RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

უფასო ყველი ხაფანგისთვის ანუ, რა ყოფილა ეს დემოკრატია?!

უპრეცენდენტო! მხოლოდ ეს სიტყვა მომდის გონებაში, როდესაც დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას განვიხილავ.

24 საათი 09.05.10

უპრეცენდენტო! მხოლოდ ეს სიტყვა მომდის გონებაში, როდესაც დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას განვიხილავ.

არ არსებობს ისტორიაში ჩვენი სამშობლოსთვის მსგავსი, გამოსადეგი ანალოგი. პირველი ქვეყანა ვართ, რომელიც ერთდროულად, შეძლებისდაგვარად, თანაბარი ტემპებით ასრულებს ორ ურთულეს ამოცანას - აშენებს სახელმწიფოს და ატარებს დემოკრატიულ რეფორმებს. ისტორიული პარალელების არარსებობა ხაზს უსვამს საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულობას და მის ისტორიულ პასუხისმგებლობას. ჩვენ გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. სხვა ქვეყნების მხრიდან შესაძლებელია მხოლოდ დახმარება ან ხელის შეშლა. არც ერთი გვაკლია და არც მეორე. უფრო მარტივად, ამ პროცესს შევადარებდი გუთანში შებმულ ორ ხარს, ერთია "სახელმწიფო", მეორე - "დემოკრატია". გუთანი კი ხნავს "ეკონომიკის" ყამირ მიწას. ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ ხარებმა თანაბარი ტემპით უნდა იმოძრაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ერთი დაშავდება, ან მეორე, შედეგად კი, საუკეთესო შემთხვევაში გუთანი გაჩერდება, უარესში კი გადაბრუნდება. ეკონომიკისთვის გაჩერება "გუთნის გადაბრუნების" ტოლფასია. აქედან გამომდინარე, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება საქართველოსთვის გამოსადეგია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეიძლება შეესაბამებოდეს ქართულ რეალობას. მაგალითად, სრულიად ვერ იმუშავებს არგუმენტი, რომელსაც ხშირად იყენებენ: "აი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებულია... ასე და ისე", არ არსებობს ანალოგიები. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ამ ანალოგიებს. ეს ერის შინაგანი გადახალისების, გადაწყობის და გადაფასების პროცესებია. ამ საქმეში, როგორც ცალკე ადამიანს ვერავინ დაეხმარება, გარდა მორალური თანადგომისა და მატერიალური დახმარებისა, ასევე სხვა ერების გამოცდილება მხოლოდ ნაწილობრივ თუ გამოდგება. თან ეს ყველაფერი მიმდინარეობს კონკრეტული, დაუფარავი მტრობის ფონზე.

მგონი ვთანხმდებით, რომ საქართველოზე გადის ორი სისტემის წყალგამყოფი. ვიზუალურად განსხვავება ამ ორ სისტემას შორის კარგად ჩანს. გასაგებია, რომ "მერსედესი" ან "ფორდი" სჯობია "ჟიგულს", მაგრამ რამდენად არის გასაგები, რატომ გამოსდის დასავლეთში მცხოვრებ სპეციალისტს კარგი ავტომობილის აწყობა და რუსს არა. წესით და რიგით ადამიანი ყველგან ადამიანია, მაგრამ გარდა უამრავი მენტალური, ეროვნული და ა.შ განსხვავებებისა, არის აგრეთვე განსხვავება იმ გარემოებებისა, რომელშიც ადამიანი იზრდება, ყალიბდება და საქმიანობს. მარტივად რომ ვთქვა, ყველას გვაერთიანებს ერთი თვისება - ადამიანს ესაჭიროება კვება; სასურველია დღეში მინიმუმ სამჯერ; თან კარგია, თუ ეს საჭმელი გემრიელი იქნება. მოპოვება "პურისა ჩვენისა არსობისა" არის ადამიანის მთავარი ინსტინქტი. აქედან იწყება ყველაფერი - აზროვნება, მსოფლმხედველობა, ფილოსოფია და თავად პოლიტიკა. ეკონომიკა შეადგენს არსებობის ძირითად ფაქტორს. ცივილიზებული ქვეყნების ეკონომიკური წინსვლა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამაზე კამათიც არ ღირს, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ახერხებენ? რაშია ცივილიზებული ეკონომიკის წარმატების ძირითადი მიზეზები?

სახელმწიფოს მშენებლობა და დემოკრატიის დამყარება ემსახურება ეკონომიკის აღორძინებას. მაგრამ სწორედ ეკონომიკის პრინციპების კარდინალური ცვლილებები წარმოადგენს პოლიტიკური დაპირისპირების ძირითად მიზეზს.

საბჭოური ეკონომიკა, როგორც ცნობილია, დაფუძნებული იყო უფასო განათლებაზე, მედიცინაზე და აუცილებელ დასაქმებაზე, ხაზგასმით ვამბობ - აუცილებელ დასაქმებაზე. თავად ცნება "უფასო" კარგად ხვდება ყურს. ერთი შეხედვით კარგი რამეა, როდესაც უფასოდ გასწავლიან, გმკურნალობენ, მაგრამ, ამავე დროს "გაიძულებენ" მუშაობას. შედეგად "იძულებით" ექიმი, ვეტერინარი, მეხანძრე თუ გამყიდველი "იძულებით" გემსახურება და ვინაიდან ქვეყანაში ფული მაინც არსებობს, აუცილებლად მოიქცევა და იქცეოდა კიდეც ისე, რომ ფულადი კომპენსაცია, თუ სახელმწიფოსგან არა, შენგან მაინც მიეღო. მასაც ოჯახი ჰყავს და ასეთ პირობებში, მაგალითად ავტომობილის ფულს, მხოლოდ 10 წლის შემდეგ თუ დააგროვებდა. ამავე დროს, მექრთამოების გამო ციხეში რომ არ მომხვდაროყო, "ზემოთ" პატრონი სჭირდებოდა. ამიტომაც ვუწოდებ ამ სისტემას ფეოდალურს, სადაც მოქმედებდა ჩვეულებრივი პირამიდალური სტრუქტურა. დღევანდელ რუსეთში ამას "ძალაუფლების ვერტიკალი" ჰქვია. ეს ვერტიკალი ადამიანს იგივე ჭანჭიკის ფუნქციას უტოვებს, თანაც ნებისმიერ დონეზე. ფაბრიკები და ქარხნები უფრო სოციალურ დატვირთვას ემსახურებოდა, ვიდრე პროდუქტის შექმნას, ანუ წარმოება წარმოებისთვის. ბავშვობაში კარგად მახსოვს, როგორ აკრიტიკებდნენ ისნის ფეხსაცმელების ფაბრიკის დირექტორს, თავისი გამოშვებული ფეხსაცმლის მაგივრად იტალიური აცვიაო. სამაგიეროდ ყველა "დასაქმებული" იყო. ამ ფონზე არ შეიძლება არ წარმოქმნილიყო "ცეხავიკური ეკონომიკა". ადამიანს სიმდიდრის და კერძო საკუთრების ბუნებრივი მოთხოვნილება გააჩნია. "ცეხავიკები", ჩემი აზრით, წარმოადგენდნენ იატაკქვეშა ბურჟუაზიას, რომელიც უდავოდ იბრძოდა "ლეგალიზაციისთვის". ბატონმა შევარდნაძემ, როდესაც მეორედ მოევლინა საქართველოს, განაცხადა კიდეც: ახლა ისინი მჭირდება, ვისაც ადრე ვიჭერდიო. ეს "ცეხავიკური" ეკონომიკა იქცა შევარდნაძისეული საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლად. ფეოდალობისგან ასეთი ეკონომიკა მცირე რამით თუ განსხვავდება. აქაც მოქმედებდა "ვერტიკალი", პირამიდა, რომლის სათავეში დე-ფაქტო "მონარქი" და დე-იურე პრეზიდენტი იდგა. ისე, პოლიტიკურ კლიპში შევარდნაძის სიტყვების გამოყენება "გენიალური" მოფიქრებაა: "დაყაჭეთო მილიონები". ეს ღიმილისმომგვრელი პოლიტიკური პასაჟი ადასტურებს, რასაც ვამბობ. მეწარმე დამოკიდებული იყო "ზემო" პატრონის ნებაზე, აქ, როგორც წესი ჩართული იყვნენ თანამდებობის პირები და დეპუტატები, ბიზნესსაქმიანობისთვის იქმნებოდა სათანადო "იურიდიული" გარემო, რომელიც მაქსიმალურ მოგებას უზრუნველყოფდა. "ჩემოდნებით" ან "კეისებით" ხდებოდა "მადლობის" გადახდა. "პატრონები" ანაწილებდნენ გავლენის სფეროებს და სათანადოდ აკონტროლებდნენ შემოსავლის წყაროებს. ამიტომაც ფული, ბიუჯეტის მაგივრად, ჩადიოდა ჯიბეში. მოდი და დაიჯერე ახლა არავის დონორი არ ვყოფილვარო. თანამედროვე რუსეთში არსობრივად ასეთივე სისტემა მოქმედებს დღემდე, მაგრამ ოდნავ სახეშეცვლილი. დღევანდელი რუსული ბიზნესი ოლოგარქიულ-კაპიტალისტურია, მაგრამ თავისი არსით - ფეოდალური. იქაური "ოლოგარქები" ჩვეულებრივი "პრიკაზჩიკები" არიან, რომლებმაც უბრალოდ ერთგულების პრინციპით მოიპოვეს გარკვეული სფეროების მართვის უფლება. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, მხოლოდ ასეთი ფეოდალური ეკონომიკური ბაზისი აძლევს რუსეთს ტერიტორიების კონტროლის საშუალებას. იდეოლოგიურად რუსული იმპერია სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული მის მიერ კონტროლორებად ტერიტორიებზე ამავე ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებაში ან გავრცელებაში. ამის შედეგად პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება საგრძნობლად იოლი ხდება. სიმარტივისთვის ამ სისტემას "ფეოდალური" დავარქვათ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი ახსნაა და პროცესები უფრო რთულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, არსით ეს სისტემა ინარჩუნებს ფეოდალურ ფსიქოლოგიას.

ამ ყოველივეს ახსნა იმიტომ დამჭირდა, რომ გასაგები გახდეს, რაოდენ პრინციპულია განსხვავება ამ ფეოდალურ-ვერტიკალურ სისტემასა და დემოკრატიულ სისტემას შორის. ფეოდალური სისტემა გამორიცხავს ადამიანის პატიოსნად გამდიდრების საშუალებას. "ფეოდალი" უბრალო თანამშრომელს არასოდეს გადაუხდის მაღალ ანაზღაურებას. სამაგიეროდ შესთავაზებს დაბალ ტარიფებს, უფასო მომსახურებას და ა.შ. მაგალითად: პოლიტიკური მითი: "წყალს მიაქვს საქართველო და რატომ არის ასეთი ძვირი?", ჩემი აზრით, ყველაზე ნათლად ასახავს ეკონომიკაზე ორ სხვადასხვა და რაც მთავარია შეუთავსებელ შეხედულებას. მაშ ასე, რას ემსახურება ეს არგუმენტი? რომელ წარმოებას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი? ლიმონათის და ლუდის ჩამოსხმას. რომელი კომპანია იყო ყველაზე წარმატებული შევარდნაძის დროს? თოფაძის "ყაზბეგი". ვის გაუჩნდა სერიოზული კონკურენტი "ნატახტარის" სახით? ვის უჯდება წყალი ძვირად, ვინაიდან მისი წარმოება განლაგებული არის წყლისგან მოშორებით? ვის აწყობს, რომ წყალი იყოს უფასო? პასუხი მგონი აშკარაა. დღეს ბატონი თოფაძე იბრძვის პოლიტიკაში დამკვიდრებისთვის. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ის, როგორც მეწარმე, ძალიან არაკომფორტულად გრძნობს თავს ახალ ბიზნესგარემოებაში, რომელშიც მას არ აქვს საშუალება "პოლიტიკური" გავლენა მოახდინოს, საკუთარი ბიზნესის საკეთილდღეო გარემოების შესაქმნელად. პრობლემას მარტო თოფაძე არ წარმოადგენს. ეს ზოგადი პრობლემაა და თოფაძე ერთ-ერთი მაგალითია. ასეთ ბიზნესს ურჩევნია, იბრძოლოს სისტემის, ანუ როგორც უწოდებენ "რეჟიმის" შესაცვლელად, იმის მაგივრად, რომ შეცვალოს საკუთარი ბიზნესის ორგანიზების და მართვის პრინციპები და რაც მთავარია, ახალი თამაშის წესებს დაემორჩილოს. ამაზე ვიცი, რასაც მიპასუხებენ: დღესაც ასე არ არისო? დღევანდელი ხელისუფლებაც ასევე ატერორებს ბიზნესსო და ა. შ. მოდით ჯერ გავარკვიოთ, რა არის ბიზნესი?

ინგლისურიდან ბიზნესი ნიშნავს საქმეს. ბიზნესს რას არ უწოდებენ, ხელოვნებას, მეცნიერებას. ჩემი აზრით ბიზნესი ყველაფერი ერთადაა, ის არის თავად ცხოვრება. დასავლური ბიზნესის მეთოდები, პრინციპები და კანონები ყალიბდება საუკუნეების განმავლობაში და მიაღწია საკმაოდ მარტივ ფორმულამდე: ყველაზე მომგებიანია თავისუფალი და პასუხისმგებელი ადამიანის პატიოსანი შრომა, რასაც სჭირდება პატიოსანი პარტნიორობა, პატიოსანი ურთიერთობა და პატიოსანი დაფასება. ადამიანები ბიზნესის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით იყოფიან ორ ტიპად: სპეციალისტები და გენერალისტები. სპეციალისტი არის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ყველა ფლობს რამე სპეციალობას. გენერალისტები პროცენტულად საგრძნობლად მცირერიცხოვანია, მაგრამ სწორედ გენერალისტები ქმნიან სპეციალისტებისთვის სამუშაო გარემოს, მათ შორის - სამუშაო ადგილებსაც. გენერალისტები არიან მენეჯერები, პროდუსერები, ანტრეპრენიორები, ადმინისტრატორები და ა.შ. ეს ცალკე სპეციალობაა, რომელსაც ისეთივე სწავლა სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვას, მაგრამ ეს, ასევე, თანდაყოლილი ნიჭია, ისეთივე, როგორც მუსიკალური და ბევრი სხვა. ამიტომ ამ ნიჭსაც სჭირდება აღმოჩენა. ეს თვისება განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო საბჭოურ სივრცეში. ადმინისტრაციული და ორგანიზატორული ნიჭის ადამიანებს სისტემა აუცილებლად აკონტროლებდა და სათანადო "იდეოლოგიური" დატვირთვით იყენებდა. ამ ფუნქციებს, როგორც წესი, პარტიული მუშაკები ასრულებდნენ. ამავე დროს, სისტემის გარეთ ინიციატივის გამოჩენის სურვილი რომ არ ყოფილიყო, იდეოლოგიურად მათ ირგვლივ იქმნებოდა "არამკითხე მოამბეების" (ვისკოჩკა) მითი. "შენ რა, თავის გამოჩენა გინდა ბიჭო?" ჰოდა ასეთი ადამიანი რეალიზდებოდა ან პარტიულ სტრუქტურებში ან "ცეხავიკობაში", სადაც უკვე "კანონიერი ქურდების" კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. თავად "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი კი სათანადო ორგანოების კონტროლს ექვემდებარებოდა. ასე იკვრებოდა ფეოდალური "მანკიერი წრე", რომელშიც ყველა ყველაზე იყო გადაბმული. მათი ერთიანობა, გარდა მატერიალური ინტერესებისა, განისაზღვრებოდა გარკვეული ფეოდალური იდეოლოგიით. ამ წრეში იყო ჩათრეული ყველა ასე თუ ისე მოაზროვნე ადამიანი, ე.წ. ინტელიგენცია, რომელიც ასრულებდა "არისტოკრატიის" ფუნქციას. თან, თავში ძალიან რომ არ "ავარდნოდათ", პერიოდულად უწყობდნენ წმენდას და აუცილებლად აუგად მოიხსენიებდნენ. სისტემის ფსიქოლოგიაში არავითარი ადგილი არ იყო არც თავისუფლებისთვის და არც ადამიანის ღირსებისთვის. ყველა "იპარავდა". რა თქმა უნდა, იყვნენ გამონაკლისი პიროვნებები, რაც თავის მხრივ ადასტურებს სისტემის არსებობას. როდესაც კერძო საკუთრების უფლების ლეგალიზება მოხდა, ფსიქოლოგიაში დიდი არაფერი შეცვლილა. კონკურენციის გამოჩენამ "მტაცებლობას" მიჩვეული ადამიანი უფრო გააღიზიანა. დაიწყო კონკურენტების ფიზიკური განადგურება, მაგრამ ძალიან მალე, გასაგები გახდა, რომ ბიზნესის კონტროლი სჯობია. ამის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა რეკეტი, ქურდული დაშინება, "კრიშაობა" და ა. შ. ეს, ისევ "ფეოდალური" ფსიქოლოგიის გამოვლინებაა. ვარდების რევოლუციის ძირითადი მიზეზი, ჩემი აზრით, სახელმწიფოს სრული ეკონომიკური გაბანკროტება გახდა. ფეოდალი არც კი იფიქრებს ბიუჯეტში გადასახადის შეტანას, მისთვის უფროსი ისეთივე ფეოდალია და ურჩევნია "ლიჩნად" მიუტანოს "კეისი". აქ მისი ფეოდალური ეგო გამოდის წინა პლანზე. ისიც "მეფის" ტოლია!!! ასეთი რჩეულების რაოდენობა მაინც შეზღუდული იყო, მაგრამ ფსიქოლოგია ვრცელდებოდა მთელ ქვეყანაზე. ყველა, დიდი თუ პატარა, ცდილობდა როგორმე დაეფიქსირებინა საკუთარი გამორჩეულობა, უპირატესობა სხვების მიმართ და რაც უფრო "პატარა" იყო ადამიანი, უფრო მეტი ტყუილი ისმოდა მისგან, მაგალითად: "ჩემი ბიძა თანამდებობაზეა", "ჩემს ძმას იმდენი ფული აქვს", "მეც მაგრად ვჩალიჩობ" და ამ ყველაფრის შემდეგ, სიგარეტს აუცილებლად ითხოვდა. ამავე დროს ყველას ახასიათებდა ერთი საერთო თვისება ნებისმიერ დონეზე - წუწუნი. წუწუნებდა მონარქი, წუწუნებდნენ მისი ვასალი ფეოდალები, წუწუნებდა ხალხი. წუწუნი ქვეცნობიერად თავის შეცოდების მცდელობაა. ამ შემთხვევაში კი ამას დავარქმევდი "კეთილი პატრონის" ძიების სურვილს. ადამიანები, რომლებიც შინაგანად გრძნობდნენ საკუთარ უსუსურობას, ცდილობდნენ გარედან შემოეტანათ შეცოდება, თუ გნებავთ თანაგრძნობა რაღაცით მაინც, რომ ეპოვათ შინაგანი დასაყრდენი. ცოდვაა ასეთი ადამიანი, მას საკუთარ თავთან დარჩენის ეშინია. არ იცის, რა უყოს მასში შელახულ და განადგურებულ ღირსებას. შოთამ გვითხრა: ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვითკირსაო. ჩემი აზრით, ადამიანის ღირსება დაბადებიდანვე ყველა ადამიანს ერთი და იგივე ზომის აქვს. ძალიან ხშირად წარმატებულ, განათლებულ და ინტელექტუალურ ადამიანებს ექმნებათ ილუზია, რომ მათი ღირსება ზომით უფრო მეტია, ვიდრე ნაკლებად წარმატებული ადამიანებისა. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა და ასეთი აზროვნება დაუსჯელი ვერ დარჩება. პატრიარქის ერთ-ერთ ეპისტოლეში წავიკითხე, რომ ადამიანის ღირსება არის თავად ღმერთი ადამიანში. ეს დამღუპველი ფეოდალური ფსიქოლოგია ასე იოლად ვერ მარცხდება. რევოლუციის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ბატონობა მოისპო, მაგრამ პატრონობის მოთხოვნილება დარჩა. უბრალო ადამიანები უფრო იოლად შეეგუენ ახალ დროებას, მაგრამ დამარცხებული ფეოდალები ასე იოლად არ თმობენ ძალაუფლებას. რა გამოსავალი დარჩათ? რევოლუციამ ძირფესვიანად შეცვალა არამარტო სახელმწიფო სტრუქტურა, არამედ თავად ეკონომიკის ორგანიზაციის პრინციპები. დემოკრატიული ბიზნესგარემო ითხოვს სწორედაც რომ კარდინალურად საწინააღმდეგო პიროვნულ თვისებებს. აქ საჭიროა ინდივიდუალური, დამოუკიდებელი პიროვნულობა. სწორედ ახლა სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი, განათლებული და თანამედროვე ბიზნესხელოვნებაში გაწაფული გენერალისტები. დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა პირდაპირ არის დამოკიდებული თავისუფალ ბიზნესსზე და კერძო საკუთრებაზე. მაგრამ საიდან? ფეოდალურ ფსიქოლოგიაში გაზრდილი ადამიანი ძალიან მალე ხვდება, რომ უფლებები გააჩნია, მაგრამ პასუხისმგებლობის ზურგზე აკიდებას არ ჩქარობს. ასევე უცხო ხილია ახალი ეკონომიკური ურთიერთობები. მოიშალა მისთვის ჩვეული კონტაქტები. აღმოჩნდა, რომ საგადასახადოს ინსპექტორს ვერ "მოელაპარაკები". აღარ იცის, როგორ უნდა აწარმოოს ბიზნესი ასეთ პირობებში. ერთია ცნობილი: იაფად იყიდოს და ძვირად გაყიდოს. მაგრამ რამდენად ძვირად? რას ნიშნავს კონკურენციის პირობებში მუშაობა, როგორ უნდა შეამციროს ხარჯები? ამას იგივე ფსიქოლოგიიდან გამომდინარე აკეთებს ისევ თანამშრომლების ხელფასის ხარჯზე. უხდის საწყალ ოფიციანტს რაღაც 100 ლარს და ეს ოფიციანტიც ამ ანაზღაურების შესაბამისად ემსახურება კლიენტს, რა თქმა უნდა, თუ ამას მომსახურებას დავარქმევთ. ძალიან ლამაზ მაღაზიებშიც რომ შევდივარ და ვხედავ გულზე ხელებდაკრეფილ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მომსახურე პერსონალს, გასაგები ხდება, რაშია საქმე. ჟესტების ენაზე, გულზე ხელების დაწყობა ნიშნავს ჩაკეტილობას. ამ შემთხვევაში კი ქვეცნობიერად გამყიდველი კონსულტანტი ამბობს: სულაც არ მაინტერესებს, რატომ მობრძანდით მაღაზიაშიო! დემოკრატიული ქვეყნების ბიზნესი ორიენტირებულია მყიდველზე, მომხმარებელზე. წარმოებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ნაწარმი იყიდება. წარმოება მომხმარებლისთვისაა და არა წამოებისთვის, მითუმეტეს - არა დასაქმებისთვის. ყველას აქვს უფლება, აწარმოოს ბიზნესი როგორც უნდა, მაგრამ ასეთი ფსიქოლოგიური დატვირთვა განაპირობებს პოლიტიკურ ცალმხრივ ფსევდოდემოკრატიულობას, რაც ქვეყნის ინტერესებს ლახავს. ეკონომიკისადმი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, ცალსახად აფიქსირებს პოლიტიკურ შეხედულებებს. ჯერ ერთი, იმიჯის თვალსაზრისით, ნებისმიერი უცხოელი ძალიან იოლად ხედავს, რომელ განზომილებაში ცხოვრობს საქართველო. საკმარისია ქუჩაში გაიაროს და მაღაზიაში შევიდეს. მეორე, ბიზნესი ჯერ კიდევ რჩება წვრილ-ბურჟუაზიულ საფუძვლებზე. მადლობა ღმერთს, თანამედროვე წარმოებების რაოდენობაც იზრდება. მაგრამ მასობრივად ჯერ კიდევ არ არის კაპიტალისტური შეგნება. ამით სარგებლობს იმპერიული იდეოლოგია და ცდილობს ადამიანებში ეს ნიჰილისტური ბიზნესგანწყობა შეინარჩუნოს. უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგისთვის თუ ივარგებს. ბიზნესი შემოსავლის გაზრდაზე უნდა ზრუნავდეს, მაშინ ტარიფების გადახდის პრობლემაც აღარ იქნება. კონკურენტულ ბრძოლისთვის კი საუკეთესო სპეციალისტების მოზიდვას უნდა ცდილობდეს სათანადო მაღალი ანაზღაურებით. მომსახურების დონის აწევით საგრძნობლად შეიძლება გაყიდვების გაზრდა და კიდევ უამრავი, ასი ათასი წვრილმანი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს საქმით დაკავებულმა ადამიანმა. ასეთ ბიზნესს ჰქვია ბიზნესი. ბიზნესის პატიოსნება მომხმარებლის, სახელმწიფოს და თანამშრომლების მიმართ ქვეყნის განვითარების და ევროინტეგრაციის გარანტიაა. ეკონომისტები აუცილებლად განიხილავენ ისეთ ფაქტორს, რასაც ბიზნესის კეთების სურვილი ჰქვია. სურვილი კი, როგორც მოგეხსენებათ, არამატერიალური ცნებაა. ჩემი აზრით, საქართველოში სურვილი არსებობს, მაგრამ დიდ პრობლემას წარმოადგენს ბიზნესის კანონების ცოდნის დონე. ახალგაზრდა თაობა აქტიურად ეუფლება ამ ცოდნას, მაგრამ იმათ, ვინც თავის დროზე აქტიურ ბიზნესს ეწეოდა, პრობლემები შეექმნათ. ჩვენი ბიზნესგარემო არაფრით არ განსხვავდებოდა იმპერიულისგან, ფინანსური ნაკადებიც ჩრდილოეთიდან მოედინებოდა, მზის ამოსვლასთან ერთად. ეს ორი ბიზნესსისტემა არსობრივად შეუთავსებელია ერთმანეთთან. დამამახსოვრდა ერთ ოპოზიციურ არხზე გამოთქმული აზრი: სააკაშვილმა ყველაფერი ყირაზე დააყენაო. არ შემიძლია, არ დავეთანხმო. ძველი ეკონომიკური გარემო თუ პირამიდა იყო, რომლის წვერზე მესაკუთრის ადგილია, თანმედროვე ბიზნესს სისტემა მართლაც ამოტრიალებული პირამიდაა, სადაც წვერზე იგივე მესაკუთრეა, ოღონდ დაბლა, ხოლო პირამიდის საფუძელი მიმართულია მაღლა, მომხმარებლისკენ. წარმატება მხოლოდ ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს. და კიდევ: ბევრი მისტირის რუსულ ბაზარს. მესმის კარგი მასშტაბია, მაგრამ რაღა პლანეტის ერთ მეექვსედ ნაწილზე ვტირით? თუ მასშტაბი გვინდა, მთელი მსოფლიო უფრო მეტი არა არის?

დამოუკიდებელი ბიზნესის შეუვალი კანონია: არავის არაფერი სთხოვო, მხოლოდ შესთავაზე. ქართველ ადამიანს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ბიზნესში მხოლოდ მიზანმიმართულობას, შრომას და ნებისყოფას მოაქვს წარმატება. იმპერიული გავლენის ჩამოშორება წარმოუდგენელია იმპერიული ეკონომიკური ფილოსოფისგან დისტანცირების გარეშე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ორმაგი პასუხისმგებლობის ტვირთი დაგვაკისრა ღმერთმა. ალბათ, ვერ დაგვაკისრებდა, ამის უნარი, ნიჭი და გამძლეობა რომ არ გაგვაჩნდეს.

თეიმურაზ ზაქრაძე

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი