RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

WეTO თუ WTO

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) 1995 წელს, სავაჭრო ტარიფების შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნა.

24 საათი 03.10.10

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) 1995 წელს, სავაჭრო ტარიფების შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნა.

დღეს 153 წევრ ქვეყანას აერთიანებს და ამ მოკლე დროში მსოფლიო გლობალიზაციის რეალურ ინსტრუმენტად გადაიქცა. საქართველო რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ ვეტოს უფლებით სარგებლობს. ქართული ვეტო გასაგები და გამართლებულია. უნდა გვესმოდეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ერთი მხრივ, რეალური ოკუპანტი მტერი და მეორე მხრივ, ცივილიზებული სამყარო, თავისი ცივილიზებული და სამართლებრივი მიდგომებით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ დისკრიმინაციას. ექსპერტების აზრი ერთიანია, საქართველოს ამ საკითხში “ბეწვის ხიდზე” გავლა მოუწევს. ნამდვილად ასეა. ოღონდ გადაწყეტის გზებს არავინ გვთავაზობს. ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავიაროთ ამ “ხიდზე” და რა გველის მეორე ნაპირზე?

რუსეთმა სრულიად შეგნებულად გააფუჭა ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან - ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და ამის ძირითადი მიზანი ამ ქვეყნებში საპასუხო აგრესიის გამოეწვევა იყო.

ეგორ გაიდარის ლიბერალური რეფორმების შედეგად რუსეთში კაპიტალიზმი დამკვიდრდა. 90-იანი წლების რუსეთი თავისუფალი ეკონომიკის ველი გახდა, მაგრამ გაიდარის პრემიერ-მინისტრობა ნახევარ წელიწადზე ცოტა მეტი გაგრძელდა. კრემლისთვის ძალიან მალე გასაგები გახდა, რომ თავისუფალი კაპიტალის განვითარება ადამიანებისა და რეგიონების უკონტროლობას იწვევს. ტოტალური კონტროლის შესანარჩუნებლად იმპერიულმა “უფროსობამ” რეკეტი და ქურდების ინსტიტუტი გააძლიერა. “კგბ”-ს მიერ კონტროლირებადი სტრუქტურები წარმატებულ ბიზნესებს ეპატრონებედნენ, რაც შემდგომ ამავე ორგანიზაციის სრული გამარჯვებით დამთავრდა, რასაც შედეგად თავისუფალი წარმატებული ბიზნესის დამორჩილება და ქვეყნაზე სრული კონტროლი მოყვა.

გაიდარისა და ჩუბაისის ძალისხმევის შედეგად რუსეთმა მსოფლიო ცივილიზაციისკენ “ნაბიჯი” გადადგა, მაგრამ მეორე ნაბიჯის გადადგმას დღემდე გააფთრებულად ეწინააღმდეგება, ლიბერალური დეკლარაციების მიუხედავად. დღევანდელი რუსული კაპიტალი არსობრივად მონოპოლიურ-ოლოგარქიულია, ოღონდ რუსული ელფერით. მართვადი ოლოგარქები სახელმწიფოს მეშვეობით ინარჩუნებენ მონოპოლიებს. რუსული სახელმწიფოს შენარჩუნების ერთადერთი გამოსავალი სწორედ მონოპოლიზმშია. კრემლი პირველ რიგში ამ ფასეულობებს იცავს და მიზნის მისაღწევად მისთვის დამახასიათებელ ყველა მეთოდს იყენებს. მეთოდების კლასიფიცირება ძნელი ამოცანაა, მაგრამ ერთი მეთოდი რუსეთმა საუკუნეების მანძილზე ხელოვნების დონეზე აიყვანა. რუსული “ტახტი” სრულყოფილად ფლობს პროვოკაციის ხელოვნებას.

რუსეთმა სრულიად შეგნებულად გააფუჭა ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან - ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და ამის ძირითადი მიზანი ამ ქვეყნებში საპასუხო აგრესიის გამოეწვევა იყო. პოლიტიკური “აგრესიის” შედეგად კი სწორედ ეს ქვეყნები გადაეღობნენ რუსული სახელმწიფოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. რუსეთს ამ ორგანიზაციის წევრობა სასტიკად არ უნდა და ამას მთელი თავისი რესურსით ეწინაღმდეგება. რუსეთს, რომლის “მეორე ფეხი” XIX საუკუნეშია ჩარჩენილი, WTO-ს წევრობა საბოლოოდ გადმოიყვანს თანამედროვე განზომილებაში. სადაც სახელმწიფო ეკონომიკაზე ტოტალურ კონტროლს უკვე ვეღარ შეძლებს.

რუსული პოლიტიკის შეფასება ცივილიზებული საზომებით არ შეიძლება. პირიქით, სწორედ ასეთი შეფასებების შედეგად აღწევს რუსეთი თავის მიზანს. რუსულმა პოლიტიკამ ანტირუსული განწყობების შექმნა შეძლო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, უკრაინაში, მაგრამ საქართველოში რუსოფობია ძალიან გაუჭირდა, რაც ქართული მენტალობის “ბრალია”. სწორედ ამიტომაც მიმართა უკიდურეს ზომებს, ჯერ 2006-ში და შემდეგ 2008-ში. მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული განწყობების შექმნა კრემლის ძირითადი მისწრაფებაა.

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა ერთადერთი ფაქტორია, რომელსაც ასეთი “მართვადი” ეკონომიკის მოსპობა შეუძლია. შიდა “რევოლუციური სიტუაციის” ფაქტორი რუსეთისთვის ჯერ-ჯერობით იმდენად მნიშვნელოვანი და სახიფათო არ არის. შედეგად დღეს მხოლოდ საქართველო დარჩა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგი. საქართველოს აქვს ამის მორალური და პოლიტიკური უფლება. საქართველოს წილად ხვდა ყველაზე სასტიკი სასჯელი, მაგრამ მოდით, ეს ყველაფერი ცივი გონებით შევაფასოთ.

რას ვიგებთ იმით, რომ რუსეთს ამ ორგანიზაციაში არ ვუშვებთ? არც არაფერს. პირიქით, არსებობას ვუხანგრძლივებთ. იმ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, რომელიც ასე გვჭირდება რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, შეუძლებელი ხდება - სანამ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ გახდება ანუ სანამ ცივილიზებულ “ველზე” არ გადმობარგდება. ვეტო, ხვალვეც რომ მოვხსნათ, დარწმუნებული ვარ, რუსეთი მაინც შეეცდება ისეთი პირობებით გაწევრიანებას, რომ წესები მაქსიმალურად თავის სასარგებლოდ “მოირგოს” და აუცილებლად გააჭიანურებს პროცესს, მაგრამ თუ მისი მოწინააღმდეგე ქვეყანა აღარ დარჩება, ორგანიზაციაში წევრობაზე უარის თქმის საბაბი აღარ ექნება.

ბევრს ასეთი შეფასება შესაძლოა სავაჭრო ორგანიზაციის როლის გაზვიადებად მოეჩვენოს, მაგრამ კრემლისთვის კაპიტალის მოპოვების თემა ყველაზე მტკივნეულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ ასეთი მმართველობის ფორმის შენარჩუნებას ემსახურება მთელი რუსული პოლიტიკა. ამის დასტურია ალტერნატიული ორგანიზაციებისა და საბაჟო კავშირების შექმნის მცდელობები, დსთ-დან დაწყებული რუსულ-ბელარუსულ-ყაზახური საბაჟო კავშირით დამთავრებული. ამით აიხსნება საბჭოურ-იმპერიული ნოსტალგია და იმპერიის აღდგენის სურვილებიც. მხოლოდ მონოპოლიური სისტემა აძლევს კრემლს კაპიტალის დაგროვების უსაზღვრო საშუალებას. კრემლის ძირითადი პოლიტიკური ქვეტექსტი, ყველა რუსული პოლიტიკური პარტიის ან ასე თუ ისე ცნობადი პოლიტიკური სახის საქმიანობა, რუსული მონოპოლიზმის შენარჩუნებას ემსახურება, უიშვიათესი გამონაკლისით.

კრემლი თავის სასარგებლოდ იყენებს ადამიანებისა და ქვეყნების ბუნებრივ რეაქციებს. რაც უფრო მეტი “გაბრაზებული” ქვეყანა ეყოლება, მით უკეთესი მისთვის. გავლენის სფეროში დატოვება თუ არ გამოსდის, აუცილებლად “აბრაზებს”. რუსეთს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ეკონომიკური მოდერნიზებისკენ აიძულებს. ამ შემთხვევაში, მისი ეკონომიკური კეთილდღეობა უკვე წევრი ქვეყნების კეთილგანწყობაზე იქნება დამოკიდებული, ეს კი ცივილიზებული წესების დაცვის აუცილებელებლობას მოითხოვს.

რუსეთმა სრულიად შეგნებულად გააფუჭა ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან - ბალტიისპირეთთან, პოლონეთთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და ამის ძირითადი მიზანი ამ ქვეყნებში საპასუხო აგრესიის გამოეწვევა იყო.

როგორც წესი, რთული საკითხები მარტივად წყდება. ისევე, როგორც თავის დროზე ეს ალექსანდრე მაკედონელმა გადაწყვიტა. მან “გორდიას კვანძი” უბრალოდ გაკვეთა. ზოგჯერ კვანძის გახსნა სულაც არ არის საჭირო, საკმარისია გაკვეთო და გზა გააგრძელო. “კვანძის გაკვეთა” იქნება ვეტოს მოხსნა ყოველგვარი პირობის გარეშე. ერთი შეხედვით ეს წარმოუდგენელად ჟღერს. ნამდვილი “სიგიჟეა”. პოზიციების დათმობას ჰგავს, მაგრამ ჭადრაკის ენაზე ასეთ სვლას ხარისხის შეწირვა ეწოდება, როდესაც საკუთარი მაღალი ხარისხის ფიგურა მეტოქის ნაკლებად ხარისხიანში იცვლება. ამ შემთხვევაში იბადება ლოგიკური კითხვა, ასეთი შეწირვის შედეგად რამდენად შესაძლებელია გამარჯვება?

მაშ ასე, ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ, რომ საქართველომ ვეტო მოხსნა და რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა. უპირველესად ამ ინფორმაციას რუსეთის ხალხებს ვერავინ დაუმალავს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთში აღვირახსნილ ანტიქართულ პროპაგანდასთან ერთად საქართველოს ლიბერალური რეფორმებით აღფრთოვანებული რეკლამა მიმდინარეობს, როგორ წარმოისახება საქართველო რუსი და არარუსი ობივატელის თვალში?

ქართული ფაქტორი რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ურთიერთობაში უნდა გამოირიცხოს. როდესაც დავწერე, ობამას სიტყვები მაშინ გამახსენდა.

ეს ნამდვილი კულტურული შოკი იქნება. ერთნი უფრო განმტკიცდებიან ქართულ ლიბერალობაში და მეორენი გაოცებულები გადაწყვეტენ, რომ “საზიზღარი სააკაშვილი” დაამარცხეს. იდეოლოგები იმავე წუთიდან დაიწყებენ საუბარს: “სააკაშვილს შეეშინდა, ჩვენ მაგრები ვართო და ა.შ.” რა პრობლემაა, დაიწყონ! უარესი გაგვიგონია. როდის იყო, სხვაგვარად საუბრობდნენ? მთავარია ისაა, რომ იძულებლი გახდებიან, რეალური მოდერნიზაციის პროცესი დაიწყონ. მთავარია, რუსეთი ცივილიზებული ეკონომიკის კონკურენციაში ჩაერთოს. მთავარია, რუსულმა ეკონომიკამ უშუალოდ ცივილიზებული ურთიერთობების ველზე დაიწყოს ფუნქციონირება.

საუბარი აღარ არის ცივილიზებული სამყაროს რეაქციაზე, თუ რაოდენ სერიოზული არგუმენტი გაუჩნდება ცივილიზებულ სამყაროს რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ასეთი ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსადმი პატივისცემას გააათმაგებს და მის ცივილიზებულობის ხარისხს სამყაროს თვალში უზომოდ გაზრდის. კრემლის არგუმენტაცია საგრძნობლად დასუსტდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე. ასე რომ, მოკლევადიანი პოლიტიკური “გამარჯვება`, საბოლოო ჯამში, სრული იდეოლოგიური კრახით დამთავრდება.

რას ვკარგავთ, თუ ყოველგვარი პირობის გარეშე ვეტოს მოვხსნით? არაფერს, გარდა საკუთარი ბორკილებისა. კრემლს მშვენივრად ესმის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების კატასტროფული შედეგები. ეს ერთადერთი თემაა, რომლითაც საქართველოზე რამენაირად არის დამოკიდებული, მაგრამ ეს დამოკიდებულება წყალწაღებულის ჩაბღაუჭებას ჰგავს, რომელიც ხავსს ეჭიდება. ჩვენი პოზიცია კრემლისთვის სავსებით ხელსაყრელია. “სისხლი სისხლის წილ” - კრემლის მოქმედების ძირითადი პრინციპია. საპასუხო აგრესიის გამოწვევა მისი გამარჯვებაა. “გაბრაზებული” მეზობელი ერთადერთ ბერკეტს იყენებს, რომელიც რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ შეუძლია გამოიყენოს. შედეგად რუსული პოლიტიკის მიზნები შესრულებულია. ქართული სახელმწიფოს “პოზიციური დაცვის” რეჟიმი კრემლს ინიციატივას უნარჩუნებს და სამყაროც მის ირგვლივ “ტრიალებს”. რუსეთის ცივილიზაციასთან ინტეგრირება გადადებულია.

რუსეთი თავისი არაცივილიზებული საქციელით “თვითიზოლირებულ დამოუკიდებლობას” ინარჩუნებს, სათანადოდ ინარჩუნებს თავის მონოპოლიურ სახელმწიფო სისტემას. აქვე მინდა პრევენციული განმარტება მივცე მათ, ვინც სააკაშვილს “კრემლის კაცად” რაცხავს. ხელისუფლების პოზიცია ომამდეც და ომის შემდეგ სავსებით გამართლებულია. ვერც ახლა წაუყენებს ვინმე პრეტენზიას საქართველოს ხელისუფლებას. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ქვეყანამ ომის შედეგები “გადახარშა” და ხელისუფლების კურსს მხარი დაუჭირა. საქართველომ ცივილიზაციისკენ მყარი კურსი აიღო. უბრალოდ, ამ პოზიციის გასამყარებლად ჩემი წინადადება მართებული მიმაჩნია.

რუსეთის არგაწევრიანებაში სწორედ დასავლეთს, განსაკუთრებით ევროპას მიუძღვის ბრალი. იმ პერიოდში, როდესაც რუსეთს ჯერ კიდევ რეფორმატორი მთავრობები მართავდნენ, რუსეთი რეალურად ითხოვდა წევრობას და ევროპას კომპრომისებს თავაზობდა. როცა ურემი გადაბრუნდა, გზაც მერე გამოჩნდა. “ურმის ქვეშ”, სამწუხაროდ, ჩვენ მოვყევით. 90-ანი წლების რუსეთი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებდა. იმავე წლებში უნდა მომხდარიყო რუსეთის საბოლოო ინტეგრირება დასავლურ სამყაროსთან და ასეთი ტრაგიკული შედეგებიც აღარ გვექნებოდა, მაგრამ როგორც ცნობილია ისტორია ვერ იტანს ალბათობას. მოხდა ის, რაც მოხდა და ახლა თვალი ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ.

ქართული ვეტო დღეს არაცივილიზებულად გამოიყურება, როგორც თავად კრემლის პოლიტიკა. ეს არაცივილიზებული “ხავსი” კრემლს ხელიდან უნდა გამოეცალოს. ამით თავსაც გავითავისუფლებთ და მსოფლიოსაც საბოლოოდ დავიმეგობრებთ. აღარავის დარჩება “რუსული” ილუზიები საქართველოზე. ეს ნაბიჯი, საქართველოს ცივილიზებულობის ხარისხის ყველაზე ნათელი გზავნილი, მაგალითი და არგუმენტი იქნება.

ეს მოსაზრება საქართველოში ბევრს არ მოეწონება. წარმომიდგენია ბევრის აღშფოთებაც. აუცილებლად დამაბრალებენ რუსეთუმეობას. საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესების იგნორირებას, ან კიდევ უარესს.

საფიქრალი ბევრია, გასაკეთებელი უფრო მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ თუ რუსეთისგან ცივილიზებული საქციელი გვინდა, რუსეთი ცივილიზებულ განზომილებაში უნდა არსებობდეს.

ჩვენ ცივილიზებული სამყაროს შეცდომების გამოსწორება გვიწევს, რაც გარკვეულ უპირატესობებსაც კი გვანიჭებს. მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარი მდგომარეობაა, ვის ვიცავთ? ცივილიზაციას რუსეთისგან, თუ რუსეთს ცივილიზაციისგან? გასაგებია, რომ გარდა ქართული ვეტოსა, რუსეთმა საკუთარი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, რასაც ის ყველა ძალით ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ქართული ვეტო უფრო რუსეთის სასარგებლოდ “თამაშობს”.

90-ანი წლების რუსეთი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებდა. იმავე წლებში უნდა მომხდარიყო რუსეთის საბოლოო ინტეგრირება დასავლურ სამყაროსთან და ასეთი ტრაგიკული შედეგებიც აღარ გვექნებოდა.

ქართული ვეტო კრემლისთვის სასურველი საბაბია; “მინდა, მაგრამ საქართველო არ მიშვებს”. ამავე დროს, ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველომ “არ გაუშვას”. ნებისმიერი სახის დამოკიდებულება უკვე არათავისუფლებაა. ვეტოს მოხსნა “ხელის გაშვება” იქნება. ამის შემდეგ რუსეთს მხოლოდ მოდერნიზაციისა და ცივილიზაციასთან ინტეგრირების გზა დარჩება. ქართული ფაქტორი რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ურთიერთობაში უნდა გამოირიცხოს. როდესაც დავწერე, ობამას სიტყვები მაშინ გამახსენდა.

ემოციების დონეზე, სრულიად წარმოუდგენელია, რომ საქართველომ მსოფლიოს თვალწინ გადატანილი ომის ორი წლის თავზე თავის რეალურ მტერს პოზიცია დაუთმოს და უარი თქვას იმ ერთადერთ ბერკეტზე, რომელიც მის წინააღმდეგ გააჩნია. ასეთი ემოციური საქართველოსთვის ეს ორმაგად წარმოუდგენელია. ნურავის გაუკვირდება, მაგრამ სწორედ ქართული ემოციური “გაბრაზების” იმედით ცოცხლობს კრემლი. გონიერება ემოციებს გამორიცხავს, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს. დიდი პოლიტიკა კი დიდ პრაგმატულობას საჭიროებს.

საქართველოს ამ ნაბიჯის გადადგმას ვერავინ მოსთხოვს. ცივილიზებული სამყარო პატივისცემით ეპყრობა ჩვენს გრძნობებს. მხოლოდ ჩვენი საქმეა, რომელ გზას ავირჩევთ. ემოციებს თუ განზე გადავდებთ, პრაგმატულად ყველაფერი გამართლებული და მომგებიანია. ინვესტიციებისა და პარტნიორული ურთიერთობების სურვილი საქართველოს მიმართ მკვეთრად გაიზრდება. ვინაიდან საქართველო ამით თავისი ცივილიზებული სიმწიფის დემონსტრირებას მოახდენს. სასურველ შედეგებს მალე ვერ ვიხილავთ, დრო დასჭირდება. “ბეწვის ხიდზე” გავლას რწმენა სჭირდება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უკან მოხედვა.

ეს მოსაზრება საქართველოში ბევრს არ მოეწონება. წარმომიდგენია ბევრის აღშფოთებაც. აუცილებლად დამაბრალებენ რუსეთუმეობას. საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესების იგნორირებას, ან კიდევ უარესს. ოპოზიციას სალაპარაკო საბაბი მიეცემა. არ გამიკვირდება. კრემლი რეალურად გაღიზიანდება, ოღონდ მეეჭვება ამისი ოფიციალური საბაბის პოვნა გაუადვილდეს. ამიტომაც ყველა “პრორუსულ” ძალას აამოქმედებს და არამარტო საქართველოში, რომელიმე სხვა სახელმწიფოს “გაბრაზების” იმედით. მოსაზრება თუ მართებულია, ოპოზიციას “პატრიოტული” გრძნობები გაუმძაფრდება და ბევრი ამ წინადადების სასტიკი წინააღმდეგი იქნება, რითაც თავის კოლაბორაციანისტობას მხოლოდ დაადასტურებს. რუსეთს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რეალურად არ სურს და არ სჭირდება. 17 წელიწადია ვითომ ამისთვის იღვწის და ნახევარი ნაბიჯითაც არ მიუახლოვდა. პირიქით, ცდილობს, რაც შეიძლება შორს გაექცეს.

დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე აუცილებლად მივალთ, მოგვიწევს მისვლა. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა გზა და მეთოდი მოსინჯა. კონსტრუქციული წინადადებები კრემლისთვის მიუღებელია. უკვე საბოლოოდ გასაგებია, კრემლი არ დათმობს. “პოზიციური დაცვიდან” სისტემურ დიპლომატიურ შეტევაზე გადასვლას წარმატების მოტანა შეუძლია. თან, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ეს ყველაზე მცირე და უმტკივნეულო დათმობა იქნება, შედეგად კი გამთლიანებულ, თავისუფალ ქვეყანას, ცივილიზებული სამყაროს სრულ მხარდაჭერას და კეთილდღეობას მივიღებთ. ვინაიდან უარყოფითი ემოციური შეფერილობის მიუხედავად, ეს გონივრულ, მშვიდობიან და ცივილიზებულ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.

ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება წარსულ ცოდვებს ეხება და დღევანდელ “დემოკრატიულ” რუსულ სახელმწიფოს წესით არ უნდა აღიზიანებდეს, დემოკრატიული პრინციპებს თუ დეკლარირებს. სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტი ელემენარული პროტესტია ოკუპაციის წინააღმდეგ. ოლიმპიადის ჩაშლა “ქართული ტერორისტობის” საბაბით. ისევ რუსეთს აძლევს ხელს, გაფლანგული ფულიც ჯიბეში დარჩება და თან საქართველოს გადააბრალებს პასუხისმგებლობას. მაგრამ სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შეშვება ქართული სახელმწიფოს კეთილმეზობლობის სურვილს ხაზგასმით მიანიშნებს. მსოფლიოს წინაშე, ასეთი “მომაკვდინებელი” ლოგიკის წინააღმდეგ, კრემლის თავის მართლება თითქმის შეუძლებელი ხდება.

საფიქრალი ბევრია, გასაკეთებელი უფრო მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ თუ რუსეთისგან ცივილიზებული საქციელი გვინდა, რუსეთი ცივილიზებულ განზომილებაში უნდა არსებობდეს. დღეს ამ “კარების” გასაღები მხოლოდ ჩვენ გვაბარია. მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია, რა იქნება - WეTO თუ WTO.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი