწყე ერთ საშუალო გაზეთში. ვწერდი უწყინარ თემაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. თავიდან, სანამ ამ ყოფასთან შეგუება მიჭირდა, ყველაფერი რიგზე იყო. მერე, როცა შევეჩვიე და ვიფიქრე, მოვისვენე-თქო, ყველაფერი თავიდან დაიწყო. ჩემს გონებას ისევ ეროტიკული ინტერესი აკითხავდა და თანდათან ეუფლებოდა, გული კი ძველი ცხოვრებისკენ მიწევდა. საღამოობით სამსახურიდან დაბრუნებული ვნანობდი, რომ აპარატურა გავაჩუქე. ხელებს ვაფათურებდი იმ თაროებზე, სადაც გადაყრილ ლიტერატურას ვინახავდი. ვრეკავდი რუსეთში დარჩენილ ნაცნობებთან. ჩაძინება მიჭირდა, სიზმრებში კი გაკოშმარებულ ძველ ამბებს ვნახულობდი. დილით არა მიშავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ საღამოს იგივე მდგომარეობა მელოდა და საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ არც იქით ვიყავი, არც აქეთ.
ერთხელ, ჩემი სამუშაო თემიდან გამომდინარე, ერთი ცნობილი ქირურგის კაბინეტში ამოვყავი თავი, სადაც სასწრაფო შემთხვევას შევესწარი. უცებ მოიყვანეს მოზარდი, რომლისთვისაც თანატოლს წიხლი ისე ამოერტყა, რომ სათესლე ჯირყვალი სერიოზულად დაეზიანებია. გადაწყდა გადაუდებელი ოპერაცია, რომელზეც ჩემი თხოვნით დამასწრეს. ერთი ჯირყვალი ამოჭრეს.
მას შემდეგ მოსვენება დავკარგე, თითქოს ძველ ცხოვრებას რაღაც აზარტულს ვეთამაშებოდი, ხელში კი უმაღლესი კოზირი მეჭირა, რომლის გამოყენება აუცილებელ გამარჯვებას მომიტანდა. ბევრი ყოყმანის მერე ერთი გადავწყვეტილება მივიღე და ჩემს ნაცნობ ქირურგს მივაკითხე. გადასარევად შემხვდა. კაბინეტში კი ხატები ეკიდა” რამაც გამბედაობა შემმატა. თბილი მოკითხვის შემდეგ საქმეზე გადავედი.
- ბატონო, ნოდარ! ერთი სათხოვარი მაქვს. მინდა, თქვენთან ოპერაცია გავიკეთო.
- რა ოპერაცია?
- მინდა, სათესლე ჯირკვლები მოვიკვეთო.
- რაა? რატომ? რამე სარიოზულია? რა გაწუხებს?
- ფიზიკურად არაფერი, სულიერი განწყობა მაქვს ისეთი, რომ ... უნდა მოვიკვეთო.
- მოდი, გასაგებად მომიყევი ყველაფერი, - მითხრა ქირურგმა და უაღრესი ყურადღებით მომისმინა.
მოვუყევი ყველაფერი, თან ვუთხარი, რომ ეროტიკისადმი ინტერესი ისევ მითრევდა და თუ ეს მოხდა, ჩემგან არაფერი დარჩებოდა. დავივიწყებდი საყვარელ ადამიანებს, დავკარგავდი საკუთარ ადამიანობას, არ დამაინტერესებდა ქვეყნის ბედი და დროთა განმავლობაში ერთ დიდ ფალოსად გადავიქცეოდი, რისი არავითარი სურვილი არ მქონდა.
- კი, მაგრამ, - მითხრა ქირურგმა, - სათესლე ჯირყვლების მოკვეთამ არა მგონია, ეგ პრობლემა მოგიგვაროს. აქ სხვა საშველი უნდა გამოინახოს.
- ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ მივხვდი, სად უნდა გავექცე ეროტიკისადმი ამგვარ მონურ მიდრეკილებას.
- ცოლი შეირთე.
- ეგ ვერ მიშველის, ხანდახან დღეში ორი ქალი მყავდა, მაგრამ აღვირახსნილი ფილმების ყურებას და ლიტერატურის კითხვას თავს მაინც ვერ ვანებებდი. ბოლოს ისე მომყირჭდა ეს გარყვნილება, გული მერეოდა, მაგრამ მისი ინტერესი მაინც არ მტოვებდა. მინდა მოვიცილო, ერთხელ და სამუდამოდ.
- შენ გესმის, რომ მე არ შემიძლია ფიზიკურად ჯანმრთელი ორგანოების ამოკვეთა. მითუმეტეს, როცა არ მგონია, ამან პაციენტის მდგომარეობა შეამსუბუქოს. იცი, რომ მაგ ოპერაციას შენთვის არასასურველი ვიზუალური ცვლილებელი მოჰყვება? ყველა მიხვდება, რაშიცაა საქმე. ამაზე გიფიქრია?
- ვიცი და მეც სწორედ ეგ მინდა. რამდენადაც ქალებს გაუქრებათ ჩემდამი სექსუალური ინტერესი, იმდენად მეც მათდამი. ეს მათავარია. მერე ნელ-ნელა ამ მიდრეკილებასაც მოვიცილებ.
- ოჯახი არ გინდა?
- ამ ჩვევით ოჯახს ვერ შევინარჩუნებ, ძალაუნებურად ფეხებზე დავიკიდებ და... მერე უარესი არ იქნება?
- მაინც არა მგონია, ეგ იყოს გამოსავალი.
- კარგი, მაშინ ვინმე სხვას მოვნახავ. უმუშევარი ქირურგების მეტი რა არის, ფული ყველას უნდა, - ვთქვი და წამოვდექი.
- მოიცა, არ წახვიდე, თუ კაცი ხარ, თავი არ დაიღუპო. მოდი ასე მოვილაპარაკოთ. ორი-სამი თვე დაიცადე და თუ აზრი არ შეგეცვლება, გაგიკეთებ მაგ ოპერაციას, - ხელი გამომიწოდა ნოდარი ექიმმა.
ჩემდა გასაკვირად ის ორი თვე შედარებით მშვიდად ვიყავი. იმაზე ფიქრიც კი მშველიდა, რომ მალე ოპერაციას გავიკეთებდი და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ორი თვის შემდეგ ქირურგს მივაკითხე და ოპერაციის დღეც დაინიშნა.
დათქმული დღისთვის მომამზადეს და საოპერაციოში შემიყვანეს. ვუყურებდი უკან მიმავალ თეთრად მოციმციმე გრძელ ნათურებს და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, რამდენად სწრაფად გავთავისუფლდებოდი ჩემთვის არასასურველი დამოკიდებულებისაგან. ჟანგბადი მასუნთქეს და გამთიშეს.
გამოფხიზლებულს გამიკვირდა, რომ არც თავი მტკიოდა და არც სხვა რამ დისკომფორტს განვიცდიდი. მერე იქვე მდგომ ნოდარი ექიმს რამდენიმე კითხვაზე ვუპასუხე და ვუთხარი, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ორი საათის შემდეგ წვეთოვანი მომხსნეს და ერთი წუთით მარტო დამტოვეს. მაშინვე ჩავაცურე ხელი ქვემოთ, ბინტის დიდ გორგალს წავაწყდი და თვალები კმაყოფილებით მივლულე. ცოტა ხანში ექთანი ისევ შემოვიდა და საღამომდე, სანამ ძილის ნებას დამრთავდნენ, არ მომცილებია. იმ დღეს თავში გაურკვეველი, ბუნდოვანი აზრები მივლიდა. საღამოს ღრმად ჩამეძინა. მეორე დილას დასვენებულმა გამოვიღვიძე, გავიზმორე და ღრმად ჩავისუნთქე. მერე მთელი გონება მოვიკრიბე, რათა ძველი გარყვნილი ცხოვრება, ნანახი, გაგონილი და განცდილი უხამსობა გამეხსენებია და ჩვეული ეროტიული ინტერესი გამეღვივებინა, რათა გამეგო, რამდენად მოვწყდი მისგან დამოკიდებულებას. ჩემდა გასაკვირად და გასახარად, თითქოს, ვიღაცას ჩემი წარსული დიდი საშლელით წაეშალა და ძველ ფურცლებზე მხოლოდ გაურკვეველი ფერის გადღაბნილი ლაქები დაეტოვებინა. სიხარულმა თავიდან ფეხებამდე დამიარა. ამასობაში ნოდარი ექიმიც შემოვიდა და მომიკითხა.
- აბა, როგორ ვგრძნობთ თავს განსაკუთრებული პციენტები? - ღიმილით მომიახლოვდა ექიმი.
- უკეთესს ვერც ვინატრებდი, ძალიან დიდი მადლობა, - მადლიერების მხურვალე გრძნობით მივუგე ექიმს.
- მართლა? მაინც რა უკეთესობას გრძნობ? - ყური მომიშვირა ქირურგმა.
- არაფერი მტკივა და, რაც მთავარია, აღარც ავადსახსენებელი აზრები მაწუხებენ, - დავუდასტურე ჩემი განწყობა ექიმს.
- ეს ძალიან კარგია, ძალიან ... კაარგი. აბა, ერთი წამოდექი, - გამომცდელი ტონით მომმართა ექიმმა.
- მეე? შეიძლება? - ერთად მომეძალა გაოცება და სიხარული.
- შეიძლება, შეიძლება, ადექი, - არხეინად მიპასუხა ექიმმა და მეც წარმოუდგენლად მსუბუქად ავდექი.
- ვაა! ჭრილობაც კი არ მტკენია მოძრაობის შემდეგ. მართლაც ჯადოქარი ბრძანდებით, ნოდარი ექიმო, - გავუღიმე გახარებულმა.
- ჯადოქარი კი არა ... ერთი, ეგ ბინტი მოიხსენი, - ხელი მომიშვირა ექიმმა ნახვევისკენ და ზურგი შემაქცია.
- უკვე მოვიხსნა? მე თვითონ? სისხლი, რამე, არ წამოვა? - ალალად გავიკვირვე, ტკივილისთვის მოვემზადე და ლეიკოპლასტირის მოხსნა დავიწყე. თან ექიმისკენ ვაპარებდი მზერას, ვაითუ რაღაც მომენტში შემაჩეროს-თქო.
- მოიხსენი, მოიხსენი, ოღონდ ფრთხილად, - შემიძახა ექიმმა ბოლოს და თვალებშიÕ მომაშტერდა.
როგორც იქნა ბინტის გორგალი მოვიხსენი და მოულოდნელობისგან გავშეშდი. რამდენიმე წამი თავდახრილი, თვალებგაშტერებული და ხელებგაშლილი ვიდექი. ბოლოს სიჩუმე ისევ ექიმმა დაარღვია.
- ეგრე არ დარჩე, ბიჭო? - მითხრა და გულიანად ახარხარდა.
- ეს რა არის, ბატონო ნოდარ?! - აღმომხდა ჩურჩულით და ფეხებშუა ხელი ავიფარე. არაფერი მეჩვენებოდა, ყველაფერი მართლაც თავის ადგილზე იყო.
- რა არის შვილო და, შენი სათესლე ჯირყვლებია, შენი ჯანმრთელი და საღსალამათი ყვერები. გაიგე! - ღიმილით მომიახლოვდა ნოდარი ექიმი და სათვალე მოიხსნა.
- მერე, ოპერაცია? - დაბნეულმა ისევ ანგარიშმიუცემლად ვკითხე.
- შენ რაც გინდოდა, შვილო, მაგის ოპერაცია, აი, აქ უნდა მოხდეს და, აი, აქ. ეგ კიბო, აი, აქედან და აქედან უნდა მოიკვეთოს, - შუბლზე და მკერდზე რიგრიგობით მიიდო საჩვენებელი თითი ექიმმა, მერე ხელი მომხვია, მაკოცა და მოაყოლა, - და ეს შენ გამოგივიდა. ძალიან მაგარი ხარ! ძალიან მიხარია!
მერე ჯერ კიდევ გაშტერებულს შემომხედა, ტაში შემოჰკრა და ღიმილით მითხრა, ახლა ჩაიცვი, ბიჭო, ვინმე არ შემოვიდეს. მართლაც ძლივს მოვასწარი ჩაცმა, პალატაში მისი თანაშემწე, უმცროსი ექიმი შემოვიდა და თავისი ტკბილი ხმით მომიკითხა.
- ხო მაგარი გოგოა, - თვალი ჩამიკრა ნოდარი ექიმმა მისი გასვლის შემდეგ და სხვათაშორის დაამატა, - ხო იცი, აქ ყველას ჰგონია, რომ შენ უმნიშვნელო ტრავმა გქონდა.
- კი, ძალიან ლამაზი გოგოა, - ვერ გავექეცი სინამდვილეს.
- მერე, თქვი ძმაო და დანარჩენი ჩემზე იყოს. კაცი არ ვიყო, თუ პირდაპირ ტაძარში არ მოგიყვანო, - საჩვენებელი თითი ასწია ექიმმა.
- შეიძლება მაგაზეც ვიფიქრო ერთი ორი თვე? - ვკითხე ღიმილით.
- კი, ბატონო, შენი ნებაა, - ხელები ასწია ექიმმა და გამომაცილა.
საღამოს დავურეკე და ვკითხე, - ბატონო ნოდარ, რამე რო იყოს, ბიჭს მომინათლავ-თქო?
- აბბა, რააა! - მოისმა ყურმილში.